Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“რეპორტიორები უსაზღვრებოდ” წლიურ ანგარიშს აქვეყნებს


პრესის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უფლებების დამცველმა ერთ-ერთმა წამყვანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, “რეპორტიორები უსაზღვრებოდ”

1 თებერვალს გამოაქვეყნა წლიური ანგარიში, რომელიც ასახავს ვითარებას განვლილი წლის მანძილზე მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში. ამ ქვეყნებში არ შეუყვანიათ საქართველო - ორგანიზაცია “რეპორტიორები უსაზღვრებოდ” 3 მაისს, პრესის საერთაშორისო დღეს აპირებს გამოაქვეყნოს სრული ანგარიში, რომელშიც უკვე 150-ზე მეტ ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე იქნება ლაპარაკი. შესაბამისად, იმის გასაგებად, როგორ აფასებს ეს ავტორიტეტიანი ჯგუფი ვითარებას პრესის თავისუფლების მხრივ საქართველოში, კიდევ რამდენიმე თვე ლოდინი მოგვიწევს - დეტალებს ვგულისხმობთ, ზოგადი შეფასება კი 1 თებერვალს გამოშვებულ ანგარიშშიც არის გამოთქმული.

როგორ აფასებს ორგანიზაცია “რეპორტიორები უსაზღვრებოდ” ვითარებას საქართველოში, ადვილი ამოსაცნობია მსოფლიოს რუკაზე, რომელსაც ანგარიშის პირველივე გვერდზე იხილავთ (www.rsf.org).

ქვეყნები 5 კატეგორიად არის დაყოფილი, თითოეულ კატეგორიას თავისი ფერი აქვს მიჩენილი. საქართველოს მომწვანო ფერი ერგო - ისევე როგორც მეზობელ სომხეთს, თურქეთს, აგრეთვე უკრაინას, ინდოეთს, ბრაზილიას. მწვანედ მონიშნულია ქვეყნები, რომელთაც ორგანიზაციის “რეპორტიორები უსაზღვრებოდ” შეფასებით, “საგულისხმო პრობლემები” აქვთ პრესის თავისუფლების თვალსაზრისით. თუმცა, რუკას რომ შეხედავთ, თვალში გეცემათ, უწინარეს ყოვლისა, წითელი, რომელიც მსოფლიოს უდიდესი ქვეყნისთვის, რუსეთისთვის მიუჩენიათ.

წითელი მწვანეზე უარეს ვითარებას, ორგანიზაციის შეფასებით, “რთულ ვითარებას” ასახავს. წითლად არის მონიშნული აწზერბაიჯანიც. ყველაზე მკაცრი შეფასება კი შავი ფერით გამოუხატავთ: ბელორუსია, თურქმენეთი, ჩრდილოეთი კორეა, საუდის არაბეთი, ჩინეთი, კუბა მიეკუთვნებიან ამ კატეგორიის ჯგუფს.

დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის დასაწყისშივე, შესავალი სიტყვებით შეშფოთებაა გამოთქმული გასული წლის მანძილზე მოკლული ან დაპატიმრებული ჟურნალისტების, თუ მასმედიის მუშაკების სარეკორდო რაოდენობის გამო. 1994 წლის შემდეგ არ ყოფილა წელი, ამდენი, სულ ცოტა 110 ადამიანის სიცოცხლე რომ შეეწირა მასმედიის მუშაკების რიგებშიო, ნათქვამია ანგარიშში, რომელშიც არა მარტო რეპრესიულ რეჟიმებს გმობენ, არამედ აკრიტიკებენ დემოკრატიულ ქვეყნებსაც პასიურობის და არც თუ იშვიათად გამოვლენილი გულგრილობის გამო.

ამ პასიურობის, გულგრილობის, თუ შიშის მაგალითებს შორის მოყვანილია რეაქცია ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობაზე. “რეპორტიორები უსაზღვრებოდ” გვახსენებენ, რომ ევროპარლამენტი არ გამოსულა საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნის წინადადებით მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კომისიის შექმნას პოლიტკოვსკაიას მკვლელობის გამოსაძიებლად ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მოითხოვდა. “რეპორტიორები უსაზღვრებოდ” როგორც დაასკვნის, ევროკავშირმა ამჯობინა, არ გაენაწყენებინა რუსეთი - მნიშვნელოვანი პარტნიორი ენერგეტიკის სფეროში.

ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობას საუბარი შეეხო ინტერვიუშიც, რომელიც ჩვენს კოლეგას მისცა ორგანიზაციის “რეპორტიორები უსაზღვრებოდ” წარმომადგენელმა, ელზა ვიდალმა: [ვიდალის ხმა] “რუსეთსა და ბელორუსიაში საქმე გვაქვს ადმინისტრაციული და ფინანსური საშუალებებით მედიის კონტროლის გამკაცრებასთან. რასაკვირველია, უნდა ითქვას, რომ რუსეთში მკვეთრად იმატა ჟურნალისტებისადმი ძალადობამ, შარშან სამი მათგანი მოკლეს, მათ შორის ანა პოლიტკოვსკაია. მაგრამ რუსეთში ყველაზე მეტად ის გვაწუხებს, რომ ძალადობამ იმატა მთელს საზოგადოებაში - ეს არის ტენდენცია, რომელიც ჟურნალისტების უსაფრთხოებასაც აზარალებს.”

“რეპორტიორები უასზღვრებოდ” დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან მხოლოდ აზერბაიჯანში შექმნილ ვითარებაზე წერს და იქაური მედიისთვის “ძალიან მძიმე წელიწადზე” ამახვილებს ყურადღებას. რატომ?

[ვიდალის ხმა] “მთავარი პრობლემები (სამხრეთ კავკასიაში), ჩვენი შეფასებით, აზერბაიჯანში შეინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში ნამვდილი ეკონომიკური ბუმია, ვიცით, რომ ეს მძლავრი ეკონომიკური ზრდა არ მოქმედებს თავისუფალი პრესის სასარგებლოდ და რომ პრეზიდენტ ალიევს აქვს მიდრეკილება, გააჩუმოს ოპოზიცია და ამ ოპოზიციასთან დაკავშირებული პრესა. მაგრამ აზერბაიჯანში პირველ რიგში გვსურს აღვნიშნოთ, რომ იმატა გატაცებისა და აგრესიის შემთხვევებმა იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც უმეტესწილად კორუფციის შემთხვევებს იძიებენ”.

ისევე როგორც აზერბაიჯანი - სამხრეთ კავკასიაში, შუა აზიის შემთხვევაში განსაკუთრებულ შეშფოთებას, ელზა ვიდალის თქმით, თურქმენეთი იწვევს. ჩვენი რადიოსთვის ეს მართლაც განსაკუთრებით მტკივნეული საკითხია - 2006 წელს იქ, ციხეში, ჯერაც გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა ჩვენი თურქმენული სამსახურის კორესპონდენტი, ოგულსაფარ მურადოვა.
XS
SM
MD
LG