Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


მერაბ კოკოჩაშვილი გასულ კვირაში დღიურს,

ჩვენი რადიოს თხოვნით, კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი აწარმოებდა.

19 ნოემბერი, კვირა
წინანდალში ალექსანდრეობაა. 160 წელი გავიდა ალექსანდრე ჭავჭავაძის გარდაცვალებიდან. ძალიან ფრთხილად ვმართავ მანქანას. მთელი ოჯახი მივდივართ წინანდალში – მანანა, მაია, ელენე თავის მეგობარ ნუცა ჯორჯიკიასთან ერთად და მე. ხათუნა და კატო გვაკლია. ბრიუსელიდან ძნელია წინანდალში ჩამოსვლა, თანაც – სულ ერთი დღით. წინანდლის ბაღი, როგორც ყოველთვის, განცვიფრებს სილამაზით. ბაღი და მუზეუმი სავსეა ხალხით. ბიჭების გუნდი ხალხურ სიმღერებს ასრულებს. მუზეუმის თანამშრომლები ალექსანდრეს, მისი ოჯახის, წინანდლის შესახებ უყვებიან სტუმრებს. სოსო მეგუთნიშვილის ახალი წიგნის პრეზენტაციაა დღეს. მერე გლეხური ღვინის დეგუსტაცია მოაწყეს წინანდალში. რომანსებიც იმღერეს მშვენივრად. აი, რაც შეეხება სამუზეუმო კომპლექსის მომავალს, ჯერ ყველაფერი ბუნდოვანია. ეკონომიკის მინისტრის ვინაობა უცნობია. კონტრაქტი – ჯერ ხელმოუწერელი. ვიცნობ კონტრაქტს, ძალიან კარგი კონტრაქტია. ღმერთმა ქნას, მოაწერონ ხელი.

20 ნოემბერი, ორშაბათი
ჯერ არ გათენებულა და ტელეფონი უკვე რეკავს. ან ლერია სიხარულიძე, ან დიმა ბათიაშვილი. ეგრე იციან მაგათ. ან გარიჟრაჟზე უნდა დაგირეკონ ან შუაღამისას. აწ გაუქმებული საქართველოს ტელეფილმების სტუდიის რეჟისორებს ჩვენი ფილმების საავტორო უფლებების დაუცველობა გვაწუხებს. საზოგადოებრივი ტელევიზიის ხელმძღვანელობამ სტუდია გააუქმა. ამ სტუდიაში გადაღებულ ფილმებს – ან ფილმებიდან ფრაგმენტებს – იყენებს. იყენებს ისე, როგორც მოესურვება. თვით ფილმების ავტორებს და სტუდიას, რომელმაც გადაიღო ეს ფილმები, არც კი ახსენებს. თუ ასე გაგრძელდა, იძულებული ვიქნებით, სასამართლოს მივმართოთ.
საღამოს ელდართან და ნელისთან ვიყავით მე და მანანა. ნაცნობი და თბილი სამზარეულო, ჩაი და ძველებური ნელი ბაასი. ერთად ყოფნით მოგვრილი რაღაც ნეტარებისმაგვარი – ჩვენ ხომ მთელი სიცოცხლე ერთად ვართ – და სიცარიელე... ელენემ თან წაიღო რაღაც, რაც ყოველთვის იყო აქ და აღარასოდეს დაბრუნდება. ერთი კვირის წინ, ეგვიპტეში გადაღებებისას, უდაბნოში გავედი. ვიდექი მარტო. მერე მზეს ღრუბელი მოეფარა და უდაბნომ ფერი იცვალა: მოლურჯო, მოიისფრო, საოცრად ცივი გახდა. ისევ ელდარი გამახსენდა და კიდევ ერთი სტრიქონი, ერთი არაბი პოეტის ლექსიდან. ის არაბი პოეტი – ზუჰაირი –აფრიკაში, საჰარაში ცხოვრობდა. რატომღაც წარმოვიდგინე, რომ ზუჰაირივით მარტო ამ უდაბნოში, ამ სიცარიელეში, ელდარი იდგა. და ზუჰაირის ლექსის სტრიქონი ამოტივტივდა მეხსიერებაში "... და დამეძგერა ბედისწერა, ვით ბრმა აქლემი". მარტო დგახარ ამ სიცარიელეში, მოდის ერთადერთი ბრმა აქლემი და მაინცდამაინც შენ გეჯახება. ძნელია, ამაზე უფრო სახიერად წარმოიდგინო ბედისწერა.

21 ნოემბერი, სამშაბათი
მთელი დღე ლექციები მქონდა. დიდი მონდომებით სწავლობენ სტუდენტები, თუმცა კინოში მათი მომავალი მოღვაწეობა ეფემერულია. თავის დროზე მეც და მთელი ჩემი თაობაც ასე იყო: 1953 წლის ზაფხულში, მოსკოვში რომ ჩავედი გამოცდების ჩასაბარებლად, მიხეილ ჭიაურელმა მითხრა, მე მგონი, შენ გიჟი ხარო. მერე მკითხა: "იცი, რამდენ ფილმს იღებენ საბჭოთა კავშირში?", და თვითონ განმარტა: "ოცს". თვალები დამიბრიალა: ერთს მე ვიღებ, მეორეს – გერასიმოვი, მესამეს – რომი, მეოთხეს – დოვჟენკო, მეხუთეს – იუტკევიჩი და ასე, ოცი გამოჩენილი რეჟისორი ჩამოთვალა. შენ რა უნდა გადაიღოო? ავიღე ჩემი ნაჯღაბნი და წამოვედი. როგორც ჩანს, ძია მიშა ჭიაურელმა მაინც დახმარება აღმომიჩინა. რადგან რეპრესირებულის შვილი ვიყავი, მიუხედავად მაღალი ქულებისა, ჩემი გვარი არ იყო მიღებულთა სიაში. ალბათ, ძია მიშამ "იჩალიჩა" და მოვხვდი ინსტიტუტში. აი, დღეს, თითქმის უპერსპექტივოდ დარჩენილი ბავშვები მაინც სწავლობენ, თავს არ ზოგავენ. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ხელისუფლება ბოლოს და ბოლოს მიხვდება, რომ კულტურისა და ხელოვნების გარეშე ყველაფერი – მათ შორის, პოლიტიკაც, ეკონომიკაც და არმიაც – უკულტუროა. უკულტურო ქვეყანა კი შეუძლებელია, ცივილიზებული გახდეს.
7 საათზე მივირბინე სახლში, რაღაც გადავყლაპე, ფართხა-ფურთხით გამოვიცვალე ტანსაცმელი და მთელი ოჯახი მარჯანიშვილის თეატრში წავედით შექსპირის "ზაფხულის ღამის სიზმრის" სანახავად. ლევან წულაძის პირველი სპექტაკლია მარჯანიშვილში. დიდი სიამოვნება მივიღე. ძალიან მხიარული, მხნე სპექტაკლია. ყოველგვარი ძალდატანების, ახსნის გარეშე გეუფლება სიხარულის შეგრძნება და ამაზე მეტი, აბა, რა ევალება ხელოვნებას?

22 ნოემბერი, ოთხშაბათი
სემესტრის ბოლო ახლოვდება და სტუდენტებმა მომაყარეს და მომაყარეს დავალებები. მერე ტელევიზიიდან დამესხნენ თავს. მომავალ ფილმზე უნდათ, მოვუყვე რამე. წინასწარი რეკლამა, რეკლამა მანამ, სანამ არ იცი, რა გამოვა, ხელს მიშლის, უხერხულად ვგრძნობ თავს. რა ვიცი, რა გამოვა... ამ ჟურნალისტებს კი ყველაფერი სენსაციაზე აქვთ აგებული. საერთოდ, ქართველი მამლუქების ამბავი, მათი არსებობის ჭეშმარიტი მნიშვნელობა, სამწუხაროდ, ცოტამ თუ იცის. იციან, ძირითადად, უიარაღოს რომანიდან და დავით რონდელის ფილმიდან. სინამდვილეში მათი მოღვაწეობა დღევანდელი ეგვიპტის არსებობის წინაპირობაა და მაშინდელი მსოფლიო რუკის გადანაწილების პირობა. ის ქართველი მამლუქი ბეგები, ეგვიპტის იმდროინდელი ლიდერები, ევროპის დიდი ქვეყნების ბრძოლების შუაგულში იმყოფებოდნენ.
საღამოს პიკოს გამოფენაზე ვიყავი. შევედი პაწაწკინტელა გალერეაში და სილამაზის, მშვენიერების წიაღში აღმოვჩნდი. ნიჭიერება, უდიდესი კულტურა, უმაღლესი პროფესიონალიზმი, შინაგანი სისუფთავე და რაღაცნაირი ფაქიზი, ღრმა პატივისცემა ადამიანის, განსაკუთრებით – ქალის სილამაზის მიმართ. მართლაც შესანიშნავი ხელოვანია ზურაბ ნიჟარაძე, პიკო.

23 ნოემბერი, ხუთშაბათი
დღეს გიორგობაა, თანაც – ვარდების რევოლუციის სამი წლისთავი. ყველა ეკლესიაში ან თავისუფლების მოედანზე მიიჩქარის. მე კი, როგორც კი თავისუფალი დღე მოვიხელთე, გადაღებაზე გავრბივარ. მარტყოფში მაქვს გადაღება დანიშნული. გამოჩენილი მამლუქი იბრაჰიმ ბეგი სწორედ აქედან გაიტაცეს.
პატარა ბიჭებმა მოირბინეს. ვკითხე, რა გქვიათ-მეთქი. ერთმა მიპასუხა – "შინჯიკაშვილი". იბრაჰიმ ბეგიც შინჯიკაშვილი იყო. ჭიდაობა თუ იცით-მეთქი, ვკითხე. მოჭიდავეები ვართო. აბა, მაშინ იჭიდავეთ-მეთქი. მე მგონი, კარგი კადრი გამოვიდა...
გვიან ღამით თავისუფლების მოედანზე გავედი. ზეიმი უკვე დამთავრებული იყო. ისე, წინა დღეებშიც ვიყავი იქ და მონუმენტი დღისითაც ვნახე. პრეზიდენტმა განაცხადა, თავისუფლების მოედანზე აღმართული წმინდა გიორგის ქანდაკება საქართველოს თავისუფლების სიმბოლოდ უნდა იქცესო. კარგი განცხადებაა. მერმა ბრძანა, რომ ეს მონუმენტი თბილისის სიმბოლოდ ესახება.
სიმბოლოს არც მერი ქმნის და არც პრეზიდენტი. სიმბოლოს ხალხი ქმნის. და დრო.
როდესაც ქვეყანას უჭირს და საზოგადოების ეროვნული სულისკვეთება შესუსტებულია, მაშინ, როცა მოქალაქეებს სიდუხჭირის გამო ეკარგებათ ხელისუფლების ნდობა, ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას აქცევს. ეს მონუმენტიც თავისუფლების მოედანზე ამის გამოხატულებაა და, უნდა ითქვას, კარგი ჩანაფიქრია თვით იდეაში. გაცილებით ნაკლებია, ჩემი აზრით, გამოხატულებაში. მე, პირადად, ამ ჩვენს შედარებით მცირე, ინტიმურ თავისუფლების მოედანზე ასეთი პომპეზური, დიდი მოცულობის მქონე და ოქროსფრად მბზინავი მონუმენტი შეუფერებლად მიმაჩნია. ზურაბ წერეთელმა, სხვათა შორის, მართლაც კარგი კომპლექსი შექმნა მოსკოვში, პოკლონნაია გორაზე. აი, იქ სივრცე შესანიშნავად არის გამოყენებული. ისევე, როგორც მეორე კომპლექსში – მდინარე მოსკოვის სანაპიროზე. პეტრე პირველის მონუმენტს ვგულისხმობ. ჩვენთან კი... ცოტა გული მეთანაღრება.

24 ნოემბერი, პარასკევი
მთელი დღე სტუდენტების ნამუშევრებს ვკითხულობ. რამდენიმე კარგი ნამუშევარია.
ხათუნამ დარეკა ბრიუსელიდან. კატო სკოლიდან დაბრუნებულა და უთქვამს, რომ მის პარალელურ კლასში ქართველი ბიჭი სწავლობს. კატო მისულა მასთან და უკითხავს, რა გქვიაო. ბიჭმა უპასუხა – "ხახო". ხათუნას ძალიან გაუკვირდა – ასეთი სახელი არ არსებობსო. ასე მითხრა და რა ვქნაო. დღეს ხათუნა წავიდა სკოლაში, მოიკითხა ის ბიჭი და დედამისიც გაიცნო. ახლა ჩვენი ხახოს ამბავი: ხახოც მისულა თუ არა სახლში, დედისთვის უთქვამს, ერთი ქართველი გოგო გავიცანი, დედა ქართველი ჰყავსო. გვარი არ მახსოვს, სახელად ალექსა ჰქვიაო. ახლა ხახოს დედამ გაიკვირვა – ალექსა ვერ ერქმევაო. ხო-ხო, ალბათ შემეშალაო.
არც ხახო იყო ხახო, – ვახო იყო – და არც ალექსას ერქვა ალექსა. "ალექსა" კატო იყო, ანუ კატარინა. აი, ასე გაიცნეს კატომ და ვახომ ერთმანეთი ბელგიაში.
ვერ დავიძინე. ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია" ვიკითხე. შესანიშნავია! ამ რამდენიმე დღის წინ დავრეკე ჭაბუასთან და 85 წელი მივულოცე. ეს დღე დამთავრდა.

25 ნოემბერი, შაბათი
ბანკში შევირბინე, აღებული სესხის ამ თვის გადასახადი გადარიცხულია. ბანკი ძალიან დამეხმარა – შეღავათიანი სესხი გამიფორმა. ხათუნამ კი ცეცხლი შეგვინთო ბელგიიდან: ნუ გეშინიათ, მეც დაგეხმარებითო და გავრისკეთ. ახატანის მამული ჩვენია. უკვე შეყვარებული ვართ ამ მამულზე. განსაკუთრებით – ბავშვები.
ევროპელი მოგზაურები მამლუქებს დაუნდობელ, უგულო, უსამშობლო ადამიანებად თვლიან. ვითომ, მართალია ეს? ახლა მე ვუყურებ ეგვიპტეში და აქ, საქართველოში, გადაღებულ მასალას და, პირიქით, ვრწმუნდები, რომ ქართველ მამლუქებს არასდროს დავიწყებიათ არც სამშობლო, არც მშობლიური ენა, არც მშობლები და არც ქართველისთვის მუდმივი და მოუშლელი თვისება – თავისუფალი არსებობის წყურვილი.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG