Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


მიხეილ სააკაშვილისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრას ქართული გაზეთები დღესაც ეხმაურებიან.



ახლა ისინი ცდილობენ ამ შეხვედრის შესახებ არსებული მწირი ინფორმაციის საფუძველზე გააანალიზონ ორი პრეზიდენტის შეხვედრის მნიშვნელობა. შემოგთავაზებთ ამ და სხვა თემებზე გამოქვეყნებული რამდენიმე პუბლიკაციის მიმოხილვას.

“ყველაზე ურჩი – რუსულმა ზეწოლამ ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოზე ვერ გაჭრა” - “24 საათის” მიმომხილველს მიაჩნია, რომ მოსკოვის ზეწოლა მოლდავეთსა და ბელორუსიაზე წარმატებული გამოდგა და რომ “კრემლის ნომერ პირველ, ყველაზე ურჩ მოწინააღმდეგედ პოსტსაბჭოთა სივრცეზე კვლავ საქართველო რჩება”. ამავე გაზეთმა რამდენიმე რესპონდენტს სთხოვა შეეფასებინა სააკაშვილისა და პუტინის შეხვედრა. სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ლადო პაპავა ამბობს: “მთავარია, რომ ქართული მხარე არ გაურბის შეხვედრებს და, უფრო მეტიც, ამ შეხვედრების ინციატორი საქართველოს პრეზიდენტია. ის, რომ ასეთი შეხვედრებით ქართულ-რუსული ურთიერთობა, საბოლოო ჯამში, არ დარეგულირდება, აშკარაა. აქედან გამომდინარე, ეს არ არის გარანტია იმისა, რომ ჩვენ შორის ცივილიზებული ურთიერთობები იქნება”. თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელი ლევან რამიშვილი “24 საათის” შეკითხვას ასე უპასუხებს: “რუსეთის პრეზიდენტი სააკაშვილს რომ არ შეხვედროდა, უფრო მძიმე დარტყმა თავად პუტინისთვის იქნებოდა - განსაკუთრებით, ბოლო პერიოდის ვითარებაში, როდესაც რუსეთში მიმდინარეობს ეთნიკური წმენდები, ჟურნალისტებს კლავენ, გაქცეულ ჯაშუშებს წამლავენ და ა.შ. ბოლო წუთამდე საეჭვო იყო შედგებოდა თუ არა ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა. რუსეთმა ყველაფერი გააკეთა, რომ ამ შეხვედრას საქართველოსთვის შეურაცხმყოფელი ხასიათი ჰქონოდა”. ოპოზიციონერ კახა კუკავას მიაჩნია, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა მოუმზადებელი იყო და, ამდენად, რაიმე შედეგის მოლოდინი გაუმართლებელიც იყო, და დასძენს: “აქ არის რეალური პრობლემები, რომელსაც ჩვენი მთავრობა თავს არიდებს. პრეზიდენტმა ასეთი განცხადებაც კი გააკეთა, რომ მას საერთოდ არ აინტერესებს რუსეთის მთავრობის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ეს პრეზიდენტის მხრიდან უკიდურესად უპასუხისმგებლო პოზიციაა. ჩვენ გვაქვს კარგი მაგალითი, რომელსაც შეგვიძლია შევადაროთ: მოლდოვის პრეზიდენტი სამიტზე ჩავიდა კონკრეტული წინადადებებით და კონკრეტული შედეგებითაც წამოვიდა.”

ამგვარადვე უყურებს საკითხს “ახალი თაობის” მიმომხილველი, რომელიც წერს: “სანამ საქართველოს პრეზიდენტი ლონდონში უხვსიტყვიან, თუმცა ერთიანობაში მაინც გაუგებარ კომენტარებს უკეთებდა მის შუაღამის შეხვედრას რუს კოლეგასთან, ეს რუსი კოლეგა თავის მოლდაველ კოლეგა ვლადიმერ ვორონინთან საქმეზე საუბრობდა. სააკაშვილის მინსკურ-ლონდონური ვოიაჟი მხოლოდ მაია ნადირაძემ და გიორგი არველაძემ გაიგეს, პუტინისა და ვორონინის შეხვედრის შედეგები კი - მთელმა მსოფლიომ.”

“რეზონანსი”, გაზეთ “კომერსანტზე” დაყრდნობით, წერს, რომ სააკაშვილ-პუტინის შეხვედრა მხოლოდ 5 წუთს გაგრძელდა და საერთო ენის გამონახვა ვერ მოახერხეს. ამავე გაზეთში შუქდება ნატოს სამიტის შედეგებიც. “რეზონანსი” აქვეყნებს ინტერვიუს ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის პრეზიდენტ ვასილ ჭყოიძესთან, რომელიც 2008 წელს ნატოში მიწვევას არ გამორიცხავს და ამ გზაზე აუცილებლად გასავლელ ეტაპზე, ე.წ. “მაპის” მიღებაზე, საუბრობს: “პრინციპში ნატოს მიერ გამოხატული პოზიცია იძლევა იმის პროგნოზირების საშუალებას, რომ საქართველოს მაპ-ზე გადასვლის საკითხი, შესაძლოა, მალე დადგეს ნატოს დღის წესრიგში. კანდიდატი სახელმწიფოებიდან მაპ-ის ფარგლებში ამ ეტაპზე ნატოსთან დაახლოების პროცესში იმყოფებიან ალბანეთი, ხორვატია და მაკედონია. სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში საქართველო ამ სახელმწიფოთა რიგში ჩადგება უკრაინასთან ერთად ან მის გარეშე”, - ამბობს ვასილ ჭყოიძე “რეზონანსთან” ინტერვიუში.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG