Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


ეკა ხოფერია რადიო თავისუფლების თხოვნით,

ამ კვირაში დღიურებს წერდა ჟურნალისტი ეკა ხოფერია.

დღიურის წერა კვირიდან უნდა დამეწყო და, ტრადიციულად, დამავიწყდა. საერთოდ, უპასუხისმგებლო ადამიანი არ ვარ, მაგრამ ხშირად მავიწყდება დაგეგმილი საქმეებიც და ეს notebook-ში ჩანიშვნაც ვერ ვისწავლე. რა გაეწყობა, დღეს სამშაბათია და ორი... ორი კი არა, სამი დღის ამბავი უნდა აღვიდგინო. რთულია, მაგრამ საინტერესო.

25 მარტი, კვირა
მახსოვს, რომ მეძინა, დიდხანს მეძინა. შაბათ-კვირას ანანო - ჩემი 7 წლის შვილი - სახლში მომყავს ვერაზე და, შესაბამისად, დილაობით ის მაღვიძებს. თუმცა, უნდა ვაღიარო: იცის, გამოძინება რომ მინდა და, მიუხედავად იმისა, რომ თავად დილის 8 საათზე იღვიძებს, გმირულად ითმენს და სადღაც 11 საათამდე არ მაღვიძებს. დილით, სადღაც 9-დან 10 საათის მიდამოებში ანანომ უყურა და მე ვუსმინე რაღაც გადაცემას საზოგადოებრივ არხზე - მშობლები და შვილები მსჯელობდნენ, რამდენად იცნობენ ერთმანეთს. ისე გაერთო, რომ ბოლოს მითხრა, მე და შენც რომ მივიღოთ მონაწილეობა, კარგი იქნებოდაო. აი, მაგალითად, შენ გკითხავენ, წელიწადის რომელი დრო უყვარს შენს შვილს ყველაზე მეტადო. გამიხარდა, მარტივი კითხვა იყო და ვუპასუხე, ზაფხული-მეთქი. საიდან იციო. ვიცი – ზაფხულში ხომ არდადეგებია-მეთქი. მოკლედ, ჩვენმა დამოუკიდებელმა ყოფამ 12-მდე გასტანა. ორივეს აზრი იყო, ავბარგებულიყავით და სასწრაფოდ ბებიასთან, ანუ დედაჩემთან იოსებიძეზე წავსულიყავით. იქ კარგი საუზმე გველოდა. კვირადღე მიყვარს ძალიან - ყველა ვიკრიბებით დედაჩემთან. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. უბრალოდ, ქალები – მე, დედაჩემი, ჩემი ორი და, ანანო და ორი დისშვილი ერთად ვართ. მამაჩემი ამ დროს, როგორც წესი, აგარაკზეა. "უფროსები" ბევრს ვლაპარაკობთ, "გასული კვირის შედეგებს ვაჯამებთ". საქმეზე ნაკლებად ვლაპარაკობთ, ალბათ, დრო გვენანება. სამაგიეროდ, თემებში ჭარბობს ბავშვების სკოლა, ჯანმრთელობა, აცრები, ჩვენი დიეტები, საზაფხულო გეგმები. ხო, კვირას გავიგე, რომ აფხაზეთიდან სააღდგომოდ დეიდაჩემი ჩამოვა. ნახევრად აფხაზია, როგორც დედაჩემი, გვარად ძიძიგური, და ცხოვრობს გაგრაში. სულ მიკვირს, იქ, გაგრაში, სადაც ამდენი პრობლემაა, როგორ ახერხებს, დარჩეს ისეთი, როგორიც იყო ჩვენი ბავშვობის დროს - ლამაზი, მხიარული, თანამედროვე და, რაც მთავარია, ოპტიმისტი. მოკლედ, ბევრი ვისაუბრეთ დეიდაზე. დავგეგმეთ, სად წავიყვანოთ, თბილისში რომ ჩამოვა - კი არის დეიდაჩემი, მაგრამ, მაინც, როცა ჩამოდის, მინდა ჩვენი საქალაქო სიახლეები ვაჩვენო, წავიტრაბახო. აი, ეს აშენდა. აი, ახალი, ლამაზი, გემოვნებიანი და მყუდრო კაფე და ასე შემდეგ. კვირას ტელეფონით საუბრისას, შევპირდი, ჩემს ახალ ბინას გაჩვენებ-მეთქი. ამ ჭორაობაში საღამოც მოვიდა. მეორე დღეს ეთერი მაქვს - "ღია ეთერი" იმედზე. თემა, რაც დავგეგმე, არ გამოდის. თან - საინტერესო ინფორმაციაც ჯერ არ ჩანს. კვირა საღამო სულ ასეა - ვღელავ და "ვშფოთავ", ჩემი ყველა ახლობელი შეკლული მყავს, ნეტავ ხვალ რამე მოხდეს, კარგი ეთერი გამომივა-მეთქი - ვეუბნები ხოლმე. მერე ხშირად მეორე დღეს ისეთი ამბები მომხდარა, ახლობლები მთხოვენ, აღარ თქვა, რამე მოხდესო. ისედაც გიყურებთ და ცუდი ამბები არ გვინდაო. კარგი, არ გვინდა - არ გვინდა, მაგრამ მე მაინც რა თემა გავაკეთო ხვალ "ღია ეთერში"? ვფიქრობ ჩემთვის...
საღამოს ანანო წავიყვანე სასეირნოდ. თუმცა, ზუსტად არც ერთმა არ ვიცოდით, სად წავსულიყავით. მადლობა ღმერთს, ანანოს გაახსენდა, რომ ორშაბათს ჩემი დისშვილის დაბადების დღეა. წავედით წიგნების მაღაზიაში და ნახევარი საათი ისეთ წიგნს ვარჩევდით, ათულის რომ მოეწონებოდა. შევარჩიეთ, ვიყიდეთ, ვიბოდიალეთ და ანანოც ბებიასთან დავტოვე.
კვირა საღამოს კიდევ ერთი აუცილებელი რიტუალი: საღამოს ვახშამზე, ყოველგვარი სასმელების გარეშე - იმიტომ, რომ კვირაა და მას მძიმე ორშაბათი მოსდევს - ვიკრიბებით ჩემს უმცროს დასთან. და აუცილებლად საღამოს მთავარ გამოშვებებს ვუყურებთ. მე ისევ ვწუწუნებდი, ხვალინდელი თემა რა იქნება მთავარი და საინტერესო-მეთქი. მერე ზუსტად 9-ზე "დროებამ" გამოაცხადა, კონფლიქტის ზონაში ორი პოლიციელი მოკლესო. მერე გავიგეთ - თენგიზ სუხიშვილი გარდაცვლილა. ესეც შენი news-ები. საღამოს მალევე დავიშალეთ და მთელი ღამე news-ები მესიზმრებოდა. არ მიყვარს კვირა საღამო და არც კვირა ღამე. კარგია, რომ დამთავრდა და ჩამეძინა, როგორც იქნა.

26 მარტი, ორშაბათი
ეს უკვე სულ სხვა საქმეა. დილიდან მობილიზებული ვარ. უცებ ვსაუზმობ. ამ ბოლო დროს ყავას კარგი ჩაით ვანაცვლებ. თავიდან არ მომწონდა, უფრო ტენდენციას ავყევი - მწვანე ჩაი (განსაკუთრებით, ჟასმინით) უფრო სასარგებლოა, ვინღა სვამს ყავას, თანაც ისე, როგორც ჩვენ - ტონობით დღის მანძილზე?! თავიდან მართლა არ მომწონდა ეს სასარგებლო ჩაი, მაგრამ ახლა, უნდა ვაღიარო, ყავას მირჩევნია.
საეთერო დღეს აქვს თავისი სპეფიციკა. მთელი დღე ისევ "შფოთავ". კარგია, თუ დილიდანვე დაგეგმილი გაქვს. რა თქმა უნდა, იცი, დღის ბოლოს ყველაფერი შეიცვლება, მაგრამ მაინც ერთი სტუმარიც თუ შეთანხმებული გყავს, კარგია. დილიდან ჩემს პროდიუსერს, რუსიკოს ველაპარაკებოდი ტელეფონით. დავგეგმეთ, რომ სანაკოევის მოძრაობიდან ჩაგვერთო ვინმე და მასთან დებატებში კოკოითის წარმომადგენელი მოსკოვიდან. დავგეგმეთ და რუსომ დაურეკა ზურა ჭიაბერაშვილს, რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე ჩაგვერთეო. ყველაფერი შეთანხმებული იყო.
საეთერო დღის კიდევ ერთი აუცილებელი ატრიბუტი სალონში სტუმრობაა. არაფერი განსაკუთრებული – დავივარცხნე, თან სულ ტელეფონით ვლაპარაკობდი. სულ მაღიზიანებენ გოგოები და ქალები (ძალიან საქმიანები!!!), სალონებში თმის დავარცხნის პროცესში ხმამაღლა რომ ლაპარაკობენ. ფიქრობ, ნუთუ არ შეიძლება უფრო ხმადაბლა? იმ დღეს მეც ასეთი ვიყავი. ძალიან საქმიანი.
საეთერო დღის შემდეგი ეტაპი - წამოიღო სახლიდან საეთერო სამოსი. მერე ვიძახებ ტაქსს - "09"-ში უკვე ყველა მცნობს და ტაქსს, მე მგონი, მართლა 5 წუთში მიგზავნიან. თან ტაქტიანი მძღოლები არიან, ბევრს არ გელაპარაკებიან. სამსახურში მოსული, ვიწყებ რეკვას უკვე შეთანხმებულ სტუმრებთან. ყველამ ერთდროულად მობილური გამორთო. 2 საათი ნერვიულად ვრეკავდი ხან მედოევთან და ხან ზურა ჭიაბერაშვილთან. მხოლოდ 6 საათზე ორივე რესპონდენტისგან უარი მივიღე. არადა, პრეზიდენტი ახალი ინიციატივით გამოვიდა სამხრეთ ოსეთზე და ეს მედოევი "დახატავდა" ეთერს. არ გამოვიდა. ასე, ერთი სტუმრის (სანაკოევის) ამარა ჩავრბივარ მაკიაჟის გასაკეთებლად – ეს, დაახლოებით, 40 წუთს გრძელდება. მობილურის ანგარიში ამომეწურა და ქვემოდან ვერ ვრეკავ. მერე ამოვრბივარ, საღამოს 19:15 საათია (ეს ნამდვილად მახსოვს), ვურეკავ ზატულინს – ჩაგვერთეთ-მეთქი, ვთხოვ. თქვენ ხომ არ გაგიჟდითო?! ორი დღით ადრე მაინც ხომ უნდა გამაფრთხილოთო. ვუხსნი, დღეს მოხდა ეს ამბავი და ორი დღით ადრე ხომ არ დამესიზმრებოდა-მეთქი. შევითანხმე. მერე კიდევ ერთი სტუმარი შევიპირე, მერე – გადაცემის დასკვნითი ნაწილის სტუმრები. ასე გადარჩა ჩემი ღია ეთერი "ჩავარდნას". ისეთი დაღლილი ვიყავი, ვეღარ ვხვდებოდი, ეთერი როგორ წამეყვანა. მაგრამ წავიყვანე. და დავასრულე გადაცემა. მერე მთელი ეს ღამე არ მეძინა. ახლა უკვე დღევანდელი გადაცემის სტუმრები მესიზმრებოდნენ. ფიქრობ, უკეთ შეიძლებოდა. ფიქრობ, ფიქრობ და არ გეძინება. ესეც მძიმე ორშაბათის დასასრული...

27 მარტი, სამშაბათი
ყოველ სამშაბათს ჩემთან დამლაგებელი მოდის. თავიდან მითხრა, დილის 9-დან მოვალო. რა თქმა უნდა, გავაპროტესტე. "ღია ეთერიდან" ღამის პირველზე, ზოგჯერ ორის ნახევარზე მოვდივართ ხოლმე წამყვანები და პროდიუსერები და დილით 9-ზე, უბრალოდ, ვერ გავიღვიძებ. მოკლედ, შევუთანხმდი ჩემს ბასეს – ასე ჰქვია ამ ქალბატონს – 11:30-ზე მოდი ხოლმე-მეთქი. მაგარია ბასე! ქურთის ქალია. თავად ამბობს, მე "სვეტსკი" ქურთი ვარ, ყავა და სიგარეტი მინდა მარტოო და საჭმელი დიდად არ მიყვარსო. მოკლედ, გამიმართლა ბასეში. სამშაბათს მოვიდა, გამაღვიძა. ჩემი მაღვიძარა ხარ-მეთქი, ვუთხარი. სანამ მე სამსახურისთვის ვემზადებოდი, ბასემ დალაგება დაიწყო. 12-საათიან საინფორმაციო გამოშვებას ვუყურე. მერე ინგამ დამირეკა, გრიგოლიამ. სამშაბათს ინგას "ღია ეთერის" დღეა. მოზარდებში დანაშაულის თემა რომ გავაგრძელოთ, რას ფიქრობო. დავეთანხმე, მართლა საინტერესო თემაა, ამოუწურავი. გავქანდი სამსახურისკენ, თან გზად იოსებიძეზე გავიარე დედაჩემთან, ტანსაცმელი უნდა დამეტოვებინა. კარადები ჩემს ახალ სახლში ჯერ მზად არ არის და ასე დავრბივარ დიდი ხელჩანთებით. სამსახურში მისულს უკვე სხვა ახალი ამბავი დამხვდა: საქართველოს პირველი პრეზიდენტის ნეშტს გადმოასვენებენ დღესო. არადა, ინგას მთელი გადაცემა უკვე დაგეგმილი აქვს. ყველა პოტენციური სტუმარი ამ თემაზე ლარსზეა, როგორ მოვასწრებთ ჩართვას, არ ვიცით. სადღაც, ხუთის ნახევრისთვის რადიო "უცნობში" მივდივარ. ახალ ოფისში გადავედით, ძალიან მომწონს. "დიალოგებში" სოციალური თემა ავირჩიე – "შეღავათების გაუქმება ვეტერანებისთვის". მთავრობა და უმრავლესობა ტელედებატებში არ მონაწილეობენ. დღეს რადიოში ვცადე. დავით საგანელიძე იყო სტუდიაში და გიგი წერეთელი ტელეფონით გვერთვებოდა. საინტერესო გამოვიდა. გადაცემის შემდეგ 5 წუთი "უცნობში" დავყავი, მოვიკითხეთ ერთმანეთი. მანქანამ მომაკითხა. გავვარდი სახლში, ბასე უნდა გამესტუმრებინა. შევაქე, კარგი ხარ-მეთქი, და შემდეგ სამშაბათამდე დავემშვიდობე. შემდეგ ვაკეში გავედი, ბატონი თენგიზის პანაშვიდზე. ქალბატონი ინგა იყო და ნინო სუხიშვილი. ნინომ, დიდი მადლობა, გუშინ გადაცემა რომ გააკეთე მამაჩემზეო. რა მეპასუხა, არ ვიცოდი. ჩუმად ვიდექი და ვუსმენდი ნინოს. გარეთ გასულს კოტე ყუბანეიშვილი შემხვდა. კარგი გოგო ხარ, ისაო, ესაო, მაგრამ თქვენთან, ტელეჟურნალისტებთან, აღარ ვიკონტაქტებო. რა არის, რა მარაზმი ხდება ქვეყანაშიც და ტელევიზორშიცო. თან - მე რამდენიც არ გამოვალ, ჩემი არავის ესმისო. ეს იმიტომ, რომ ხშირად იგინები-მეთქი, ვუთხარი. არ ეწყინა და გაეღიმა. ისე, როგორ ხარო - მომიკითხა. კარგი ვინმეა ეს კოტე ყუბანეიშვილი. რასაც ფიქრობს, გულწრფელად გეუბნება.
სადღაც შვიდი საათისთვის უკვე "იმედში" ვიყავი. ინგა ღელავდა. ყველა სტუმარი ლარსისკენ წავიდა, თავს ვიმტვრევდით, აქ, თბილისში, ვინ მოგვეყვანა. ბოლოს ყველაფერი მოვაგვარეთ, როგორც ყოველთვის. და ყველა ცოტათი დავწყნარდით. გიორგი თარგამაძემ შემოგვიარა, ნუ ნერვიულობთ, მშვიდად იყავით, მშვენიერი გადაცემა გამოდისო. ხვალ გიორგის "ღია ეთერი" გვაქვს. საქმე წინ წავიგდეთ და დავგეგმეთ. მერე ჩემი ეთერია ისევ. თუმცა, დღეს ვეღარაფერს ვგეგმავ. ეთერი გვიან დამთავრდა. სახლში მისულს, წიგნის კითხვა მქონდა დაგეგმილი, ლანა ღოღობერიძემ მაჩუქა. ძალიან გამიტაცა თავიდან და ნერვები მეშლება, დაღლილობისგან კითხვისას რომ მეძინება. დღეს ნორმალური დღე იყო.

28 მარტი, ოთხშაბათი
არა, კარგი იქნებოდა, ჩემი დღიურებისთვის "ღია ეთერის" დღიურები დამერქვა. დღეს ოთხშაბათია და გიორგი თარგამაძის საეთერო დღეა. რაღაც კონტურები გუშინ მოვხაზეთ, მაგრამ დილიდან ვიცოდი, მაგარი "გადარბენა" იქნებოდა. დილით, 12 საათამდე სამსახურში არ მივდივართ ხოლმე, წინა დღეს გვიან ვამთავრებთ და გამოძინება გვჭირდება. ვიფიქრე, გამოვიძინებ-მეთქი. 10-ზე ტელევიზორი ჩავრთე და ახალ ამბებს ვუყურე. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ნეშტი უკვე ჩამოსვენებული იყო კოლხურ კოშკში, თუმცა ბოლომდე დეტალები გარკვეული არ იყო - სად დაკრძალავდნენ, სამოქალაქო პანაშვიდი სად გაიმართებოდა. ვიფიქრე, ცოტას დავიძინებ, ძალებს მოვიკრებ და სამსახურისკენ წავალ-მეთქი. მაგრამ ტელეფონი არ გაჩერდა. ბალიშის ქვეშ ჩავმალე, მაგრამ ძილ-ბურანში მობილის მელოდია მაინც მესმოდა. ავდექი, აზრი აღარ ჰქონდა. სასწრაფოდ მოვემზადე, სახლიდან გავვარდი და მხოლოდ ტაქსში აღმოვაჩინე, რომ ის ავადსახსენებელი მობილური სახლში, ბალიშის ქვეშ დამრჩენია. მოვბრუნდი და 100 missed call-ი დამხვდა. იოსებ კობზონის ხალხი რეკავდა – ადრე შევთანხმდით, ხუთშაბათს უნდა გვქონოდა პირდაპირი ჩართვა, მაგრამ ზვიად გამსახურდიას დაკრძალვამ ყველა სხვა თემა დაჩრდილა. ვცდილობდი, ამეხსნა ეს ახალი დეტალები ქალბატონი ვარვარასთვის. დელიკატურად მითხრა, ბატონი კობზონი საკმაოდ დაკავებული პერსონააო, მაგრამ რამეს მოგიხერხებო. მოახერხა – შევთანხმდით, ეთერი ორშაბათისთვის გადაგვედო. უკვე ტელევიზიაში მისულს, გიორგი თარგამაძე, რუსიკო ვაშაკიძე და "ღია ეთერის" ხალხი მობილიზებული დამხვდა. ბევრი სტუმარი იყო მოსაყვანი და გადავინაწილეთ, ვინ ვისთან დარეკავდა. საღამოს "უცნობში" გავვარდი ორი საათით, გადაცემების ჩასაწერად, და უკან დავბრუნდი. სადღაც 8 საათისთვის ყველაფერი მზად იყო. ახლა დღიურს ვწერ, დილის ამბებს ვიხსენებ და, პარალელურად, ხვალინდელ გადაცემაზე ვფიქრობ. თემა, ალბათ, ისევ ზვიად გამსახურდია იქნება. უბრალოდ, სხვა კუთხე უნდა მოვძებნო. ვრეკავ ნაცნობებთან, უცნობებთან – იქნებ რამე ახალი დეტალი გაიხსენონ. საერთოდ, რთულია მსგავსი თემების დაგეგმვა. არ გინდა, რომ პათეტიკური გამოვიდეს. გინდა, რომ ახალი ინფორმაციაც მიაწოდო მაყურებელს. გინდა, რომ გადაცემა დინამიკური გამოვიდეს და, ბოლოს და ბოლოს, გინდა ეს რეიტინგი და "ყურებადობა". ფაქტია! ვატყობ, ლანა ღოღობერიძის წიგნს ვერც დღეს წავიკითხავ. ეგ არ არის პრობლემა. პარასკევი-შაბათი ჩემი საყვარელი დღეებია და საღამოს დროს აუცილებლად გამოვნახავ. გიორგის ეთერმა კარგად ჩაიარა. ძალიან მომწონს ჩვენი "ღია ეთერი", სამივე განსხვავებული წამყვანია, რაც მაყურებლისთვის უფრო საინტერესოა. ჩემი აზრით, რა თქმა უნდა. ძალიან გვიანია. სახლისკენ მივდივარ და ხვალამდე არაფერი მოხდება. ხვალ ჩემი ეთერის დღეა. თუმცა, კვირისგან განსხვავებით, დღეს უფრო მშვიდად დამეძინება. იმიტომ, რომ თემაც ვიცი და სტუმრებიც, ვისაც ხვალ მოვიწვევ. თუ რამე არ შეიცვალა, რა თქმა უნდა.

29 მარტი, ხუთშაბათი
დღე ტრადიციულად დაიწყო.
11:00 – გავიღვიძე. საუზმის პარალელურად, ტელევიზორს ვუყურებდი, ახალ ამბებს. მაინტერესებდა, რაიმე ახალი ინფორმაცია ხომ არ იყო ჩემს დღევანდელ თემაზე. არაფერი განსაკუთრებული. ე.ი. გადაცემა გეგმის მიხედვით წავა.
13:00 – მივედი სალონში, Frank Provost-ში, პეკინზე. ძალიან მყუდრო სალონია და ცოტა ხნით მართლაც პარიზში გგონია თავი. დაბალ ხმაზე – მელოდია (უმეტესად ფრანგული), ძალიან თავაზიანი სტილისტები. მძიმე დღის წინ იქ სტუმრობა ერთგვარი რელაქსაციაც არის. აი, აქ კი ყავას ვსვამ. კარგს ადუღებენ და იმიტომ. სწორედ აქ, სალონში ყოფნისას პროდიუსერმა დამირეკა, რუსიკო ვაშაკიძემ, და მახარა, ჯოჰარ დუდაევის ცოლმა, ალა დუდაევამ გადაცემაში ჩართვაზე თანხმობა გვითხრა და შენს ზარს ელოდებაო. ეს მართლაც კარგი ამბავი იყო. და ტრადიციულად ისევ მთელი სალონი მოთმინებით ისმენდა ჩემი დღევანდელი გადაცემის დაგეგმვას. ქალბატონი ალა დუდაევა საკმაოდ კეთილგანწყობილი იყო. თუმცა, სურდა, რომ ყველა დეტალი შეგვეთანხმებინა. შემომთავაზა, მინდა, დღევანდელ გადაცემაში წავიკითხო ის რეკვიემი, რომელიც ზვიად გამსახურდიას დასაფლავების დღეს წავიკითხეო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. თანაც, ტელეფონით წამიკითხა და მართლა ემოციური იყო. ერთი სიტყვით, შევთანხმდით მე და ქალბატონი ალა. იქვე, სალონში, მეორე ამბავიც გადაწყდა. დღეს "ღია ეთერში" გამსახურდიას სიკვდილის გარემოებებზე გადაღებული ფილმის პრემიერა უნდა შედგეს.
15:00 – სახლში გავედი დედაჩემთან. საეთერო ტანსაცმელი უნდა წამომეღო. დედამ იცის, რომ საეთერო დღეს შუადღისას შევურბენ ხოლმე და ამიტომ სადილს მახვედრებს. თან – დიეტურს. ის ყველაზე მკაცრია ჩემს მიმართ. დაწყებული გადაცემის შინაარსით, თმის ვარცხნილობითა და წონაში მომატებით დასრულებული, ყველაფერზე აზრს პირდაპირ და შეულამაზებლად მეუბნება. 20 წუთი ვისაუბრეთ და ტაქსიც გამოვიძახე.
16:00-01:00 – ამ დროს სულ "იმედში" ვარ. ოთახში ინგაც დამხვდა, გრიგოლია, ის პარასკევის "რეაქციას" ამზადებს. ცოტა ხანი ვიჭორავეთ, გუშინდელი გადაცემა მოვუყევი, გიორგი თარგამაძის "ღია ეთერის" ამბები კულისებს მიღმა. თავად ვერ უყურა – ჩამეძინა და დღეს დილით რვაზე გამეღვიძაო. შევთანხმდით, რომ ადრე დაძინებას არაფერი ჯობია, თუმცა იმაზეც შევთანხმდით, რომ ეს არარეალურია. შემდეგ ყველა ისევ საქმეს მიუბრუნდა. ისე, ალბათ, სასაცილო სანახავია. ოთახში ბევრნი ვართ – წამყვანები და პროდიუსერები. და ყველა ერთდროულად ვრეკავთ პოტენციურ სტუმრებთან. ხშირად, როდესაც ერთ-ერთს მისი რესპონდენტი რაიმე საინტერესოს უყვება (რასაც ინტერვიუერის შეძახილით ვხვდებით), ყველა ვჩერდებით და ჟესტებით ვეკითხებით: "რა ხდება, ხომ მშვიდობაა?"
18:00 – ეს იმას ნიშნავს, რომ წერა უნდა შევწყვიტო და ქვემოთ მაკიაჟზე ჩავიდე. მოკლედ, წავედი.
20:00 – ვზივარ მაკიაჟწასმული და ველოდები "ქრონიკის" დაწყებას. "ღია ეთერის" ანონსი უნდა გამოვაცხადო.
20:30 – ანონსი დამთავრდა. ტექსტები დაწერილი მაქვს და სადღაც 21:00-დან დრო 23:00-მდე საშინლად გაიწელება. ამ დროის მანძილზე კიდევ ერთხელ გავესაუბრები სტუმრებს.
22:30 – ჩავდივარ ქვემოთ, 20 წუთში გადაცემა მეწყება.
გადაცემა გვიან დასრულდა, სადღაც პირველის ნახევარზე. ახლა ვზივარ, ვწერ და მანქანას ველოდები, სახლში რომ წავიდე. მე მგონი, საინტერესო გამოვიდა. განსაკუთრებით, ალა დუდაევა იყო საინტერესო. ქალი, რომელმაც ამდენი გადაიტანა და არ გაბოროტდა. საკმაოდ განათლებული და სათნო ქალბატონია. ფილმიც შთამბეჭდავი იყო. მირეკავენ, რომ მანქანა მოვიდა. წავალ სახლში და დღეს წიგნს აუცილებლად წავიკითხავ. სამუშაო კვირა დასრულებულია. წინ პარასკევი და შაბათია. ეს ძალიან მახარებს!

30 მარტი, პარასკევი
დღეს კარგად გამოვიძინე, ადამიანურად ვისაუზმე. საინფორმაციო გამოშვებების ყურება არ მინდოდა, მაგრამ მაინც ვუყურე. დღეს 5-ზე "უცნობში" დიალოგები მიმყავს და სტუმარი უნდა შევარჩიო. დღესვე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საქმეა – ანანოს სკოლაში ვარ დაბარებული. ანანოს სკოლაში ასეთი წესია – მშობლებს ცალ-ცალკე გვიბარებენ, თანაც ისეთ დროს, ბავშვებს პლასტიკა რომ აქვთ, ეს იმიტომ, რომ მშობლის მისვლით ბავშვი უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავარდეს. საკმაოდ მომწონს ეს წესი და სკოლაც. ანანოს დამრიგებელი ნინო პატარა გოგოა და, ალბათ, ისეთი, ყველა პირველ- თუ მეორეკლასელი რომ ინატრებს – ზომიერად მკაცრი, ძალიან განათლებული და მეგობრული. ნინო ანანოზე მელაპარაკა, მისი ნაწერები და ნახატები მაჩვენა. მერე კლასის ამბებზე ვისაუბრეთ. გაიზარდნენ უკვე და შარშანდელივით ყველაფერი მშვიდად და "ბავშვურად" აღარ არის. საერთოდ, ანანოს არ უყვარს, რომ ვარიგებ. ერთხელ ვცადე და მითხრა, ყველა მარიგებს და შენ უბრალოდ მელაპარაკე ხოლმეო. კარგი-მეთქი, შევთანხმდით. სკოლიდან გამოსულმა, ვერ მოვითმინე და პლასტიკის დარბაზში მაინც შევიხედე. მაინტერესებდა ნუნი (ასე ვეძახი ხოლმე) როგორ ვარჯიშობდა. ბოლო დროს წონაში ცოტა მოიმატა და მინდა, ცურვაზე ვატარო.
შემდეგ ტრადიციული საქმეები - "უცნობში" პირდაპირი ეთერი, ეთერის შემდეგ მომავალი გადაცემების დაგეგმვა. მაინც შევირბინე "იმედში". ორშაბათს კობზონის ჩართვის დეტალები უნდა გამერკვია და ხელფასიც ამეღო, რამაც ძალიან გამახარა. ბევრი საქმე მაქვს მოსაგვარებელი ჩემს ახალ ბინაში და ფული ნამდვილად მჭირდება. თუმცა, გონება უნდა დავძაბო და კარგად გადავანაწილო თანხები.
და პარასკევის საღამო – ყველაზე სასიამოვნო საღამო. იცი, რომ ხვალ გადარბენა არ გაქვს და წინ შაბათ-კვირაა. ჩემს ახლობლებთან ვიყავი აგარაკზე. ყოველ პარასკევს ავდივართ ხოლმე, მოვიკითხავთ ერთმანეთს და ვსაუბრობთ. მერე საღამო ჩემს უმცროს დასთან, თეასთან დასრულდა - ესეც უკვე ჩვეული ვიზიტებია. თეასთან ბევრნი ვიკრიბებით. ბავშვებს ადრე ვაძინებთ და გვიანობამდე "არაფერს არ ვაკეთებთ", ანუ ვერთობით, ამბებს ვყვებით...

31 მარტი, შაბათი
ჩემი დღიურების ბოლო დღეა და ახლა ვფიქრობ, რამდენად გულწრფელი ვიყავი. ან რამდენად საინტერესოა ვინმესთვის ეს ჩემი ამბები. არ ვიცი. ერთი კი უნდა ვაღიარო: არაფერი დამიწერია ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანის შესახებ, რომელიც ზემოხსენებულ ყველა დღეში არსებობდა. უბრალოდ, ასე გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს შესახებ საჯაროდ არასდროს ვისაუბროთ. არც ვაპირებდი ამის დაწერას, მაგრამ მერე წარმოვიდგინე, ბევრი წელი რომ გავა და ამ დღიურებს გადავხედავ, გული დამწყდება, რომ ეს ადამიანი არსად ვახსენე-მეთქი. ანუ, ის არსებობს ნამდვილად, თუმცა ამჯერად ჩემი "თავისუფლების დღიურების" მიღმა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG