Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების 62-ე წლისთავი აღნიშნეს


ზუსტად 62 წლის წინ, 1945 წლის 9 მაისს, მაშინდელი საბჭოთა კავშირის მოსახლეობამ რადიოს საშუალებით შეიტყო, რომ დასრულდა დიდი სამამულო ომი

- კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სასტიკი და მასშტაბური სამხედრო დაპირისპირება, რომელმაც ოთხი წლის განმავლობაში - 1941 წლიდან 1945 წლამდე - რამდენიმე ათეული მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ომმა გვერდი არც საქართველოს აუარა. საერთო ჯამში, საქართველოდან 700 ათასზე მეტი ადამიანი იქნა მობილიზებული. ამათგან თითქმის ნახევარი ბრძოლის ველზე დარჩა. დღეისათვის კი საქართველოში მეორე სამამულო ომის ვეტერანთა რაოდენობა 10 ათასს არ აღემატება. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, 9 მაისს საქართველოში მცხოვრებ ომის ყველა მონაწილეს მთავრობამ საჩუქრად 100-100 ლარი გადასცა.

საქართველოში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ყოველი წლის 9 მაისს ტრადიციულად გამარჯვების პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან, იკრიბებიან. ტრადიციას წელს არც 90 წლის ბატონმა ვლადიმერმა უღალატა.

[ბატონ ვლადიმერის ხმა] „ვიბრძოდი უკრაინაში, ხარკოვთან, სადაც დავიჭერი. მკურნალობის შემდეგ გამაგზავნეს სტალინგრადში, სადაც ასევე ვიბრძოდი. ვიყავი მინებისმტყორცნელი ოცეულის მეთაური. „არც ერთი ნაბიჯი უკან!“ - ასეთი ბრძანება გვქონდა და უკან, მართლაც, არ დაგვიხევია... სამშობლოსთვის, სტალინისთვის...“(სტილი დაცულია)

ბატონი ვლადიმერი ამბობს, რომ სტალინგრადის მისადგომებთან მძიმედ დაიჭრა, რის გამოც, დაინვალიდებულმა ჯარისკაცმა, ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ბატონმა ვლადიმერმა ომის დამთავრების შესახებ, ისევე როგორც მილონობით მისმა თანამოქალაქემ, რადიოს საშუალებით, ლეგენდარული დიქტორის იური ლევიტანისგან შეიტყო: [იური ლევიტანის ხმა] „ლაპარაკობს მოსკოვი! ლაპარაკობს მოსკოვი! ფაშისტური გერმანიის უპირობო კაპიტულაციის აქტი...“

ფაშისტური გერმანიის შეიარაღებული ძალების კაპიტულაციას, რომელიც ძალაში 1945 წლის 8 მაისს, 23 საათსა და ერთ წუთზე, შევიდა, ხელს აწერდნენ გენერალ-ფელდმარშალი ვილჰელმ კეიტელი და ფლოტის ადმირალი ჰანს გეორგ ფონ ფრიდებურგი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მერაბ ვაჩნაძე ამბობს, რომ საქართველომ ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი მსხვერპლი გაიღო:

[მერაბ ვაჩნაძის ხმა] „თითქმის ყველა ფრონტზე დაიღუპნენ ქართველები, მაგრამ ყველაზე მეტი მაინც ქერჩში დაიხოცა... პროცენტულად, მოსახლეობის მიხედვით, ყველაზე მეტი ბელორუსი დაიღუპა... ყოველი მეოთხე... გაწვეულთაგან კი ყველაზე მეტი - ქართველი... 700 ათასი გაწვეულიდან - დაახლოებით ნახევარი... მაგრამ ბრძოლა ფაშიზმის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, პროგრესული იყო.“

იმას, რომ ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლა პროგრესული იყო, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაც აღიარებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, 9 მაისი უქმე დღედაა გამოცხადებლი. პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ კი გამარჯვების წლისთავზე საგანგებოდ ვეტერანებისთვის მიღება გამართა: [ნინო ბურჯანაძის ხმა] „ვულოცავ მათ ყველას. ეს ადამიანები შეებრძოლნენ უსამართლობას, შეებრძოლნენ ჭირს, ფაშიზმის სახით, და ნამდვილად იმსახურებენ გულწრფელ თანადგომას, იმიტომ რომ მთელი ენთუზიაზმით საკუთარი ახალგაზრდობა, ჯანმრთელობა და სიცოცხლე ბევრმა მათგანმა დატოვა ფრონტზე.” (სტილი დაცულია)

ფრონტზე კი, მართლაც, ბევრი - დაახლოებით 350 ათასამდე ქართველი მებრძოლი - დაიღუპა. ამის გამო ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ვეტერანთა სახეებს, სიხარულის გარდა, ტკივილისა და ცრემლის კვალიც აჩნია.
[ისმის სიმღერა]

9 მაისს ბადრი პატარკაციშვილის საქველმოქმედო ფონდმა ომგამოვლილ ადამიანებს რესტორანში, საზეიმო ბანკეტზე, უმასპინძლა, ხელისუფლებამ კი ვეტერანებს 100-100 ლარი გადასცა. თუმცა, როგორც 90 წლის ბატონი ვლადიმერი ამბობს, ყველაზე დასამახსოვრებელი და საამაყო საჩუქარი მან გაცილებით ადრე ბრძოლის ველზე გამოჩენილი მამაცობისთვის მიიღო: [ბატონ ვლადიმერის ხმა] „დამავალეს, მითხრეს, რომ ამა და ამ ადგილზე არის გერმანელების შტაბი და უნდა ააფეთქოო. წავიყვანე მებრძოლები, დავდგით ნაღმსატყორცნი და დავუშინეთ. ერთი ავაცილეთ, მეორეც და მესამე მოვარტყით... და ამისთვის მომცეს ეს, სამამულო ომის პირველი ხარისხის, საბრძოლო ორდენი.“

ბატონ ვლადიმერსა და მის თანამებრძოლებს 9 მაისს გამარჯვების წლისთავი, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების გარდა, საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატებმაც მიულოცეს. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისგან განსხვავებით, ევროპაში ფაშიზმის დამარცხების წლისთავი ერთი დღით ადრე, 8 მაისს, აღინიშნება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG