Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ენერგოპოლიტიკა - წარმატება თუ მარცხი?


დღევანდელ პრესაში მთავარი თემა ქვეყნის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის საკითხი გახლავთ. რამდენიმე პუბლიკაციას გაგაცნობთ.


“წარმატება თუ მარცხი?” – “24 საათი” საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებული ენერგოპოლიტიკის შედეგებს აფასებს და წერს: “რუსულ გაზზე უარის თქმა ძლიერი პოლიტიკური ჟესტი იქნებოდა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ასეთი განცხადებების გაკეთება ნაადრევი იყო. რუსული გაზის ირანულით ჩანაცვლების გეგმები საქართველოს დელეგაციის ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ გაქრა – შეერთებული შტატებისთვის თბილისის თეირანთან თანამშრომლობა მიუღებელი აღმოჩნდა. შემდგომი დაპირებები იმის თაობაზე, რომ საქართველო გაზზე საკუთარ მოთხოვნილებას მთლიანად აზერბაიჯანიდან მიღებული აირით დაიკმაყოფილებდა, იმთავითვე არამართებული იყო,” - წერს “24 საათის” მიმომხილველი.

“რეზონანსი” კი პრემიერ-მინისტრ ნოღაიდელის ტყუილებსა და მოლაპარაკებებში მონაწილე ჩინოვნიკების არაპროფესიონალიზმზე წერს: “თურქები ისეთი გულუბრყვილოები არ აღმოჩნდნენ, რომ საქართველოსთვის გაზი დეტალურად გაწერილი სქემის გარეშე დაეთმოთ. ამჯერად თურქეთმა საქართველოს მთავრობას გარკვეული პერიოდი მისცა იმის გასარკვევად, თუ რა გვსურს. სწორედ ამაზე მიუთითებს პრემიერისა და მინისტრის განცხადებები, რომ რუსული გაზი კიდევ რამდენიმე კვირით იმ დრომდე სჭირდებათ, ვიდრე “შაჰ-დენიზის” საბადოზე გაზის მოპოვება არ აღდგება. სპეციალისტების თქმით, სინამდვილეში, მთავრობამ ეს პერიოდი თურქეთთან პარტნიორობის სქემის შესამუშავებლად უნდა გამოიყენოს,” - წერს “რეზონანსი” და განაგრძობს: “პრეზიდენტის მიერ მთავრობისთვის მიცემული დავალების შესაბამისად, ფინანსთა და ენერგეტიკის სამინისტროები, ასევე გაზის საერთაშორისო კორპორაცია ერთობლივად მუშაობენ იმისათვის, რომ როგორც მოსახლეობამ, ისე კომპანიებმა ფინანსურად ნაკლები დატვირთვა მიიღონ. რას ნიშნავს ფინანსურად ნაკლები დატვირთვა, საზოგადოებისთვის გაურკვეველია, ვინაიდან ბიუჯეტში არსებული თანხა ისედაც ხალხს ეკუთვნის.” - “რეზონანსის” მეორე პუბლიკაციის ავტორს მიაჩნია, რომ “პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი ამ ზამთარს გადაჰყვებიან.” ამასთან, სვამს კითხვებს: “რატომ არის ჭკვიანური ის, რომ 230 დოლარად შემოთავაზებული გაზი, რომელზეც ვაჭრობა შეიძლებოდა, ახლა 235 დოლარად უნდა ვიყიდოთ? არის თუ არა ეს კაპიტულაცია? არის თუ არა 235 დოლარიანი გაზის მიღება გარანტირებული, რომ ზამთარში ბავშვები სიცივით არ გაგვეყინონ და ამ ფონზე რატომ სთავაზობს შეღავათიანი ფასით მიღებულ გაზს საქართველოს ხელისუფლება კერძო კომპანიებს, რომლებიც მოგებაზე მუშაობენ?” - ასეთი გახლავთ შეკითხვების წყება, რომლებსაც “რეზონანსი” სვამს.

ამავე თემას აშუქებს “ახალი ვერსია” და აქვეყნებს ინტერვიუებს საქართველოს პარლამენტის წევრ კახა კუკავასა და რუს ოპოზიციონერ ვალერია ნოვოდვორსკაიასთან. კუკავა ამბობს: “რუსეთი გაზს იმიტომ გვაძლევს, რომ საჭირო მომენტში ისევ გადაგვიკეტოს. საქართველოსთვის გაზის მიწოდების სხვა ინტერესი არ არსებობს. ფინანსური თვალსაზრისით, გაყიდვების ის რაოდენობა, რაც საქართველოში შემოდის, “გაზპრომის” საერთო გაყიდვებთან შედარებით, უმნიშვნელოა”. ვალერია ნოვოდვორსკაია კი “ახალ ვერსიასთან” იტერვიუში საქართველოს პრეზიდენტს პრინციპულობას უწუნებს: “თქვენს ხელისუფლებას უნდა აეხსნა ხალხისთვის, რომ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი დაიწყო. უფრო სწორად, ქვეყანა ომის მდგომარეობაში იმყოფება. თქვენს ხელისუფლებას გაზის მოპოვების სხვა გზები უნდა მოეძებნა, მაგრამ რაც არ უნდა მომხდარიყო, ეთნოწმენდის მოთმენა არ შეიძლება. მე ამას არ მოვითმენდი. როცა ასეთ შეურაცხყოფას ითმენ, მალე ანგარიშს აღარ გაგიწევენ და სახეში შეგაფურთხებენ,” - მიაჩნია ვალერია ნოვოდვორსკაიას, რომელთან ინტერვიუსაც “ახალი ვერსია” აქვეყნებს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG