Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეძლებს თუ ვერა ევროკავშირი, გააგრძელოს ''ერთიანი ხმით'' საუბარი რუსეთთან?


ბევრისთვის მოულოდნელი იყო ერთიანობა,

რომლის დემონსტრირებაც ევროკავშირმა რუსეთთან მზარდი დაპირისპირების ფონზე მოახდინა. ევროკავშირისა და რუსეთის სამიტზე, რომელიც სამარაში 18 მაისს შედგა, გაერთიანებამ აშკარა სოლიდარობა გამოუცხადა მის ახალ წევრ ქვეყნებს, რომლებსაც რუსეთთან ბოლო დროს სერიოზული პრობლემები შეექმნათ. შეძლებს თუ არა ევროკავშირი ბოლომდე "ერთიანი ხმით" საუბარს რუსეთთან?

ევროკავშირის ერთიანობის დემონსტრირება ბევრმა ექსპერტმა მართლაც სიურპრიზად აღიქვა. რადგან წარსულში გაერთიანებას "ხმაშეწყობილად სიმღერა" აშკარად უძნელდებოდა. ეს სიტყვები რამდენიმე წლის წინ წარმოთქვა იმედგაცრუებულმა კრის პატენმა, ევროკავშირის საშინაო ურთიერთობათა ყოფილმა კომისარმა.

დღეს ვითარება შეიცვალა და ევროკავშირმა უკვე გამოაჩინა ერთიან ფრონტად მოქმედების მტკიცე გადაწყვეტილების ნიშნები. ბრიუსელი მხარში ამოუდგა გაერთიანებაში ახლად გაწევრიანებულ პოლონეთს, რომელსაც რუსეთმა ხორცპროდუქტების იმპორტი შეუჩერა. ევროკავშირის მხარდაჭერა აშკარა იყო ესტონეთის მიმართაც, როცა ტალინის ცენტრიდან საბჭოთა ჯარისკაცის ბრინჯაოს მონუმენტის ქალაქის გარეუბანში გადატანას რუსეთის რისხვა მოჰყვა. ევროკავშირმა სოლიდარობა გამოუცხადა ლიტვასაც, რომელსაც რუსეთმა ლამის გაუფრთხილებლად შეუწყვიტა ნავთობის მიწოდება.

სამარის სამიტის წინ ევროკავშირში რუსეთის წარმომადგენელმა ვლადიმირ ჩიჟოვმა თქვა, რომ გაერთიანებაში ახლად გაწევრიანებული ქვეყნები ცდილობენ, გავლენა მოახდინონ ევროკავშირის პოლიტიკაზე და რომ ამას ისინი წარსულის "ფანტომური" ტკივილებისთვის სამაგიეროს გადასახდელად აკეთებენ.

კრიტიკის მიუხედავად, სამარაში ჩასულმა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ პირდაპირ განაცხადეს, რომ გაერთიანება აუცილებლად დაიცავს თავის წევრ ქვეყნებს. დასამალი არ არის, რომ მოსკოვსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობის გართულების ძირითადი მიზეზიც სწორედ ეს არის.

ანტონიო მისიროლი, ბრიუსელში მოქმედი ევროპის პოლიტიკის ცენტრის უფროსი ანალიტიკოსი ამბობს, რომ რუსეთი თავად გაემიჯნა მეგობრებს და შედეგად, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ერთიანი ძალით მოქმედების აუცილებლობა დაინახა:

(მისიროლის ხმა) "რუსეთის მოქმედებებმა, ბოლო კვირებისა და თვეების განმავლობაში, გარკვეულწილად შეამსუბუქა ევროკავშირის მიერ უწინდელი პოზიციის შეცვლის მძიმე ამოცანა. ის ქვეყნებიც კი, რომლებიც ნაკლებად აკრიტიკებდნენ მოსკოვს და უფრო კეთილგანწყობილი იყვნენ პრეზიდენტ პუტინის მისამართით, მიხვდნენ, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკა სასურველისგან ძალიან შორს არის და ამიტომ, თანდათან უფრო მზად არიან შეუერთდნენ პოზიციას, რომელიც სამარაში მერკელმა და ბაროზუმ გამოხატეს."

თუმცა, სოლიდარობის გამოხატვა საკმარისი არ არის. ამიტომ იბადება კითხვა – შეძლებს თუ ვერა ევროკავშირი კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმას?

ამ საკითხზე საყურადღებო მოსაზრება აქვს ბრიუსელში მოქმედი ევროპის პოლიტიკის ცენტრის კიდევ ერთ ანალიტიკოსს მაიკლ ემერსონს. ის ამბობს, რომ ევროკავშირი იძულებული იქნება, ერთმანეთში არ აურიოს პოლიტიკა და ბიზნესი:

(ემერსონის ხმა) "ახლა ისეთი სიტუაციაა, როდესაც სულ უფრო ნათელი ხდება ზღვარის არსებობა ბიზნესსა და პოლიტიკას შორის. ბიზნესი ნახტომით მიიწევს წინ. რუსეთის ნავთობისა და გაზის ექსპორტის და ასევე, ევროკავშირის იმპორტის მასშტაბი რუსეთში ფანტასტიკური ტემპით იზრდება. მხარეებს დიდი ბიზნესი აკავშირებს ერთმანეთთან და არავის უნდა ამ პროცესის გაჩერება."

მაიკლ ემერსონი ფიქრობს, რომ ევროკავშირის მფარველობა, რომელიც მან გაერთიანების ახალი, რუსეთთან დაპირისპირებული წევრების მისამართით გამოხატა, მხოლოდ დროებითი შეიძლება იყოს. და რომ მომავალში, მაგალითად, პოლონეთისა და ბალტიისპირა ქვეყნებს რუსეთის კიდევ უფრო გაღიზიანებისგან თავის შეკავება მოუწევთ.

ექსპერტის აზრით, ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობა "შავ-თეთრი" არ არის. ის იხსენებს, რომ იმავე პოლონეთის ხორცპროდუქტებს, რომელთა იმპორტიც რუსეთმა დაბლოკა, არცთუ დიდი ხნის წინათ პრობლემები შეექმნა ევროკავშირის სტანდარტთან შეუსაბამობის გამოც. ესტონეთს კი შეეძლო, "ბრინჯაოს ჯარისკაცისთვის" ადგილი რუსეთის გაუღიზიანებლადაც შეეცვალა. თუ ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობა ამჟამად დიდად სახარბიელო ვერ არის, ემერსონის თქმით, ეს იმით აიხსნება, რომ რუსეთი გამაღიზიანებელ ფაქტორებზე მეტისმეტად მგრძნობიარედ რეაგირებს. ექსპერტი ამასვე მიაწერს რუსეთის მიერ თავის დროზე მოლდავური და ქართული ღვინის აკრძალვას.

ანტონიო მისიროლი კი შიშობს, რომ ევროკავშირის შიდა სივრცეში ვერც პოლიტიკური სოლიდარობა განმტკიცდება მანამ, ვიდრე გაერთიანების შედარებით თამამი წევრები "თავშეკავებას" არ ისწავლიან. მისიროლის აზრით, აუცილებელია, რომ ევროკავშირმა "ხმაშეწყობილად" ისაუბროს:

(მისიროლის ხმა) "საჭიროა გარკვეული თავშეკავება გაერთიანების წევრი ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან. ეს არის სწორედ ძნელი, რომ მიაღწიო კონსენსუსს, 27 წევრისთვის მისაღებ შეთანხმებას. მაშინ, როცა გაერთიანების ზოგიერთი წევრი სახელმწიფო მწვავე განცხადებებს აკეთებს, ხოლო ზოგიერთი, პირიქით - მოსკოვთან ნაჩქარევ კომპრომისზე მიდის ისე, რომ ამ საკითხს პარტნიორებს არ უთანხმებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, იქნება ეს ვარშავა, ბერლინი თუ პარიზი მხოლოდ მთავრობებს მხრიდან გარკვეული თავშეკავებაა ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბების წინაპირობაა."

ექსპერტთა ნაწილი აღნიშნავს, რომ რუსეთთან ევროკავშირის დაპირისპირება უსაზღვრო ვერ იქნება. ჯერ ერთი, მას რუსეთის ენერგომატარებლები ესაჭიროება და მეორეც: გაერთიანება დაინტერესებულია რუსეთთან, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრთან, თანამშრომლობით - იქნება ეს კოსოვოს მომავალი სტატუსის განსაზღვრა თუ სხვა საერთაშორისო საკითხები.

ამასთან, რუსეთის ხელშია ევროკავშირის სამეზობლო სივრცის ფარგლებში ე.წ. "გაყინული კონფლიქტების" მოგვარების გასაღები. ემერსონის თქმით, ხედავენ რა რუსეთთან ურთიერთობის გაუარესების ტენდენციას, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ცდილობენ, უფრო მეტად დაეხმარონ უკრაინას, მოლდავეთს, საქართველოს, აზერბაიჯანსა თუ სომხეთს. თუმცა, ექსპერტი ვარაუდობს, რომ ეს დახმარებაც თანამშრომლობის ტექნიკური მხარის გაუმჯობესებით შემოიფარგლება და რაიმე ახალი პოლიტიკური ნაბიჯები არ გადაიდგმება.

რაც შეეხება ევროკავშირისა და რუსეთის მომავალ ურთიერთობას, ემერსონიცა და მისიროლიც მიიჩნევენ, რომ ეს დიდწილად იქნება დამოკიდებული იმაზე, როგორ გეზს აირჩევს საფრანგეთის ახალი პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზი.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG