Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ასახვას პოვებს რუსეთის ახალი საიმიგრაციო პოლიტიკა საქართველოზე


ორიოდე დღის წინ რუსეთში ძალაში შევიდა როგორც კანონი „მიგრაციული აღრიცხვის“ შესახებ, ასევე შესწორებები კანონში „უცხოელი მოქალაქეების სამართლებრივი

მდგომარეობის შესახებ“. რუსეთის მიგრაციის ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, ამ ორი დოკუმენტის მიხედვით, იცვლება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებიდან ჩასული მოქალაქეების აღრიცხვაზე აყვანის წესი. კერძოდ, მიგრანტის მიმღები მხარე ვალდებულია შეტყობინება გაუგზავნოს მიგრაციის ფედერალური სამსახურის რეგიონულ ორგანოს, ამ უკანასკნელმა კი, მიგრანტის პასპორტის, საიმიგრაციო ბარათისა და განცხადების შესწავლის შემდეგ, მოტივირებული პასუხი 10 დღის ვადაში უნდა დააბრუნოს, თუმცა ექსპერტები ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებად რუსეთთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმში მყოფი ქვეყნებიდან ჩასული მუშახელისთვის კვოტების დაწესებას მიიჩნევენ. საკითხავია, რა ასახვას პოვებს რუსეთის ახალი საიმიგრაციო პოლიტიკა საქართველოზე.

რუსეთის მთავრობის ახალი საიმიგრაციო პოლიტიკის თანახმად, ბაზრებსა და სავაჭრო ჯიხურებში მომუშავე მიგრანტთა რაოდენობა 40 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. მეტიც, ეს მაჩვენებელი 2008 წლამდე ნულამდე უნდა შემცირდეს. არადა, რუსეთის ბაზრებში, ძირითადად, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან ჩასული მიგრანტები - მათ შორის, ქართველებიც - ვაჭრობენ, ქართველები, რომელთა შესახებაც ამასწინათ რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა:
[ვლადიმირ პუტინის ხმა] „ძალიან მებრალებიან ქართველები... ეს არის ძალიან ლამაზი და ჩვენთვის ახლობელი ხალხი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.“

თუმცა, მძიმე მდგომარეობისა და სიბრალულის მიუხედავად, ოფიციალურ მოსკოვს საქართველოსთვის დაწესებული შეზღუდვები არ მოუხსნია. საქართველოში რუსეთის ფედერაციის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი იგორ ვოლინკინი ამბობს, რომ თბილისში რუსეთის საკონსულო დღემდე მხოლოდ გამონაკლისის სახით გასცემს ვიზებს:


[იგორ ვოლინკინის ხმა] „საკონსულო განყოფილება აგრძელებს მუშაობას. საქართველოს მოქალაქეებზე ვიზები გაიცემა, მაგრამ მხოლოდ განსაკუთრებით მწვავე ჰუმანიტარულ შემთხვევებში. ვიმედოვნებთ, რომ ახალი წელი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში ახალ ცვლილებებს მოიტანს და ვიზების გაცემის პროცესიც განახლდება.“

ასე რომ, ვიზების გაცემის პროცესის განახლება მხოლოდ შორეულ პერსპექტივად რჩება, მანამდე კი რუსეთში ძალაში შევიდა ცვლილებები „უცხოელი მოქალაქეების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში, რომლის მიხედვითაც, არალეგალური მიგრანტის დამსაქმებელი 800 ათასი რუბლით, ანუ დაახლოებით 30 ათასი დოლარით, დაჯარიმდება. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე ამბობს, რომ საიმიგრაციო პოლიტიკის ამგვარი გამკაცრება და მიგრანტებისთვის კვოტების დაწესება არ არის გამართლებული არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური თვალსაზრისით:
[რომან გოცირიძის ხმა] „როგორც კი დაიწყება კვოტირება და არ ექნებათ ადამიანებს ლეგალური მუშაობის საშუალება, მაშინვე ამოქმედდება თავდაცვის ინსტინქტი და ადამიანები დაიწყებენ არალეგალური დასაქმების ალტერნატიული გზების ძებნას. ეს ცუდია მიგრანტებისთვის, რომლებიც შეეცდებიან მოქალაქეობის მიღებას, დაკარგავენ სამშობლოს და ვერც მიმღები ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქეები გახდებიან. ფაქტობრივად, უბიძგებენ არალეგალურ დასაქმებას ან სხვადასხვა ფიქტიური გზით მოქალაქეობის მიღებას.“
არადა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებით რომ საქართველოს მოქალაქეებს არაფერი დაუშავდებათ, ამაში დარწმუნებულია გიორგი ხევიაშვილი, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი:
[გიორგი ხევიაშვილის ხმა] „თუ ვინმეს გადაწყვეტილი აქვს მიიღოს უცხო ქვეყნის მოაქალაქეობა, მნიშვნელობა არა აქვს რუსეთი იქნება ეს თუ სხვა ქვეყანა, ჩვენ ამ აქტისგან დამოუკიდებლად ვამარტივებთ ორმაგი მოქალაქეობის მიღების ფორმას. პრეზიდენტის ბრძანებულებით, შეგვიძლია ეთნიკურ ქართველებს მივცეთ საქართველოს მოქალაქეობა. ამიტომ ჩვენი მოქალაქეების დაკარგვის არანაირი საფრთხე არ არსებობს.“
რიგითი თბილისელებიც მიიჩნევენ, რომ რუსეთში საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას მიგრანტები ადვილად აუღებენ ალღოს, იქნება ეს ორმაგი მოქალაქეობის მიღება თუ სხვა სახელმწიფოში გადასვლა:
[მამაკაცის ხმა] „80 პროცენტი ისეთ სამუშაოს ასრულებს, სხვაგანაც რომ შეასრულებს. მე ასე მგონია.“

[ქალბატონის ხმა] „თუ საფრანგეთში მყოფებს ვაძლევთ ორმაგ მოქალაქეობას, რუსეთში მცხოვრებმა ქართველებმა რა დააშავეს? მივცეთ მათაც.“

[მამაკაცის ხმა] „ადრე თუ ვსაქმდებოდით რუსეთში, ახლა დავსაქმდეთ დასავლეთში და სხვა ქვეყნებში.“
თუმცა, ვიდრე ქართველები სხვა ქვეყნებში დასაქმდებიან, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოდან მიგრაციის დონე კვლავაც მაღალია და, როგორც წესი, ყველაზე ხშირად ქართველები სწორედ რომ რუსეთს მიაშურებენ. ამავე ანგარიშის თანახმად, საქართველოში ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მიგრაცია და ფულადი გადარიცხვები, რომელთა მოცულობა საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 5 პროცენტს შეადგენს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG