დღიურს აწარმოებდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.
23 დეკემბერი, შაბათი
დღიურები ძალიან დიდი ხანია არ ჩამიწერია. უცნაურია, რომ პირველი კურსის მერე, ახლა პირველად ვცდილობ აღვიდგინო განვლილი დღეები...
უჩვეულო შაბათი დღეა... გადავწყვიტე, მთელი დღევანდელი დღე სახლს, ოჯახს და ნაძვის ხის მორთვას მივუძღვნა. წინა კვირა საკმაოდ დაძაბული იყო, კვირის დასაწყისში იყო ვიზიტი საფრანგეთში. პარიზიდან დაღლილი ჩამოვედი, გამთენიისას, სახლში ორი საათით შევიარე, მოვწესრიგდი და მაშინვე სამსახურში წავედი. დაიწყო პლენარული სხდომები, შეხვედრები... არც ერთი წუთი არ იყო იმისათვის, რომ ოჯახის წევრებისთვის ყურადღება მიმექცია. ისინი ყოველთვის წუწუნებენ ხოლმე, იმიტომ რომ, როცა საზღვარგარეთ ვარ და ტელეფონით მესაუბრებიან, არასოდეს არ მცალია და ვეუბნები, რომ ჩამოვალ, მერე მოგიყვებით, რა ხდებოდა-მეთქი. მაგრამ როცა ჩამოვდივარ, ამის დრო არა მაქვს და ეს მუდმივი წუწუნის საგანია ჩემი ოჯახის წევრების მხრიდან.
დღეს არცთუ ისე ადრე, ალბათ, ათი საათისათვის ავდექი. ახალი წელი ჩემი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია, ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით ვემზადები ხოლმე მის შესახვედრად. როგორც წესი, ამ დღისთვის ბევრი საქმე მაქვს, – ვცდილობ ნაძვის ხე მოვრთო. მიყვარს, როცა ყველა ოთახში იგრძნობა, რომ ახალი წელი მოდის. ამიტომ რაღაც, თუნდაც უმნიშვნელო ნივთი – ნაძვის ხესთან და ახალ წელთან დაკავშირებული – ყველა ოთახში უნდა იყოს.
სარდაფიდან ამოვზიდეთ დიდი ყუთები, რომლებშიც განაწილებულია ნაძვის ხე, სათამაშოები და სხვა მოსართავები. თითოეულ ყუთს აქვს წარწერა, რომ მიხვდე, რომელი სათამაშო რომელ ყუთშია და რა თანამიმდევრობით უნდა გახსნა და გამოიყენო. დახმარება რეზიკოს ვთხოვე – ანზორიკოსთვის თხოვნას აზრი დიდად არ ჰქონდა, რადგან ძალიან გვიან მოვიდა წინა საღამოს მეგობრის დაბადების დღიდან და, საერთოდ, დიდ ენთუზიაზმს მაინცდამაინც არ გამოხატავს ხოლმე ასეთ საკითხებში. ეტყობა, ეს 20 წლის ბიჭებისთვის დამახასიათებელია. რეზიკომ (არ ვიცი, რატომ – შეიძლება იმიტომ, რომ ხათრი არ გამიტეხა; შეიძლება იმიტომ, რომ ჯერ გარდატეხის ასაკისთვის მთლად არ მიუღწევია) თანხმობა გამოხატა. ჩამოვიდა ძალიან სერიოზული სახით, დაჯდა სავარძელში, კარგად მოკალათდა და, როგორც ეს კაცების უმეტესობას სჩვევია, იქიდან დროდადრო გვეკითხებოდა, რით დაგეხმაროთო.
ავაწყვეთ ნაძვის ხე, მოვაწესრიგეთ სახლი. წლების განმავლობაში მქონდა ჩვევა, საზღვარგარეთიდან ჩამომეტანა ხოლმე თუნდაც ერთი საახალწლო სათამაშო სიმბოლურად. ამიტომ დაგვიგროვდა ბევრი საინტერესო სათამაშო, რომლებიც მე ძალიან მიყვარს. სხვადასხვა ცხოველებისაგან შემდგარი ორკესტრი, თოვლის ბაბუა, როგორც ნაძვის ხის კენწეროს მოსართავი, დათუნიები, რომლებიც მღერიან... ჩემი მეუღლე ხუმრობს ხოლმე, რომ მე არანაკლებ ვერთობი ამ სათამაშოებით, ვიდრე ჩემი შვილები. ამ ხუმრობაში სიმართლის წილი საკმაოდ დიდია. რეზიკოს ინიციატივით, წელს ნაძვის ხის მორთულობა შევცვალეთ. აქამდე, როგორც წესი, გვქონდა ხოლმე ერთფეროვანი ნაძვის ხე: ან მხოლოდ წითელი ბურთებით, ან მხოლოდ ოქროსფერი ბურთებით... წელს რეზიკომ გვთხოვა, დაგვედგა სხვადასხვა ფერის და სხვადასხვა ტიპის სათამაშოებით მორთული ნაძვის ხე, ანუ არა მხოლოდ ბურთებით და ბაფთებით, არამედ ყველა იმ სათამაშოთი, რაც სახლში გვქონდა. მე მგონი, რეზიკოს იდეამ გაამართლა. მე მგონი კი არა, ნამდვილად! ნაძვის ხე ძალიან ლამაზი და ხალიასიანი გამოგვივიდა...
დღის მეორე ნახევარში გვესტუმრნენ ახლობლები. იცოდნენ, რომ ეს დღე გამონაკლისი იყო და სახლში ვიქნებოდი. ვისაუბრეთ, ვისიამოვნეთ ერთად ყოფნით.
24 დეკემბერი, კვირა
სახლში ზედიზედ ორი დღის გატარების უფლებას თავს ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ვერ ვაძლევ. ამიტომ კვირადღე განკუთვნილი მქონდა სამსახურისთვის, სამუშაო შეხვედრებისათვის. ოფიციალური შეხვედრები დაგეგმილი არ მქონდა. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი მთავარი რიტუალი, რომლითაც ჩემი დღე იწყება ხოლმე – სალონში წასვლა, თმის დავარცხნა და განსაკუთრებულად მოწესრიგება – დღეს არ ჩატარებულა. რა თქმა უნდა თმადაუვარცხნელი არ წამოვსულვარ, თმა კი დავივარცხნე, მაგრამ დავივარცხნე თავად, რაც, როგორც წესი, კარგი შედეგებით არ სრულდება ხოლმე, მით უმეტეს, თუ ეკრანზე უნდა გამოვჩნდე.
წამოვედი სამსახურში, სადაც უკვე გაწერილი გვქონდა, რა უნდა გაგვეკეთებინა დღის განმავლობაში. თანაშემწეებთან ერთად გავარჩიე ფოსტა, გავანაწილეთ დავალებები, დავამუშავეთ მასალა, რომელიც მომავალი კვირის დღის წესრიგისთვის გვჭირდებოდა. შევამოწმე იმეილი. აღმოჩნდა, რომ მაინც დაგეგმილი ყოფილა ოფიციალური ღონისძიება, რომელიც დილით გათვალისწინებული არ მქონდა. ეს იყო ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოში, სადაც დაგეგმილი იყო წიგნის პრეზენტაცია. პატრიარქის თხოვნა იყო, რომ მივსულიყავი და უარს, ბუნებრივია, ვერ ვიტყოდი. ერთი ვინანე, რომ ჩვეული რიტუალი ვარცხნილობასთან და ჩაცმულობასთან დაკავშირებით არ ჩავატარე. კიდევ კარგი, კაბა მაინც ჩავიცვი და არა შარვალი: საპატრიარქოში ხომ გარკვეული წესების დაცვაა საჭირო. იმის იმედი მქონდა, რომ ბევრი ხალხი და კამერები მაინც არ იქნებოდა საპატრიარქოში. შევცდი. იყო უამრავი ხალხი და ყველა ტელევიზია, ყველა კამერა, რაც კი საქართველოში არსებობს! იყვნენ სტუმრები რუსეთიდან, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ამ ძალიან კარგი წიგნის დაბეჭდვაში.
არ ვიცოდი, რომ სიტყვით უნდა გამოვსულიყავი, მაგრამ ასეთი „სიურპრიზები“ ხშირია ხოლმე. ძალიან საინტერესო პრეცედენტია, რომ რუსეთ-საქართველოს გართულებული ურთიერთობის ფონზე იბეჭდება ქართული სულიერებისათვის და ეკლესიისათვის ასეთი მნიშვნელოვანი წიგნი და იბეჭდება სწორედ რუსული გამომცემლობის მხარდაჭერით.
თუ მორწმუნე ხარ, უნდა გჯეროდეს, რომ სიმართლე გაიმარჯვებს. მთავარია, სამართლიან საქმეს აკეთებდე. არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად ძლიერი ხარ, რამდენად დიდი შესაძლებლობები გაქვს, მაგრამ თუ მართალ საქმეს აკეთებ, აუცილებლად გაიმარჯვებ. ასე რომ, მე მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გაიმარჯვებს თავის ბრძოლაში. იმიტომ, რომ ის, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით, არის სამართლიანი. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი სამშობლოს ერთიანობისათვის, ჩვენი სამშობლოს მთლიანობისათვის. ეს სამართლიანი ბრძოლაა და ის წარმატებით დასრულდება. ამაში დარწმუნებული ვარ.
პატრიარქი სრულიად არაჩვეულებრივი პიროვნება, საოცარი ადამიანია, რომელსაც მე უდიდეს პატივს ვცემ და შემიძლია, გადაუჭარბებლად ვთქვა – მთელი გულით მიყვარს. აბსოლუტურად გულწრფელი ვიყავი, როცა ჩემს გამოსვლაში აღვნიშნე, რომ საქართველოსათვის ბედნიერება იყო და არის, რომ ძალიან რთულ პერიოდებში საქართველოს ისტორიისა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელი არის სწორედ ილია ჳჳ. მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი საკითხი შერბილდა, ან ბევრი საკითხი სხვაგვარად წარიმართა და ეს მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის განვითარების ძალიან ბევრ კონკრეტულ ეტაპზე.
პატრიარქმა, როგორც ყოველთვის, შეამჩნია, რომ მე რაღაც მაწუხებდა, ჩემი შეწუხების მიზეზი კი ის იყო, რომ უკვე საათზე მეტი ხნის განმავლობაში პარლამენტში მელოდებოდნენ ადამიანები, რომლებთანაც შეხვედრა მქონდა დანიშნული. მკითხა, რატომ ვჩქარობდი და მისთვის ჩვეული, წყნარი იუმორით მითხრა, განა იქ უკეთესი ადამიანები გელოდებიან, ვიდრე ჩვენ ვართო? რაზეც მე ვუპასუხე, რომ მასზე უკეთესი ადამიანი საერთოდ არ მეგულება, მაგრამ, სამწუხაროდ, არის სხვა უფრო რუტინული ვალდებულებები, რომლებიც უნდა შევასრულო-მეთქი.
პარლამენტში ჩვეული რიტმით გავაგრძელე შეხვედრები. მუშაობა დაახლოებით თორმეტის თხუთმეტ წუთზე დავამთავრე. ჩემმა წინდაუხედაობამ თმის ვარცხნილობასთან დაკავშირებით „შედეგი“ გამოიღო – მეორე დღესვე ჩემმა ერთმა მეგობარმა სრულიად აღშფოთებულმა დამირეკა და მითხრა, რომ ძალიან ცუდად გამოვიყურებოდი, თმა არ მქონდა ლამაზად დავარცხნილი და რომ, საერთოდ, ასე ტელევიზორში გამოჩენა არ შეიძლება!
25 დეკემბერი, ორშაბათი
პრინციპში, რთულია, როცა დილით უკვე დაღლილი იღვიძებ. არ მიყვარს წუწუნი, მაგრამ წლის ბოლოს ეს დაღლილობა განსაკუთრებით შესამჩნევი ხდება ხოლმე. რთულია, როცა ყოველ საღამოს, უკეთეს შემთხვევაში, თორმეტ საათზე ბრუნდები სახლში, მერე, ერთი საათი მაინც, ოჯახის წევრებს, თუნდაც ძალიან დაღლილი იყო, უნდა დაელაპარაკო, ცოტა ხანს ტელევიზორსაც თვალი შეავლო... როგორც წესი, დაძინება არ ხერხდება ორ ან სამ საათზე ადრე. როცა დილის შვიდ საათზე უკვე ფეხზე უნდა იყო, ეს ძალიან დამღლელია.
ოჯახში ზოგჯერ ძალიან სასიამოვნოა საუბარი, მაგრამ ზოგჯერ არც ისე, რადგან ხანდახან ოჯახში გრძელდება ხოლმე ის დებატები, რომლებიც დღის განმავლობაში პარლამენტში ან პოლიტიკურ არენაზე მიმდინარეობდა. ეს უკვე მართლა ძალიან დამღლელია ხოლმე და დიდი ენერგიისა და ძალის მობილიზება მჭირდება, რომ მაქსიმალურად კორექტულად ვუპასუხო ყველაფერს, რასაც მეკითხებიან.
დილის 7 საათზე უკვე ფეხზე ვარ და მივდივარ სალონში, რომ მოვწესრიგდე. ვიცი, რომ სალონში ყოველ დილით ჩემი მისვლა ზოგი ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის კრიტიკას იწვევს. ბუნებრივია, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, გამოხატოს თავისი მოსაზრებები, მით უმეტეს – პოლიტიკურ ფიგურასთან დაკავშირებით. მაგრამ, მეორე მხრივ, არავინ უწევს ანგარიშს იმას, რომ შენ განსაკუთრებულ მდგომარეობაში ხარ; რომ არა გაქვს უფლება, არ გამოიყურებოდე ისე, როგორც ეს შენს ქვეყანას და შენს მოსახლეობას ეკადრება. ანუ, შენ უნდა წარმოადგინო ისინი არა მხოლოდ შენი გამოსვლით და შენი სიტყვებით, არამედ თუნდაც შენი გარეგნული გამოხატულებით. ყოველთვის უნდა იყო მოწესრიგებული და, ბუნებრივია, თუ არ ხარ მოწესრიგებული, არ ხარ ფორმაში, ან არ გამოიყურები ისე, როგორც უნდა გამოიყურებოდეს საჯარო პირი, ამ შემთხვევაშიც მომენტალურად გაგაკრიტიკებენ ხოლმე. ვცდილობ, ასეთ საკითხებს გაგებით მოვეკიდო. ის, რომ გამოიყურებოდე ნორმალურად, ჩემი პროფესიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია – მაშინ, როცა წარმოვადგენ ჩემს ქვეყანას. ისე, ძალიან მენატრება თავისუფლად სიარული და რეჟიმის გარეშე ცხოვრება... და კიდევ ერთი: კარგი იქნება, იმ ხალხმა, ვინც იმისთვის გაკრიტიკებს, რომ შენი მანქანა ყოველ დილით, 9 საათზე, სალონის წინ დგას, ისიც გაითვალისწინოს, რომ ღამე, ძალიან გვიან, 12 საათზე და პირველის ნახევარზე, როდესაც ისინი ან თავიანთ მეგობრებთან ატარებენ დროს, მშვიდად საუბრობენ ოჯახის წევრებთან ერთად, ან, სულაც, სძინავთ, მე და ჩემი თანამშრომლები, კოლეგები, ჯერ კიდევ სამუშაო რეჟიმში ვართ ხოლმე...
ეს ორშაბათიც ჩვეულებრივად დაიწყო. დილით ადრე პარლამენტში გრაფიკი შევამოწმე, კორექტივები შევიტანე. თორმეტ საათზე დანიშნული იყო კომიტეტის თავმჯდომარეების ტრადიციული შეკრება.
თერთმეტი საათისთვის დაბარებული მყავდა იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელთან ერთადაც უნდა ჩამევლო მომავალი კვირის დღის წესრიგი. ეს საკმაოდ საინტერესო პროცედურაა. ზოგჯერ, მიმდინარეობს ძალიან სწრაფად, ზოგჯერ – საკმაოდ რთულად, იმის მიხედვით, თუ რა ტიპის კანონებია დღის წესრიგში შეტანილი. როგორც წესი, ყოველთვის აღმოჩნდება ხოლმე კანონი, სადაც არის რაიმე პრობლემა, ან ყურადსაღები საკითხი.
თორმეტ საათზე შეიკრიბნენ კომიტეტის თავმჯდომარეები და დაიწყო საკმაოდ ინტენსიური განხილვა იმისა, თუ რა საკითხები უნდა ყოფილიყო ან არ ყოფილიყო დღის წესრიგში. იყო პატარ-პატარა „პოზიციური“ ბრძოლები, იმიტომ რომ კომიტეტების თავმჯდომარეებს სურვილი აქვთ, ვალი არ დაიტოვონ და რაც შეიძლება მეტი კანონპროექტი განიხილონ წლის ბოლომდე, რასაც მე შეძლებისდაგვარად ვეწინააღმდეგები, რადგანაც ისედაც დიდია პარლამენტში გატანილი კანონების რაოდენობა და ეს არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს. ვცდილობ, რომ ეს ტრადიცია მაქსიმალურად შეიზღუდოს.
ოთხის ნახევარზე ფრაქციების თავმჯდომარეებს შევხვდი. თათბირზე იკრიბებიან ვიცე-სპიკერები, უმრავლესობის ორი ლიდერი და ყველა ფრაქციის ორ-ორი წარმომადგენელი. ამ შეხვედრის ფორმატი დახურულია, სადაც, რა თქმა უნდა, კამათი სახელისუფლებო და ოპოზიციური ფრაქციების ხელმძღვანელებს შორის არის, მაგრამ ეს კამათი არის ადამიანური, ხშირად იუმორით გაჯერებული, კოლეგიალური და საკმაოდ განსხვავდება ოპოზიციის და უმრავლესობის საჯარო დებატებისაგან. 15 წელია, პოლიტიკაში ვარ და მაინც ვერ გამიგია, რატომ იცვლება რადიკალურად ეს ფორმა კამერების წინ.
5 საათზე ბიუროს სხდომა გვქონდა დაგეგმილი. ექვსის ნახევარზე პარლამენტის წინ იგეგმებოდა ნაძვის ხის საზეიმო ანთება და თოვლის ბაბუა გვეპატიჟებოდა ამ ცერემონიაზე. ეს იყო ბიუროს არაორდინარული სხდომა, რადგან თოვლის ბაბუის ხათრით, ჩემმა კოლეგებმა თავიანთი გამოსვლები შეამოკლეს.
როგორც კი ბიუროს სხდომა მორჩა, ჩავედით უზარმაზარ ნაძვის ხესთან, პარლამენტის წინ, სადაც საკმაოდ ბევრი ხალხი იყო შეკრებილი, უმეტესად ბავშვები. პრეზიდენტი უკვე იქ იყო და ხელში პატარა ნიკუშა ჰყავდა, რომელსაც ქუდი არ ეხურა და მე ამის გამო ძალიან აღვშფოთდი, რადგან ძალიან ციოდა. ბავშვს ცხვირი და ყურები გაყინული ჰქონდა. კატეგორიულად მოვითხოვე, რომ მისთვის ქუდი დაეხურათ. მაგრამ მამამისმა გადაწყვიტა, ნიკუშასთვის ქუდი მაინც არ დაეხურა – ბავშვის სპარტანულად გამოწრთობას აპირებს. სანდრას ვეხუმრე – ამ ბავშვის უფლებების დაცვის საზოგადოებას ჩამოვაყალიბებ-მეთქი. შარშან სულ რამდენიმე დღის ნიკუშა ყინვასა და სიცივეში გამოიყვანეს ნაძვის ხეზე. და აი, ახლაც უქუდოდ იყო და წინდებიდან საყვარელი და ფუმფულა შიშველი ფეხები უჩანდა.
მერე პარლამენტში დავბრუნდი და 12 საათამდე ვიმუშავე. შენობა ნაშუაღამევს დავტოვე.
26 დეკემბერი, სამშაბათი
დღეს საგანგებო სხდომაა დანიშნული. კვლავ შვიდ საათზე ადგომა, მოწესრიგება, წამოსვლა და თერთმეტ საათზე უკვე სრული მზადყოფნა სხდომისათვის.
სამშაბათი, როგორც წესი, რთული დღეა. დეპუტატებს სხდომის გახსნისთვის დაგროვილი აქვთ განცხადებები და საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც უნდათ გამოსვლა. სამშაბათი ხშირად ხდება პოლიტიკური დაპირისპირების, ურთიერთბრალდებების და ურთიერთშეჯიბრის დღე. ჩემთვის ეს უსიამოვნოა, არა იმდენად პოლიტიკურად, რამდენადაც ადამიანურად. ამიტომაც, სამშაბათის დილა ძალიან არ მიყვარს.
საღამოს შვიდ საათზე, პლენარული სხდომის შემდეგ, შევხვდი პრესის წარმომადგენლებს, გაზეთების რედაქტორებს, იმ საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით, რომლებიც უნდა ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან. წინა საღამოს ჩემთან შეკრებილი იყვნენ უმრავლესობის წარმომადგენლები – პრესის შეღავათებზე ვმსჯელობდით. ჩემი პოზიციის მიხედვით, პრესისთვის აუცილებლად უნდა მოგვესმინა და ელემენტარული საჭიროების შემთხვევებშიც კი შეღავათები უნდა დაგვეტოვებინა, რათა არ შეზღუდულიყო პრესის შესაძლებლობები, გათვალისწინებული ყოფილიყო მისი ინტერესები.
სამუშაო შეხვედრა პრესასთან დაახლოებით საათსა და ორმოც წუთს გაგრძელდა. ჩემთვის ის ძალიან მოულოდნელად წარიმართა და მოულოდნელი შედეგით დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს თანაშემწეს წარმოდგენილი ჰქონდა წინასწარ დამუშავებული და შესწავლილი ინფორმაცია, ის არასრულყოფილად ჩავთვალე, არა თანაშემწის მიზეზით, არამედ იმის გამო, რომ მხოლოდ სამმა გაზეთმა წარმოგვიდგინა ეს მონაცემები. ჩემთვის მოულოდნელი იყო, რომ პრაქტიკულად არც ერთ გამომცემელს, არც ერთ რედაქტორს, არ მოეპოვებოდა სერიოზული არგუმენტი ქონებისა და მოგების გადასახადის შეღავათების დასაცავად. აღმოჩნდა, რომ მათთვის ამ შეღავათებს არც ისე დიდი მნიშვნელობა აქვს. ფაქტობრივად, შეფარულად მოვისმინეთ წინადადებები, რომ თუ ამ შეღავათებს დავტოვებთ, კარგია, და პრესა ჩათვლის, რომ ჩვენ კარგები ვართ, და თუ არ დავტოვებთ, ისინი ჩათვლიან, რომ ჩვენ ვართ ცუდები – მიუხედავად იმისა, რომ ამ შეღავათებით მათთვის რეალურად არაფერი იცვლება.
მე ვუთხარი, რომ, მართალია, პრესას პატივს ვცემთ და ანგარიშს ვუწევთ, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილებას მივიღებთ მხოლოდ იმიტომ, რომ პრესას ვასიამოვნოთ. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, მომესმინა არგუმენტები და მხოლოდ ამის შემდეგ მიმეღო გადაწყვეტილება. ეს არგუმენტები ვერ მოვისმინე.
სახლში ისევ გვიან ღამე დავბრუნდი.
27 დეკემბერი, ოთხშაბათი
სახლი, დილის 11-ზე – სესია. შესვენების დროს შევხვდი ჲნჴმჳგ-ის ხელმძღვანელს, ბატონ არნოს, რომელთანაც პირველად მქონდა ასეთი ხანგრძლივი და სერიოზული საუბარი. შეხვედრა ერთ საათს გაგრძელდა და ძალიან საინტერესო და სასარგებლო იყო.
შემდეგ – კვლავ პლენარული სხდომა. გვიან საღამოს – ისევ შეხვედრები. კიდევ უფრო გვიან, თერთმეტის ნახევარზე, შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობს ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი, საფინანსო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პარლამენტის აპარატის უფროსი. განვიხილეთ პარლამენტის ბიუჯეტი, რათა მაქსიმალურად გამჭვირვალე ვარიანტი წასულიყო ფინანსთა სამინისტროში. საკითხის განხილვას პირველის ნახევრისთვის მოვრჩით.
უკვე წასვლას ვაპირებდი, როდესაც დარეკა დათო ბაქრაძემ და მითხრა, რომ მზად ჰქონდა ევროსაბჭოში გასაგზავნი წერილი. შევიკრიბეთ მე, დათო ბაქრაძე და ირინე ქურდაძე, განვიხილეთ წერილის დეტალები. ამით ეს დღეც დასრულდა.
28 დეკემბერი, ხუთშაბათი
დღეს სესიაზე გვქონდა სამთავრობო საათი, რომელზეც მოწვეული იყვნენ ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი და კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. არცთუ სასიამოვნო იყო დარბაზში ყოფნა. საკითხები საკმაოდ მწვავედ ისმებოდა, მაგრამ მაინც სწორად მიმაჩნია, რომ – ოპოზიციის მოთხოვნის შესაბამისად – სამთავრობო საათი ჩატარდა და პასუხი ყველა კითხვას გაეცა. რამდენად დამაკმაყოფილებლად, ეს ყოველი ცალკეული ადამიანის გადასაწყვეტია. სამთავრობო საათის შემდეგ მე და ზურაბ ადეიშვილს განსახილველი გვქონდა მნიშვნელოვანი თემები და ჩემს ოთახში ჩამოვედით, სადაც რამდენიმე კონკრეტულ საკითხზე ვისაუბრეთ.
შემდეგ შევხვდი ჩემი კაბინეტის უფროსს და რამდენიმე დეპუტატს. შემდეგ – ბატონ კოკა გუნცაძეს. 8 საათზე მივედი „ქორთიარდ მერიოტში“, სადაც პრეზიდენტი ბიზნესმენებს ხვდებოდა. საკმაოდ კარგი და საინტერესო ტრადიციაა. მომწონს, რომ ამ ტიპის შეხვედრები საქველმოქმედო საღამოების სახით იმართება და კარგ საქმეს ემსახურება. საღამომ დაახლოებით 200 ათასი დოლარი შეაგროვა ჩვილ ბავშვთა სახლისათვის, რაც შესაძლებლობას მისცემს ამ სახლის ხელმძღვანელობას, რომ ბავშვები ნორმალურ პირობებში ჰყავდეთ.
9 საათზე დანიშნული მქონდა შეხვედრა ქალაქის მერთან, ჯანდაცვის მინისტრთან, ვიცე-სპიკერთან, კომიტეტების თავმჯდომარეებთან და უმრავლესობის ლიდერებთან პენსიონერების საკითხის განსახილველად. შეხვედრა დაგეგმილზე ცოტა გვიან დაიწყო და დაახლოებით 12 საათამდე გაგრძელდა.
12:30-ზე დავტოვე პარლამენტის შენობა. გზაში, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, გამომყვნენ ჩემი თანაშემწეები იმ დოკუმენტებით, რომლებიც უნდა წავიკითხო. ეს უკვე ტრადიციაა: გვერდით მომყვება ჩემი მდივანი ლია ჩქარეული ფურცლით ხელში, რომელზეც ჩამოწერილი აქვს იმ ხალხის სახელები, გვარები და ტელეფონის ნომრები, ვისაც აუცილებლად უნდა დავურეკო.
სახლში რომ მივედი, რეზიკო და ანზორიკო ისხდნენ რეზიკოს ოთახში და თამაშობდნენ ფეხბურთს კომპიუტერზე, ძალიან სასაცილო სანახავი კი იყო ანზორიკო, – 21 წლის კაცი (როგორც თვითონ მიაჩნია) – რომელიც იატაკზე იჯდა და დიდი ემოციებით თამაშობდა რეზიკოსთან ერთად. უბრალოდ, ძალიან გულის ამაჩუყებელი იყო ჩემთვის მათი ნახვა, ჩემი მშობლები კი, როგორც წესი, ელოდებოდნენ ჩემს მისვლას და რაიმე ახალი ამბის მოსმენას. ჩემი მეუღლე სახლში არ იყო, მოვიდა დაახლოებით 40 წუთის შემდეგ და ერთი საათის განმავლობაში ვსაუბრობდით ყველანი, მთელი ოჯახი.
ხანდახან დედაჩემი პრესსამსახურის მოვალეობას ასრულებს და ინფორმაციებს მაწვდის პრესაში ან ტელევიზიით გასულ საკითხებთან დაკავშირებით. თანაც, საკმაოდ ემოციურად გამოხატავს საკუთარ შეხედულებებს, რაც ჩემს აღშფოთებას იწვევს ხოლმე და ხშირად ვახსენებ, რომ მე მყავს პრესსამსახური, რომელსაც ამისათვის ხელფასს ვუხდი. ამჯერად ასე არ მომხდარა. უბრალოდ, ვისაუბრეთ და ასე დამთავრდა ეს დღეც. დაახლოებით 2:30 საათზე წავედი დასაძინებლად.
29 დეკემბერი, პარასკევი
7:15 საათზე გავიღვიძე. სამსახურში გადავარჩიე ჩემს მაგიდაზე დაგროვილი დოკუმენტები. ისე, მაგიდა გუშინ საშინელი სანახავი იყო... ლამის მე აღარ ვჩანდი, იმდენი დოკუმენტი, იმდენი ფურცელი იდო მაგიდაზე. მაგრამ დღეს დილით მოვახერხე ამ დოკუმენტების გარჩევა!
დღეს დილით, კაბინეტში რომ შემოვედი, დამხვდა საახალწლოდ გამოგზავნილი ვარდების თაიგული, რაც ძალიან სასიამოვნო იყო, მით უმეტეს, რომ ვარდი ჩემი საყვარელი ყვავილია.
თუმცა, დღეს ლირიკული ემოციებისთვის დრო მაინცდამაინც არ არის: დღეს საბოლოოდ უნდა მივიღოთ ბიუჯეტი, რათა ახალ წელს ქვეყანა დამტკიცებული ბიუჯეტით შეხვდეს. საერთოდ, ეს ისეთი ტრადიციაა, რომელიც ჩემი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში, იმედია, შეიცვლება. ანუ ის, რომ 29 და 30 დეკემბერს არ ვიღებდეთ ათეულობით კანონს, არ ვიღებდეთ მაინცდამაინც ბიუჯეტს, არამედ ჩვეულებრივ, ადამიანურ რეჟიმში ვმუშაობდეთ. ჯერჯერობით ასე არ არის...
12 საათისათვის დავიწყეთ პრემიერ-მინისტრის მოსმენა. ნოღაიდელი რამდენიმე საათის განმავლობაში ძალიან მოთმინებით და კორექტულად უსმენდა და უხსნიდა პარლამენტარებს კორექტირებული ბიუჯეტის ყველა არსებით დეტალს. ვიჯექი და ვიცდიდი, როდის აევსებოდა მოთმინების ფიალა ჩვენს პრემიერ-მინისტრს ზოგიერთი არცთუ კომპეტენტური შეკითხვის მოსმენისას. საერთოდ, განხილვა ემოციური იყო და ოპოზიცია ყველა პრეტენზიას, რომელთა ნაწილს საფუძველი არ გააჩნდა, დაუბრკოლებლად გამოთქვამდა.
შუადღისას რამდენიმე ჩემი კოლეგა, მთავრობის წევრი, პრემიერ-მინისტრი და მე უკვე პრეზიდენტთან ვიყავით. პენსიონერთათვის, 9 აპრილს მოწამლულთათვის, აფხაზეთისა და მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთათვის თანხების მომატების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტის თანდასწრებით უნდა მიგვეღო. ჩვენ მივიტანეთ საკმაოდ სერიოზულად იყო დამუშავებული რამდენიმე სქემა. ჩემი კატეგორიული პოზიცია იყო, 104 ათასი ადამიანისთვის გამოგვეძებნა საშუალება, რომ რამდენიმე ლარით – ამ შემთხვევაში 4 ლარით – გაზრდილიყო მათთვის შეღავათები. შეიძლება, ვინმემ თქვას, რომ 4 ლარი არაფერია, მაგრამ თუ გადავთვლით ამას და ვიტყვით, რომ წლის განმავლობაში ეს ადამიანები იღებენ 500-ლარიან შეღავათს, ვფიქრობ, საქართველოს სინამდვილეში ეს ცოტა არ არის. დებატები ძალიან ცხარე იყო, ძალიან ემოციურიც, მაგრამ მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ბიუჯეტში ცვლილებების ამ ფორმით შეტანას და საბოლოოდ შევძელით ამ კატეგორიის მოქალაქეების სოციალური პროგრამისათვის დაგვემატებინა კიდევ 4 მილიონი ლარი, რაც ბევრი არ არის, მაგრამ ამ ხალხს ცოტათი მაინც შეუმსუბუქებს ყოფას.
პრეზიდენტისაგან სასწრაფოდ დავბრუნდით პარლამენტში, რათა უკვე ამ კანონპროექტის განხილვა დაგვეწყო და გავაგრძელეთ პრემიერ-მინისტრის მოსმენა.
რამდენიმე ხნით დავტოვე პლენარული სხდომა – პარალელურ რეჟიმში რამდენიმე შეხვედრა მქონდა დანიშნული. მქონდა წინასაახალწლო ინტერვიუ ქუთაისის ტელევიზიასთან, ბათუმის ტელევიზიასთან, აფხაზეთის ტელევიზიასთან, რომელსაც, სამწუხაროდ, კვლავ ვუსურვე მომავალი წლის სოხუმში შეხვედრა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ყოველი შემდგომი დღე ჩვენ გვაახლოებს ამ დღეს, როცა ნამდვილად შევხვდებით სოხუმში ახალ წელს და, ასევე, ცხინვალშიც.
საღამოს, კენჭისყრისათვის, ისევ დავბრუნდი დარბაზში. უკვე ცოტა სასაცილო სანახავებიც იყვნენ (კარგი გაგებით!) ჩემი კოლეგები: ყველა გაბეზრებული იყო ამდენი კენჭისყრით, უკვე ყველას წინასაახალწლო განწყობა ჰქონდა და თან დაღლილები იყვნენ! არც მინდა ვთქვა, რამდენი კანონი მივიღეთ და რამდენი კენჭისყრა ჩავატარეთ დღევანდელი დღის განმავლობაში... ძალიან, ძალიან ბევრი! რაც, რა თქმა უნდა, არ არის ნორმალური და თან მონოტონური პროცედურაც არის.
9 საათისთვის ბიუჯეტი მივიღეთ...
30 დეკემბერი, შაბათი
ხუთის ნახევარზე პარლამენტში უნდა ვიყო, მანამდე კი პანაშვიდზე ვარ წასასვლელი – ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგას დავით ზურაბიშვილს მამა გარდაეცვალა.
დღეისთვის განსაკუთრებული გეგმები თითქოს არ მქონდა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ სწორედ დღეს მაქვს განსაკუთრებული გეგმები. პარლამენტიდან ადრე მინდა წამოსვლა, რადგან ბავშვებს საახალწლოდ ნამცხვრის გამოცხობას დავპირდი, საღამოს კი მეგობრებთან ერთად მივდივარ ოპერისა და ბალეტის თეატრში.
დღის პირველი ნახევარი სამზარეულოში გავატარე. ჩემს შვილს ძალიან ეუცხოვა, რომ წინსაფრით ვიდექი და რაღაცას ვაკეთებდი. გუშინ საღამოს ჯერ ჩემმა პატარა შვილმა წაიწუწუნა, რომ ძალიან უნდა, ჩემი გამომცხვარი ნამცხვარი ჰქონდეს საახალწლოდ, რაზეც უფროსმა უსაყვედურა, დედა დაღლილია და არ ღირს მისი შეწუხებაო. თუმცა, ორ წამში მოაყოლა, რომ ძალიან მოენატრა ჩემი გაკეთებული შოკმანჟე. მერე აღმოჩნდა, რომ ოჯახის ყველა სხვა წევრსაც მოენატრა ჩემი გაკეთებული სხვადასხვა კერძი და დილას ამას დაემატა ის, რომ დედაჩემმა ვითომ სხვათა შორის თქვა: აი, იქ საყინულეში რაღაც მაქვს და იმასაც თუ გააკეთებ – რამდენი ხანია არ გაგიკეთებიაო.
ჩუმად, გულში ვიბუზღუნე ამასთან დაკავშირებით: ერთი მხრივ გეუბნებიან, რატომ იღლები და რატომ მუშაობო, მაგრამ, ბუნებრივია, ყველას უნდა, რომ რაღაცით, თუნდაც შენი ხელით გაკეთებული ნამცხვრით, ის ყურადღება და ის წილი მიიღონ, რაც ასე აკლიათ. ასე რომ, დილიდან კონვეიერული წესით მომიწია მუშაობა. მაგრამ ეს იმდენად იშვიათად ხდება, რომ მაინც კმაყოფილი ვარ: ზუსტად ვიცი, რომ ხვალ, როცა დღეს ჩატარებულ მოსამზადებელ სამუშაოს დავასრულებ და კონკრეტულ გამოსახულებას მივცემ, ეს ჩემს შვილებს და ჩემი ოჯახის წევრებს ძალიან გაახარებს და გაულამაზებს საახალწლო სუფრას.
31 დეკემბერი, კვირა
ბოლო დღეა 2006 წლის, რომელიც ჩემთვის არ იყო მაინცდამაინც მარტივი. ბევრი ემოცია, ბევრი პრობლემა, ბევრი სირთულე... თუმცა, ძალიან ბევრი პოზიტივიც და ბევრი სასიამოვნო მოგონებაც. სხვაგვარად, უბრალოდ, შეუძლებელია. არ ვთვლი, რომ ეს იყო საუკეთესო წელი ჩემს ცხოვრებაში, თუმცა მას არც ვემდური. იმედი მაქვს, რომ შემდეგი წლები ჩემთვისაც და მთელი საქართველოსათვისაც იქნება უფრო მეტი წარმატების, მეტი სიკეთის, მეტი სიმშვიდის მომტანი...