Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილმაზ გიუნეი-70


1 აპრილს 70 წელი შეუსრულდებოდა კინორეჟისორს,

რომელმაც მსოფლიოს თურქული კინემატოგრაფი გააცნო, რომლის ფილმი ”გზა” კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზის, ”ოქროს პალმის რტოს”, ლაურეატი ერთადერთი თურქული სურათია. თუმცა 1982 წელს, როცა ”გზის” ავტორი, ილმაზ გიუნეი, ყველა კინემატოგრაფისტისთვის საოცნებო პრიზით დაჯილდოვდა, თურქეთი არც ამ ფილმს ცნობდა და არც მის ავტორს. უფრო მეტიც, გიუნეი ”ქურთ სეპარატისტებთან” თანამშრომლობისა და ტერორიზმისთვის იყო გასამართლებული. კინოს ისტორიაში ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა რეჟისორმა ფილმი საპატიმროდან გადაიღო. ჩვენს დღევანდელ ყოველკვირეულ პროგრამაში ”ოქროს საუკუნე”, რომელიც ილმაზ გიუნეის იუბილეს ეძღვნება, მინდა ამ არაჩვეულებრივი ბედის ხელოვანზე გიამბოთ და მისი ფილმები შეგახსენოთ.


”ჩემი ცხოვრების მიზანი არა ხელოვნება, არამედ ჩემი ხალხის განთავისუფლებაა” - ილმაზ გიუნეის, თურქეთის მოქალაქის, ეროვნებით ქურთი კინორეჟისორის ამ ციტატით იწყება ნინო ერემაძის წიგნი, რომელიც ქართველმა კინომცოდნემ თურქული კინოს კლასიკოსს მიუძღვნა. 2004 წელს, როცა ეს წიგნი გამოიცა, ქართველ კინოს მოყვარულებს უკვე ჰქონდათ საშუალება ენახათ გიუნეის ფილმი ”გზა” - ერთ-ერთი ყველაზე პოეტური, ყველაზე ეპიკური ფილმი კინოს ისტორიაში. თუმცა საქართველოში მხოლოდ ერთეულებმა, უფრო მეტად კი ქურთული დიასპორის წარმომადგენლებმა იცოდნენ, რომ ”გზის” ავტორმა თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ციხეებსა და გადასახლებებში გაატარა, რომ გიუნეი გინესის წიგნში შესატანი რეჟისორია, რაკი ფილმებს იგი ციხიდან იღებდა - ციხიდან ხელმძღვანელობდა გადაღებებს, ხოლო 1982 წელს, კანის 35-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზის - ”ოქროს პალმის რტოს” - მისაღებად საფრანგეთის ხელისუფლებამ მასზე მხოლოდ 24 საათიანი ვიზა გასცა.

[ნინო ერემაძის ხმა] ”ეს იყო ნამდვილი სასწაული - გიუნეის გაქცევა. იგი იყო იმავე კუნძულზე, იმავე ციხეში, რომელიც ასახულია ამ ფილმში. ამ ციხეს იცავდა 200 ჯარისკაცი და ოთხი შვეულმფრენი დასტრიალებდა თავზე ყოველდღე. ამ ციხიდან არა მარტო გიუნეიმ მოახერხა გაქცევა, მან რამდენიმე ადამიანის გაქცევას შეუწყო ხელი და ამ დროს, პარალელურად, თვითონ ამბობდა, არ გავიქცევიო.”

ნინო ირემაძე აღიარებს, რომ თავიდან უფრო მეტად გიუნეის ბიოგრაფიამ დააინტერესა, ვიდრე მისმა შემოქმედებამ. თუმცა მოგვიანებით გაიაზრა, რომ გიუნეის, როგორც ქურთების უფლებების დამცველისა და პოლიტპატიმრის, ბედი ძალიან ჰგავს მისი ყველაზე სახელგანთქმული ფილმის, ”გზის”, პერსონაჟების ცხოვრებას. ”გზა” გვიამბობს პატიმრებზე, რომელთაც რამდენიმე დღით ათავისუფლებენ სატუსაღოდან თავიანთი ახლობლების, ნათესავების მოსანახულებლად. ასეთი შვებულებით ისარგებლა სწორედ ილმაზ გიუნეიმ 1981 წლის შემოდგომაზე, როცა ”გზის” გადაღება თითქმის დასრულებული იყო. მერე კი მეთევზის ნავით დატოვა თურქეთი და მშვიდობით მიაღწია საბერძნეთის კუნძულ მეისს. იქიდან შვეიცარიაში ჩავიდა, მერე - გერმანიაში. პოლიტიკური თავშესაფარი არავინ მისცა. ერთადერთი, რასაც მიაღწია, საფრანგეთის 24 საათიანი ვიზა იყო - კანის ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად... მაგრამ ”გზამ” და ”ოქროს პალმამ” გადაარჩინა რეჟისორი, რომელსაც სამშობლოში სიკვდილით დასჯა ელოდა: სურათით აღფრთოვანებულმა კინემატოგრაფისტებმა საფრანგეთის ხელისუფლებას გიუნეისთვის თავშესაფრის მიცემა მოსთხოვეს. საქმეში ფრანსუა მიტერანი ჩაერთო. გიუნეი, თავის ცოლ-შვილთან ერთად, პარიზში დარჩა. თუმცა უკვე მძიმედ იყო ავად. თავისი უკანასკნელი ფილმის, ”კედლის”, გადაღების დროს იცოდა, რომ კიბო ჰქონდა. მის მიერ გადაღებული უკანასკნელი ეპიზოდი ასეთი აღმოჩნდა: ”კედელში” კლავენ პატიმარ ბავშვს, რომელმაც ციხიდან გაქცევა სცადა. მისმა თანატოლებმა ბუნტი ატეხეს - კედლის დანგრევა სცადეს... ციხის გუშაგებმა ბავშვების ამბოხება უმალვე ჩაახშეს.

ილმაზ გიუნეი ფილმის პრემიერას ვერ მოესწრო - 47 წლისა გარდაიცვალა 1984 წლის 9 სექტემბერს.

ილმაზ გიუნეი ვერ მოესწრო ვერც აღიარებას სამშობლოში... დიახ, ბევრმა არ იცის, რომ ილმაზ გიუნეის ფილმებს დღეს თავისუფლად უჩვენებენ თურქეთში და ამაყობენ კიდეც მისი შემოქმედებით. ამას ნინო ერემაძეც ადასტურებს:

[ნინო ერემაძის ხმა] ”მე პირადად ვიყავი მივლინებული იზმირის თეატრალურ ინსტიტუტში და გიუნეიზე ისინი (თურქები) დიდი სიამაყით საუბრობენ... მისი ფილმების ჩვენებები იმართება და ყველას ჩააგონებენ, გიუნეი ჩვენიაო... ”

[მუსიკა]

სტამბულის მაღაზიებში დღეს არა მარტო ილმაზ გიუნეის ფილმს, არამედ ალბომსაც გადაეყრებით ამ ფილმისთვის დაწერილი მუსიკით. ”გზის” საუნდტრეკი ქურთული და თურქული მუსიკის მონაცვლეობაზეა აგებული- ერთგვარ დიალოგზე, რომლისაც სჯეროდა და რომლისთვისაც ოცნებობდა ილმაზ გიუნეი. ხელისუფლება მას ”ტერორისტს”, ”საბჭოთა კავშირის აგენტს” უწოდებდა, ის კი განუწყვეტლივ იმეორებდა, რომ თავის ფილმებში (განსაკუთრებით სურათში ”გზა”) მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის ღირსებას იცავდა. ადამიანის ღირსებას ზოგჯერ ერთდროულად უპირისპირდება ტოტალიტარული რეჟიმი და დახავსებული ტრადიციები. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ”გზაში” ისინი ერთად მოქმედებენ - სამხედრო ხუნტა, ტრადიციების დამცველი მოხუცები, ქურთები და თურქები - ყველა, ვისთვისაც ძალადობა და სისასტიკე ცხოვრების წესი გამხდარა.

[ნინო ერემაძის ხმა] ”ქმარს მოჰყავს მოღალატე ცოლი და შვილი - ეს არის ამ ხალხის გაწმენდა... ეს ჰგავს ილმაზ გიუნეის ცხოვრებას - მის შესახებ ყოველთვის იყო მცდარი აზრი.”

”თანამედროვე კაცობრიობის ნამდვილი მტერი სიღარიბე, ჩაგვრა და რელიგიური ფანატიზმია” - წერდა ილმაზ გიუნეი ”გზის” მსოფლიო პრემიერის შემდეგ. 1992 წელს, როცა თურქეთში ”გზას” აკრძალვა მოუხსნეს, სტამბულის ერთ პატარა კინოთეატრში, სადაც ფილმს უჩვენებდნენ, იმხელა რიგი დადგა, რომ ხელისუფლება იძულებული გახდა სურათის ჩვენება დიდ კინოდარბაზებშიც დაეწყო - იქ, სადაც მანამდე ყოველთვის ჰოლივუდის ბლოკბასტერებს უჩვენებდნენ. ”ილმაზ გიუნეიმ ქვეყანა გააერთიანა,” - წერდა კინორეჟისორი ნური ბილგე ჯეილანი, რომლის ფილმი, ”უზაკი”, ჟიურის გრან-პრით აღინიშნა კანის კინოფესტივალზე 2003 წელს...

[მუსიკა]

დიახ. თურქული ფილმი კანში ”გზის” ტრიუმფიდან მხოლოდ 20 წლის შემდეგ მოხვდა. ილმაზ გიუნეიმ, რომელსაც 20 წლის წინ სამშობლოში ეროვნული კულტურის მტრად აღიქვამდნენ, მართლაც რომ გზა გაუკვალა ეროვნულ კულტურას... და ასე გაამართლა თავისი სიტყვები - იბრძოლა არა ხელოვნებისთვის, არამედ თავისი ხალხის განთავისუფლებისთვის.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG