Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა 15 წლის წინ, თბილისის ცენტრში დაწყებული სამოქალაქო დაპირისპირებისთვის


ზუსტად 15 წლის წინ, 1991 წლის 22 დეკემბერს, თბილისის ცენტრში დაიწყო შეიარაღებული დაპირისპირება, რომელმაც 16 დღეს გასტანა

და საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების დამხობით დასრულდა. თბილისის ომის შედეგად დაღუპულთა სიაში (არასრულ სიაში), რომელიც გაზეთმა "დვრიტამ" 1992 წლის 14 იანვარს, ძველ ახალ წელს, გამოაქვეყნა, 107 დაღუპულის სახელი და გვარია ჩამოთვლილი. თუმცა მსხვერპლი გაცილებით დიდი აღმოჩნდა. 1992 წლის იანვარში რუსთაველის პროსპექტზე შეიარაღებული დაპირისპირების დასრულების მიუხედავად, სამოქალაქო დაპირისპირებამ, საქართველოს მასშტაბით, კარგა ხანს გასტანა. მინდა შეგახსენოთ სამხედრო დაპირისპირება, რომელსაც დაპირისპირებული მხარეები სხვადასხვაგვარად ნათლავდნენ: ერთნი ”სახელმწიფო გადატრიალებას” უწოდებდნენ, მეორენი კი - "დემოკრატიულ რევოლუციას".

{დავით ბერძენიშვილის ხმა] "გრუხუნმა გამაღვიძა - ასე დაიწყო ჩემთვის ომი. მე მახსენდება: ვიწრო ქუჩაში მოხუცი ქალი მიდიოდა პურის საყიდლად და მე ხელი მივაშველე. ამ დროს კვლავ გრუხუნი გაისმა და მე ამ ქალბატონის უკან გამოყვანა მომიწია. ეს არ იყო უხიფათო ტერიტორია ჩემთვის, როგორც ოპოზიციონერისთვის."

მაშინაც ოპოზიციონერი, ”რესპუბლიკელი” დავით ბერძენიშვილი, 1991 წლის 22 დეკემბერს გრუხუნის ხმამ ჩიტაძის ქუჩაზე, სასტუმროში, გააღვიძა. იქვე დაბანაკებული იყო გვარდია, რომელიც მაშინდელ პრეზიდენტს ემორჩილებოდა.
თბილისში ომის დაწყების დღიდან მის დასრულებამდე დღევანდელი პარლამენტის და მაშინდელი უზენაესი საბჭოს შენობაში პრეზიდენტ გამსახურდიას გვერდით იმყოფებოდა დღევანდელი ხელისუფლების ოპოზიციაში მყოფი დეპუტატი ზვიად ძიძიგური. მას დღესაც იმ შენობაში უწევს მუშაობა, სადაც 1991 წლის 22 დეკემბრიდან 92-ის 6 იანვრამდე უმძიმესი დღეები გაატარა და ამბობს, რომ მაშინდელი ემოციები ლამის ყოველდღე ახსენებს თავს:

[ზვიად ძიძიგურის ხმა] "ჩემს თვალწინ ხდებოდა ყველაფერი: შემოჭრა რუსული ტანკების, რომლებმაც დაცხრილა ეს შენობა, დენთით სავსე კასრის ჩამოგდება პარლამენტის სხდომათა დარბაზში, დაბომბვა იქაურობის, ყველაფერი.... როცა დაჭრილები შემოყავდათ სასადილოში, როცა გვამებით იყო მოფენილი იქაურობა..." (სტილი დაცულია)

სროლა დაპირისპირებულ მხარეებს შორის 1991 წლის 22 დეკემბერს, დაახლოებით, დილის 8-ის ნახევარზე დაიწყო. "‘სასწრაფო! სასწრაფო!’ - ისმოდა ძახილი. სამხატვრო გალერეასთან თეთრხალათიანი სანიტრები გამოჩნდნენ, მაგრამ მათაც ტყვია დაუშინეს. სროლა, როგორც იქნა, შეჩერდა. ეტყობა, ხელისუფლების დამცველებსაც ებრძანათ ცეცხლის შეწყვეტა, რათა იქაურობისთვის გვამები და დაჭრილები გაერიდებინათ. გალერეის უკან გავედი, თენგიზ სიგუაც იქ აფარებდა თავს. მისთვის აშკარა გამხდარიყო, რომ ხელისუფლებამ არჩევანი გააკეთა და ოპოზიციასთან მოლაპარაკებას სისხლიანი კონფრონტაცია არჩია. ზღვაზე უკვე კაცი ეფრინათ გვარდიის დასაძახებლად,” - ვკითხულობთ თბილისის ომის დაწყების თვითმხილველის სტატიაში, რომელიც 92 წლის 11 იანვარს გამოქვეყნდა გაზეთში ”დრონი”.

"როცა ზარბაზნები ქუხს, პოლიტიკოსები ვითარებას ვეღარ მართავენ, ამ დროს პოლიტიკური პროცესი შეჩერებულია, ” - ამბობს დავით ბერძენიშვილი და პოლიტიკური პროცესის შეჩერებას 91-ში ასე იხსენებს :”პოლიტიკური ძალების გავლენა ჯერ კიდევ მაღალი იყო სექტემბერ-ოქტომბერში. სწორედ ოპოზიციური პოლიტიკური ძალების ძალისხმევით მოხერხდა ტელევიზიის შენობიდან კიტოვანის გვარდიის გაყვანა. როცა დეკემბერში აგორდა ახალი ტალღა, ამ პროცესში პოლიტიკური ძალები პრაქტიკულად აღარ მონაწილეობდნენ. ომის დაწყებინ წინ ოპოზიციის მხარეს გადაწყვეტილებებს იღებდნენ სიგუა, კიტოვანი და ოპოზიციურად განწყობილი ინტელიგენციის წარმომადგენლები."

მანამდე, სანამ პოლიტიკური პროცესი იყო, მაშინდელი პოლიტიკური ოპოზიცია ხელისუფლებას ეწინააღმდეგებოდა ბევრი რამის და მათ შორის: პრეფექტის ინსტიტუტის შემოღების გამო, კონსტიტუციის დარღვევით ასლან აბაშიძის აჭარის მეთაურად დანიშვნის გამო, დემოკრატიის სივრცის შეზღუდვის გამო. როცა რუსთაველის პროსპექტზე მხარეთა შორის ბარიკადები აღიმართა, ხელისუფლების შიგნით გარკვეულმა ძალება დაუჭირეს მხარი ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას, თუმცა ამით არაფერი შეცვლილა. ზვიად ძიძიგური ფიქრობს, რომ, ალბათ, შეიძლებოდა ვითარების სხვაგვარად განვითარება, მაგრამ:

[ზვიად ძიძიგურის ხმა] "ბევრი ადამიანი ამღვრევდა წყალს. ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული ცუდად, როგორც ოპოზიციის მხრიდან, ისე ხელისუფლების მხრიდან და, მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ ყველაფრის პროვოცირებას აკეთებდა რუსეთი."

"რაც მოხდა, იმაზე პასუხისმგებელი, პირველ რიგში, მაშინდელი ხელისუფლებაა. თუმცა, რაც არ უნდა ცუდი იყოს ხელისუფლება, როცა საქმე შეიარაღებულ ამბოხებამდე მიდის, თავისი წილი პასუხისმგებლობა ამბოხებულებსაც ეკისრებათ," - ამბობს დავით ბერძენიშვილი. "რაც მოხდა, ეს იყო კლასიკური პუტჩი," - დასძენს მის ნათქვამს ზვიად ძიძიგური. მოვიყვანთ კიდევ ერთ ციტატას 1992 წლის პრესიდან, კერძოდ, გაზეთ "7 დღისთვის" დავით ბერძენიშვილის მიერ მიცემული ინტერვიუდან: "დეკემბერ-იანვარში საქართველოში მოხდა არა საერთო-სახალხო აჯანყება, არამედ შეიარაღებული გადატრიალება."

1991 წლის 22 დეკემბრიდან თბილისის ცენტრში განვითარებულ პროცესებს ხელისუფლების დონეზე შეფასება მიეცა ერთი წლის წინ, როცა პარლამენტმა მომხდარს სახელმწიფო გადატრიალების კვალიფიკაცია მისცა და დაგმო.
XS
SM
MD
LG