Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესა


დავით პაიჭაძე, თბილისი კვირის დასაწყისში ქარული პრესა ერთხანს ეხმაურებოდა ირაკლი ოქრუაშვილის ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომასა და მის შემდგომ მოვლენებს.



“რეზონანსში” წაიკითხავდით: მთავრობაში საკადრო ცვლილებების პარალელურად, ქიბარ ხალვაშს ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ში აქციათა საკონტროლო პაკეტი დაათმობინეს. იგი ირაკლი ოქრუაშვილის უახლოესი მეგობარია, რომელიც გადადგომის შემდეგ კიევიდან თბილისში დაბრუნებულ ყოფილ მინისტრს აეროპორტში დახვდა. გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანიას მისი ყოფილი მფლობელი ეროსი კიწმარიშვილი იბრუნებს, ”ჯეოტრანსი” “რუსთავი-2”-ის აქციათა 78%-ის მფლობელი გახდა, თუმცა სამომავლოდ, არ არის გამორიცხული, აღნიშნულმა კომპანიამ აქციათა ნაწილი დამატებითი ინვესტიციების მოსაზიდად გაყიდოს. რაც შეეხება აქციათა პაკეტის დანარჩენ ნაწილს, მისი მფლობელი ”საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფია” - წერდა “რეზონანსი” სტატიაში ”მედიაში წილებისა და გავლენების გადანაწილება დაიწყო”.

ბუნებრივია, გაზეთები “ვარდების რევოლუციის” წლისთავსაც გამოეხმაურნენ. “24 საათი” ბეჭდავდა სამი წლის შედეგების განსხვავებული ხედვისა და შეფასებების შემცველ სტატიებს. მაგალითად: ”ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ სასამართლო ხელისუფლება არ შედგეს. არ არსებობს ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო. საარჩევნო პროცესი არ არის დაზღვეული გაყალბებისაგან. ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, ცხინვალის რეგიონში პოზიტიური ძვრები გამოეწვია. მიმდინარეობს რეფორმების იმიტაცია რეფორმების გარეშე. ან: ძირითადი, რაც რევოლუციის წყალობით გაკეთდა, ქვეყანაში გამოიკვეთა გაცილებით მკაფიო მიმართულება როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში. სახელმწიფო გახდა უფრო ქმედობაუნარიანი - მას შეუძლია პოლიტიკა ჩამოაყალიბოს და განახორციელოს. დღეს სახელმწიფოს შეუძლია საზოგადოებას პრობლემების გადაჭრაში მოემსახუროს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოსაგან დღეს უფრო მეტს მოვითხოვთ. მეორე მხრივ, ჩვენ მივიღეთ დაუბალანსებელი პოლიტიკური სისტემა, სადაც არსებობს ძლიერი აღმასრულებელი ხელისუფლება და ყველა დანარჩენი არის სუსტი” - ეწერა “24 საათში”.

გაზეთი “ახალი 7 დღე” მსჯელობდა იმაზე, თუ ” რას ნიშნავს საქართველოს უარი, როდესაც ამერიკა თანახმაა”. პუბლიკაცია ეხებოდა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას. ”საქართველოსთვის სასარგებლოცაა რუსეთის გაწევრიანება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში; საქართველოს გაუჩნდება დამატებითი მექანიზმი, რათა შეეწინააღმდეგოს რუსეთის წამოწყებულ ეკონომიკურ ბრძოლას. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია სწორედ იმ მიზნითაა შექმნილი, რომ წევრ სახელმწიფოებს შორის დაარეგულიროს ვაჭრობის წესები. ამის გათვალისწინებით, შესაძლოა, საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული ეკონომიკური პრობლემები უმტკივნეულოდ, საერთაშორისო წესების დაცვით მოგვარდეს” - წერდა “ახალი 7 დღე”.

რაც შეეხება შაბათის, 25 ნოემბრის, პრესას, გაზეთი ”ახალი თაობა” ამტკიცებს, რომ რუსული ბუნებრივი აირის გარანტირებული ალტერნატივა არ არსებობს. გაზეთი ასე მსჯელობს და განჭვრეტს მომავალს: ”ირანი ღიად ითრევს ფეხს, აზერბაიჯანი - ფარულად. სომხეთმა ძალიანაც რომ მოინდომოს, მისი გაზგამანაწილებელი სისტემები “გაზპრომს” ეკუთვნის და ერევანი ვერ შეძლებს ირანული აირის გადამისამართებას საქართველოსკენ. რაც შეეხება თურქეთს, ამ სახელმწიფოსთან საქართველოს არანაირი მოქმედი გაზსადენი არ აკავშირებს. რა პერსპექტივები გვაქვს? დიდი ალბათობაა, რომ პრეზიდენტი ჩუმად, აზერბაიჯანის გამოყენებით მიიღებს ამავე 230 დოლარიან ან ცოტა უფრო ძვირ (ტრანზიტის საფასურის დამატებით) რუსულ გაზს და გაახმოვანებს, რომ აირი აზერბაიჯანმა, ჩვენმა მოძმე რესპუბლიკამ, მოგვაწოდა. ზუსტად ასე მოხდა შარშანაც. თბილისს მოუწევს გაორმაგებული ფასის გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიღებს ირანულს და გასამმაგებულს - ისევე, როგორც შარშან.”

რატომ ჩააგდო ბურჯანაძემ სამყურაშვილის კანონპროექტი? - კითხულობს გაზეთი “ალია” და პასუხს ასეთი სიტყვებით იწყებს: “ბურჯანაძე განასტირნდ”. ამიტომ ჩვენ 25 ნოემბრის “რეზონანსს” მივაშურებთ, რომელიც პარასკევს რუსეთში, რესპუბლიკა ალანიაში, მაგისტრალური გაზსადენის ”ჩრდილოეთ კავკასია - ამიერკავაკასიის” აფეთქებას გამაფრთხილებელს უწოდებს. ამავე ნომერში წაიკითხავთ, რომ ჩინეთს შავ ზღვაში ნავთობმოპოვებით სამუშაოებში ჩართვა სურს. უკანასკნელი ინფორმაციით, საქართველოში არსებული მარაგის მთლიანი მოცულობა 2,4 მილიარდი ტონაა, საიდანაც 1,15 მილიარდი, სავარაუდოდ, შავი ზღვის აუზშია განთავსებული.”
XS
SM
MD
LG