Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობების პირებს საზოგადოებაში დამკვიდრებაში დაეხმარება


ოთხშაბათს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ.

დოკუმენტის მიზანია, "ღირსეული და ნაყოფიერი" ცხოვრების საშუალება მისცეს 650 მილიონამდე ადამიანს, რომლებიც ამჟამად - ფიზიკური თუ სხვა ნაკლის მიზეზით - ამ შესაძლებლობას მოკლებული არიან. კონვენციაზე მუშაობა ხუთ წელიწადს გაგრძელდა და ის პირველი საერთაშორისოდ აღიარებული დოკუმენტია, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობების პირთა საკითხი სოციალური უზრუნველყოფის სფეროდან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გადააქვს. მოუსმინეთ დავით კაკაბაძეს.

შეზღუდული შესაძლებლობების პირებს ან, - როგორც მათ უფრო ხშირად უწოდებენ - ინვალიდებს, უმეტეს შემთხვევაში, საზოგადოების პერიფერიაზე უწევთ ცხოვრება და ამიტომ მათი უფლებები ხშირად უგულებელყოფილია. მათ სირთულეები ექმნებათ ხარისხიანი განათლების მიღების საკითხში, პრობლემებს აწყდებიან რიგიანი სამსახურის შოვნისას - იმ შემთხვევაშიც კი, როცა კვალიფიკაციით არ ჩამოუვარდებიან ან სულაც ჯობნიან სხვა კონკურენტებს. სხვა სირთულეებს შორის, უწინარეს ყოვლისა, უნდა ვახსენოთ სამედიცინო მომსახურებასთან, ინფორმაციის მიღებასთან, სოციალურ გარიყულობასთან დაკავშირებული პრობლემები.

რადიო "თავისუფლების" ნიუიორკელი კორესპონდენტი ნიკოლა კრასტევი ესაუბრა ტინა მინკოვიცს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დამცველი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს.

ტინა მინკოვიცის ხმა "ჟესტების ენა და კომუნიკაციის სხვა ალტერნატიული საშუალებები აღიარებულ უნდა იქნეს ინფორმაციის მიღება-გავრცელების, განათლებისა და დასაქმების ყველა საფეხურზე. უნდა შევიმუშავოთ გეგმები და პროგრამები, რომელთა მიზანი იქნება შეზღუდული შესაძლებლობების პირთა სრული ჩართვა საზოგადოების საქმიანობაში. შეზღუდული შესაძლებლობების ქალები, გოგონები და ბიჭები ჩვენს საზოგადოებებში ორმაგად დისკრიმინირებული არიან, მათ ვერავინ ამჩნევს და ამიტომ აუცილებელია, კონვენციის განხორციელებისას, დაცული იყოს მათი უფლებები და თანაბარი შესაძლებლობების პრინციპი."

კონვენცია, რომელიც ტინა მინკოვიცმაც ახსენა, მთავრობებისგან მოითხოვს, დაიცვან შეზღუდული შესაძლებლობების პირები ექსპლუატაციისა და ჩაგვრისგან, უზრუნველყონ მათი იმ უფლებების დაცვა, რომლითაც ისინი დღეს სარგებლობენ - მაგალითად, ხმის უფლება უსინათლოთათვის.

ექსპერტთა აზრით, კონვენცია უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯია შეზღუდული შესაძლებლობების პირებისა და მათი პრობლემების აღქმის თვალსაზრისით: ანუ, ეს საკითხი ამიერიდან აღარ იქნება სოციალური უზრუნველყოფის სფეროს ნაწილი და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გადაინაცვლებს.

მაღალგანვითარებულ ქვეყნებში ინვალიდების საკითხი, ცხადია, ისე მწვავედ არ დგას, როგორც ღარიბსა და დემოკრატიის თვალსაზრისით ჩამორჩენილ სახელმწიფოებში. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, დედამიწის უღარიბესი მოსახლეობის ერთ მეხუთედს სწორედ შეზღუდული შესაძლებლობების პირები შეადგენენ და საკუთარ საზოგადოებებში ისინი, როგორც წესი, ყველაზე მეტად იჩაგრებიან.

მაგრამ შეინიშნება სასიკეთო ტენდენციებიც. მაგალითად, კონვენციის ტექსტის ერთ-ერთმა ავტორმა, გაეროში ახალი ზელანდიის ელჩმა დონ მაკკეიმ ქებით მოიხსენია რუსეთის ძალისხმევა, საზოგადოებაში ინვალიდების სრულად დამკვიდრების საქმეს სამართლებრივი საფუძველი შეუქმნას.

დონ მაკკეის ხმა "რუსეთის დელეგაცია ძალიან აქტიური იყო. მისი წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ მოლაპარაკებებში. მართალია, თავიდან, ცოტა არ იყოს, ფრთხილობდნენ, მაგრამ თანდათან - რაც დრო გადიოდა - სიფრთხილეზე სულ უფრო მეტად ამბობდნენ უარს."

კონვენციის უაღრესად დიდ მნიშვნელობაზე საუბრისას, დონ მაკკეი ყველას აფრთხილებს, რომ სწორი არ იქნებოდა, დოკუმენტს გადაჭარბებული ოპტიმიზმით მოვეკიდოთ. არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად დიდი დრო ძალისხმევაა საჭიროო, ამბობს ის და დასძენს:

დონ მაკკეის ხმა "ვიმეორებ, ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, რა ნაბიჯებს გადადგამენ ცალკეული სახელმწიფოები. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ევოლუციური პროცესი იქნება."

2007 წლის 30 მარტიდან გაეროს წევრ ნებისმიერ ქვეყანას საშუალება მიეცემა, შეუერთდეს კონვენციას შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებების შესახებ. დოკუმენტი ძალაში შევა მას შემდეგ, რაც მას რატიფიკაციას გაუკეთებს 20 ქვეყანა.
XS
SM
MD
LG