Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაზის კულტურაო, ამბობს ხალხი. დიახ


ვაზის კულტურაო, ამბობს ხალხი. დიახ,

ღვინო კულტურის ნაწილია და არამარტო კულტურულ მემკვიდრეობას მიეკუთვნება - ღვინის კულტურა მუდმივად ვითარდება, იცვლება, შეიძლება ითქვას, თანამედროვე ”გემოს” იძენს - ღვინის კულტურა თანამედროვე კულტურის ნაწილია, კულტურული ცხოვრების ნაწილი. სხვა საქმეა, რომ უხარისხო ღვინო ისევე არავის სჭირდება, როგორც უხარისხო კულტურა. არადა, ხომ ვამბობთ, საქართველო დღეს თავისი კულტურის ექსპორტზე ზრუნავს, მათ შორის - ღვინის ექსპორტზეც..

მაგრამ ხელისუფლების ზრუნვა ეფექტური ვერ იქნება, თუკი ამ საქმეში შემოქმედებითი ადამიანებიც არ ჩაერთვებიან, რადგან კულტურაა შემოქმედებაცაა, ფანტაზიაცაა.

გოგი ჭელიძე, რომელსაც ერთი თვის წინ ბერლინში ქართული კინოს კვირეულზე შევხვდით, ასეთ ხალხს მიეკუთვნება - კომერსანტი, დისტრიბუტორი და, უფრო ბანალურ სიტყვას თუ ვიხმართ, ”ბიზნესმენი”, რომელიც არ ემორჩილება თავად ბიზნესში დამკვიდრებულ სტერეოტიპებს და, რაც მთავარია, ანგრევს ბიზნესმენების შესახებ ჩვენში დამკვიდრებულ წარმოდგენებს. გოგი ჭელიძე 16 წელია გერმანიაში ცხოვრობს. დაიწყო წვრილი ბიზნესით, თუმცა თავისებურად დაიწყო - გერმანიაში სვანურ ქუდებს ყიდდა, ოღონდ ისე არა, როგორც სხვები:

[გოგი ჭელიძის ხმა] ”სვანური ქუდი აქ 5 მარკად იყიდებოდა. ბაზარზე გატანის წინ რამდენიმე ადამიანს დაველაპარაკე და ავუხსენი, როგორ მზადდება სვანური ქუდი. ვთხოვე, არ იფიქროთ ახლა, რომ საქართველოში ხელფასი დაბალია, მითხარით ქუდის ღირებულება. პატიოსანმა გერმანელებმა გამოიანგარიშეს და 35 მარკა გადაიხადეს.”

ახლა კელნში ცხოვრობს და ქართული ღვინის, კერძოდ, თელავის მარნის წითელი და თეთრი ღვინის დისტრიბუციითაა დაკავებული. ვკითხეთ, რამდენად ყიდის გერმანიაში ამ ღვინოს. ჯერ ფასი გვითხრა - 12 ევრო და 85 ცენტი ღირსო, მერე დააყოლა, ეს არ არის ”ამოსავალი ფასიო” - სვანური ქუდის ისტორიისა არ იყოს, ამ ღვინის ფასსაც მომხმარებელი დაადგენსო.

ევროპელ მომხმარებელს, როგორც ჩანს, ძალიან მოსწონს თელავის მარნის ღვინოები. ყოველ შემთხვევაში, თვე-ნახევრის წინ კელნში, მერე კი ბერლინში გამართულ ქართული ფილმების ფესტივალზე კინოს მოყვარულები სიამოვნებით უსინჯავდნენ გემოს ქართულ ღვინოს. ბერლინში გოგი ჭელიძე თან ღვინოს უსხამდა კინოთეატრ ”არსენალში” მობრძანებულ მაყურებელს და თან ჩვენ გვესაუბრებოდა:

[გოგი ჭელიძის ხმა] ”ამან ეს ყინული თუ გაჭრა, სხვა კლასის ღვინოებსაც ჩამოვიტან. დაბალი კლასის ღვონოებით აქ კონკურენციას ვერ გაუძლებ.”

ეს ღვინო ევროპის ბაზრისთვისაა განკუთვნილი, - ამბობს გოგი ჭელიძე და აკონკრეტებს კიდეც: გერმანია ევროპის ცენტრია; თუკი ევროპაში ვაპირებთ ქართული პროდუქციის გასაღებას, გერმანიიდან უნდა დავიწყოთ - გერმანია ხომ ჩვენი ”მოპასუხეა” ევროპაში, ჩვენი გამგები.

[გოგი ჭელიძის ხმა] ”ცენტრალიზებული ჩამოტანის პლუსი ისაა, რომ ღვინო, რომელიც აქ ჩამოდის, საქართველოდან გაკონტროლდება. ძალიან განვიცდი, როცა აქ ჩამოდის ღვინო, რომელიც აქაურ ბაზარს არ შეესაბამება.”

გოგი ჭელიძეს ღვინო რუსულ მაღაზიებში არ შეაქვს. როგორც თავად ამბობს, კაფელით მოპირკეთებულ მაღაზიებში ამ ღვინოს არ დადებს, რადგან თავად ეს ფაქტი დაუკარგავს ღვინოს ხარისხს. გარემოს, მისი თქმით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ღვინოს, როგორც ხელოვნების ნაწარმოებს, კარგი გარემოც აკეთილშობილებს. ბუნებრივია, ვკითხეთ, რატომ ჩამოვიდა კელნიდან ბერლინში, ქართული ფილმების რეტროსპექტივაზე...ფილმების ნახვას ხომ ვერ ასწრებს - სეანსის დროს ”არსენალის” ვესტიბიულში მაგიდას აწყობს. თანაც, რეტროსპექტივას უფრო სტუდენტები, ისტორიკოსები, ფილოლოგები ესწრებიან - ის ხალხი, რომელსაც ”პოტენციურ მყიდველს” ვერ დაარქმევ - დიდი-დიდი, 1 ბოთლი ღვინო იყიდონ საჩუქრად.

[გოგი ჭელიძის ხმა] ” მომხმარებელი, რომელიც ასეთი ძვირფასი ღვინით დაინტერესდება, არის ის კულტურული ფენა ევროპისა, რომელიც ქართული კულტურის ღონისძიებებზე დადის. ქართული კულტურული ღონისძიება კი ღვინის გარეშე არის ნახევარი იმ ეფექტისა, რაც ღვინით მიიღწევა. ზოგიერთი ჩვენი ფილმის მერე გერმანელი უღვინოდ რომ გაუშვა სახლში, შეიძლება სხვა ფილმზე არ მოვიდეს.”

გოგი ჭელიძე კელნში მოწყობილ ქართული ფილმების რეტროსპექტივაზე გვიამბობს: ”მძიმე ფილმები” უჩვენეს, ევროპელებს კი არ უყვართ ხელოვნება მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიურ ემოციებს რომ ქმნის. თუმცა სეანსის შემდეგ ღვინით გავუმასპინძლდით და განწყობაც შეეცვალათო.

[გოგი ჭელიძის ხმა] ”მჟავე სახეებით გამოდიოდნენ, მაგრამ ქართულმა ღვინომ განწყობილება შეცვალა. უბრალოდ, ღვინო თუ ძალიან კარგი არ არის, ამ ფილმს ღვინის სიმჟავე დაემატება.”

გოგი ჭელიძემ საქართველოდან გერმანიაში ღვინის ჩატანა 3 წლის წინ დაიწყო. სხვადასხვა ქარხნის ღვინო მიჰქონდა და, როგორც თავად ამბობს, სამი წელი ატარებდა ექსპერიმენტებს - ასინჯებდა ევროპელებს ქართულ ღვინოს, რჩევას ეკითხებოდა. თანდათან გაიაზრა, რომ ღვინის ექსპორტი განსხვავებული კულტურების ურთიერთობას გამოხატავს: როცა ასეთ ურთიერთობებს იწყებ, რაღაცები უნდა დათმო, თუმცა არც საკუთარ თავზე უნდა თქვა უარი, - ამბობს გოგი ჭელიძე.

[გოგი ჭელიძის ხმა] ”ამ ღვინოს ქართული ხასიათი არა აქვს დაკარგული. ჩვენ ტანინიანი ღვინო მოგვწონს, მაგრამ ამ ღვინის გემო ასეთია: ტანინი იგრძნობა, მერე კი ქრება.”

ეს კაცი ქართული კულტურის გერმანულ ენაზე მთარგმნელიაო, - გვითხრა ბერლინში ერთმა გერმანელმა სტუდენტმა, რომელიც ქართული ფილმებითაც აღფრთოვანდა, ღვინითაც, მაგრამ ყველაზე მეტად მოეწონა, როგორ ჰყვებოდა საქართველოზე ქართული ღვინის დისტრიბუტორი გოგი ჭელიძე. სიტყვა ”თარგმნა” მან ჩვენთან საუბარშიც ახსენა:

[გოგი ჭელიძის ხმა] ”ჩვენ სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთ და გვჭირდება თარგმნა. მაგალითად, ხინკლის ჭამის დროს გერმანელს რომ დააძალო ხელით ჭამა, ზრდილობიანი ხალხია, არაფერს გეტყვის, მაგრამ მეორედ აღარ შეჭამს. ამიტომ პირობითად ასე ვთქვათ: ხინკალს სხვა ფორმა უნდა მივცეთ და უნდა დავიმახსოვროთ - ადამიანი ჭამის დროს არ უნდა შეწუხდეს. ევროპელები ამას ვერ იტანენ.”
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG