Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიდგას თუ არა მედეას ახალი ძეგლი


დაიდგას თუ არა მედეას ახალი ძეგლი

საქართველოში?, ”რატომ ბათუმში და არა ფოთში?”, ”რატომ უნდა დაუდგათ ძეგლი შვილების მკვლელ დედას?” და, ბოლოს, ”მოგწონთ თუ არა მედეა, როგორც პიროვნება?”

შეიძლება ჩვენი რადიომსმენელის უმრავლესობას ეს კითხვები აბსურდულად მოეჩვენოს, გაეღიმოს ან გაიფიქროს, რა დროს მედეას ძეგლია, ქვეყანაში უამრავი პრობლემაა მოსგვარებელიო, მაგრამ ფაქტია - თითქმის ერთი თვეა უკვე, ქართული მედია მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს მედეას... ”მედია” და ”მედეა” არ არის სიტყვების უბრალო თამაში. პროფესორი ქეთევან ნადარეიშვილი, რომელიც დიდი ხანია იკვლევს ქალების სახეებს ანტიკურ ლიტერატურაში, ჩვენთან საუბარში იხსენებს მედეას მითის ინტერპრეტაციას მე-19 საუკუნის მიწურულის ქართულ ლიტერატურაში. ინტერპრეტაციის ავტორი აკაკი წერეთელი იყო.

[ქეთევან ნადარეიშვილის ხმა] ” აკაკი წერეთელს გადაწყვეტილი ჰქონდა დაეწერა ტრილოგია, მაგრამ დაწერა მხოლოდ მისი პირველი ნაწილი, რომელსაც ”მედია” ერქვა - ანუ ”მე ვარ ქალი”... მითი აქ შეიცვალა. მედეა არ კლავდა შვილებს, არ კლავდა ძმას, ერთადერთი მისი დანაშაული ის იყო, რომ მიჰყვებოდა უცხოელს ცოლად და ტოვებდა სამშობლოს, არ ეხმარებოდა იასონს საწმისის მოპოვებაში. - ამგვარად, ტრაგიზმი ამ სახეს დაკარგული ჰქონდა. აკაკი აპირებდა ქართველი ქალის სახის რეაბილიტაციას.”

მედეას მაგალითზე ქართველი ქალის სახის რეაბილიტაციის პროცესი საქართველოში დაიწყო და, როგორც ჩანს, დღემდე გრძელდება. ქართული მედია მყისვე გამოეხმაურა ბათუმში ანტიკური ტრაგედიის გმირის ძეგლის დადგმის იდეას. დისკუსია, რომელიც პრესაში გაიმართა, ძალიან ჰგავდა გასული საუკუნის 60-იან წლებში ჩატარებულ ”მრგვალ მაგიდებს”, საერთო ”სათაურით” – ”გვესაუბრებიან მწერლები”. იმხანად რეჟისორმა არჩილ ჩხარტიშვილმა, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც წინააღმდეგობა გაუწია საბჭოთა იდეოლოგებს და ქართულ სცენაზე ანტიკური ტრაგედიის დამკვიდრებას შეეცადა, მარჯანიშვილის თეატრში ევრიპიდეს ”მედეას” დადგმა გადაწყვიტა.

[ქეთევან ნადარეიშვილის ხმა] ”შესთავაზა ვერიკო ანჯაფარიძეს თამაში, მაგრამ ვერიკო კარგახანს ყოყმანობდა. პირველად უარიც კი უთხრა - თქვა, რომ ძალიან ხიბლავს ბერძნული ტრაგედია, მაგრამ მიძნელდება შვილების მკვლელის დედის თამაშიო. სპექტაკლის დადგმა მედეას გარეშე დაიწყო და მხოლოდ რამდენიმე ხნის შემდეგ ჩაერთო ვერიკო ანჯაფარიძე.”

ვერიკო ანჯაფარიძეზე, როგორც ჩანს, პრესაში დაწყებულმა კამპანიამ იმოქმედა. ქეთევან ნადარეიშვილის თქმით, იმხანად ანტიკური ეპოქის სპეციალისტებს, ქართველ მეცნიერებს პირდაპირ ცეკადან მოუწოდებდნენ რამენაირად ”ამოეძირკვათ” ევრიპიდეს ნაწარმოები... იმ მოტივით, რომ ქართველი დედა არ შეიძლებოდა თავისი შვილების მკვლელი ყოფილიყო. ბოლოს და ბოლოს, დისკუსიაში თავად არჩილ ჩხარტიშვილი ჩაერთო:

[ქეთევან ნადარეიშვილის ხმა] ”ჩხარტიშვილი ამბობდა: ხალხო რა მოგვივიდათ, მთელი მსოფლიო დგამს მედეას, ჩვენ კიდევ რაღაც მოვიძულეთ....რომელ ისტორიულ გმირზეა ლაპარაკი...მე ვკითხულობ ახლა წიგნებს და წერია, რომ მედეა ცხოვრობდა მე-14 საუკუნეში. მითოლოგიური პერსონაჟია. შეიძლება ილაპარაკო იმაზე, რომ ეს მითი ტროას ომამდე შეიძლებოდა წარმოშობილიყო, მაგრამ ”ცხოვრობდას” დაწერა უცნაურია.”(სტილი დაცულია)

”ცხოვრობდაო” - სრული სერიოზულობით მსჯელობდნენ ევრიპიდეს ნაწარმოების პერსონაჟზე. მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში თითქოს აღდგა ანტიკური ეპოქა, ის დრო, როცა ბერძნებს სწამდათ - მათი მითების პერსონაჟები რეალურად არსებობდნენ. ქეთევან ნადარეიშვილის თქმით, არქაული ცნობიერების დამკვიდრებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საბჭოთა იდეოლოგიამ, რომელიც ლიტერატურასა და ხელოვნებას, როგორც წესი, მხოლოდ და მხოლოდ ეგრეთ წოდებულ ”აღმზრდელობით როლს” ანიჭებდა - რა აზრი აქვს ლიტერატურას, თუკი მისმა პერსონაჟებმა მკითხველს მიბაძვის სურვილი არ გაუღვიძა... და აბა, როგორ შეიძლება მიბაძო შვილების მკვლელ დედას?

[ქეთევან ნადარეიშვილის ხმა] ”საბჭოთა იდეოლოგია არ სწყალობდა ანტიკურ მითს, რადგან ერთმნიშვნელოვნად მიაჩნდა, რომ ეს იყო ბედისწერაზე აგებული თეატრი, რომელშიც ადამიანის ნება განსაზღვრული არ ყოფილა... გერმანული განმანათლებლებისგან მოდის ეს აზრი, რომელსაც თანამედროვე მეცნიერები არ ეთანხმებიან.”(სტილი დაცულია)

[მუსიკა. კერუბინი]

ეს დასავლურ კულტურაში შექმნილი დიდებული მუსიკაა - კერუბინის მედეა, რომელსაც მე-20 საუკუნის 60-იან წლებში პიერ-პაოლო პაზოლინის ფილმი ”მედეა” მოჰყვა, მარია კალასით მთავარ როლში... აგრეთვე დასავლეთის ქვეყნებში სცენაზე დადგმული ევრიპიდე. თითქმის მთელი მსოფლიოსთვის ევრიპიდეს ტრაგედია კათარზისის მიღწევის საშუალებად იქცა. კოლხი ქალის ტრაგედიას თავიანთ საუკეთესო ნაშრომებს უძღვნიდნენ დასავლელი ფემინისტები - მედეას ტრაგედია იქცა ქალური ღირსების შენარჩუნებისთვის ბრძოლის მეტაფორად პატრიარქალურ გარემოში... მაგრამ საქართველოში ევრიპიდეს მედეას მითის ერთადერთი ინტერპრეტაცია - კოლხი ქალის რეაბილიტაცია დაუპირისპირდა.

[ქეთევან ნადარეიშვილის ხმა] ”ლევან სანიკიძემ შემოგვთავაზა თავისი ვერსია, რომელიც გარკვეულ მითოლოგიურ ცნობებს ეფუძნება - ევრიპიდემდე იყო პოემა, რომელიც არ არის შემორჩენილი... იქ მედეა არ კლავდა თავის შვილებს, მას კლავდნენ კორინთელები შურისძიების მიზნით...როგორ შეიძლება მხატვრულ ლიტერატურაზე ილაპარაკო, როგორც ფაქტზე. თითქოს ევრიპიდეს კორინთელებისგან ქრთამი აუღია... სულ ”თურმე” და ”თითქოს”... ეს არის პერიოდი, ჩემი აზრით, ყველაზე არასაინტერესო ბერძნული მითოლოგიის ისტორიაში, როცა ცდილობდნენ მითებში სინამდვილის მარცვლის პოვნას.”(სტილი დაცულია)
ამასობაში ბიჭვინთაში იდგმება მერაბ ბერძენიშვილის ძეგლი - მედეა კი არ კლავს, არამედ გადაეფარება თავის შვილებს. გორში, ქუთაისში, ბათუმში დგამენ მედეას სანიკიძისეულ ვერსიას. 80-იან წლებში ფოთის თეატრში იდგმება ლევან მირცხულავას ”მედეა”, რომელიც ყველაზე ახლოსაა ევრიპიდეს ტრაგედიასთან, მაგრამ წარმოდგენა მალე იხსნება რეპერტუარიდან. მედეას მითი ქართული კულტურისთვის უკვე რეალურ ისტორიადაა გადაქცეული.

მითის, მხატვრული ნაწარმოების გარდაქმნა ისტორიულ ფაქტად და პირიქით, ისტორიის მითოლოგიზაცია, როგორც ჩანს, უკვდავი ტენდენციაა ქართულ კულტურაში. მეცნიერების აზრით, მითოლოგიური აზროვნება - რიტუალების სიყვარული, წარსულში ცხოვრების ვნება, ”სიზმრისეული ცნობიერება” - რეალობის შიშს გამოხატავს. ქართველი ფსიქოლოგი მარინე ჩიტაშვილი ამ ტენდენციას უძღვნის წერილს, სათაურით ”რა გვინდა”... ”აუცილებლად ვასწავლიდი ყველას რას ნიშნავს ”მე”, რა არის პასუხისმგებლობა, რა არის თავისუფლება, რატომ არის აგრესია შიშის მაჩვენებელი, რატომ მჭირდება ფსევდოავტორიტეტები... ვასწავლიდი ყველაფერს, ”რაც ადამიანს სჭირდება საზოგადოებაში სოციალიზირებული ყოფისთვის და არა კანიბალიზმის საფეხურს ახლად დაშორებულ ტომებში საცხოვრებლად.”

ეს წერილი 10 წლის წინ დაიბეჭდა. 10 წელი გავიდა - საზოგადოების ერთი ნაწილი (და ქართული მედია) კი კვლავაც იმაზე მსჯელობს, რამდენად დადებითი (თუ უარყოფითი) ”პიროვნება” იყო კოლხი ქალი - მედეა.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG