Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირული პროგრამა ''ალგორითმი''


სენეგალში მომუშავე მეცნიერებმა მოულოდნელი აღმოჩენა გააკეთეს.

დადგინდა, რომ შიმპანზეები ნადირობისთვის იყენებენ თვითნაკეთ იარაღს. ამ აღმოჩენამ თავდაყირა დააყენა ჩვენი წარმოდგენები არა მხოლოდ შიმპანზეების, არამედ, შესაძლოა, ადამიანის, კერძოდ, ჩვენი წინაპარი ქალების შესახებაც.
აქამდე ცნობილი იყო, რომ შიმპანზეებს შეუძლიათ ტოტის მეშვეობით ტერმიტების დაჭერა. მაგრამ აქამდე არავინ გამხდარა იმის მოწმე, რომ მაიმუნები უფრო კომპლექსური ამოცანისთვის, სხვა ცხოველებზე სანადიროდ იყენებდნენ იარაღს. მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ იარაღით ხორცის მოპოვება ადამიანის ექსკლუზიური პრეროგატივა იყო.
[პრიცის ხმა] "როცა ხერხმლიანებზე ან ძუძუმწოვრებზე ნადირობაზე ვსაუბრობთ, ჩვეულებრივ მიგვაჩნია, რომ ადამიანია ერთადერთი სახეობა, რომელიც ამას აკეთებს."
ეს გახლავთ ჯილ პრიცი, ანთროპოლოგიის პროფესორი აიოვის უნივერსიტეტიდან. ის და მისი ჯგუფი ოთხი წლის მანძილზე სწავლობდნენ შიმპანზეების ქცევას სენეგალში. ძალზე დიდი დრო დასჭირდა იმას, რომ შიმპანზეების ადამიანებს მიჩვეოდნენ და ბუნებრივად ქცევა დაეწყოთ.
მაგრამ ლოდინმა გაამართლა. პრიცის ჯგუფი მოწმე გახდა მანამდე გაუგონარი რამისა. მათ ნახეს, როგორ ნადირობდნენ შიმპანზები წამახული ტოტებით გალაგოსზე, ასევე პრიმატზე, რომელიც ხის ფუღუროში ბინადრობს. ერთ შემთხვევაში მეცნიერებმა ისიც კი შენიშნეს, რომ შიმპანზე იარაღს შამფურივით თუ ჩანგალივით ხმარობდა.
მაგრამ მეცნიერები გააკვირვა არა მარტო იარაღის ოსტატურად ხმარებამ, არამედ იმანაც, რომ უმეტეს შემთხვევებში მონადირეები მდედრები იყვნენ. აქამდე მეცნიერებაში გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ ნადირობა ძირითადად მამარი შიმპანზეების საქმეა.
მაგრამ, როგორც ჯილ პრიცი ამბობს, მდედრ შიმპანზეებს უფრო ეხერხებათ იარაღის ხმარება.
[პრიცის ხმა] "საზოგადოდ მდედრი შიმპანზეები უფრო დახელოვნებული არიან იარაღის ხმარებაში. ისინი იძულებული არიან, თავი გაართვან იმ ფაქტს, რომ მამრები მათზე უფრო ძლიერები და უფრო დიდები არიან. ამიტომ მდედრებმა რესურსების მოპოვების პრობლემა განსხვავებულად უნდა გადაჭრან. როგორც ჩანს, იარაღის გამოყენებაა საამისო საშუალება."

მაგრამ როგორ ისწავლეს მაიმუნებმა იარაღით ნადირობა? პრიცს არა აქვს ამის ზუსტი ახსნა, მაგრამ იგი დარწმუნებულია, რომ შიმპანზეები ადამიანებს არ ბაძავდნენ. როგორც წესი, ისინი ადამიანს გაურბიან და მასთან ახლოს იშვიათად იმყოფებიან. პრიცი ვარაუდობს, რომ იარაღის დამზადება და მოხმარება აუცილებლობით გამოწვეული ინოვაციაა. მდედრი შიმპანზეები უბრალოდ შიმშილმა მიიყვანა ამ აღმოჩენამდე.
პრიცი და მისი კოლეგები ფიქრობენ, რომ შიმპანზეების შესახებ ამ ახალმა აღმოჩენა შეიძლება დაგვეხმაროს პირველყოფილი ადამიანის, კერძოდ, ქალის ბუნების უკეთ გაგებაში.
[პრიცის ხმა] "მე ქალი პრიმატოლოგი გახლავართ. ამიტომ შეიძლება სხვებზე უფრო მეტად მაღელვებს ის ფაქტი, რომ ეს საქციელი ზრდასრულ მამრებს არ ახასიათებთ. მაგრამ მე ვფიქრობ, ეს ზურგს უმაგრებს 70-იან წლებში წამოყენებულ ჰიპოთეზებს იმის შესახებ, რომ ქალები იყვნენ იარაღის პირველი მომხმარებლები."


რატომ არის შაბათ-კვირას გულის შეტევა განსაკუთრებით სახიფათო

ჩვენი შემდეგი თემა მედიცინა გახლავთ. გესაუბრებით ერთ გამოკვლევაზე, რომლის შედეგები ახლახან გამოქვეყნდა ამერიკაში, ჟურნალ “ნიუ ინგლენდ ჯოურნალ ოვ მედისინ”-ში. გამოკვლევა მოწმობს, რომ გულის შეტევისას გართულების რისკი კვირის ბოლოს უფრო მაღალია, ვიდრე სამუშაო დღეებში.
როგორც ამერიკელმა მედიკოსებმა დაადგინეს, ერთი მესამედით ნაკლები ანგიოპლასტიკა უტარდებათ გულით დაავადებულ პაციენტებს, რომლებსაც საავადმყოფოში კვირის ბოლოს ათავსებენ.
ანგიოპლასტიკა, ანუ სისხლძარღვების პლასტიკა, არის სამედიცინო პროცედურა, რომლის დროსაც ბუშტს გამოიყენებენ გულის ვიწრო ან დახშული სისხლძალღვების გასახსნელად. ეს პროცედურა პაციენტთა დაახლოებით 90 პროცენტის შემთხვევაში საგრძნობლად აუმჯობესებს კორონარულ არტერიასა და გულში სისხლის მიმოქცევას. ამ პროცედურის მეშვეობით ხშირად შესაძლო ხდება ხოლმე კორონარული არტერიის ბაიპასის ოპერაციის თავიდან აცილება.
თავისთავად ანგიოპლასტიკა არ აის განსაკუთრებით რთული პროცედურა. მაგრამ მას მხოლოდ სპეციალისტები ატარებენ. სპეციალისტები კი, როგორც წესი, შაბათ-კვირას ისვენებენ ხოლმე.
“ნიუ ინგლენდ ჯოურნალ ოვ მედისინ”-ში გამოქვეყნებული სტატიის ავტროებმა უზარმაზარი მოცულობის მასალა დაამუშავეს. ისინი ოთხი წლის მანძილზე სწავლობდნენ 200 ათასზე მეტი პაციენტის ავადმყოფობის ისტორიებს ნიუ ჯერსის შტატში.
სპეციალისტები ფიქრობენ, რომ გამოკვლევის შედეგები გამოსადეგია მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის საავადმყოფოებისთვის, სადაც სამედიცინო პერსონალის რაოდენოა მცირდება ხოლმე კვირის რომელიმე პერიოდში ან ღამის საათებში.
თომას ლი არაკომერციული სამედიცინო ორგანიზაციის, "პარტნერს ჰელს კეარ სისტემის" დირექტორი და “ნიუ ინგლენდ ჯოურნალ ოვ მედისინ”- ის რედაქტორი გახლავთ.
[ლის ხმა] “ვისაც ავადმყოფისთვის მოუვლია, იცის, რომ ეს ერთნაირად არ ხდება კვირის ნებისმიერ დღესა და ნებისმიერ დროს. ავადმყოფზე ზრუნვა ყველაზე უკვეთ სამუშაო დღეებში ხდება. ღამით ნაკლები პერსონალია ადგილზე, თანაც ამ ადამიანებს პაციენტები არ იცნობენ. იგივე ვითარებაა კვირის ბოლოს.”
ლის თქმით, გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს იმას, თუ როდის, კვირის და დღის რა დროს, უტარდება ავადმყოფს სამედიცინო პროცედურა.
[ლის ხმა] “ხშირ შემთხვევაში არა აქვს მნიშვნელობა, თუ დაიცდით და პროცედურას ორშაბათს ჩაატარებთ. მაგრამ მიოკარდიული ინფარქტი არის დიაგნოზი, რომლის დროსაც ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.”
ბატონ ლის არ მოეპოება იმის იოლი რეცეპტი, თუ როგორ შეიძლება ახლადმიღებული ავადმყოფების მომსახურების უზრუნველყობა დღე-ღამის ნებისმიერ დროს.
ისეთი პერსონალის ყოლა, რომელიც მთელი დღე-ღამის მანძილზე მზად არის, ინვაზიური პროცედურა ჩაუტაროს პაციენტს, ძალზე ძვირია და ეს სამედიცინო დაზღვევის ფასს მეტად გაზრდიდა.
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ეს საერთო შეუძლებელია საჭირო კვალიფიკაციის მქონე სპეციალსტთა დეფიციტის გამო.
ამავე დროს, ლის თქმით, შორეული პერსპექტივით საქმეს ვერ უშველის გულის სპეციალისტთა დარწმუნება, რომ პაციენტების მიმართ მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და საჭიროების შემთხვევაში შაბათ-კვირასაც იმუშაონ.
ლი დარწმუნებულია, რომ საჭიროა არა იმდენად ცალკეული ექიმების სინდისსა თუ პასუხისმგებლობაზე აპელირება არამედ სისტემური ცვლილებების გატარება.
სანამ ეს მოხდებოდეს, ისღა დაგვრჩენია გირჩიოთ: ეცადეთ, უქმე დღეს ნუ გახდებით ავად.
XS
SM
MD
LG