Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია ქვეყნის მართლმსაჯულებაში ღრმა კრიზისის ნიშნებს ხედავს


არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ „დემოკრატიული საქართველოსათვის“ დღეს თავისი მორიგი საჯარო შეკრება გამართა და საზოგადოებას მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ დარღვევებზე რეაგირებისაკენ მოუწოდა.

მოსამართლეებს დამოუკიდებლობა კანონისგან დამოუკიდებლობად ესმით – ამ მთავარი მესიჯით კოალიციის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები უკანასკნელ ხანს მიღებულ გახმაურებულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გამოეხმაურნენ. მათ შორისაა თანასწორობის ინსტიტუტის წევრის ჯაბა ჯიშკარიანისა და 15 წლის გიორგი ზერეკიძისთვის შეფარდებული განაჩენები.

სამოქალაქო საზოგადოების კოალიცია, სახელწოდებით
„დემოკრატიული საქართველოსთვის“ , 200-ზე მეტ ორგანიზაციას აერთიანებს, მის წევრობაზე განაცხადი კი, მთლიანობაში, 400-მდე ორგანიზაციას აქვს გაკეთებული. როგორც წესი, ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში არსებულ დარღვევებზე ინფორმაციას, ძირითადად, ამ კოალიციის წევრებისგან ღებულობენ ხოლმე. ერთ-ერთ ასეთ მიმართვას არასრულწლოვანი პატიმრის, გიორგი ზერეკიძის, საქმეზე „ახალგაზრდული ალტერნატივა“ ბავშვთა უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების სახელზე ამზადებს. მიმართვაში გამოთქმულია აზრი, რომ არასწრულწლოვანისთვის თავისუფლების შვიდი წლით აღკვეთის კონკრეტული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ინტეგრაციას ერთიან ევროპულ სივრცეში, რადგან არც ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში იდენტურ სიტუაციაში სასამართლოს მიერ მსგავსი განაჩენი არ იქნებოდა გამოტანილი.მიმართვა ხელმოწერებისთვის მზადაა. კოალიციის წევრთა საჯარო პათოსი კი ამჯერად მხოლოდ გიორგი ზერეკიძის საქმის ძიების დეტალებით არ შემოიფარგლება და ზოგადად სასამართლო სისტემაში შექმნილ ხარვეზებზე ვრცელდება.

[ლაშა ჩხარტიშვილის ხმა]“ჩვენ აქ შევიკრიბეთ დღეს იმისათვის, რომ ვისაუბროთ იმ საგანგაშო სიტუაციაზე, რომელიც შექმნილია დღეს საქართველოში, რაც გამოიხატება იმაში, რომ ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. შესაბამისად, სამართლის პოვნა უჭირთ ადამიანებს. ამის გამო ზარალდებიან უდანაშაულო ან ნაკლებად დამნაშავე ადამიანები. ვხედავთ, რომ არაადეკვატური სასჯელების გამოყენება ხდება. გარდა ამისა, აშკარად სახეზეა დევნა თავისუფალი აზრისა, მასმედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა. ეს ყველაფერი მოითხოვს სასწრაფო რეაგირებას სამოქალაქო საზოგადოებისაგან.“ (სტილი დაცულია)

სამოქალაქო საზოგადოების რეაგირების ძირითადი საშუალება, თანასწორობის ინსტიტუტის წევრის ლაშა ჩხარტიშვილის შეფასებით, მხილება და საზოგადოების აქტიურობისა და სიფხიზლისკენ მოწოდებაა. მხილების იარაღად არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ უახლოეს ხანში წიგნსაც გამოიყენებს. წიგნის პრეზენტაცია 2 კვირაშია დაგეგმილი.

[ნანა კაკაბაძის ხმა]“ ვაჩვენებთ, თუ როგორი სახის გადაწყვეტილებებს ღებულობენ სასამართლოები, უკვე დოკუმენტურად. ეს აღარ იქნება მხოლოდ საუბარი, ეს იქნება მათივე განაჩენები, მათივე გადაწყვეტილებები, რომლებიც იქნება გამოტანილი სააშკარაოზე. იქ არის 10-ზე მეტი სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც არის როგორც საერთაშორისო დონეზე საინტერესო, ისე ადგილობრივ დონეზე.“(სტილი დაცულია)

ნანა კაკაბაძე მართლმსაჯულების კრიზისის გამოხატულებად მიიჩნევს პატიმრობაში მყოფი გიორგი ზერეკიძის მხარდამჭერი მოსწავლეების აქციასაც, რომელიც უკვე სამი დღეა გრძელდება. მისი კოლეგები კი, კერძოდ, კონსტიტუციის 42–ე მუხლის თავმჯდომარე მანანა კობახიძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაც კი ფორმალურ ჩარჩოებში თავსდება. მანანა კობახიძე გულისხმობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208–ე მუხლს, რომელიც მოსამართლეს უფლებას აძლევს წესრიგის დარღვევისთვის პირის დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანოს. საკონსტიტუციო სასამართლომ ასეთ პირს გასაჩივრების უფლება გასული წლის დეკემბერში დაუკანონა.

[მანანა კობახიძის ხმა]“ დღეს ჯაბა ჯიშკარიანი არის დაკავებული სწორედ 208–ე მუხლით და მისი უფლება, გამოეყენებინა მის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება, აღმოჩნდა აბსოლუტურად მოჩვენებითი, აბსოლუტურად ფორმალური და ილუზორული, ისევე როგორც სხვა ყველა ის გარანტიები, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დღეს დაცულია ბრალდებულისა თუ, საერთოდ, დაცვის მხარისათვის. ჩვენ თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მართლმსაჯულებაში დღეს არის საკმაოდ სერიოზული კრიზისი.“(სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG