Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურული მიმოხილვა


“მაუწყებელთა ქცევის კოდექსი”,

რომლის შესახებ მთელი კვირის მანძილზე მსჯელობდა ქართული მედია, არამარტო პრესას ეხება.”მაუწყებელთა ქცევის კოდექსი”, გარკვეულწილად, კულტურულ ცხოვრებაზეც იმოქმედებს... ახალი კოდექსი ნაკლებად მკაცრია არასრულწლოვან მაყურებელზე ეგრეთ წოდებული ”მავნე ზემოქმედების” ფილმების მიმართ - კანონმდებლობით დადგენილი ზრდასრული მაყურებლისთვის განკუთვნილი კინოფილმების ჩვენების დრო ახლა ერთი საათით შეიძლება გაიზარდოს - ე.ი. ტელევიზიებს უფლება ექნებათ დაიწყონ იმ ფილმის ჩვენება, რომელსაც ასაკობრივი შეზღუდვის ნიშანი, ”18”, ადევს, არა ღამის 12 საათიდან, არამედ ერთი საათით ადრე. კოდექსის პროექტით ზოგიერთი სხვა შეზღუდვის მოხსნაცაა განსაზღვრული; მაგალითად, მხოლოდ იმის გამო, რომ ფილმში ადამიანის შიშველი სხეული ჩანს, ასაკობრივი ცენზი აღარ დაწესდება, შესაძლებელი გახდება ეთერში უსაფრთხო სექსისა და კონტრაცეპტივების პროპაგანდა... მოკლედ, კოდექსი ტელეკომპანიებს დღისა და საღამოს ეთერის შევსებას გაუადვილებს; საქმე ისაა, რომ მსოფლიო კინოში დღეს ძალზე ცოტაა ფილმი, რომელშიც თუნდაც ერთ კადრში არ გამოჩნდეს შიშველი სხეული ან ძალადობის აქტი. აქამდე ქართულ ტელეკომპანიებს ასეთი სურათების ჩვენების უფლება არ ჰქონდათ. ამ კვირის პრესაშიც გამოჩნდა, რომ ტელევიზიებს საკმაოდ მკაცრად აკონტროლებდნენ მშობელთა ცალკეული გაერთიანებები. გაზეთ ”საქართველოს რესპუბლიკაში” გამოქვეყნებულ წერილში დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო ინფორმაციის განყოფილების გამგე გიორგი ყიფიანი გვარწმუნებს: ”სულ მალე ტელევიზიით საბოლოოდ დაკანონდება უწმაწური სიტყვები და უხამსობა, სექსუალური ურთიერთობებისა და ნარკოტიკების მოხმარების დეტალების ჩვენება, რაც მსოფლიოს თითქმის არც ერთი ქვეყნის კოდექსით არ არის ნებადართული”... ”მსოფლიოს გამოცდილება”, საერთოდ, ბევრჯერაა ნახსენები ამ წერილში. ავტორი, მაგალითად, გვარწმუნებს, რომ ”უსაფრთხო სექსის პროპაგანდა აკრძალულია სხვა ქვეყნებში”... თუმცა არ აკონკრეტებს რომელ ქვეყანაში - ჩრდილოეთ კორეაში თუ, დავუშვათ, საფრანგეთში, სადაც უსაფრთხო სექსის პროპაგანდა ტელევიზიით ლამის მთელი დღე გრძელდება.

თუმცა ჩვენი მიზანი რადიკალებთან დისკუსია არ არის (გაგახსენებთ, რომ, მშობელთა ასეთი ”კავშირების” გარდა, ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც ტელევიზიებზე, საერთოდ, ყველანაირი შეზღუდვის გაუქმებას მოითხოვენ, რადგან, მათი თქმით, “ცენზურას კრძალავს საქართველოს კონსტიტუცია”). მაგრამ ქვეყანაში არიან პროფესიონალები, რომლებიც არასრულწლოვანების ფსიქიკაზე ტელევიზიის გავლენაზე მსჯელობისას რადიკალურ განცხადებებს უარყოფენ. ერთ-ერთი მათგანი ფსიქოლოგი მანანა კანდელაკია:

[მანანა კანდელაკის ხმა] ”ავიღოთ უთო. უთოთი შეიძლება გააუთოვო, შეიძლება დაწვა ადამიანი და ჩაარტყა თავში... ეს უთოს ბრალი არაა... ვინ როგორ იყენებს ამ უთოს...გოეთემ როცა დაწერა ”ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი”, უცებ იფეთქა თვითმკვლელობების რიცხვმა, ნუ, რა, გოეთე ავკრძალოთ? რაც გაჩნდა ტელევიზია, როგორც მასკულტურის ”დიდი ტალღა”, მას მერე დაიწყო ამ ორი ხედვის პაექრობა...”(სტილი დაცულია)

ორი ხედვა და ორივე - რადიკალური... ერთნი ამტკიცებენ, რომ ტელევიზია დღეს პირდაპირ ზემოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე, თანაც იმდენად აგრესიულად, რომ მშობელი უძლური ხდება წინააღმდეგობა გაუწიოს ამ პროცესს, მეორენი კი, ასევე შესაბამისი ექსპერიმენტებით, საუბრობენ ეგრეთ წოდებულ ”კათარზისის თეორიაზე”, რომლის არსს მანანა კანდელაკი განმარტავს:

[მანანა კანდელაკის ხმა] ”კათარზისში არისტოტელეს კათარზისი არ იგულისხმება... აქ იმაზეა ლაპარაკი, რომ ძალადობის ყურების დროს ხდება აგრესიული იმპულსების გადასვლა იმ ვირტუალურ სამყაროში... და არა რეალობაში. ანუ ეს აგრესიული იმპულსები და ენერგია არის ბავშვებში... ბავშვის კორექციას, რა თქმა უნდა, სჭირდება კორექცია, იმ პროგრამების ჩვენებას სჭირდება კორექცია. ამის შესახებ გამოკვლევები აქვთ ფსიქიატრებს, პედაგოგებს, პედიატრებს. საერთოდ, 5 წლამდე ბავშვმა მშობლებთან ერთად უნდა უყუროს ტელევიზორს, ან, საერთოდ, არ უყუროს.”(სტილი დაცულია)

მანანა კანდელაკის თქმით, დღეს ვეღარავინ უარყოფს, რომ ტელევიზია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის აღზრდაში. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ესაა მაინც ვირტუალური სამყარო, რომელსაც შეუძლია ბავშვი გამიჯნოს რეალობას. მშობლებმა უნდა გაიაზრონ, რომ ტელევიზორთან, ასე ვთქვათ, ”მიგდებული” ბავშვი დაკარგავს რეალურობის განცდას, თუკი ვირტუალურ სამყაროსთან ხანგრძლივი კონტაქტი მისი ცხოვრების წესი გახდება. ამ დროს უნდა ვიფიქროთ, პირველ რიგში, ბავშვის ნერვიულ სისტემაზე და არა იმაზე, რომ მას შეიძლება აგრესიული გმირის მიბაძვის სურვილი გაუჩნდეს:

[მანანა კანდელაკის ხმა] ”იზრდება არა თავად აგრესია, არამედ აღგზნება. მოზარდი როცა უყურებს ფილმებს, რომელშიც არის ძალადობა და მკვლელობა, მას უძლიერდება ემოციური აღგზნება და აღგზნებული ბავშვი უფრო არის მიმართული ასოციალური ქცევისადმი.”(სტილი დაცულია)

ბავშვებთან მომუშავე ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ მცირეწლოვანი ბავშვი არც არასდროს მოინდომებს ტელევიზორთან მთელი დღე ჯდომას, თუკი ამას მშობლები არ მიაჩვევენ. 5 წლამდე ასაკის ბავშვს, უბრალოდ, არ შეუძლია ერთსა და იმავე პოზაში დიდხანს ყოფნა და ერთი და იმავე მოქმედების ხანგრძლივი კეთება. მიუხედავად ამისა, გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩატარებული გამოკვლევით, მსოფლიოში ბავშვები დაახლოებით 7 საათს ატარებენ ტელევიზორთან, ე.ი. ტელევიზორის ყურება მათ ჩვევად ექცათ, ჩვევად, რომელიც სწორედ მშობლებმა გამოუმუშავეს. ამის შემდეგ, ცოტა არ იყოს, ფარისევლობას ჰგავს მშობლების მოთხოვნა ტელევიზიებს მკაცრი კონტროლი დაუწესონ. მანანა კანდელაკის თქმით, აკრძალვა არასდროს არ არის ნაყოფიერი, თუკი სანაცვლოდ ბავშვს რაიმე სხვას, მისთვის ასევე საინტერესოს, არ შესთავაზებ... და თუ ვერ სთავაზობ, იმისთვის მაინც უნდა გამონახო დრო, რომ ბავშვს ტელევიზორთან დაუჯდე და გადაიქცე მეგზურად ვირტუალურ სამყაროში, რომელსაც, შესაძლებელია, ძალადობაც ახლდეს და სისხლიც. ამ შემთხვევაში ტელევიზია - სულ ერთია, რასაც უნდა აჩვენებდნენ ეკრანზე - ბავშვის აღზრდის საშუალებად იქევა. ”ბოლოს და ბოლოს, ძალადობა ყოველთვის იყო და იქნება... მთავარია, როგორია ჩვენი დამოკიდებულება ძალადობისადმი,” - აღნიშნავს ფსიქოლოგი მანანა კანდელაკი:


[მანანა კანდელაკის ხმა] ”15 წლის ბავშვი, რომელიც მთელი დღე ზის ტელევიზორთან - უნდა გაირკვას, რატომ ზის... რატომ არის ტელევიზორი მისი ოჯახის წევრი, რატომ ჩაანაცვლა ტელევიზორმა მისი მეგობრები, მშობლები, ინტერესები, რომელიც მას უნდა ჰქონდეს თავის ასაკში, ამხანაგები, სპორტი და სხვა.”(სტილი დაცულია)

ტელევიზია, ბუნებრივია, ამაზე ვერ იზრუნებს. ტელევიზიას აინტერესებს, რაც შეიძლება უფრო მეტი რეკლამა იყოს ეთერში. ბავშვი კი არ არის იმ საქონლის მყიდველი, რომელსაც ტელევიზია უკეთებს რეკლამას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბავშვი არ არის ”პოტენციური ტელემაყურებელი”. ამიტომ ასაკობრივი შეზღუდვის დაწესება მძიმე დარტყმა იყო ქართული ტელევიზიებისთვის, სარეკლამო ბაზრისთვის. ახლა შეიძლება სიტუაცია ოდნავ შეიცვალოს. თუმცა არსებობს საშიშროება, რომ ლიბერალური კოდექსით განებივრებულმა ტელევიზიებმა საერთოდ დაივიწყონ ბავშვები და მოზარდები.












  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG