Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურული მიმოხილვა


ერთი შეხედვით, ინვალიდთა დაცვის დღეს,

რომელიც 3 დეკემბერს მთელ მსოფლიოში აღინიშნება, კულტურასთან არაფერი აქვს საერთო. თუმცა ბოლო დროს სხვადასხვა ქვეყანაში სწორედ ამ დღეს ამთხვევენ ხოლმე მნიშვნელოვან კულტურულ ღონისძიებებს... და არა მარტო ცნობილი არტისტები, რომლებიც საქველმოქმედო კონცერტებს აწყობენ ინვალიდებთან სოლიდარობის გამოსახატავად... კულტურულ ცხოვრებაში ერთვებიან თავად შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანები - დგამენ სპექტაკლებს, აწყობენ გამოფენებს. საქართველოში ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობენ სოციალური თერაპიის სახლის მესვეურები - პედაგოგები, ფსიქოლოგები და თავად შეზღუდული შესაძლებლობების მქონენი, რომელთაც აქაური ფსიქოლოგები ”თანამშრომლებს”უწოდებენ.

სოციალური თერაპიის სახლი ერთ-ერთი მოდელია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ინტეგრაციისა ქართულ საზოგადოებაში. მაგრამ თავად საზოგადოების - განსაკუთრებით მედიის - დამოკიდებულება ინვალიდების მიმართ არასამთავრობო ორგანიზაციებს ძალიან აწუხებთ. რადიო “თავისუფლებასთან” საუბარში ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ინვალიდის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება, პირველ რიგში, კულტურის პრობლემაა და იხსენებენ ქართულ ფილმებს, სპექტაკლებს, ლიტერატურულ ნაწარმოებებს, სადაც ინვალიდობა წარმოდგენილია როგორც დასჯა, როგორც დაწყევლა... თანაც, არც თუ ისე იშვიათად, კომედიის ჟანრში... დავრდომილი, ავადმყოფი, ინვალიდი, ”სოფლის გიჟი” პუბლიკის გამხიარულების საშუალება ხდება. ინვალიდ ქალთა და ინვალიდი ბავშვების დედათა ასოციაციის წევრს ივეტა წითაშვილს აღნუსხული აქვს ის ტერმინები, რომელთაც ქართული მედია უნარშეზღუდული ადამიანების მიმართ იყენებს. მათი აზრით, ამ ტერმინებშიც ვლინდება ინვალიდის, როგორც რაღაც ეგზოტიკურის, საზოგადოებისგან (”ჯანმრთელი საზოგადოებისგან”) გამიჯნულის მიმართ დამოკიდებულება. შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებზე გამოქვეყნებული სტატიების ინტონაცია, როგორც წესი, ნეგატიურია. არასწორად გამოიყენება სიტყვები: ”ფეხმოჭრილი”, ”გონებაჩლუნგი”, ”უპოვარი”...ინვალიდები წარმოდგენილნი არიან, როგორც ”საწყალი”, საბრალო”, ”ტანჯული” და არა როგორც სრულფასოვანი ხალხი.

იმ ადამიანებს, რომლებიც ინვალიდების უფლებებს იცავენ საქართველოში, არც სიტყვა ”უნარშეზღუდული” მოსწონთ. ჩვენთან საუბარში ფსიქოლოგი ქეთევან მაყაშვილი იხსენებს სოციალური თერაპიის სახლში დადგმულ სპექტაკლებს, ამ სახლის მესვეურების მიერ მოწყობილ გამოფენებს და აღნიშნავს, რომ ”უნარშეზღუდულის” ცნება ძალიან პირობითია... თუკი საზოგადოება გადალახავს მათთან ბარიერს, აუცილებლად დარწმუნდება, რომ ეს ხალხი ნიჭითაც გამოირჩევა და განსაკუთრებული შესაძლებლობებითაც:

[ქეთი მაყაშვილის ხმა] ”მანდ, მაგ სამყაროში, გაცემაზეა ორიენტაცია, რამდენადაც ადამიანს განსაკუთრებული უნარები აქვს და ხელის შეწყობის გარეშე ვერ ხერხდება ადამიანმა თავისი მეობა განახორციელოს. ხელის შეწყობით ეს ხერხდება. როდესაც გაქვს მეობა, როცა გაქვს შენი სამყარო, შენ გაქვს საშუალება, რომ გასცე, ეს ყველაზე უფრო ძვირფასია. იქ ამას აკეთებენ დიდი სიამოვნებით - ესაა ყველაზე მაღალი ღირებულება, მაშინ როდესაც გარეთ ეს გაუფასურებულია. შენ იმდენი შეგიძლია გასცე, რომ ფასი ეკარგება...და როცა ადამიანი მიდის გარედან ამ სახლში, ის ხედავს ამ ფასეულობის მნიშვნელობას.”

თუმცა ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ თავად ინვალიდთა სამყაროში ყველაფერი მოგვარებულია და რეალობასთან ინტეგრაციის პროცესი ამ ადამიანებს ახალ ტკივილს არ აყენებს. სოციალური თერაპიის სახლის ფსიქოლოგი ლია ასანიშვილი აღნიშნავს, რომ ინვალიდებთან ურთიერთობა პრობლემატური იქნება, სანამ ქართულ კულტურაში არ დაიწყება სერიოზული დისკუსია, საერთოდ, უცხოს ან განსხვავებულის მიმართ უმრავლესობის დამოკიდებულებაზე:

[ლია ასანიშვილის ხმა] ”იყო მძიმე შემთხვევებიც. შემდეგ წავიდა ის გოგონა ჩვენგან, სხვა ქალაქში გადავიდნენ... რომელიც ორი წელი ტიროდა - მე ვერ გავეცი კითხვას პასუხი, რატომ გავჩნდი ამ ქვეყანაზე...”(სტილი დაცულია)

ლია ასანიშვილის თქმით, შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებთან ურთიერთობაში, პირველ რიგში, ქართული საზოგადოება უნდა განთავისუფლდეს კულტურასა და ყოფაში დამკვიდრებული სქემებისა და აკვიატებული აზრებისგან. რაოდენ მზრუნველიც არ უნდა გახდეს ხელისუფლება ამ ხალხის მიმართ, თუკი საზოგადოებას და მედიას ეს ადამიანები მხოლოდ წელიწადში ერთხელ, ინვალიდების დაცვის დღეს, გაახსენდებათ, ქართული კულტურა ვერასდროს გახსნის საზღვრებს და თავის თავში მოიხარშება... ლია ასანიშვილი კონკრეტულ ფაქტს იხსენებს... ფაქტს, რომელიც მაგალითი შეიძლება გახდეს ”სხვანაირ” ადამიანთან ურთიერთობაში:

[ლია ასანიშვილის ხმა] ”შარშან სოფო მეკითხება: ლიკა, რა არის დაუნი.?.. - რატომ მეკითხები-თქო ვკითხე... - იქაო ერთმა გალანძღა მეორე, შე დაუნო, შენაო, და მე ხომ დაუნი ვარო. რას ნიშნავს ეს დაუნიო?.. რაც არ უნდა ცნობდე ადამიანს, მის რეაქციას მაინც ვერ გამოიცნობ ამ დროს... მე ვუთხარი, როგორც ვიცი, დაუნი ყველაზე განსაკუთრებული ადამიანია, რომელსაც ყველასგან გამოარჩევ - პაჭუა ცხვირით, ლამაზი თვალებით, საოცარი ღიმილი, რომლისაც ჰოლივუდს შეშურდება - სოფო ამაყი დადიოდა და როგორც კომპლიმენტს, ისე არიგებდა.”(სტილი დაცულია)

თუკი უცხოს შიში ან, უკეთეს შემთხვევაში, მისი ეგზოტიზაცია მთლიანად თანამედროვე ქართული კულტურის პრობლემაა, არავის უნდა გაუკვირდეს სტერეოტიპების სიმრავლე ინვალიდების მიმართ დამოკიდებულებაში. ამ თვალსაზრისით, გარკვეული დამთხვევაა, რომ ინვალიდთა დღის აღნიშვნას მოჰყვება გერმანულ-ქართული ანსამბლის, ”შინის”, ახალი პროექტის წარდგენა - 4 დეკემბერს, თბილისში. ორშაბათ საღამოს ქართველი მუსიკის მოყვარულები მოუსმენენ ანსამბლს, რომელმაც, ერთი მხრივ, ”ეთნოჯაზი” გაათავისუფლა სწორხაზოვანი და ზედაპირული ეგზოტიზაციისგან, მეორე მხრივ კი, თავად ქართულ ხალხურ მუსიკას გაუხსნა საზღვრები.

[”შინი”]

გაგახსენებთ, რომ ”შინი” - უფრო სწორად, ”შინ” (სახელწოდება ხომ ”შინისაკენ მიმავალ გზას ნიშნავს”) - 1998 წელს დაარსდა გერმანიაში. ანსამბლის წევრები, რომლებიც ეთნოჯაზ-როკს უკრავენ, ამ მუსიკას ”კავკასიურ-იბერიულს” უწოდებენ, არაჩვეულებრივად ახერხებენ სხვადასხვა ხალხის მუსიკის გაერთიანებას... და ამასაც პრეტენზიულობისა და ინტელექტუალური ქედმაღლობის გარეშე აღწევენ... ალბათ, იმიტომ, რომ ”შინ” უბადლო იუმორით გამოირჩევა. 4 დეკემბერს თბილისელები იხილავენ და მოუსმენენ მათ ახალ პროექტს, სახელწოდებით ”ეგარი”...
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG