Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გინდა ”წერო”? უნდა წერო! საინტერნეტო ლიტერატურული კონკურსი გამარჯვებულებს ასახელებს


დავით პაიჭაძე, თბილისი ბიბლიოთეკაში დღეს ერთ ლიტერატურულ კონკურსზე გიამბობთ. კონკურსი საქართველოსთვის უპრეცედენტოა, თან არაერთი ნიშნით:

საკონკურსოდ წარმოდგენილი პროზაული ტექსტები დღემდე მხოლოდ ელექტრონულ ფორმატში იყო გამოქვეყნებული. კონკურსი მოაწყო ქართულმა ლიტერატურულმა პორტალმა www.literatura.ge, რომელსაც სპონსორობა ერთ-ერთმა ქართულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ (”ჯი-პი-სი”-მ) გაუწია. გადაწყვეტილებას სამი გამარჯვებულის შესახებ იღებდა არა ჟიური, არამედ ვებ-გვერდის literatura.ge-ის მკითხველები. მათ მიცემულ ხმებს უნდა გამოევლინა პირველი სამი პრიზის მფლობელი. ჟიურის მხოლოდ ის ევალა, რომ თითქმის 200 კონკურსანტიდან 15 ფინალისტი შეერჩია. კონკურსს ჰქვია ”წერო” და მისი სლოგანია: ”გინდა წერო? უნდა წერო”. ”ბიბლიოთეკის” ავტორმა, დავით პაიჭაძემ ვებ-გვერდის ადმინისტრატორსა და კონკურსის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ავთანდილ სულაძეს მიმართა შეკითხვით, რამდენად დაცული იყო საიტი literatura.ge ერთი და იმავე ადამიანის მიერ ხმის მრავალგზის მიცემისაგან.

[ავთანდილ სულაძის ხმა] ”აბსოლუტურად გამორიცხულია. თან მცდელობაც, ფაქტობრივად, არ ყოფილა. სადღაც, 95%-ით დარწმუნებული ვართ, რომ საიტი დაცულია ამ მხრივ.”

ცოტა ხნით ადრე კი ავთანდილ სულაძე ასე ამცნობდა საზოგადოებას კონკურსში გამარჯვებულ ავტორს:

[სულაძის ხმა] ”მთავარი პრიზი კი გადაეცემა ნაწარმოებს, რომელმაც ყველაზე მეტად გაჰყო მკითხველის მოსაზრებები. ერთნი ამბობდნენ, რომ ეს ნაწარმოები არის ზედმეტად პათეტიკური, დღევანდელი ეპოქისათვის შეუფერებელი, მეორენი ფიქრობდნენ, რომ ეს ნაწარმოები მოქმედებს ადამიანის სულზე, ააღელვებს და შეძრავს მას. მიუხედავად იმისა, რომ საიტის მომხმარებლების უმრავლესობა ახალგაზრდაა, სწორედ მათმა დიდმა ნაწილმა გადაწყვიტა, არჩევანი გაეკეთებინა ნაწარმოებზე ,,ახადელების რძალი” (ისმის ტაში) ბატონი ვანო ჩხიკვაძე!”

ვანო ჩხიკვაძე ერთადერთია კონკურსის ფინალისტებს შორის, რომელმაც 50 წელს გადააბიჯა და ასაკით ლამის მამად ეკუთვნის მათ უმრავლესობას. ავთანდილ სულაძე ამბობს, რომ კონკურსანტებს ხმა მისცა რამდენიმე ასეულმა, თუმცა ათასზე ნაკლებმა ადამიანმა. 9 დეკემბერს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაჯილდოებაზე მისული პუბლიკა არ იყო ტიპური თბილისის ლიტერატურული თავყრილობებისათვის. ეს არის ახალი ხალხი, რომელთაც ჯერ არ იცნობენ, სამაგიეროდ ერთმანეთს იცნობენ კარგად. ამ ხალხს ქართული ლიტერატურული ინტერნეტი აერთიანებს. თითქოს სწორედ ინტერნეტ საზოგადოებისაგან იყო ცოტა მოულოდნელი ვანო ჩხიკვაძის დაფასება. პოეტმა ზურაბ რთველიაშვილმა კი სულ სხვა კუთხით შეხედა ამ მოვლენას.

[რთველიაშვილის ხმა] ”მე ვფიქრობ, ”პატარების დაჩაგვრა” უფროსი თაობის იმ წარმომადგენელთა მხრიდან, ვისაც შეუძლია ნებისმიერ კონკურსში პირველი თუ არა, მესამე პრიზი მაინც აიღოს, რბილად რომ ვთქვათ, სწორი არ არის. თავისთავად, მისასალმებელია, რომ ასეთი პროცესები დაიწყო, ახალგაზრდობა დაინტერესდა ლიტერატურით, აწყობენ საღამოებს, შეხვედრებს. ამას უფრო მეტად სჭირდება წახალისება. დღევანდელი შემთხვევა კი, წახალისების თვალსაზრისით, ძალიან ცუდი მაგალითია.”

ზურაბ რთველიაშვილი ამბობს, რომ მორალური ბარიერი უფროსი თაობის მწერლებს არ გაუჩნდებოდათ, რათა უპირატესად ახალგაზრდების კონკურსში შეგნებულად არ მიეღოთ მონაწილეობა; ამიტომ, ჯობდა, კონკურსის ორგანიზატორებს დაეწესებინათ მონაწილეთა ასაკობრივი ზედა ზღვარი. მისი აზრით, უფრო მნიშვნელოვანია არა ხარისხით აღმატებული ნაწარმოებისთვის პრიზის მინიჭება, არამედ ახალგაზრდა შემოქმედების სტიმულირება ლიტერატურულ საქმიანობაში ჩასართავად. ამავე საკითხზე კომენტარი ვთხოვე კონკურსის ჟიურის წევრს, მთარგმნელ დავით გაბუნიას და შევახსენე, სადაც საკონკურსოდ წარმოსადგენი ტექსტების მოცულობა 2-დან 5 ნაბეჭდ გვერდამდე განსაზღვრეს, იქ შეიძლებოდა დაედგინათ მონაწილთა მაქსიმალური ასაკიც:

[გაბუნიას ხმა] ”იყო ამაზე საუბარი, სანამ კონკურსი დაიწყებოდა და პირობებს ჩამოვაყალიბებდით, მაგრამ შემდეგ გადავიფიქრეთ. ჩვენ არ გვინდდოა, ეს დამწყები მწერლების კონკურსი ყოფილიყო, რადგან, როგორც კი ასე დაარქმევ კონკურსს, ბევრი მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან თავს დამწყებ მწერლად არ მიიჩნევს (თუნდაც სულ ერთი-ორი რამ ჰქონდეს დაწერილი). გადავწყვიტეთ, ეს კონკურსი მაქსიმალურად ჭრელი ყოფილიყო და ყველას შეძლებოდა მონაწილეობა.”

დავით გაბუნია დასძენს, რომ საკონკურსო ნაწარმოებებს ხშირად ფსევდონიმით აგზავნიდნენ და ტექსტის მიხედვით ძნელი დასადგენია, რამდენი წლის არის ავტორი. მით უმეტეს, ირკვევა, რომ ახალგაზრდა ავტორების ნაწილი სტილისტურად ბაძავს უფროს თაობას. მე ვეკითხები დავით გაბუნიას, რა არის ეს მიბაძვა: ლიტერატურული თამაში, პაროდიული შეხმიანება დროში წინმსწრებ ტექსტებთან თუ უკვე გაკვალულ გზაზე სიარულის ცდა?

[გაბუნიას ხმა] - ”ძალიან კარგი იქნებოდა, ეს თამაში ყოფილიყო. მე აქ უფრო ნეგატიურ მხარეს ვხედავ იმიტომ, რომ ახალგაზრდა მწერლების რაღაც ნაწილი მექანიკურად იმეორებს იმას, რაც იყო.
-
ენობრივად თუ, ვთქვათ, მოტივების დონეზე?
-
ძირითადად, ენობრივად. მაგრამ არის მეორე უკიდურესობაც. ესაა ე,წ, ულტრათანამედროვეობის მცდელობა, რომელსაც მყარი საფუძველი არა აქვს. უპირატესად ეს ეხება დამწყებ ავტორებს.”

ლიტერატურული პორტალი literatura.ge ღიაა ყველასთვის. ქართული ლიტერატურული ინტერნეტი ეხსნება ყველანაირ ტექსტს, ხარისხიანსაც და აშკარა ელექტრონულ მაკულატურასაც. ყველა მსურველს შეუძლია თავისი ნაწერი შემატოს ამ ვებ-გვერდს. მისი ადმინისტრატორი, ავთანდილ სულაძე მეუბნება, რომ არ აპირებს ამ პრინციპის შეცვლას, რაც არ გამორიცხავს ცვლილებებს საიტის მართვის სისტემაში:

[სულაძის ხმა] –”მაგალითად, ნაწარმოები, რომელსაც მკითხველი უარყოფითად შეაფასებს, ავტომატურად შეიძლება წაიშალოს დროთა განმავლობაში.
-
ეს იყო პირველი კონკურსი ელექტრონული ლიტერატურისათვის. ეს იყო ერთჯერადი თუ ამით იწყება რაღაც?
-
ეს აუცილებლად გაგრძელდება. ყოველ შემთვევაში, იმედი გვაქვს და დამფინანსებელი ორგანიზაციაც აპირებს კონკურსები მოეწყოს ყოველწლიურად, თან წელიწადში ორჯერ: ერთხელ პროზაში, ერთხელ პოეზიაში.”

ჟიურის წევრი, დავით გაბუნია ამბობს, რომ პორტალზე განთავსებული ტექსტები, მათ შორის, საკონკურსოდ შემოთავაზებული პროზა ზოგჯერ ძალიან მცირე ზომისაა და ხშირად აკლია ლიტერატურული დამუშავება. ზემოთ ნახსენებ ე.წ. ულტრათანამედროვე თუ ექსპერიმენტული ნაწერების ნაკლზე საუბრისას დავით გაბუნია აღნიშნავს:

[გაბუნიას ხმა] ”პროზა, როგორც ასეთი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, პორტალზე ძალიან ცოტაა. თანამედროვეობის ”სენი”, ძირითადი ნაკლი ისაა, რომ პროზა აბსოლუტურად მოკლებულია ნარატივს და წარმოადგენს ცალკეულ ემოციაზე აგებულ პატარა ტექსტებს. ეს, ჩემი აზრით, არ არის საკმარისი პროზისთვის. თხრობა, ამბავი ძალიან ცოტას თუ აინტერესებს და შეუძლია, არ დაეზაროს, დაუჯდეს, იმუშაოს და მკითხველს მოუთხროს ამბავი და არა ცალკეული ემოცია.”

კონკურსის მეორე და მესამე პრიზები მკითხველებმა არგუნეს ეკა ქევანიშვილსა და თეა თოფურიას. სხვათა შორის, 15 ფინალისტიდან 5 პროფესიით ჟურნალისტია. დაჯილდოების დღესვე მკითხველებს წარუდგინეს დაბეჭდილი კრებული, რომელშიც ყველა ფინალისტის მოთხრობა შევიდა. კრებულს ”წერო” ჰქვია.

და ბოლოს, ერთი შტრიხი გამარჯვებული ავტორისათვის: არ არის გასაკვირი, რომ ინტერნეტის მომხმარებლებმა მას შეაწიეს ხმათა უმეტესობა. ვანო ჩხიკვაძის მოთხრობაში ”ახადელების რძალი” ის გარემო, რომელშიც მისი პროზის პერსონაჟთა უმეტესობა მოქმედებს, დამუხტულია შეკავებული და ჩაკირული ვნებებით, რომლებიც ზღვრულ სიტუაციაში პერვერსიულ ფორმებს იღებენ. ეს მოტივი ახლდა ვანო ჩხიკვაძის სხვა მოთხრობასაც, რომელმაც მას პენ-მარათონის ლაურეატობა მოუტანა სამი წლის წინათ. ვანო ჩხიკვაძის ენა მდიდარია, ქართლური სიმძიმე ახლავს და მოულოდნელად ადეკვატური აღმოჩნდა იმ პათოლოგიური გარემოს აღსაწერად, რომელსაც ადამიანები არა, მაგრამ პირუტყვები უკვე გაურბიან. ეგებ ეს მოთხრობა მცირე ტექტონიკურ ძვრას მოასწავებს ვანო ჩხიკვაძის პროზაში?! ინტერნეტ-მკითხველებმაც, შესაძლოა, აქ სწორედ ძველის მოყირჭება და სიახლის სურვილი იგრძნეს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG