Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგა ბოკერია უარყოფს ხელისუფლების მხრიდან ფეხბურთის ფედერაციის საქმეებში ჩარევის ფაქტს, უეფა კი პრეზიდენტის არჩევნებზე თავის წარმომადგენელს აგზავნის


ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოში საფეხბურთო თემამ ლამის ყველა პოლიტიკური საკითხი თუ სოციალური პრობლემა დაჩრდილა.

13 მაისს, ფეხბურთის ფედერაციაში ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა და არჩეული პრეზიდენტის მყისიერმა გადადგომამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია და საფუძველი შეუქმნა ჭორებს, თითქოს ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაში ხელისუფლება ჩაერია. ხვალისთვის, ფედერაციის რიგგარეშე ყრილობის ფარგლებში დანიშნულმა ხელმეორე კენჭისყრამ ქართული ფეხბურთის ახალი ხელმძღვანელი უნდა გამოავლინოს.

13 მაისის არჩევნებში გამარჯვებულს, ნაციონალური მოძრაობისა და თბილისის საკრებულოს წევრს, ახლო წარსულში კი საქართველოს ნაკრების კაპიტანს გიორგი ნემსაძეს გადადგომის მოტივი ჯერჯერობით არ გაუმხელია. მასმედიაში კი გაუთავებელი ლაპარაკია იმაზე, რომ არჩევნების მონაწილე კანდიდატებს ხელისუფლების სხვადასხვა ჯგუფები უჭერდნენ მხარს და რომ არჩეული პრეზიდენტის მოულოდნელი გადადგომა სახელისუფლო დაჯგუფების მხრიდან განხორციელებულმა ზეწოლამ განაპირობა.

ამ დაჯგუფების წევრთაგან ყველაზე ხშირად ასახელებენ პარლამენტარ გიგა ბოკერიას. მას რადიო "თავისუფლების" თბილისელმა კორესპონდენტმა ეკა წამალაშვილმა დაურეკა და ზეწოლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ხმებზე საკუთარი პოზიციის გამოხატვა სთხოვა.

[გიგა ბოკერიას ხმა] "მე გამოვრიცხავ რაიმე შესაძლებლობას ზეწოლისა რომელიმე კანდიდატზე ხელისუფლების მხრიდან. რაც შეეხება ამ ვერსიებს, რომლებსაც უფრო სწორი იქნება, ჭორები ვუწოდოთ ან სპეკულაციები, სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. იმიტომ, რომ არაფერი ამის თაობაზე არ ვიცი და ამიტომ ვერც ვიმსჯელებ იმაზე, ესა თუ ის ჭორი როგორ წარმოიშვა. რაც შეეხება რომელიმე კანდიდატის მოტივაციას ამა თუ იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მით უმეტეს ფედერაციაში და არა რომელიმე ოფიციალურ სტრუქტურაში, ეს მათი საქმეა და მე ნამდვილად ვერ დავიწყებ მარჩიელობას, ვინ ვის გამო მიიღო ესა თუ ის გადაწყვეტილება. მე, როგორც გულშემატკივარმა - ხაზი მინდა გავუსვა - არა პარლამენტის წევრმა, პოლიტიკოსმა ან, მით უმეტეს, თანამდებობის პირმა, ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ, როგორც გულშემატკივარს, მე პირადად ძალიან მაღელვებდა რაიმე სახის საფრთხეც კი ტოპმიოლერისნაირი მწვრთნელის წასვლის. და მეტიც, მე, როგორც გულშემატკივარს, ძალიან მინდა, რომ დიდი ხანი იმუშავოს ასეთი დონის სპეციალისტმა ჩემი ქვეყნის ნაკრებთან. მაგრამ ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი, ამას მინდა ხაზი გავუსვა და ამიტომაც ვთქვი უკვე ორჯერ და მესამედაც გავიმეორებ, რომ როგორც გულშემატკივარი ვსაუბრობ ამ შემთხვევაში. საერთოდ, ეს არ არის მთავრობის საქმე, როგორც მინიმუმ პირდაპირ. ირიბად მთავრობის საქმე - ხელშეწყობის რეჟიმის შექმნა - გარკვეული დოზით შეიძლება იყოს. აქაც სადავოა, რა დოზით; მაგრამ არანაირ შემთხვევაში -ფედერაციის ამა თუ იმ კონკრეტული გადაწყვეტილების რევიზია. ჩვენ გვქონდა პრობლემა წარსულში ამ სფეროში ორგანიზებულ დანაშაულთან მიმართებაში. ეს იყო და დღესაც დარჩება, როდისმე თუ ასეთი საფრთხე წარმოიქმნა, სახელწიფოს პასუხისმგებლობად, რომ არ დაუშვას ორგანიზებული დანაშაულის გავლენის გავრცელება, მაგრამ ამ შემთხვევაში ამასთან არა გვაქვს კავშირი. ამიტომ, შემიძლია შემოვიფარგლო იმით, რაც გითხარით: რომ ამ სპეკულაციებზე ვერაფერს გეტყვით."

თუმცა, გიგა ბოკერიამ ის კი გვითხრა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელზე თავისი მოსაზრება მას, როგორც ფეხბურთის გულშემატკივარს, უწინაც გამოუთქვამს:

[გიგა ბოკერიას ხმა] "ერთადერთი, სადაც დავაფიქსირე ჩემი, როგორც გულშემატკივრის პოზიცია, იყო მწვრთნელის საკითხი. შეიძლება, ესეც კი არასწორი იყოს, მაგრამ ამ უფლებას ვიტოვებ. ასე რომ, რაიმე ფავორიტებზე საუბარიც ზედმეტია. დასაწყისშიც გითხარით, რომ ამ სპეკულაციებზე პასუხს ვერ გავცემ-თქო, იმიტომ, რომ ადამიანები, უბრალოდ, რაღაც ჭორს იგონებდნენ და მერე აანალიზებდნენ ჭორს, რატომ შეიძლება ეს ასე იყოს... ეს ძალიან საინტერესო მეთოდია. ჩემთვის უჩვეულო არ არის. სამწუხაროდ, ჩვენს საჯარო დისკუსიაში - როგორც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები, ისე მედიის წარმომადგენელთა დიდი ნაწილი მიჩვეული არიან ამ ტიპის ვირტუალური რეალობის შექმნას და მერე ანალიზს, რატომ არის ეს რეალობა შექმნილი. ამას ვერ ავჯუკრძალავთ ვერავის და არც უნდა ავუკრძალოთ - სიტყვის თავისუფლება არის. ამიტომ, კამათი ამასთან ძალიან ძნელია, შეუძლებელიც კი არის, ჩემი აზრით."

გიგა ბოკერიასთან საუბრისას, ცხადია, დავინტერესდით იმითაც, როგორ უყურებს ის საფრთხეს, რომელიც საქართველოს შეიძლება დაემუქროს უეფასთან და ფიფასთან ურთიერთობაში - როგორც ევროპის, ისე საერთაშორისო საფეხბურთო ფედერაციები ხომ მკაცრად სჯიან იმ ქვეყნებს, რომლებშიც ხელისუფლება ეროვნული ფედერაციის საქმიანობაში ერევა.

[გიგა ბოკერიას ხმა] "თუ საუბარია იმ პრობლემებზე, რომელიც შეიძლება ამა თუ იმ ორგანიზაციას შეექმნას მის შესაბამის სათავო საერთაშორისო ორგანიზაციასთან, ეს უნდა ვკითხოთ იმ ხალხს, ვინც ერკვევა ამა თუ იმ წესებში. მე ბევრი რამ მოვისმინე, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენს საჯარო დისკუსიაში მონაწილე ადამიანების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით დასკვნას ვერ გამოვიტან ნამდვილად. და ის, რომ დავინტერესდე მე პირადად და გავერკვე ამაში, უკაცრავად, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ გულშემატკივარი გახლავართ, ეს არ არის ჩემი კომპეტენცია და ამიტომ არც სწორი იქნება და არც მიზანშეწონილი, რომ ამის კვლევა ჩვენ დავიწყოთ. იმედი უნდა ვიქონიოთ, უბრალოდ, რომ არანაირი პრობლემები არ შეიქმნება და ამ სფეროში საერთაშორისო თვალსაზრისით გვექნება მხოლოდ მხარდაჭერა."

იმის გასარკვევად, შეექმნება თუ არა პრობლემები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, ჩვენ დავუკავშირდით უეფას პრესმდივანს თომას ჯორდანოს, რომელმაც მხოლოდ ეს გვითხრა:

[თომას ჯორდანოს ხმა] "ამასთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ უეფას მეთვალყურე ადგილზე ჩავიდა და ვითარებას არკვევს. ეს არის პირი, რომელიც უეფას ადმინისტრაციისთვის და ეროვნული ფედერაციების განყოფილებაში მუშაობს."

რაც შეეხება 13 მაისის კენჭისყრაში გამარჯვებულ კანდიდატზე ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ხმებს, თომას ჯორდანომ კომენტარისგან აქაც თავი შეიკავა:

[თომას ჯორდანოს ხმა] "ამ წუთში ამაზე კომენტარს არ ვაკეთებთ, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, უეფას მეთვალყურე იქ არის და მომავალ კვირებში ამის შესახებ მეტი ინფორმაცია გვექნება."

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG