Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი და ნიკოლა სარკოზი - რას უნდა მოველოდეთ საფრანგეთის ახალი პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკისგან


საფრანგეთის ახალი პრეზიდენტის

საგარეო პოლიტიკური ხედვის თაობაზე ლაპარაკისას ერთი რამაა ცხადი: სარკოზიმ გამარჯვების შემდეგაც დაადასტურა, რომ ის აშშ-ის მოტრფიალეა. სხვა სფეროებში - კავშირის გაფართოების, რუსეთთან დამოკიდებულების ან ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკაში - ნიკოლა სარკოზის კიდევ აქვს თავისი პოზიცია დასაზუსტებელი.

ნიკოლა სარკოზი ძლიერი პიროვნებაა. მან საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას დაამტკიცა, რომ საფრანგეთის საზოგადოების რეფორმირება სურს, მაგრამ მისი კამპანია საშინაო პოლიტიკაზე იყო მიმართული. თვითონ ახალ პრეზიდენტს საერთაშორისო დიპლომატიაში მაინცდამაინც დიდი გამოცდილება არა აქვს. მას, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს, საშინაო საქმეები ებარა. მაგრამ, როგორც ზემოთ ვთქვით, აშშ-ის მიმართ თავისი დამოკიდებულება სარკოზიმ აშკარად გამოხატა არჩევნების დღეს:

(სარკოზის ხმა)
“მე მინდა მივმართო ამერიკელ მეგობრებს და დავარწმუნო, ყოველთვის ჰქონდეთ იმედი ჩვენი მეგობრობისა, რომელიც გამოიბრძმიდა ისტორიის ძნელბედობაში, ერთად რომ გადავიტანეთ. მე მინდა მათ ვუთხრა, რომ საფრანგეთი ყოველთვის მათ გვერდით იქნება. მაგრამ მინდა ვუთხრა ისიც, რომ მეგობრობა იმ შემთხვევებშიც მისაღებია, როცა მეგობრები სხვადასხვაგვარად აზროვნებენ.”

მაგრამ რა პოლიტიკური მიზნები აქვს სარკოზის?
ევროპის კავშირის უშიშროების კვლევის ინსტიტუტის ევროპის საკითხთა ექსპერტმა ვალტერ პოშმა გვითხრა, რომ ამ მიზნებზე შეიძლება მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა იმ კომენტარების მიხედვით, რომელთაც აკეთებდა სარკოზი არჩევნების დროს:

(პოშის ხმა)
“ირანთან და ერაყთან დაკავშირებით ის ამბოდა, რომ აშშ-ის პოზიციასთან არის ახლოს. მაგრამ, კლასიკურ ფრანგულ ყაიდაზე, ამერიკელებს ეუბნებოდა: მეგობრები ვართ, მაგრამ განსხვავებულებიც ვართო. ასე რომ, ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკაში ჩვენ არაფერი ვიცით სარკოზის პოლიტიკური გეგმების შესახებ.”

თუმცა ცნობილია ისიც, რომ სარკოზი ირანის პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარების მომხრეა. თავის ერთ გამოსვლაში არჩევნების წინ მან შემდეგი განაცხადა:

(სარკოზის ხმა)
“თუკი გავხდი პრეზიდენტი, ორ ფრონტზე ვიბრძოლებ: პირველი, ესაა სანქციები ირანის რეჟიმის წინააღმდეგ. მეორე კი საერთაშორისო თანამეგობრობის გაერთიანებაა. ჩვენ გვჭირდება რუსებისა და ჩინელების მომხრობა სანქციების მისაღწევად.”

ადრე სარკოზი ერაყის ომის წინააღმდეგიც იყო და ისრაელის მიმართ საფუძვლიანი მხარდაჭერის მომხრედ გამოდიოდა. რაც შეეხება რუსეთს, სარკოზი იდეოლოგიურად და მენტალიტეტით დიდადაა დაშორებული პუტინის რუსეთისგან. ევროპის კავშირის უშიშროების კვლევის ინსტიტუტის რეგიონალური ექსპერტი საბრინა ფიშერი ამბობს, რომ არ არის ცნობილი, როგორი იქნება რუსეთის მიმართ სარკოზის პოზიცია, მაგრამ ვარაუდობს, რომ მომავალში ის ვაშინგტონზე იქნება დამოკიდებული:

(ფიშერის ხმა)
“აშკარაა ერთი რამ, კერძოდ, ის, რომ სარკოზი შეეცდება ისეთ საგარეო პოლიტიკას მისდიოს, რომელიც აშშ-ზე იქნება ორიენტირებული. ასე რომ, ეს მიგვანიშნებს, როგორი შეიძლება იყოს რუსეთთან ურთიერთობა. ცნობილია, რომ ბოლო წელიწად-ნახევარში რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობა დაიძაბა. ამდენად, ამან შეიძლება განსაზღვროს სარკოზის საგარეო პოლიტიკა აღმოსავლეთში.”

ევროპის კავშირთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ სარკოზი თავს ევროპის კარგ მეგობრად მიიჩნევს და შეეცდება ევროპის კონსტიტუციის ჩიხიდან გამოყვანის საქმეში ჩაერიოს. ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟოზე მანუელ ბაროზუმ სარკოზის ერთობ თბილი სიტყვებით მიმართა:

(ბაროზუს ხმა)
“ნიკოლა სარკოზის კარგად ვიცნობ. ვიცნობ მის სწრაფვას იმოქმედოს, იყოს ენთუზიასტი, რა თქმა უნდა, საფრანგეთისა და ასევე ევროპის ინტერესების სასარგებლოდ. მე ყველანაირად დარწმუნებული ვარ, რომ ნიკოლა სარკოზი, რომლის პოზიციასაც ვიცნობ და რომლის მტკიცე შეხედულებები ყველასთვის ცნობილია, ითამაშებს წამყვან როლს ინსტიტუციონალური საკითხების მოგვარებასა და პოლიტიკური ევროპის კონსოლიდირების საქმეში.”

მაგრამ ერთი საკითხი, რომელშიც სარკოზის თავისი პოზიციის შეცვლაზე ჯერჯერობით არაფერი უთქვამს, თურქეთის კავშირში გაწევრიანებაა. კვლავ პოშს მოუსმინეთ.

(პოშის ხმა)
“ერთადერთი, აშკარად გასაგებია მისი პოზიცია თურქეთის მიმართ, რომელზეც სარკოზიმ გარკვევით თქვა - “არა”. თურქეთისგან დამოუკიდებლად, სარკოზი ასევე არ მიიჩნევა ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოების მომხრედ. ევროპის კავშირის უშიშროების კვლევის ინსტიტუტის რეგიონალური ექსპერტი საბრინა ფიშერი ფიქრობს, რომ სარკოზი, მაგალითად, უკრაინის კავშირში გაწევრიანების თაობაზე იყოყმანებს, მაგრამ ამ ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესს მხარში დაუდგება. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნიკოლა სარკოზი დაახასიათა როგორც კომპეტენტური და, ამასთანავე, ფასეულობათა მატარებელი პოლიტიკოსი. სააკაშვილის თქმით, სარკოზი მომავალი შარლ დე გოლია:

(სააკაშვილის ხმა)
“მე ვფიქრობ, და ამას ვამბობ დიპლომატიურობისა და პირმოთნეობის გარეშე, რომ საფრანგეთის ახალი პრეზიდენტი შეიძლება გახდეს ახალი გენერალი დე გოლი. ჩემი პროგნოზით, ის შეიძლება იყოს მომავალი გენერალი დე გოლი ახალ საზღვრებში, ახალ ისტორიულ კონტექსტში და ის შეცვლის ევროპას და ის შეცვლის საფრანგეთს.”

საფრანგეთის "ანატოლიის კვლევითი ინსტიტუტის" "კავკასიის ობსერვატორიად" წოდებული ფილიალის დირექტორი ბაქოში, თორნიკე გორდაძე, ამბობს, რომ სარკოზის აქვს ამბიცია ისტორიაში შევიდეს, როგორც ევროინტეგრაციის ერთ-ერთი გამღრმავებელი, ერთ-ერთი ხელოვანი, როგორც საფრანგეთში ამბობენ. რაც შეეხება გაფართოებას, მათ შორის, საქართველოს მსგავსი ქვეყნების კავშირში შესვლას, თორნიკე გორდაძის აზრით, სარკოზი, ალბათ, არ დაუშვებს გამონაკლისს და მათ თურქეთისგან განსხვავებულად არ შეხედავს.



  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG