Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ, როგორც ჩანს, ჯერ არ აპირებს ერაყში თავისი სტრატეგიის შეცვლას


აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში დღეს იორდანიის დედაქალაქ ამანში შეხვდა ერაყის პრემიერ-მინისტრ ნური ალ-მალიკის. როგორც ექსპერტები დაასკვნიან ბუშის განცხადებების საფუძველზე,

აშშ, როგორც ჩანს, ჯერ-ჯერობით არ აპირებს ერაყში თავისი ამჟამინდელი სტრატეგიის შეცვლას. არადა, ამ სტრატეგიის შეცვლას მოითხოვენ: აშშ-ის კონგრესში შექმნილი საგანგებო კომიტეტი, რომელიც ერაყში პრეზიდენტის პოლიტიკას აანალიზებს, 6 დეკემბერს გააცნობს თავის რეკომენდაციებს ჯორჯ ბუშსა და კონგრესს. წინასწარი ინფორმაციით, კომიტეტი, რომელშიც როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური პარტიების წევრები შედიან, რეკომენდაციას გაუწევს ამერიკელების სამხედრო მისიის შეცვლას - საბრძოლო მოქმედებათა ნაცვლად განვითარების მხარდაჭერაზე გადასვლას.

თუმცა, დავუბრუნდეთ დღევანდელ შეხვედრას ამანში: ამ შეხვედრამ ჯორჯ ბუშს მისცა შესაძლებლობა, გამოეხატა მხარდაჭერა ალ-მალიკის მიმართ და ამით გაემყარებინა მისი პოზიცია ერაყში უსაფრთხობის მხრივ ვითარების გამწვავების ფონზე.

[ჯორჯ ბუშის ხმა] “ის (ერაყის პრემიერ-მინისტრი) ძლიერი ლიდერია, რომელსაც სურს თავისუფალი და დემოკრატიული ერაყის წარმატება. აშშ-ს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მისი დახმარება ამ მიზნის მისაღწევად”.
საამისოდ, დასძინა ბუშმა, აუცილებელია ერაყის უშიშროების ძალების გაძლიერება, რაშიც მას პრემიერ-მინისტრი ალ-მალიკიც დაეთანხმა. მხარეები იზიარებენ იმ აზრსაც, რომ ერაყი ერთიანი სახელმწიფო უნდა დარჩეს:

[ჯორჯ ბუშის ხმა] “პრემიერ-მინისტრმა ნათლად განაცხადა, რომ ქვეყნის დაყოფა ნაწილებად, როგორც ეს ზოგიერთს წარმოუდგენია, არ არის ის, რაც სურს ერაყელ ხალხს და რომ ერაყის დანაწევრებას რელიგიურ ჯგუფებს შორის ძალადობის კიდევ უფრო გამწვავებას გამოიწვევდა”.

არადა, ძალადობამ ბოლო ხანს უკვე მიაღწია სამწუხარო რეკორდს: 23 ნოემბერს ბაღდადში 200-მდე ადამიანი დაიღუპა - ყველაზე მეტი ერთი დღის მანძილზე მას შემდეგ, რაც ერაყში ამერიკელებისა და მათი მოკავშირეების ჯარები შეიჭრნენ. ამის შემდეგ იყო, რომ გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა გამოთქვა შეშფოთება - ერაყი სამოქალაქო ომის პირას დგასო:
[კოფი ანანის ხმა] “ვფიქრობ, ადგილზე მიმდინარე პროცესების შედეგად, თუ მკვეთრი და სასწრაფო ზომები არ იქნება მიღებული ვითარების გაუარესების შესაჩერებლად, შესაძლოა საქმე სამოქალაქო ომამდე მივიდეს. ფაქტობრივად, თითქმის მისულია”.

ამერიკელი და ერაყელი ოფიციალური პირები უარს ამბობენ ამჟამინდელი მოვლენების “სამოქალაქო ომად” მოხსენიებაზე, თუმცა ისინიც აუცილებლად მიიჩნევენ ვითარებაზე კონტროლის სასწრაფოდ აღდგენას. ერაყის პრემიერ-მინისტრმა ალ-მალიკიმ დღეს ამანში ისიც აღნიშნა, რომ მისი მთავრობა მზად არის მეზობელ სახელმწიფოებთან თანამშრომლობისთვის. [ალ-მალიკის ხმა] “მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველასთან, ვისაც სჯერა ეროვნული ერთიანობის მთავრობის და სურს ითანამშრომლოს მასთან - პირველ რიგში მეზობელ ქვეყნებს ვგულისხმობ. ერაყი ერაყელებს ეკუთვნის და მისი საზღვრების უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს, რათა ვერავინ ჩაერიოს ჩვენს საშინაო საქმეებში”.

როცა საქმე ერაყის მეზობლებს ეხება, აღსანიშნავია აშშ-ის კრიტიკული დამოკიდებულება ირანისა და სირიის მიმართ. ბოლოხანს გაკეთებულ განცხადებაში ბუშმა გამორიცხა ირანთან ყოველგვარი მოლაპარაკება, სანამ მას არ შეუწყვეტია ურანის გამდიდრება, როგორც ამას გაერო მოითხოვს. სირია კი, ვაშინგტონის შეფასებით, ძალიან ცოტას აკეთებს საიმისოდ, რომ შეაჩეროს მისი ტერიტორიიდან ერაყში უცხოელი მეამბოხეების შეჭრა, ან მეამბოხეების დაფინანსება. ამდენად, ამბოხება გრძელდება: ბუშმა ამანში პირობა დადო, რომ აშშ-ის ჯარები იმდენი ხანი დარჩებიან ერაყში, რამდენიც საჭირო იქნება.
XS
SM
MD
LG