Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მნიშვნელობა რუსეთის ბუნებრივ აირზე დაფუძნებულ პოლიტიკაში


საქართველო ერთადერთი არ არის, ვინც რუსეთის გაზის სტრატეგიაში დიდ პოლიტიკას ხედავს. ახლახან მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებებში გავრცელდა ”ნატოს” ექსპერტების მიერ მომზადებული საიდუმლო ანგარიშის შინაარსი,

რომლის მიხედვითაც, რუსეთი აპირებს გაზის ეგრეთ წოდებული კარტელი, გაზის ”ოპეკი” შექმნას. ექსპერტთა ნაწილი უცხოეთშიც და საქართველოშიც მიიჩნევს, რომ მოსკოვს გაზის “ოპეკის” შექმნა არაფერში სჭირდება, რადგან ბუნებრივ აირს ისედაც კარგად იყენებს პოლიტიკის იარაღად.

რუსეთის ენერგეტიკული პოლიტიკა დასავლეთის ქვეყნებში, ძირითადად კი, ევროპაში, სულ უფრო და უფრო მეტ ეჭვებს ბადებს, განსაკუთრებით საქართველოსთვის გაზის საფასურის 230 დოლარამდე გაზრდის გამოცხადების შემდეგ.

[სააკაშვილის ხმა] ”პირველ რიგში, უნდა გითხრათ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ 230 დოლარის გადახდას, რადგან ეს კომერციული ფასი არ არის. ამ მომენტში ჩვენი ზოგიერთი მეზობელი რეალურად 65 დოლარს იხდის, სხვები - 110, 130 დოლარს. ზოგიერთ ამ ქვეყანასთან შედარებით, საქართველო რუსეთთან ბევრად უფრო ახლოს მდებარეობს, მაგრამ ჩვენ 230 დოლარი დაგვიწესეს. ამ ფასში კომერციული არაფერია. მორჩა და გათავდა.”

14 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ევროპარლამენტში გაკეთებულ ამ განცხადებას წინ უსწრებდა ”ნატოს” ექსპერტების საიდუმლო მოხსენება, რომლის შინაარსი მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებებმა გამოაქვეყნეს. მოხსენების მიხედვით, რუსეთი ალჟირთან, კატართან, ლიბანთან, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან და, შესაძლოა, ირანთან ერთად გაზის “ოპეკის” შექმნას გეგმავს. ექსპერტების დასკვნით, რუსეთს ეს იმისთვის სჭირდება, რომ ენერგეტიკა პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოიყენოს, განსაკუთრებით ისეთ მეზობლებთან ურთიერთობაში, როგორიცაა საქართველო და უკრაინა.

მოსკოვში კატეგორიულად უარყოფენ ასეთ განზრახვას და კრემლის მაღალი რანგის მოხელეები ირწმუნებიან, ევროპის გაზით შანტაჟი აზრადაც არ მოგვსვლიაო. არადა, ადრე ოფიციალურ მოსკოვს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ გაზის “ოპეკის” შექმნას გეგმავს. ამისთვის მიმდინარე წლის ზაფხულზე ხელშეკრულებაც კი გააფორმა ალჟირთან, თუმცა არც ერთ მხარეს არაფერი გაუკეთებია ხელშეკრულების ასამოქმედებლად. ეს ორი ქვეყანა ევროპაში გაზის ძირითადი მიმწოდებელია.

[დუგლას როლფის ხმა] ”იმდენად, რამდენადაც რუსეთი გაზის ექსპორტში დომინირებს ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, მას არ სჭირდება კარტელური შეთანხმება. მას ისედაც შეუძლია დააწესოს მისთვის მისაღები გაზის ფასი.”

ეს არის დუგლას როლფი, კომპანია ”სიმ სეკურიტის” ანალიტიკოსი გაზისა და ნავთობის საკითხებში. მის აზრს იზიარებს ქართველი ექსპერტი გია ხუხაშვილიც:

[გია ხუხაშვილის ხმა] ”იმისათვის, რომ თავისი ენერგეტიკული სტრატეგია განახორციელოს, “ოპეკი” რუსეთს არ სჭირდება. რუსეთს ჯერ კიდევ 2002 წელს გაწერილ ენერგოსტრატეგიაში აქვს ცალსახა მიზნები და ის გულისხმობს ამ სტრატეგიის განხორციელებას არა ვიღაცეებთან პარტნიორობით, არამედ თვითონ აქვს სურვილი მთლიანად გახდეს მონოპოლისტი, ანუ თავისზე დამოკიდებული გახადოს ცენტრალური აზიის მომწოდებლები და ირანი. რუსეთს არ სჭირდება მათთან პარტნიორობა. რუსეთს სჭირდება, რომ მთელი ინფრასტრუქტურა იყოს მის ხელში და ის კარნახობდეს თამაშის წესებს.”(სტილი დაცულია)

რუსეთმა უკვე შეიძინა გაზის ინფრასტრუქტურა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების უმეტეს ნაწილში. 2006 წლის დასაწყისში რუსეთის სახელმწიფო კომპანია “გაზპრომი” საქართველოს მეზობელი სომხეთის გაზსადენების მფლობელიც გახდა. ახლა მოსკოვს ირანთან დასაკავშირებელი ინფრასტრუქტურის ის მონაკვეთიღა დარჩა ხელში ჩასაგდები, რომელიც საქართველოზე გადის. ვგულისხმობ მაგისტრალურ გაზსადენს, რომლის რუსეთისთვის გადაცემა საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ გადაწყვიტა.

“გაზპრომის” წარმომადგენელმა ეს დანაპირები საქართველოს მთავრობას გასულ კვირაში კიდევ ერთხელ შეახსენა და სანაცვლოდ, სომხეთის ანალოგიურად, გაზის დღევანდელი საფასურის შენარჩუნებას დაჰპირდა. სომხეთში გაზის 110 დოლარიანი ტარიფი 10 წლითაა გარანტირებული.

[გია ხუხაშვილის ხმა] ”ირანთან დაკავშირებით ის ახორციელებს სტრატეგიას, რომ ირანული გაზის ტრანსპორტირების კონტროლიც განახორციელოს. ზუსტად ამას უკავშირდება მაგისტრალური გაზსადენის საქართველოს თემაც. ჩვენ ვიცით, რომ შესაბამის ინფრასტრუქტურას ის აკონტროლებს სომხეთში და ერთადერთი ეკალი მთელ ამ ისტორიაში ეს არის საქართველოს მონაკვეთი და მათი ინტერესიც აქედან გამომდინარეა.” (სტილი დაცულია)

ექსპერტ გია ხუხაშვილის განმარტებით, მონოპოლისტობისკენ რუსეთის ასეთი მისწრაფებით ევროპაში, ბუნებრივია, შეშფოთებულები არიან. ამაზე მეტყველებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტის ჟან ლემიერის განცხადებაც. მან 17 ნოემბერს, ფრანკფურტში "ევროპის საბანკო კონგრესზე" გამოსვლისას, რუსეთის მხრიდან ენერგეტიკული რესურსების პოლიტიკურ იარაღად გამოყენება გააპროტესტა და ამ ფაქტს დამაფიქრებელი უწოდა.

რუსეთის გაზის პოლიტიკის შესაჩერებლად დასავლეთის ქვეყნებში დაიწყეს ფიქრი გაზსადენთა ალტერნატიული მარშრუტების პროექტებზე. საქართველოს ამ პროექტებშიც საკვანძო ადგილი უჭირავს, რადგან ყველა შესაძლო მარშრუტი სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ექსპერტთა შეფასებით, ანალოგიურ პროექტებს 5 და 10 წლის პერსპექტივა აქვთ, თუმცა ეს პერსპექტივაც გაქრება, თუ საქართველო მაგისტრალურ გაზსადენს რუსეთს მიჰყიდის და ის რუსული გაზის პოლიტიკის შემადგენელ ნაწილად იქცევა.
XS
SM
MD
LG