Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტის მოახლოებული ისტორიული ვიზიტი სპარსეთის ყურეში


სამიოდე დღეც და რუსეთის პრეზიდენტი იწყებს სპარსეთის ყურის ქვეყნებში ტურნეს, რომელსაც წინასწარვე უწოდებენ “ისტორიულს”.

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის სულ უფრო გაიაფება, იარაღით ვაჭრობა, ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესი, ტერორიზმი - ასეთია არასრული ჩამონათვალი იმ საკითხებისა, რომელთაც ვლადიმირ პუტინი განიხილავს სპარსეთის ყურის რეგიონში 11-13 თებერვალს მოგზაურობისას.

1985-86 წლებში მსოფლიო ბაზარზე მკვეთრად გაიაფდა ნავთობი - ამ, ცივი ომისდროინდელ მოვლენას, ალბათ ვერასდროს დაივიწყებენ კრემლში. ბარელი ბენზინის ფასი, რომელიც 1985 წლის მიწურულს 30 დოლარს აღწევდა, 1986 წლის შუა პერიოდში 10 დოლარამდე დაეცა, რაც მტკივნეული დარტყმა იყო საბჭოთა ეკონომიკისთვის და, ბევრი ექსპერტის შეფასებით, დააჩქარა საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესი. კიდევ ერთი შეფასება: რუსეთში დღემდე ბევრი ფიქრობს, რომ ნავთობის გაიაფება მაშინ აშშ-ს და საუდის არაბეთს შორის გარიგების შედეგი იყო.

ახლა, როცა ნავთობი ისევ იაფდება, აშშ-თან ურთიერთობაში კი ისევ სკეპტიციზმი ჭარბობს, ძნელი წარმოსადგენია, პრეზიდენტ პუტინს არ გაახსენდეს 1986 წლის მოვლენები საუდის არაბეთში, კატარსა და იორდანიაში მოახლოებული ვიზიტებისას.

20 წლის წინანდელი მოვლენები რომ ახსოვთ რუსეთში, ამ ვარაუდს გამოთქვამს მოსკოვში გამომავალი ჟურნალის “რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში” მთავარი რედაქტორი, ფიოდორ ლუკიანოვიც: [ლუკიანოვის ხმა] “შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსეთს ახსოვს ეს პრობლემა. და მიუხედავად იმისა, რომ ახლანდელი რუსეთი ძალიან განსხვავდება მაშინდელი საბჭოთა კავშირისაგან, ნავთობის ბაზარზე მოვლენების წინასწარ განსაზღვრის საკითხი ძალიან აღელვებს ჩვენს ეკონომიკასა და ჩვენს ხელმძღვანელობას. ვფიქრობ, ამ მხრივ საუდის არაბეთთან გარკვეული კომუნიკაციის დამყარება ძალიან მნიშვნელოვანია.”

მოსალოდნელია, რომ ვლადიმირ პუტინი სპარსეთის ყურეში ტურნეს მსვლელობაში შეეხება რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მთავარ საკითხებს - ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესს, კრიზისის ესკალაციას პალესტინელების ტერიტორიებზე და ლიბანში, მძიმე ვითარებას ერაყში. თუმცა პრიორიტეტი, ექსპერტების შეფასებით, მაინც ენერგეტიკის საკითხებს მიენიჭება.

ბრუკინგსის ინსტიტუტის ექსპერტი კლიფორდ გედი განმარტავს: [კლიფორდ გედის ხმა] “რუსეთის ეკონომიკა მართლაც დამოკიდებულია მსოფლიო ბაზარზე ნავთობისა და გაზის ფასებზე. და გაურკვევლობა, რომელმაც უდავოდ იჩინა თავი, დიდი კითხვის ნიშანია, დიდი დაბრკოლება რუსეთის პოლიტიკისთვის - როგორც საშინაო პოლიტიკისთვის (ლაპარაკია ჯანსაღ სახელმწიფოზე, საბიუჯეტო შემოსავლებსა და სხვა გეგმებზე, რომელთა განხორციელებაც მათ სურთ), ისე რასაკვირველია, საერთაშორისო სტატუსისთვისაც.”

პუტინის შეხვედრა საუდის არაბეთის მეფე აბდულასთან - მსოფლიოში ნავთობის ორი წამყვანი მწარმოებლის სამიტი იქნება. პუტინის შეხვედრა კატარის შეიხ ჰამად ხალიფა ალ-ტანისთან - გაზის მომპოვებელთა სამიტი. კატარი მთელს მსოფლიოში, მარტო რუსეთსა და ირანს ჩამოუვარდება ბუნებრივი აირის რეზერვების მოცულობით. საგულისხმოა, რომ ირანმა იანვარში წამოჭრა “გაზის კარტელის” შექმნის იდეა, რასაც მოსკოვმა ჯერ “საინტერესო” უწოდა, მოგვიანებით “არარეალისტური”. მაგრამ “გაზის კარტელის” იდეაზე კატარში, სავარაუდოდ, მაინც იმსჯელებენ.

ვარაუდობენ ასევე, რომ ვლადიმირ პუტინი საუდის არაბეთს შესთავაზებს რუსეთისაგან T-90C ტიპის ტანკების ყიდვას: ანუ შეეცდება ადგილის დამკვიდრებას იარაღის ბაზარზე, რომელზეც მრავალი წელია დომინირებს აშშ.

რა შედეგიც უნდა მოჰყვეს პრეზიდენტ პუტინის ამ მცდელობას, ან მის მოლაპარაკებას ენერგეტიკის საკითხებზე, თუ სამშვიდობო პროცესზე, მის მოახლოებულ ტურნეს, უწინარეს ყოვლისა სიმბოლური დატვირთვა აქვს: ისევ ფიოდორ ლუკიანოვის კომენტარი. [ლუკიანოვის ხმა] “დღეს რუსეთის დიპლომატიის მთავარი ამოცანა, რომლის რეალიზებაც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში და სხვადასხვა ვითარებაში ხდება, ეს არის იმის დემონსტრირება, რომ რუსეთი დაბრუნდა გლობალურ სარბიელზე, როგორც ზესახელმწიფო და საკვანძო მნიშვნელობის მოთამაშე”.
XS
SM
MD
LG