Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურული ქრონიკა


კვირის დასაწყისში თბილისში ხმა გავრცელდა,

20 ოქტომბერს, გოეთეს ინსტუტი, ჰაინრხ ბიოლის ფონდთან ერთად, ანა პოლიტკოვსკაიას წიგნის მხატვრული კითხვის საღამოს აწყობსო. მედიაორგანიზაციებს, არასამთავრობო სექტორს დაეგზავნა პრეს-რელიზი, რომლითაც შევიტყვეთ, რომ ასეთი საღამო, ბერლინის პეტერ ვაისის ხელოვნებისა და პოლიტიკის ფონდის ინიციატივით, მთელ მსოფლიოში ეწყობა. ”სიცრუის დღედ” წოდებულ ამ აქციას 20 მარტს რადიო “თავისუფლებაც” გამოეხმაურა - სამშაბათს ჩვენს ეთერში ანა პოლიტკოვსკაიას წიგნის ნაწყვეტები წავიკითხეთ.

თუმცა გოეთეს ინსტიტუტში ჩატარებულ აქციას ”მხატვრული კითხვის საღამოს” ნამდვილად ვერ უწოდებ. ორგანიზატორებმა პოლიტკოვსკაიას წიგნის ნაწყვეტები წააკითხეს არა არტისტებს, არამედ იმ ხალხს, ვისი მოღვაწეობაც ქართულ მედიას უკავშირდება - თბილისელმა ჟურნალისტმა ოლღა სკვორცოვამ პოლიტკოვსკაიას ”ჩეჩნური დღიურები” რუსულად წაიკითხა, ჟურნალ ”ცხელი შოკოლადის” ერთ-ერთმა ავტორმა, მწერალმა ანა კორძაია-სამადაშვილმა, - ქართულად...და ეს, ცხადია, არ იყო მხატვრული კითხვა.

[ანა კორძაია-სამადაშვილის ხმა] ”ვინ ვარ და რატომ ვწერ ჩეჩნეთის შესახებ? ჟურნალისტი ვარ, ”ნოვია გაზეტას” კორესპონდენტად ვმუშაობ და ესაა ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ ომი ვნახე, მის გასაშუქებლად გამგზავნეს...არა იმიტომ, რომ სამხედრო კორესპონდენტი ვარ და ამ საკითხში კარგად ვერკვევი. პირიქით, იმიტომ რომ სავსებით სამოქალაქო პირი ვარ და ჩემთვის, როგორც სავსებით სამოქალაქო პირისთვის, ბევრად უფრო გასაგებია სხვა სავსებით სამოქალაქო პირის განცდები, იმათი განცდები, ვისაც ომი დაატყდა თავს. ესაა და ეს.”

ანა კორძაია-სამადაშვილმა თავად თარგმნა პოლიტკოვსკაიას წიგნის რამდენიმე თავი. მთარგმნელი კი, ალბათ, ყველა დიდ მსახიობზე უკეთ გრძნობს ტექსტის ავტორის ხასიათს. ქართველმა მწერალმა ჟურნალისტი, რომელიც სამართლიანობისთვის ბრძოლას შეეწირა, რომელიც, როგორც პოლიტკოვსკაიას კოლეგები, ახლობლები ამბობენ, ფიზიოლოგიურად ვერ იტანდა სიცრუეს, წარმოგვიდგინა როგორც ძალიან თავმდაბალი, სადა ადამიანი...ტრაგედიის წაკითხვამ გადაჭარბებული ემოციებისა და პათეტიკის გარეშე კიდევ უფრო მეტად შეძრა მსმენელი... დეკლამაციის ასეთი ფორმა კი თავად პროექტის არსს გამოხატავდა - სიყალბე და ტყუილი 21-ე საუკუნეში საზოგადოების მართვის ძლევამოსილ იარაღად იქცა, ამიტომ ანა პოლიტკოვსკაიას ცხოვრება მაგალითი უნდა იყოს ჟურნალისტებისთვის.

[ანა კორძაია-სამადაშვილის ხმა] ”სურათი პირველი - დენით წამება. როზიტა ტუჩებს ძლივს ამოძრავებს, თვალები გაჩერებული აქვს და სადღაც სიღრმეში იყურება. როზიტას სიარული უჭირს. ერთი თვის წინ მას ”საფილტრაციო ბანაკის” გავლა მოუწია იმის გამო, რომ ბოევიკები შეიფარა. სწორედ ამას უყვიროდნენ სამხედროები... ხელს გკრავდნენ, გცემდნენ? კი, როგორც ჩვენთან ხდება ხოლმე... როზიტა 12 დღე-ღამის განმავლობაში მიწაზე მოკრუნჩხული იჯდა...”

პეტერ ვაისის ფონდის მესვეურები შეგვახსენებენ, რომ მსოფლიოში ჯერ კიდევ არსებობენ ძალები, რომელთაც შესწევთ უნარი სიცრუეს დაუპირისპირდნენ. თუმცა მოხსენებაში ”ობიექტური და სუბიექტური მოვლენები ქართულ მედიაში”, რომელიც ანა პოლიტკოვსკაიას ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე ნინია კაკაბაძემ წაიკითხა, გაცილებით უფრო პესიმისტური სურათი დაიხატა.

[ნინია კაკაბაძის ხმა] ”როდესაც ინდივიდზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ ისეთ ადამიანს, როგორიც პოლიტკოვსკაია იყო. მაგრამ მინდა ვირწმუნო, რომ პოლიტკოვსკაია მცირერიცხოვანი, მაგრამ ჯანსაღი საზოგადოების ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო - საზოგადოების, რომლის მსგავსი დღეს საქართველოში არ არსებობს, დანამდვილებით არ ვიცი, არსებობს თუ არა რუსეთში.”

ასე გადაიქცა ”მხატვრული კითხვის საღამო” დისკუსიად დღევანდელ ქართულ მედიაზე, უფრო სწორად, მედიის კულტურაზე. 20 ოქტომბერს გოეთეს ინსტიტუტში, საუბრობდნენ არა მარტო იმაზე, თუ რა გააკეთა ანა პოლიტკოვსკაიამ, არამედ იმაზეც - რატომ არ გვყავს ჩვენ ანა პოლიტკოვსკაიას მსგავსი ჟურნალისტები... და თუ გვყავს, ვინ უშლის მათ ხელს დღევანდელ საქართველოში.

[ნინია კაკაბაძის ხმა] “არავინ ცდილობს ქვეყანაში, სადაც ორი კონფლიქტური ზონა გვაქვს და, როგორც ხელისუფლება ამბობს, მის მოგვარებას მხოლოდ მშვიდობიანი გზით აპირებს, არავინ ცდილობს აგვიხსნას, რა შედეგს მოიტანს ის მილიტარისტული პროპაგანდა, რომელიც ხელისუფლების დაკვეთით და მედიის გზით ხორციელდება...”

ნინია კაკაბაძის ეს განცხადება გოეთეს ინსტიტუტში ჩატარებული საღამოს სულისკვეთებას გამოხატავდა. დიახ, ანა პოლიტკოვსკაია, პირველ რიგში, ძალადობასა და ომს ებრძოდა და მხოლოდ შემდეგ - კონკრეტულ პოლიტიკოსებს. მასის ფსიქოლოგია კი, განსაკუთრებით პოსტკომუნისტურ სამყაროში, ჯერ კიდევ ვერ თავისუფლდება ძალადობის ვნებისგან. ნინია კაკაბაძის თქმით, დღევანდელი ქართული მედია შეიძლება მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელია ხელისუფლებისგან, მაგრამ არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმა უჭირს, კერძოდ, მაქსიმალურად ერიდება საზოგადოებაში დამკვიდრებული აგრესიული იმპულსების ანალიზს, იმას, რასაც ანა პოლიტკოვსკაია აკეთებდა და რასაც შეეწირა კიდეც:

[ნინია კაკაბაძის ხმა] ”კონფლიქტურ ზონებზე საუბრისას რა შეუძლია გააკეთოს მედიამ? თუკი მას არა აქვს საკუთარი მოსაზრების გამოთქმის უფლება, ერთადერთი იარაღია სწორად დასმული კითხვა და სათანადოდ შერჩეული რესპონდენტი, მაგრამ ეგრეთ წოდებული მოწინააღმდეგის (ე.ი. აფხაზებისა და ოსების) უფლებების დაცვა აგრესიულ ქართულ საზოგადოებაში იმდენად არაპოპულარულია, რომ ამ რისკზე ვერ ან არ მიდის მედია.”

ანა პოლიტკოვსკაია თავის უკანასკნელ წიგნს ამთავრებს მიმართვით, რომლის ადრესატი არა ხელისუფლება, არამედ ხალხია. ”თქვენ სულ იმეორებთ ”ელ ქაიდა”, ”ელ ქაიდა”... ძალიან მარტივია პასუხისმგებლობა ყოველი ახალი სისხლიანი ტრაგედიის გამო სხვას გადააბრალო. ძალიან მარტივია ამგვარად მიაძინო საზოგადოების ცნობიერება, რომელიც ისედაც ოცნებობს, რომ იყოს მიძინებული.” ამ მოსაზრების ერთგვარი გაგრძელება იყო ნინია კაკაბაძის მოხსენება, რომელიც ქართველმა ჟურნალისტმა ამ კვირაში წაიკითხა გოეთეს ინსტიტუტში გამართულ ანა პოლიტკოვსკაიას ხსოვნის საღამოზე.

[ნინია კაკაბაძის ხმა] ”მაშინ როდესაც ჩვენ ამ კონფლიქტებზე ვსაუბრობთ, მედიაში ჯერ არ ყოფილა შემთხვევა გამოვიკვლიოთ ჩვენი ახლო წარსული, ისტორია. სინამდვილეში, ზედაპირული ინფორმაციის გარდა, საქართველოს მოსახლეობამ არ იცის, რა იყო წლების წინ ამ კონფლიქტების მაპროვოცირებელი. არ იცის, რომ სწორედ ისეთი დამოკიდებულება, რომელიც დღეს არსებობს აფხაზეთის მოსახლეობისა თუ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის მიმართ, შესაძლებელია, ერთ-ერთი მიზეზი ყოფილიყო ამ კონფლიქტებისა.”
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG