Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეოცე საუკუნის 30-იანი წლების მასობრივი შიმშილობა უკრაინის პარლამენტმა “უკრაინელი ხალხის გენოციდად” აღიარა.


უკრაინაში გასული საუკუნის 30-იანი წლების

შიმშილობა, რომელსაც 10 მილიონი ადამიანი შეეწირა, არასოდეს ყოფილა საბჭოთა კავშირში აღიარებული, როგორც ფაქტი. თუმცა უკრაინაში ეს მოვლენა ახსოვდათ. ახლა პარლამენტმა, “ვერხოვნა რადამ”, ორი კანონპროექტი განიხილა. ორივეში ამ პერიოდზე, შიმშილსა და მსხვერპლზე და ამ მოვლენის შეფასებაზეა ლაპარაკი. პარლამენტმა დაადგინა, რომ “ჰოლოდომორი”, როგორც მას უკრაინულად ეწოდება, არის გენოციდი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. კანონის მიღებისას კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ამ ქვეყნის საზოგადოება ორ ნაწილადაა გაყოფილი, თუმცა ეს მოვლენა ტრაგიკულ წარსულთან შერიგების გზაცაა მისთვის.
შიმშილი უკრაინაში 1932-33 წლებში ხელოვნურად იყო გამოწვეული და ის იოსებ სტალინის სახელს უკავშირდება. კამათი მის გარშემო, კანონის მიღების მიუხედავად, ალბათ, გაგრძელდება. როგორც ითქვა, ორი კანონპროექტი იყო განსახილველად შეტანილი პარლამენტში. ერთი, რომელსაც პრეზიდენტი იუშჩენკო უჭერდა მხარს, ამ მოვლენას უკრაინელი ერის გენოციდად მიიჩნევდა; მეორე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ვიქტორ იანუკოვიჩი და მისი “რეგიონების პარტიის” წევრი პარლამენტარები ემხრობოდნენ, შიმშილს “ტრაგედიად” აფასებდა.
“რეგიონების პარტიამ” და კომუნისტებმა თავიდანვე გააფრთხილეს კოლეგები, რომ კანონში “უკრაინელი ერის წინააღმდეგ გენოციდის” ჩაწერა ქვეყანაში ანტირუსულ განწყობილებას შეუწყობდა ხელს, ვინაიდან მაშინ, შიმშილის დროს, დაიხოცნენ უკრაინელებიცა და რუსებიც. იუშჩენკო საპარლამენტო განხილვის დროს მინსკში, დამოუკიდებელი სახელმწიფოების სამიტზე, იმყოფებოდა. რადაში პროექტის განხილვამდე ორი დღით ადრე მან თქვა, რომ დოკუმენტი არ შერაცხავს რუსეთს შიმშილობის შედეგად ხალხის მასობრივ სიკვდილში დამნაშავედ:

(იუშჩენკოს ხმა)
“ისტორიამ თავისი განაჩენი უკვე გამოუტანა მკვლელებს, რომლებმაც დაგეგმეს და მოაწყვეს შიმშილი. ეს არის ტოტალიტარული, კომუნისტური, სტალინისტური სისტემა, რომელსაც ეროვნება არა აქვს.”

პარლამენტზე იუშჩენკოს კანონპროექტი გაიტანა იჰორ იუხნოვსკიმ, “ეროვნული ხსოვნის ინსტიტუტის” დირექტორმა, რომელმაც იგივე აზრი გამოთქვა:

(იუხნოვსკის ხმა)
“რუსეთმა რა უნდა ქნას? მიუხედავად იმისა, რომ ის საბჭოთა კავშირის კანონიერ მემკვიდრედ მიიჩნევს თავს, არა მგონია, რომ ის იყოს 30-იანი წლების ბოლშევიკური რეჟიმის მემკვიდრეც.”

იუხნოვსკი ფიქრობს, რომ კანონმდებლების მიერ კანონპროექტის განხილვა იქნება გამოცდა იმისა, მიაღწიეს თუ არა უკრაინის პოლიტიკოსებმა სიმწიფეს და აქვთ თუ არა უნარი, სათანადოდ შეაფასონ თავიანთი ქვეყნის წარსული:

(იუხნოვსკის ხმა)
“ფაქტი ისაა,რომ შიმშილი იყო და დიდი რაოდენობით ადამიანები მოსპეს გარე სამყროსგან იზოლაციის გზით. ჩვენ გვაქვს ამის დამამტკიცებელი დოკუმენტები. ეს ფაქტია. და ამ უდანაშაულოდ დახოცილთათვის პატივის მიუგებლობა დანაშაულია ჩვენივე ხალხის მიმართ.”

უკრაინაში 30-იანი წლების “შიმშილის” თემაზე დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ალაპარაკდნენ. ამ ქვეყნის იტორიკოსებმა მიაკვლიეს იმის დამადასტურებელ მასალებს, რომ ხელოვნურად გამოწვეულ შიმშილს მილიონობით ადამიანი ემსხვერპლა. იმ დროს გადარჩენილი ხალხის ნაამბობით, ადამიანები კანიბალებად იქცნენ, რომ არ დახოცილიყვნენ. შიმშილი კი მოჰყვა გლეხებისთვის ხორბლისა და საქონლის სისტემატურ ჩამორთმევას იმ მიზნით, რომ მცირე მიწათმფლობელები, ე.წ. კულაკები, მოესპოთ და გლეხები იძულებული გაეხადათ, დაეთმოთ მიწა და კოლექტიურ მეურნეობაში გაერთიანებულიყვნენ. ვინც კი იცნობს ამ პერიოდის მასალებს, შეუძლია გარკვეული შეფასება მისცეს ამ მოვლენებს. ეს იყო საშინელება, მაგრამ - ტრაგედია იყო თუ გენოციდი?
თავიდან ვერც ერთმა კანონპროექტმა ვერ მიიღო საკმარისი რაოდენობის კანონმდებელთა მხარდაჭერა. გადამწყვეტი როლი ითამაშა სოციალისტურმა პარტიამ, რომელიც იუშჩენკოს ვერსიის მომხრე იყო, მაგრამ ეჭვით უყურებდა ერთ ფორმულირებას. პარტიის ლიდერმა და პარლამენტის სპიკერმა ოლექსანდერ მოროზმა ერთი ფრაზის შეცვლით კანონპროექტი თავისი თანაპარტიელებისთვის მისაღები გახადა. კერძოდ, წინადადებაში “შიმშილობის შედეგად დახოცვის, ანუ “ჰოლოდომორის”, საჯაროდ უარყოფა, უკრაინის სამოქალაქო კანონით, უნდა ისჯებოდეს”, მან “უნდა ისჯებოდეს” ჩაანაცვლა სიტყვით “ აკრძალულია”. მოროზმავე წამოაყენა წინადადება, “უკრაინელი ერის გენოციდის” ნაცვლად ჩაწერილიყო “უკრაინელი ხალხის გენოციდი”. მისი აზრით, ამით ეთნიკური უკრაინელები არ იქნებოდნენ გამოყოფილი, როგორც პრინციპული მსხვერპლი “ჰოლოდომორისა”. ამ ახალი ფორმულირებებით კანონპროექტი გავიდა. მას მიემხრო 233 კანონმდებელი იუშჩენკოს “ჩვენი უკრაიდან”, “იულია ტიმოშენკოს ბლოკიდან” და “სოციალისტური პარტიიდან”; ასევე, ორი პარლამენტარი “რეგიონების პარტიიდან”. კომუნისტებმა და “რეგიონების პარტიის” დანარჩენმა წევრებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ ივან ვასინიუკმა განაცხადა, რომ იუშჩენკომ კანონპროექტის დამტკიცება შეაფასა ისტორიულ მოვლენად, რომელიც გააერთიანებს უკრაინელ ხალხს. ამას, ალბათ, დრო აჩვენებს, მაგრამ დღესდღეობით ამ კანონპროექტის გარშემო სჯა-ბაასი კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის საზოგადოების ორ - პროდასავლურ და პრორუსულ -ნაწილებად გაყოფას. ვოლოდიმირ ზუბანოვი, დეპუტატი “რეგიონების პარტიიდან”, შიშობს, რომ კანონი მომავალში უკრაინისთვის არასასიამოვნო შედეგს გამოიღებს:

(ზუბანოვის ხმა)
“ეს პროექტი გამოიწვევს საერთაშორისო კრიზისს მრავალი ათწლეულის განმავლობაში. თუკი ჩვენ ამ ტიპის პოლიტიკურ განცხადებებს ვიღებთ ერებსა და სახელმწიფოებს შორის პრობლემების პროვოცირებისთვის, მე ვფიქრობ, ეს არასწორია.”

“ჩვენი უკრაინის” წარმომადგენელი ვიაჩესლავ კირილენკო კი ასე ფიქრობს:

(კირილენკოს ხმა)
“ჩვენ ვეთანხმებით ფრაზებს: “აკრძალული იყოს შიმშილის ფაქტის საჯარო უარყოფა” და “გენოციდი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ”, როგორც ეს რადის თავმჯდომარემ შემოგვთავაზა. თავმჯდომარემ შემოიტანა წინადადება, რომ “საჯაროდ უარყოფა აკრძალული იყოს” და ეს ჩვენთვის საკვანძო საკითხია. მინისტრთა კაბინეტმა მიიღო ინსტრუქცია ერთი თვის განმავლობაში შეცვალოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტები.”

მაგრამ, ჩანს, საკანონმდებლო პასუხისმგებლობა არ არის მთავარი. მთავარი, ეტყობა, ისაა, რომ უკრაინის კანონმდებლებმა, ბოლოს და ბოლოს, ყურადღება მიაპყრეს გასული საუკუნის უკრაინის ყველაზე მძიმე ტკივილს და უწოდეს სახელი, რომელიც მან დიდი ხანია დაიმსახურა.
30 ნოემბერს გავრცელდა ცნობა, რომ მოსკოვში ევრაზიის ახალგაზრდული კავშირისა და ნაციონალ-ბოლშევიკური ფრონტის წევრებმა რუსეთში უკრაინის საელჩოს შენობას ქვები და სხვა საგნები დაუშინეს. საპროტესტო აქციის მონაწილეების განცხადებით, მთ ავეთი ქმედებით პროტესტი გამოხატეს უკრაინის რადას გადაწყვეტილების მიმართ, რომლოის მიხედვითაც, უკრაინაში გასული საუკუნის 30-იანი წლების შიმშილობა უკრაინელი ხალხის გენოციდადაა აღიარებული. აქციის მონაწილეების თქმით, გადაწყვეტილებით, რადამ რუსი და უკრაინელი ხალხები დაუპირისპირა ერთმანეთს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG