Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთი ოსეთის ალტერნატიული არჩევნები - უადგილო ”პოლიტიკური თამაში”?


პრეზიდენტობის 5 კანდიდატი ცხინვალის რეგიონში 12 ნოემბრისთვის დაგეგმილი ალტერნატიული არჩევნებისთვის სულ უფრო აქტიურად ემზადება

და სულ უფრო აქტიურად კეთდება განცხადებები რეგიონში მოსალოდნელ ტერაქტებთან დაკავშირებით. 3 ნოემბერს ქართველი და ოსი ხალხის მტრების მზაკვრული ჩანაფიქრის შესახებ დიმიტრი სანაკოევი სოფელ ერედვში, ხოლო მაია ჩიგოევა-ცაბოშვილი თბილისში საუბრობდა. ჩიგოევა-ცაბოშვილი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას არჩევნების პროცესში მეთვალყურის სტატუსით ჩაერთოს. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შეუძლებელია, რადგანაც ალტერნატიული არჩევნები, ისევე როგორც დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იმავე 12 ნოემბერს დაგეგმილი არჩევნები, ლეგიტიმურად არ მიიჩნევა და, შესაბამისად, კანონიერად ვერ ჩაითვლება ვერც ერთი მათგანის შედეგი. სწორედ ამის გამო, ალტერნატიულ არჩევნებს ოფიციალურად ვერც საქართველოს ხელისუფლება უჭერს მხარს. თუმცა, როგორც ჩანს, მის მიმართ ინტერესი მაინც არსებობს.

ალტერნატიულ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც 12 ნოემბერს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში უნდა ჩატარდეს, უადგილო ”პოლიტიკურ თამაშს” უწოდებს პაატა ზაქარეიშვილი. კონფლიქტოლოგს უკვირს, რატომ გამოიჩინა ქართულმა მხარემ ამხელა ძალისხმევა კოკოითის მიერ დაგეგმილი, ყოვლად არალეგიტიმური და არაფრის დამამტკიცებელი, არჩევნების შედეგების გასაბათილებლად. ყოველივე ამის უკან ის საქართველოს ხელისუფლების გარკვეული ნაწილის დაუფიქრებელ, არცთუ სახარბიელო შედეგის მომტან, მონდომებას ხედავს და მავანთა ”შეშფოთებასაც” ახსენებს:

(პაატა ზაქარეიშვილის ხმა) ”ყველანაირი მოქმედებით ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლება შეშფოთდა არჩევნების შედეგებით და მოინდომა მისი, თუ შეიძლება ასე ითქვას, გაბითურება, მისი გაშიშვლება, მისი გაკოტრება, თუ შეიძლება ასე ითქვას. ამით უნებლიეთ აღიარებენ - არა სამართლებრივად, მაგრამ პოლიტიკურად აღიარებენ - იმ არჩევნების ფენომენს, როგორც ასეთს. ამით ჩვენ ვაღიარებთ, ჯერ ეს ერთი, ცხინვალში მიმდინარე პროცესებს, როგორც სერიოზულს, და სერიოზული სულაც არ არის.” (სტილი დაცულია)

კონფლიქტოლოგი მიიჩნევს, რომ ქართულ მხარეს გაცილებით ზერელედ უნდა შეეხედა კოკოითის ”უაზრო გამოხტომისთვის”, რომლის ოფიციალურ მხარდაჭერას ვერც რუსეთი ბედავს:

(პაატა ზაქარეიშვილის ხმა) ”რუსეთშიც კი არ მოხდება ამ არჩევნების შედეგების და რეფერენდუმის აღიარება. ის კი არადა, დეპუტატებიც კი არ ჩადიან ოფიციალურად. ვინაიდან მსოფლიოს მიერ ეს აღიარებული არ იქნება, ეს არაფერი არ არის. ეს იგივეა, რომ ვიღაცა ბავშვებმა ქუჩაში რაღაც არჩევნები ჩაატარონ - და ამის უფლება ყველას აქვს. ანუ, არასამთავრობო ორგანიზაციამ შეიძლება რაღაც ჩაატაროს, შეიძლება სუფრაზე ვიღაცამ, ქორწილში ვიღაცამ რაღაცა რეფერენდუმი ჩაატაროს და ასე შემდეგ.” (სტილი დაცულია)

ალტერნატიულ არჩევნებს მხარს ოფიციალურად არ უჭერს საქართველოს ხელისუფლება, რადგანაც მას ამაში, უპირველეს ყოვლისა, საკანონმდებლო ბაზა არ უწყობს ხელს. თუმცა ძნელი მისახვედრი არ არის, რომ მის მიმართ ხელისუფლების ინტერესი არსებობს, რაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის შოთა მალაშხიას კომენტარიდანაც კარგად ჩანს:

(შოთა მალაშხიას ხმა) ”ერთი მხრივ, ჩვენ ამაში არ ვერევით, ეს არ არის ჩვენი საქმე - სახელმწიფოს ვგულისხმობ; მეორე მხრივ, უბრალოდ, საინტერესოა, რომ არსებობს არა მარტო ერთი პოზიცია, უშუალოდ კრემლზე მიმაგრებული კოკოითის ხელისუფლება, კრიმინალურ-ტერორისტული, არამედ არსებობს ჩვეულებრივი საზოგადოება, რომელსაც მართლა უნდა არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, ჰქონდეს რაღაც ავტონომიური სტატუსი და ფიქრობს, რომ საქართველოსთან ერთად ამის გაკეთება უფრო რეალურია და უფრო პერსპექტიული.” (სტილი დაცულია)

ალტერნატიული არჩევნების საპრეზიდენტო კანდიდატებს სჯერათ, რომ სწორედ ასე ფიქრობს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების უმრავლესობა და რომ ეს 12 ნოემბერს კიდევ ერთხელ დამტკიცდება. მერე რა, რომ ალტერნატიული არჩევნების შედეგებს კანონიერი ძალა არ ექნება. სამაგიეროდ, მსოფლიო დაინახავს, რომ კონფლიქტური რეგიონის მოსახლეობას საქართველოს შემადგენლობაში დარჩენა და მშვიდობა სურს. პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი მაია ჩიგოევა-ცაბოშვილი ადგილობრივ და უცხოელ პოტენციურ მეთვალყურეებს გააქტიურებისკენ მოუწოდებს:

(მაია ჩიგოევა-ცაბოშვილის ხმა) ”ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს, ორგანიზაციებს და ყველა დაინტერესებულ პირს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნების მსვლელობაში დამკვირვებლის სტატუსით და ამით კიდევ ერთხელ დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია კონფლიქტის სწრაფი და ეფექტური მოგვარების აუცილებლობასთან დაკავშირებით.” (სტილი დაცულია)

”საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანმა საქართველომ” მეთვალყურეობის სურვილი უკვე გამოთქვა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ, ალტერნატიული არჩევნების არალეგიტიმურობის გამო, საერთაშორისო საზოგადოების ამ პროცესში ოფიციალურად ჩართვა პრაქტიკულად გამორიცხულია. თუმცა მაია ჩიგოევა-ცაბოშვილის მტკიცებით, მას საუბარი ჰქონდა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის ელჩებთან, რომლებმაც ალტერნატიულ არჩევნებზე მეთვალყურეების არაოფიციალურად გაგზავნის პირობა დადეს. პრეზიდენტობის კანდიდატს იმედი აქვს, რომ მათი (ამ ეტაპზე არაოფიციალურად მიჩნეული) დასკვნები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ყველაფრის გამჟღავნების დრო მოვა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG