Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როუზ-როთის 65-ე სემინარი


19 აპრილს თბილისში, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში”, გაიხსნა როუზ-როთის 65-ე სემინარი, სახელწოდებით “საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე”.

როუზ-როთის პროგრამა პარტნიორობის და თანამშრომლობისთვის ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს და მისი მიზანია დახმარება გაუწიოს ნატოს პარტნიორ ქვეყნებს, - მათ შორის, ამ ეტაპზე, უპირველს ყოვლისა, ბალკანეთისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს, - დაძლიონ გარდამავალი ქვეყნებისთვის დამახასიათებელი პრობლემები. როუზ-როთის 65-ე სემინარის მუშაობაში მონაწილეობას იღებს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დიდი დელეგაცია და, ამას გარდა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ასოცირებულ დელეგაციათა წარამომადგენლები აზერბაიჯანიდან, მოლდოვადან, სერბეთიდან, რუსეთიდან. სემინარი, რომლის თბილისში ჩატარებაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ნატოსკენ მსწრაფი საქართველოს პოლიტიკურ მხარდაჭერად აღიქმება, საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა. მინდა გაგაცნოთ ის თამამი და მკვეთრი განცხადებები, რომლებიც როუზ-როთის სემინარზე 19 აპრილს გაკეთდა.

“საქართველო ელის ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე გადასვლას უახლოესი თვეების, უახლოესი ერთი წლის განმავლობაში. ჩვენ ჩვენს გადაწყვეტილებებს არ ვცვლით, მიუხედავად იმისა, როგორია და როგორი იქნება გაზის ფასი საქართველოსთან მიმართებაში“,- ეს იყო როუზ-როთის 65-ე სემინარზე მისასალმებელ გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებული ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი და მნიშვნელოვანი განცხადება. A საინტერესოა, რომ ამ განცხადების კომენტირება არ ისურვა საქართველოში რუსეთის ელჩმა ვიაჩესლავ კოვალენკომ, რომელმაც თბილისში მიმდინარე მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიება ძალიან მალე - საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის დასრულებისთანავე - დატოვა. Mპრეზიდენტმა სააკაშვილმა კი თავისი გამოსვლა მთლიანად მიუძღვნა იმის ახსნას, თუ რამდენად წარმატებულად ართმევს საქართველო თავს ნატოში გაწევრიანების მოთხოვნებს, რატომ სჭირდება საქართველოს ნატო და, პირიქით, რამდენად საჭიროა საქართველო, როგორც ევროპის განუყოფელი ნაწილი, თავად ნატოსთვისაც; მიხეილ სააკაშვილი შეეხო იმ სერიოზულ პრობლემებს, რომლებიც საქართველოს გასული საუკუნის ბოლოს, დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე, შეექმნა (გარეშე ძალების ჩარევით) და გამოთქვა იმედი, რომ ამ პრობლემებს საქართველო ევროპაში ადგილის დამკვიდრების პარალელურად ღირსეულად გადაწყვეტს:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “ჩვენ უკვე ვნახეთ მეოცე საუკუნის გადაწყვეტილებები აფხაზეთში, როცა 500 000 ადამიანის ბედი და ქონება ემსხვერპლა ამას. ჩვენ გვინდა 21-ე საუკუნის გადაწყვეტილებებით გადავფაროთ მეოცე საუკუნის გადაწყვეტილებები - იმ გადაწყვეტილებებით, რომლებიც პატივს სცემს ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას, სამართლიანობის პრინციპებს და ყველა ეთნიკური ჯგუფის კანონიერ ინტერესებს. Aამ მხრივ, ჩვენთვის თქვენთან ურთიერთობა არის პოლიტიკური პროცესი. Nნატო, პირველ რიგში, არის პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც გვეხმარება დემოკრატიზაციისა და რეფორმების პროცესის დაჩქარებასა და გაღრმავებაში. “
მაგრამ, როგორც უკვე აღნიშნა როუზ-როთის 65 –ე სემინარზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ:

{ნინო ბურჯანაძის ხმა] “სერიოზული ძალებია დაინტერესებული იმაში, რომ ხელი შეუშალონ საქართველოს გაწევრიანებას ნატოში. ზოგიერთ სახელმწიფოს - პირდაპირ ვიტყვი, რუსეთს - მიაჩნია, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება მისთვის არის საფრთხე. თუ რუსეთს სურს საქართველო დარჩეს მისი ნეგატიური გავლენის ქვეშ, ეს არ მოხდება. “

“საქართველო მომავალ წელს ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე გადასვლას ელის და ამისთვის ნატოს საპარლამენტო ასამბლეა შესაბამის გადაწყვეტილებას პორტუგალიის სამიტზე მიიღებს”, – უთხრა სემინარის მიმდინარეობისას ჟურნალისტებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ და იქვე დასძინა, რომ მისი ოპტიმიზმი თბილისში როუზ-როთის სემინარზე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პორტუგალიელი პრეზიდენტის ხოსე ლელოს გამოსვლამ გაამყარა. ხოსე ლელომ ჯერ კიდევ 18 აპრილს პარლამენტში გამართულ შეხედრაზე შეაფასა უაღრესად დადებითად ის ცვლილებები, რომლებიც საქართველოში დახვდა. Mმომავალ წელს საქართველოს ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე გადასვლის იმედი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა ბრიუს ჯორჯმაც გამოთქვა.

გაცილებით ფრთხილი მოლოდინებია საქართველოს პოლიტიკური ოპოზიციის იმ ნაწილში, რომელმაც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერა ცნობილი დეკლარაციის ხელმოწერით დაადასტურა და ამის გამო პრეზიდენტისგან მორიგი შექება 19 აპრილსაც მიიღო. დავით გამყრელიძის აზრით, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მიღწევის გარეშე ნატოს წევრობა ოცნებად დარჩება.

როუზ-როთის 65-ე სემინარს, სახელწოდებით “საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე”, 19 აპრილს მიესალმა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი არტის ფაბრიკსი. სემინარზე, რომელიც 21 აპრილს დაიხურება, იქნება მსჯელობა თემებზე: რუსეთის როლი სამხრეთ კავკასიაში, ევროკავშირი და სამხრეთ კავკასია, დემოკრატიული გარდამავალი პერიოდი საქართველოში და ასე შემდეგ. სემინარის პირველ დღეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ სემინარის მიმდინარეობისას გამოიკვეთება საინტერესო წინადადებები და ხედვები კონფლიქტების პრობლემასთან დაკავშირებითაც.
XS
SM
MD
LG