Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი ტრანსატლანტიკური ეკონომიკური პარტნიორობა


ვაშინგტონში დასრულდა აშშ-ევროკავშირის სამიტი,

რომელზეც იმსჯელეს ირანის ბირთვულ პროგრამასა და ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემაზე, ეკონომიკური კავშირების გაღრმავებასა და გარემოს დაცვაზე. ვაშინგტონში განხილული ამ და სხვა საკითხებიდან უთანხმოება, როგორც ჩანს, ერთადერთმა გამოიწვია. მაგრამ მასზე მოგვიანებით.

სამიტის მთავარ შედეგად მიჩნეულია შეთანხმება ახალ ტრანსატლანტიკურ ეკონომიკურ პარტნიორობაზე. ამ შეთანხმებით გათვალისწინებულია ვაჭრობისა და ინვესტირების ხელშეწყობა მარეგულირებელი სტანდარტების ჰარმონიზების მეშვეობით, რაც საფუძველს უყრის აშშ-ევროკავშირის საერთო ბაზარს. მხარეებმა ხელი მოაწერეს ასევე დოკუმენტს “Open Skies”, ანუ “ღია ცა”, რომელიც ტრანსტალანტიკური საჰაერო მიმოსვლის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

გამოდის, ყურადღების ცენტრში ეკონომიკა მოექცა, რაზეც მოწმობის კიდევ ერთი შეთანხმება - შეიქმნას ეკონომიკური საბჭო, რომელშიც რეგლურალურად იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ინტელექტუალური საკუთრება, საფინანსო მომსახურება, საავტომობილო მრეწველობა.

რაც შეეხება პოლიტიკურ საკითხებს, უთანხმოება, თუ კრიტიკული შეფასება, წეღან რომ ვახსენეთ, სწორედ პოლიტიკის სფეროდან იყო: ვაშინგტონის სამიტზე გამოთქმული ვარაუდით, აშშ შესაძლოა საკმარისად არ მუშაობდეს რუსეთის დასარწმუნებლად, რომ ამერიკელების გეგმა, ანტისარაკეტო თავდაცვის ელემენტები განათავსონ პოლონეთსა და ჩეხეთში, არ უქმნის რაიმე საფრთხეს რუსეთს.

ევროკავშირის ამჟამინდელი მორიგე ქვეყნის, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან შეხვედრამდევე გამოთქვა რწმენა, რომ საჭიროა რუსეთის ლიდერთან უფრო ინტენსიური მოლაპარაკება ამ საკითხზე. როგორც გაირკვა, მერკელის პოზიციის გათვალისწინებას აპირებს პრეზიდენტი ბუში. ამის შესახებ მან კანცლერ მერკელთან მოლაპარაკების შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. [ჯორჯ ბუშის ხმა] “მან (კანცლერმა მერკელმა) გამოთქვა შეშფოთება, რომ აშშ-ის პოზიცია ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის საკითხში მთლად ნათელი არ არის და რომ გერმანიაში, ზოგადად, ევროპაში არიან ადამიანები, ვინც შეშფოთებულია ჩვენი გეგმებით. კანცლერმა მერკელმა გამოთქვა აგრეთვე მოსაზრება, რომ ალბათ, მართებული იქნებოდა ჩემი მიზნების უკეთ განმარტება პრეზიდენტ პუტინისთვის. და მერკელის ამ რჩევას ძალიან სერიოზულად ვეკიდები”.

ბუშმა იქვე გაიმეორა, რომ ანტისარაკეტო სისტემის გეგმა რუსეთისადმი რაიმე მტრულ განზრახვაზე არ მიუთითებს, პირიქით - რომ ამ გეგმაში მონაწილეობა თვით რუსეთისთვისაც შეიძლება იყოს საინტერესო ირანისა და ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო იერიშების საფრთხისგან თავის დასაცავად.

ევროკავშირისა და აშშ-ის სამიტზე განხილულ სხვა საკითხებს რაც შეეხება, მხარეებმა ერთსულოვანი პოზიცია გამოთქვეს ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო. ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ ისიც აღნიშნა, რომ არა მარტო დასავლეთია ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგი. [ჟოზე მანუელ ბაროზუს ხმა] “ირანელებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ამ პოზიციას იზიარებს მთელი მსოფლიო თანამეგობრობა - არა მარტო აშშ და ევროპა, არამედ სხვებიც. (გაეროს) უშიშროების საბჭომ რამდენიმე რეზოლუცია მიიღო. მართლაც, ბირთვული იარაღის გავრცელება საფრთხეს უქმნის არა მარტო რეგიონულ სტაბილურობას, არამედ მშვიდობასა და სტაბილურობას მთელს მსოფლიოში. ამიტომ მჯერა, რომ ირანის ხელისუფალთა საყურადღებოდ ამ განცხადებას ერთხმად ვაკეთებთ აქ, ისევე როგორც გაეროში”.

დაბოლოს საკითხზე, რომელიც მართალია, რამდენიმე წელია, უთანხმოებას იწვევს ევროკავშირსა და აშშ-ს შორის, მაგრამ ამ, ბოლო სამიტზე დავის საგანი აღარ გამხდარა: ლაპარაკია გლობალური დათბობისადმი დამოკიდებულებაზე. ევროკავშირის წარმომადგენლები კმაყოფილებასაც კი გამოთქვამდნენ - კმაყოფილებას იმის გამო, რომ აშშ ახლა ოფიციალურად აღიარებს კლიმატური ცვლილებების ფაქტს და იმასაც, რომ კლიმატურ ცვლილებებს უწინარესად ადამიანების მოქმედება იწვევს.
[ჟოზე მანუელ ბაროზუს ხმა] “მოდით, გულახდილად ვთქვათ: შეერთებული შტატებისა და ევროპის ერთმანეთთან თანამშრომლობის გარეშე ვერ დავიყოლიებთ სხვებს ნამდვილ გლობალურ ძალისხმევაზე, რათა გავუმკლავდეთ ამ ძალიან სერიოზულ საფრთხეს ჩვენი ეკონომიკის, ისევე როგორც ჩვენი უსაფრთხოებისთვის”.

ამ, “ძალიან სერიოზულ საფრთხეს”, ევროკომისიის პრეზიდენტ ბაროზუსა და აშშ-ევროკავშირის სამიტის სხვა მონაწილეების შეფასებით, გლობალური დათბობა ქმნის. სხვა საქმეა, რომ აშშ კვლავინდებურად არ იზიარებს ევროპელთა მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ ზომას გლობალური დათბობის წინააღმდეგ - კერძოდ, თითოეული სახელმწიფოსთვის ლიმიტის დაწესებას გამონაბოლქვზე, რომელიც ე.წ. სათბურის ეფექტს იწვევს. აშშ შიშობს, რომ ასეთი ლიმიტი ეკონომიკას ავნებდა.
XS
SM
MD
LG