Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რით იყო გამორჩეული 2007 წლის პირველი კვირა


2007 წლის პირველი კვირა, პოლიტიკური თვალსაზრისით, მეტად მშვიდი გამოდგა.


საახალწლო ღონისძიებებით გართული ხელისუფლების მსგავსად, თავი დიდად არც ოპოზიციას გამოუდვია. ერთადერთი, ტრადიციას არ უღალატა ლეიბორისტულმა პარტიამ, რომლის წევრებმაც დედაქალაქში სასმელი წყლის საფასურის გაორმაგება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გაასაჩივრეს. მოგითხრობთ უფრო დაწვრილებით გასული კვირის ამ და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე.

სასმელი წყლის ყოველთვიური გადასახადი, რომელიც სულზე ლარსა და ოც თეთრს შეადგენდა, თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ახალი წლიდან ორჯერ გაიზარდა. 2007 წლის პირველი იანვრიდან კომპანია „თბილისის წყლის“ მომსახურება თვეში ორი ლარი და ორმოცი თეთრი ღირს. კომპანიის გენერალური დირექტორი გეგი ქელბაქიანი ამბობს, რომ წყლის საფასურის გაზრდას ობიექტური საფუძველი აქვს:

[გეგი ქელბაქიანის ხმა] „წყლის ტარიფი, ისევე როგორც ყველა სხვა პროდუქციის, უნდა ასახავდეს ამა თუ იმ მომსახურების რეალურ ღირებულებას. აქედან გამომდინარე, 2 ლარი და 40 თეთრი, რაც დაამტკიცა საკრებულომ, არ ასახავს წყლის რეალურ ღირებულებას, ანუ მომსახურება უფრო მეტი ჯდება, ვიდრე მოსახლეობა იხდის, თუმცა თბილისის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ამ ეტაპზე მეტად გაძვირება არ იქნებოდა სწორი.“(სტილი დაცულია)

თუმცა თბილისელები ამტკიცებენ, რომ სასმელი წყლის მოქმედი ტარიფიც კი მძიმე ტვირთად დააწვება მათ ოჯახებს. მოქალაქეების რისხვა, ბუნებრივია, ხელისუფლებისკენაა მიმართული:

[მოქალაქის ხმა] „კარგად მოგვილოცეთ, არა? ეს ხომ სოციალურ აფეთქებას გამოიწვევს. უნდა დაგვახრჩოთ მაინცდამაინც? სად გაგონილა წყალზე ასეთი ტარიფი? რა ხდება, გაგვაგებინეთ მაინც, ჰაერსაც დაადებთ ფასს?“

წყლის საფასურის გაძვირებამ ასევე აღაშფოთა ლეიბორისტული პარტიის ლიდერები, რომლებმაც საკრებულოს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გაასაჩივრეს. ლეიბორისტების მსგავსად, გასულ კვირაში ხელისუფლებას აკრიტიკებდა ახალი ოპოზიციური პარტიის, "ეროვნული ფორუმის“, ერთ-ერთი ლიდერი, გუბაზ სანიკიძეც. მისი მტკიცებით, სატყეო მეურნეობის ყოფილ უფროსს ბიძინა გიორგობიანსა და კონტროლის პალატის ყოფილ თანამშრომელს ნუგზარ ნაჭყებიას ხელისუფლებისგან საფრთხე ემუქრება:

[გუბაზ სანიკიძის ხმა] „ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ქართულ საზოგადოებას აქვს, ელემენტარულად, სოლიდარობისა და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის უნარი. ამიტომ მოგიწოდებთ სუყველას დავიცვათ ეს ღირსეული ადამიანები, რომელთა დანაშაული მხოლოდ და მხოლოდ იმაშია, რომ მათ არ შეასრულეს ხელისუფლების მიერ შეკვეთილი უკანონობა.“

მაინც რა უკანონობაზეა ლაპარაკი? თავად ნუგზარ ნაჭყებია ამბობს, რომ უშიშროების სამინისტროს ხელმძღვანელობა კონტროლის პალატის თანამშრომლებს მაღალი თანამდებობის პირთა წინააღმდეგ აქტების შედგენას ავალებდა. ნაჭყებიას მტკიცებით, სწორედ ზეწოლის შედეგად დაწერილი აქტის საფუძველზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ბიძინა გიორგობიანზე, თუმცა, როგორც ირკვევა, პასუხისგებაში მიცემის საფრთხე ამჯერად თავად კონტროლის პალატის ყოფილ თანამშრომელს ემუქრება. საქმე ის არის, რომ პროკურატურამ ორი წლის წინანდელი საქმის გამოძიება განაახლა. პროკურატურაში ეჭვობენ, რომ ნაჭყებიამ მოქალაქე დაჭრა. რას ფიქრობს ყოველივე ამის შესახებ თავად ეჭვმიტანილი?

[ნუგზარ ნაჭყებიას ხმა] „რამდენიმე საათით დამაკავეს 2005 წლის 4 თებერვალს, როცა ბიძინა გიორგობიანის წინააღმდეგ იწერებოდა აქტი. ვფიქრობ, რომ შეგნებულად დამაკავეს, რადგანაც ვეწინააღმდეგებოდი ამ არასწორი აქტის დაწერას. იმ დღესვე გამომიშვეს, იმიტომ რომ მოწმეებმა არ დაადასტურეს ჩემი იქ არყოფნა. ჩემს ცოლისძმაზეც აკეთებენ ზეწოლას: თქვიო, რომ იქ იყო შენი სიძეო, თორემ 3-დან 6 წლამდე მოგცემთ ციხესო.“

ასევე ციხითა და პასუხისგებაში მიცემით ემუქრებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იმ შეიარაღებული ჯგუფის წევრებს, რომლებიც 5 იანვარს, გამთენიისას, თავს დაესხნენ გალისა და ზუგდიდის რაიონების ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე ქართველ პოლიციელთა საგუშაგოს. თავდასხმის დროს ატეხილმა სროლამ საგუშაგოს მახლობლად სახლებიც დააზიანა.

[ერთ-ერთი მოსახლის ხმა] ” დილის 6 საათზე საშინელი ხმა იყო, თითქოს სახლი ჩამოინგრა. თავზე გვემხობოდა ყველაფერი. ”

სროლის შედეგად, ერთი პოლიციელი დაიჭრა, ხოლო მეორე, 24 წლის ფირუზ შარია, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა:

„აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს იმ დანაშაულებრივი ჯაჭვის მორიგ რგოლს, რომლის მოწმეებიც ამ ბოლო პერიოდში გავხდით. აღსანიშნავია, რომ თავდასხმა განხორციელდა უსაფრთხოების ზონაში, რომელსაც აკონტროლებენ რუსეთის სამშვიდობო ძალები და რომლებმაც არაფერი მოიმოქმედეს მის აღსაკვეთად. სახეზეა კონფლიქტის მხარეთა შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უხეში დარღვევა, რაც სამშვიდობო ძალების მანდატით გათვალისწინებული ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობითაა განპირობებული,"-აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს საგარეო უწყებაში მიიჩნევენ, რომ შექმნილი მდგომარეობა ნათლად ცხადყოფს სამართლიანობას ქართული მხარის მოთხოვნისა, შეიცვალოს სამშვიდობო ოპერაციის ფორმატი და რეგიონში უფრო ეფექტური და მიუკერძოებელი კონტინგენტი განლაგდეს.

თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ გასულ კვირაში აფხაზეთის კონფლიქტის კონტექსტში კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მისამართითაც ისმოდა. ”არა ვართ კმაყოფილი საქართველოს მიერ აფხაზეთთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს ბოლო რეზოლუციის შესრულებით,” - განაცხადა გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა. საქმე ისაა, რომ უშიშროების საბჭოს რეზოლუცია კონფლიქტის მხარეებს სხვადასხვა მოთხოვნებს უყენებს. მათ შორის: ”უსაფრთხოების ზონაში არ უნდა იყოს ისეთი ძალა, რომლის ყოფნასაც კრძალავს მოსკოვის შეთანხმება,” - ნათქვამია უშიშროების საბჭოს რეზოლუციაში, რის პასუხადაც საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ხეობაში მხოლოდ და მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტინგენტი იმყოფება:

[დავით ბაქრაძის ხმა] ” ხეობაში საპოლიციო კონტინგენტის ყოფნა არ ეწინააღმდეგება არც ერთ შეთანხმებას. ცალკე თემაა, რა პირობებში დაიდო მოსკოვის შეთანხმება. ის იყო ძალით თავს მოხვეული შეთანხმება, მაგრამ ჩვენ მაინც არ ვაპირებთ პირობის დარღვევას.ხეობაში საპოლიციო ძალებია და ამით არც ერთი შეთანხმება არ ირღვევა.”

დავით ბაქრაძის თქმით, გაეროს უშიშროების საბჭო ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციას
მიმდინარე თვის ბოლოს მოისმენს, თუმცა მანამდე უმჯობესია დავუბრუნდეთ კვლავ გასული კვირის მნიშვნელოვან მოვლენებს, რომელთა შორისაც გამოვარჩევთ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ არჩევნებს.
[ქეთევან ძამუკაშვილის ხმა] „2007 წლის 5 იანვარი, 13 საათი და 10 წუთი. ურნაში ჩაყრილი ბიულეტენების საერთო რაოდენობაა 12. აქედან ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა - ნული. კანდიდატის მიერ დაგროვილი ხმების რაოდენობაა - 12. ამგვარად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია რექტორის არჩევნებს აცხადებს ჩატარებულად. რექტორად არჩეულია ბატონი გიორგი ხუბუა.“
სწორედ გიორგი ხუბუა, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, უხელმძღვანელებს პირველ ქართულ უნივერსიტეტს უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში. არჩეულმა რექტორმა რადიო „თავისუფლებას“ სამომავლო გეგმები გაანდო:

[გია ხუბუას ხმა] „აუცილებელია სამეცნიერო კვლევებისა და სწავლების ინტეგრირება; მომავალში აუცილებლად უნდა განისაზღვროს სამეცნიერო კვლევების პრიორიტეტები, უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური პროფილი, რა მიმართულებითაც ის ყველაზე ძლიერად იქნება წარმოჩენილი. უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს პრეტენზია, რომ გახდეს, სულ მცირე, რეგიონში წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება.“

დაბოლოს, გასული კვირის მიწურულს, ანუ 7 იანვარს, საქართველოში მცხოვრებმა მართლმადიდებლებმა შობის ბრწყინვალე დღესასწაული აღნიშნეს. დამკვიდრებული ტრადიციით, შობის ღამეს მილიონობით მორწმუნემ ფანჯარასთან აანთო სანთელი და შინ მიიპატიჟა ყოვლადწმიდა ქალწული, რათა მორწმუნეთა სახლებში - მეტადრე კი, მორწმუნეთა გულებში - 21-ე საუკუნის შემდეგაც იშვას მაცხოვარი.

[მამაოს ხმა] „მთავარი არის ადამიანმა შობა დროსა და სივრცეში კი არ წარმოიდგინოს, რომ რაღაც კონკრეტულ დროს მოხდა. შობა შეიძლება ყოველ წუთს და ადგილზე შეიძლება მოხდეს, თითოეული ჩვენთაგანის გულში შეიძლება იშვას მაცხოვარი.“ (სტილი დაცულია)
ცხადია, 7იანვარს არც “ალილოს” გარეშე ჩაუვლია.

[ისმის გალობა]
მახარობელთა ტრადიციული საშობაო მსვლელობა თბილისში 12 საათზე უნივერსიტეტის ეზოში მდებარე ეკლესიიდან დაიწყო და სამების საკათედრო ტაძრის ეზოში დასრულდა. "ალილოს" დროს შეგროვილი შემოწირულობა კი 9 იანვარს ბავშვთა სახლებს, მოხუცთა თავშესაფრებს, საავადმყოფოებსა და სოციალურად დაუცველ ადამიანებს დაურიგდებათ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG