Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ შესუსტდა უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერა?


ამ ორი წლის წინ დასავლეთში ქების სიტყვებს არ იშურებდნენ ვიქტორ იუშჩენკოსათვის, რომელიც პირობას დებდა, რომ ნატოსა და ევროკავშირთან

დასაახლოვებლად გამოიყენებდა ნარინჯისფერ რევოლუციაში მოპოვებულ გამარჯვებას. დღეს იუშჩენკო მორიგ პოლიტიკურ ბრძოლაშია გახვეული - თუმცა, დასავლეთის ენთუზიაზმი აღარ ჩანს, ხმამაღალი განცხადებები იუშჩენკოს მხარდაჭერისა და ხელშეწყობის შესახებ - თითქმის აღარ ისმის. ნიშნავს თუ არა ეს, რომ დასავლეთმა ზურგი შეაქცია უკრაინას?

[საარქივო ჩანაწერი - ამერიკელი კონგრესმენები ტაშით და შეძახილებით ეგებებიან იუშჩენკოს] “იუშჩენკო! იუშჩენკო! იუშჩენკო!” ასე შეეგებნენ უკრაინის პრეზიდენტს შეერთებული შტატების კონგრესში ორი წლის წინ, 2005 წლის 6 აპრილს. 2004 წლის “ნარინჯისფერი რევოლუციის” გმირმა, ვიქტორ იუშჩენკომ კონგრესმენთა წინაშე გამოსვლისას ილაპარაკა “ახალ ფურცელზე თავისუფლების მსოფლიო ქრონიკაში” და მადლობა გადაუხადა “მთელს ამერიკელ ხალხს” მხარდაჭერისთვის.

ეს მიმართვა, მანამდე ერთი თვით ადრე გერმანიის პარლამენტის წინაშე გამოსლასთან ერთად, პოსტრევოლუციური ტრიუმფული ტურნეს შემადგენელი ნაწილი იყო. მაგრამ ტრიუმფი რახანია მოგონებად იქცა...

ვაშინგტონი და ბრიუსელი არ მალავენ, რომ არ აპირებენ ჩარევას იუშჩენკოსა და პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ იანუკოვიჩის ამჟამინდელ პოლიტიკურ დაპირისპირებაში - დაპირისპირებაში, რომელმაც 2 აპრილს მიაღწია კულმინაციას, როცა იუშჩენკომ პარლამენტი დაითხოვა მას შემდეგ, რაც კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა იანუკოვიჩის “რეგიონთა პარტია”.

აი, როგორი იყო მომდევნო დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივან შონ მაკკორმაკის გამოხაურება: “ჩვენი დამოკიდებულება არის ის, რომ ნებისმიერი პოლიტიკური საკითხი უკრაინაში უნდა მოგვარდეს უკრაინის მთავრობის მიერ, მათი კანონებისა და მათი კონსტიტუციის შესატყვისად”.

ასეთივე პოზიციას გამოხატავენ ბრიუსელშიც. როგორც ამ კვირაში განმარტა ევროკავშირ-უკრაინის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის წევრმა, ადრიან სევერინმა, ევროკავშირი მხარდაჭერას უწევს ფასეულობებს, და არა კონკრეტულ მოღვაწეებს.

ნიშნავს თუ არა ეს, რომ უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერა შესუსტდა?

[ლეგვოლდის ხმა] “ლეთარგია, რომელსაც ვხედავთ, ყოყმანი, ის კი არა გაწბილება ბრუსელსა და ვაშინგტონში - გამოწვეულია თვით ნარინჯისფერი რევოლუციის შემდგომი დაღმასვლით, დაშლითა და დასუსტებით”, - ამ შეფასებას იძლევა ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი რობერტ ლეგვოლდი, პოსტსაბჭოთა პოლიტიკის ექსპერტი.

ლეგვოლდისთვის ნათელია, რომ დასავლეთში ბევრი გააწბილა ნარინჯისფერი რევოლუციის ლიდერთა უუნარობამ, გამოეყენებინათ მოსახლეობის ფართო მხარდაჭერა ქვეყნის სამართავად და რეფორმების განსახორციელებლად. ამ უუნარობის მთავარი მიზეზი - იუშჩენკოს და მასავით, ნარინჯისფერი რევოლუციის გმირის, ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს შორის მუდმივი შეუთანხმებლობა აღმოჩნდა.

ნარინჯისფერი რევოლუციის ტრიუმფიდან ერთი წელიც არ გასულიყო, როცა 2005 წლის სექტემბერში იუშჩენკომ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან მოხსნა იულია ტიმოშენკო. ამ ნაბიჯმა გახლიჩა უკრაინის პროდასავლური ძალები და შექმნა პირობები მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში, 2006 წლის მარტში, ნარინჯისფერი რევოლუციით დამარცხებული იანუკოვიჩის აღსაზევებლად: არჩევნებში მისი პარტიის, “რეგიონთა პარტიის” გასამარჯვებლად. ამის შემდეგ ნარინჯისფერი ალიანსის გამოცოცხლების მცდელობა ამაო გამოდგა და 2006 წლის აგვისტოში პრემიერ-მინისტრად სწორედ იანუკოვიჩი დაინიშნა.

ვარშავაში დაფუძნებული ინსტიტუტის, “საერთაშორისო ურთიერთობათა ცენტრის” ექსპერტ ეუგენიუშ სმოლარის შეფასებით, ნარინჯისფერი რევოლუციის მონაწილეთა უუნარობამ, გვერდზე გადაედოთ პირადი ამბიციები, კომპრომისი გამოენახათ საერთო მიზნის სასიკეთოდ, ძირი გამოუთხარა დასავლეთის მხარდაჭერას.

[სმოლარის ხმა] “თვით ნარინჯისფერი რევოლუციის ალიანსში იმდენს კამათობდნენ, რომ მას არ აღმოაჩნდა შინაგანი დინამიკა მთავრობის თვითონვე, საკუთარი ძალებით შესაქმნელად. გემახსოვრებათ - და დარწმუნებული ვარ, ბევრ მსმენელს ახსოვს - რომ მრავალი თვე გაგრძელდა ვაჭრობა და კინკლაობა, რომელმაც, ერთი მხრივ, მოსპო ერთმანეთის მხარდაჭერა, მეორე მხრივ მთავრობისადმი მოსახლეობის მხარდაჭერის ნაწილი. ასე რომ, ჩვენ ყველა შორიდან ვუყურებდით, ერთი მხრივ, სიმპატიით, მაგრამ მეორე მხრივ, შეიძლება ითქვას, თავზარდაცემული, იმას, რაც უკრაინაში ხდებოდა”.

ზოგი ექსპერტის, ზოგი პოლიტიკოსის რწმენით, დასავლეთს შეეძლო მეტი დახმარება გაეწია უკრაინის პრო-ევროპული ძალებისთვის იმით, რომ დაეჩქარებინა უკრაინის დაახლოვება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ევროკავშირთან, ნატოსთან.
მაგრამ ფაქტია ის, რომ უკრაინა, რომლის აღმოსავლეთი რეგიონების მოსახლეობაც პრომოსკოვური ორიენტაციით გამოირჩევა, გახლეჩილია ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით.

ისევ ეუგენიუშ სმოლარის მოსაზრება: [სმოლარის ხმა] “უკრაინაში საზოგადოებრივი აზრის გამომხატველი საკმაოდ დიდი ჯგუფი არ ავლენს მაინცდამაინც დიდ ინტერესს ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ, ესმის რა, რომ მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ინტერესები აკავშირებს რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნებასთან. ასე რომ, საქმე ეხება ძალიან კომპლექსურ ვითარებას. ჩემი აზრით, უკრაინის საზოგადოებისა და უკრაინის ელიტის ძალისხმევა საკმარისი არ იყო. რაც შეეხება იმას, შეეძლო თუ არა დასავლეთს მეტის გაკეთება, მე მჯერა, რომ შეეძლო მეტის გაკეთება, მაგრამ არა მგონია, ბევრად მეტის გაკეთება შეძლებოდა”.

დაბოლოს, უკრაინის ორჭოფულ დამოკიდებულებას დასავლეთთან მიმართებაში შესაძლოა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვისაც მოჰყვეს გარკვეული შედეგები - უწინარეს ყოვლისა საქართველოსთვის. კერძოდ, ამერიკელ ექსპერტ რობერტ ლეგვოლდის შეფასებით, უკრაინის პოლიტიკურმა კრიზისმა შესაძლოა შეაფერხოს საქართველოს დასავლეთთან დაახლოების პროცესი.

[ლეგვოლდის ხმა] “ვერ ვხედავ იმის პერსპექტივას, რომ საქართველო შეიძლება იქნეს განხილული ნატოში გაწევრიანების კანდიდატად - მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული თვალსაზრისით საამისოდ, შესაძლოა, უფრო უკეთ კვალიფიცირებულიც კი ჩანდეს - ვიდრე უკრაინის საკითხი არ მოგვარებულა. შეუძლებელია, უკრაინას გადაახტე და ცალკე განიხილო საქართველოს საკითხი”.

ბოლოს შეგახსენებთ, რომ სამშაბათს, 10 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ხელა მოაწერა კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს ნატოში ხუთი ქვეყნის - მათ შორის უკრაინისა და საქართველოს - გაწევრიანების მხარდაჭერას.
XS
SM
MD
LG