Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭოში კოსოვოს დამოუკიდებლობის საკითხზე კვლავ დიდი აზრთა სხვადასხვაობაა


ოთხშაბათს ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სერბიის კოსოვოს ოლქის სამომავლო სტატუსის თაობაზე ბელგრადსა და პრიშტინას,

სერბებსა და კოსოვოელ ალბანელებს სრულიად განსხვავებული პოზიცია აქვთ. ეს აღიარა კიდეც ამ შეხვედრის დროს გაეროში ბელგიის წარმომადგენელმა იოჰან ვერბეკემ. ის უშიშროების საბჭოს მისიას ხელმძღვანელობდა, როცა ეს ჯგუფი კოსოვოში ჩავიდა, რათა ადგილზე შეეფასებინა ვითარება. მისიის დასკვნამ საბჭოს შიგნით არსებულ აზრთა სხვადასხვაობაზე გავლენა ვერ მოახდინა. გაეროში რუსეთის წარმომადგენლობა კიდევ ერთხელ აფრთხილებს საბჭოს, არ იჩქაროს ამ ეტაპზე გადაწყვეტილების მიღება და სერბიასა და კოსოვოელ ალბანელებს მოლაპარაკების გაგრძელებისკენ მოუწოდებს. მოგეხსენებათ, რუსეთი სერბიის მოკავშირეა და კოსოვოს სეპარატიზმს კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ვერბეკემ ბრიუსელში განაცხადა, კოსოვოელ ალბანელთა უმეტესობა მოელოდა, რომ მაისის ბოლოსთვის სტატუსის საკითხი გადაწყდებოდაო.

უშიშროების საბჭოს მისია (მას ფაქტების დამდგენ მისიას უწოდებენ) კოსოვოში ჩავიდა პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ვითარების შესაფასებლად იმისათვის, რომ საბჭოს 15 წევრს უკეთესი წარმოდგენა ჰქონოდა ოლქის მდგომარეობაზე. საბჭო ახლა კოსოვოში გაეროს საგანგებო წარგზავნილის მარტი აჰტისაარის წინადადების განხილვის სტადიაშია. ფინელი დიპლომატის რეკომენდაცია “კონტროლირებულ დამოუკიდებლობას” გულისხმობს. სერბია და რუსეთი კატეგორიულად წანააღმდეგნი არიან დამოუკიდებლობის იდეისა. ბელგრადი მზადაა ოლქს ფართო ავტონომია მიანიჭოს მხოლოდ მისსავე ფარგლებში. საბჭოს ორი მუდმივი წევრი, ჩინეთი და რუსეთი, როგორც ითქვა, დამოუკიდებლობას არ ემხრობა. აშშ და ევროკავშირის წევრთა უმეტესობა აჰტისაარის გეგმას მისაღებად მიიჩნევს. ოთხშაბათის ბრიფინგზე რუსეთის წარმომადგენელმა ჩურკინმა იმედი გამოთქვა, ახლა საბჭოს წევრები ჭეშმარიტ დისკუსიას გამართავენ, რაკი ნახეს, რა ხდება კოსოვოშიო:

(ჩურკინის ხმა) “კოსოვოში ყოფნის შემდეგ, ძალიან ძნელია დაეთანხმო იმას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა რომელიმე სფეროში მაინც ახლოსაა გაეროს 1244-ე რეზოლუციის განხორციელებასთან. ეს რეზოლუცია გულისხმობს ნორმალური ვითარების შექმნას, კოსოვოში ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას იმისთვისაც, რომ სერბებს იქ დაბრუნება შეეძლოთ. ჩვენ არაფერში ვართ მიახლოებული უშიშროების საბჭოს მიერ დამტკიცებული სტანდარტების განხორციელებასთან.”

რეზოლუცია 1244, რომელზეც ჩურკინი ლაპარაკობს, საბჭომ 1999 წლის ივნისში მიიღო. კრემლის დესპანი მოელის, რომ დეტალურად განიხილება მისიის ხელმძღვანელის ვერბეკეს ანგარიში და ასევე დეტალური მსჯელობა იქნება 1244-ე რეზოლუციის განხორციელების თაობაზე. აქვე გეტყვით, რომ ეს რეზოლუცია გაერომ მიიღო ორ თვეში, ნატოს ავიაციის მიერ სერბიის დაბომბვის შემდეგ, რამაც აიძულა სერბიის მთავრობა და პრეზიდენტი მილოშევიჩი კოსოვოდან ჯარი გაეყვანა. ვიტალი ჩურკინმა ბრიუსელში შეკრებილებს შეახსენა, რომ კოსოვოს საკითხი მეტი ტაქტით უნდა გადაწყდეს:

(ჩურკინის ხმა) “ზოგიერთი გვთავაზობს, უშიშროების საბჭომ გააუქმოს 1244-ე რეზოლუცია და მიიღოს ახალი, რომელიც კოსოვოს დამოუკიდებლობას გზას გაუსხნიდა. ჩემი აზრით, საერთაშორისო თანამეგობრობამ პატივი უნდა სცეს საკუთარ თავს და, პირველ რიგში, დარწმუნდეს, რომ მისი გადაწყვეტილება - კერძოდ, 1244-ე რეზოლუცია - განხორციელებულია.”

ჩურკინის შემდეგ ცოტა ხანს ილაპარაკა გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა ზალმაი ხალილზადმა. მან თქვა, რომ კოსოვოს საკითხი პრიორიტეტული თემაა და მისი გადადება დიდი ხნით არ შეიძლება. შეძლებისამებრ, მალე უნდა გავარკიოთ ანგარიშის დეტალები, რათა კოსოვოს საკითხი წარმატებით გადაწყდესო, უთხრა მან ბელგიის დედაქალაქში შეკრებილთ. მაისში საბჭოს ხალილზადი უხელმძღვანელებს. კოსოვოს სტატუსის საკითხი მან პრიორიტეტულად მიიჩნია და საბჭოს სამუშაო პროგრამის დღის წესრიში ჩასვა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG