Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიჩარდ ჰოლბრუკი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ


რიჩარდ ჰოლბრუკი - გაეროში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, დეიტონის ხელშეკრულების არქიტექტორი -

დღემდე შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ექსპერტია. ამ დღეებში მას ჩვენი ნიუ იორკელი კორესპონდენტი, ნიკოლა კრასტევი შეხვდა. მათი საუბარი საქართველოსა და რუსეთს შეეხებოდა.
ბიძინა რამიშვილს მოუსმინეთ.

შეგახსენებ, რომ ნოემბრის ბოლოს გაზეთმა "ვაშინგტონ პოსტმა" გამოაქვეყნა ჰოლბრუკის სტატია სათაურით "დავითი და გოლიათი - პუტინი მეზობლის ჩამოგდებას ცდილობს." მეზობელში მიხეილ სააკაშვილი იგულისხმებოდა. სტატიაში საუბარი იყო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, კრემლის მცდელობაზე, ზეწოლა მოახდინოს საქართველოს ხელისუფლებაზე და საკუთარი გავლენა გაავრცელოს ამ რეგიონში.

ჩვენი კორესპონდენტის შეკითხვაზე, კვლავაც ასე ხედავს თუ არა იგი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს, ჰოლბრუკმა თქვა:

[ჰოლბრუკის ხმა] "იმედი მქონდა, რომ საქართველოში დაძაბულობა კლებულობდა და, აი, გასულ კვირაში ვერტმფრენების იერიშთან დაკავშირებული ინციდენტი იყო. არ ვიცი, რა ხდება. ამჟამად არა მაქვს კავშირის ხალხთან საქართველოში. მაგრამ იევ მაშფოთებს ვითარება, ვინაიდან დღემდე ხდება საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის შეფერხება. ეს კვლავ ჩვეულებრივ საზღვრად უნდა იქცეს."

ჰოლბრუკი არ მალავს საქართველოს ხელისუფლების, კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სიმპათიებს. მისი აზრით, დასავლეთმა სათანადო დახმარება უნდა გაუწიოს ამ ტიპის ლიდერებს.

[ჰოლბრუკის ხმა] "სააკაშვილის მიმართ ჩემი მხარდაჭერა ემყარება იმას, რასაც მან მიაღწია. არავინაა სრულყოფილი და, ცხადია, საქართველოსთან დაკავშირებითაც არსებობს პრობლემები. მაგრამ როცა მან თანამდებობა ჩაიბარა, ქვეყანა გაკოტრებული იყო. ელექტრომომარაგება არ მუშაობდა, ხალხი ყველაფერს იპარავდა, სახელმწიფო მოხელეებსაც კი ვერ უხდიდნენ ხელფასებს. ახლა კი ეკონომიკა იზრდება, ბიუჯეტი დაბალანსებულია, ეს წარმოუდგენელი მიღწევაა. ამას არაფერი აქვს საერთო იმ ფაქტთან, რომ მას ამერიკაში აქვს განათლება მიღებული."

ჰოლბრუკის აზრით, გაერო საკმარის ყურადღებას არ უთმობს საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს, ვინაიდან რუსეთს, რომელიც დიდი გავლენით სარგებლობს ამ ორგანიზაციაში, არ სურს, რომ ეს საკითხი გაეროში განიხილებოდეს.

უკანასკნელი წლების მანძილზე არაერთხელ გამოთქმულა ვარაუდები, რომ რუსეთთან ურთიერთობებში ვაშინგტონი საქართველოს საკითხში დაუთმობს რუსეთს მისგან სანაცვლო მხარდაჭერის მოსაპოვებლად სხვა საკითხებში, როგორებიცაა ენერგორესურსები, ირანი, ჩრდილო კორეა.

ამ საფრთხეზე თავად რიჩარდ ჰოლბრუკიც მიუთითებდა ზემოხსენებულ სტატიაში. "ევროპამ და ამერიკამ საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა უნდა განიხილონ, როგორც გამოცდა დასავლეთის ურთიერთობისა რუსეთთან. პუტინი უნდა დარწმუნდეს, რომ დასავლეთი არ დათმობს ამ პატარა ქვეყნის ინტერესებს, არ შესწირავს საქართველოს რუსეთის ენერგომატარებლების ინტერესს ან რუსეთის ხმებს გაეროში," წერდა რიჩარდ ჰოლბრუკი ნოემბერში.

ჩვენი რადიოსთვის მოცემულ ინტერვიუში მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ დასავლეთმა და, კერძოდ, შეერთებულმა შტატებმა მეტი უნდა გააკეთოს საქართველოს მხარდასაჭერად.

[ჰოლბრუკის ხმა] "მე არ მგონია, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა გააკეთოს ან გააკეთებს დათმობებს საქართველოსთან დაკავშირებით. მე უთუოდ ამის წინააღმდეგი ვიქნებოდი. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას დიდი მნიშვნელობა აქვს. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უკანონო სეპარატისტული რეჟიმების მხარდაჭერა, და საქართველოს დამოუკიდებლად განვითარების უფლება უნდა მიეცეს."

საუბრის დასასრულს ჰოლბრუკი შეეხო კოსოვოს საკითხსაც, რომელიც ირიბად შეიძლება დაკავშირებული აღმოჩნდეს საქართველოსთანაც.

მისი თქმით, კოსოვოსთვის დამოუკიდებლობის მინიჭების საკითხშიც რუსეთს ერთობ არაკონსტრუქციული პოზიცია უკავია. თუკი ასე გაგრძელდება, კოსოვოში ძალადობას ექნება ადგილი, რაც ლოგიკური შედეგი იქნება რუსეთის მოქმედებისაო, დაასკვნის რიჩარდ ჰოლბრუკი ჩვენი რადიოსთვის მოცემულ ინტერვიში.

XS
SM
MD
LG