Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


”ახალგაზრდების ოპტიმიზმი - შანსი საქართველოსთვის” - ამ სათაურით აქვეყნებს ”24 საათი” ინტერვიუს

ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენელ მარკ მალენთან, რომელიც საქართველოს ხელისუფლების კრიტიკისადმი დამოკიდებულებაზე საუბრობს: ”ხელისუფლება კრიტიკას მაინცდამაინც ყურადღებით არ უსმენს. ვერ გეტყვით, რატომ. იმას არ ვამბობ, რომ ხელისუფლებამ ნებისმიერი კრიტიკა სერიოზულად უნდა აღიქვას. სულელი ადამიანი ყველგან ბევრია და ზოგჯერ სისულელეებს ჭკვიანი ადამიანებიც ამბობენ. მაგრამ საქმე ის არის, რომ ხელისუფლება ნებისმიერ კრიტიკას, თუნდაც კონსტრუქციულს, მეგობრულს და გონივრულს, პირად შეურაცხყოფად იღებს. ასეთი მიდგომით კი ვერ განსაზღვრავ, რომელი კრიტიკაა ყურადღების და გათვალისწინების ღირსი. ხელისუფლება კრიტიკის შინაარსზე მეტად თითქოს იმას უფრო აქცევს ყურადღებას, თუ ვისგან მოდის იგი და შემდეგ კონკრეტულ ადამიანს ან ორგანიზაციას ესხმის თავს”, - ამბობს მარკ მალენი და დასძენს: ”საქართველოს მთავრობაში ხელისუფლების გადანაწილების შესახებ ძალიან რაციონალური და ზოგიერთ ნაწილში საკმაოდ კრიტიკული ანგარიში მოვამზადეთ. რამდენიმე დღეში პარლამენტში ოფისი დაგვიხურეს. ახლა კი საშვებსაც აღარ გვაძლევენ.” - ეს გახლდათ ნაწყვეტი ინტერვიუდან ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარესთან - მარკ მალენთან, რომელსაც ”24 საათი” ბეჭდავს. მარკ მალენი ფიქრობს, რომ საქართველოში ყველაზე უკეთესი რაც არის, ეს ახალგაზრდა თაობის ოპტიმისტური განწყობაა.

კიდევ ერთ ინტერვიუზე შევაჩერებ მკითხველის ყურადღებას: ”ახალი თაობა” აქვეყნებს ინტერვიუს ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილთან, რომელსაც ჟურნალისტი სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ ვითარებაზე ესაუბრება. ადვოკატი ინტერვიუს დასასრულს ამბობს, რომ ფული ციხეებში ისევ გროვდება, თუმცა დასძენს, რომ ამ ფულს დღეს ვეღარ აკონტროლებენ ქურდები, რომლებიც აბსოლუტურად იზოლირებულები არიან. ”სადღაც-სადღაც ხდება ფულების შეგროვება ქურდების სახელით და ამით სარგებლობენ ცალკეული წარმომადგენლები. ვერ დავიჯერებ, რომ ისეთივე სისტემა იყოს აწყობილი, რომ ეს ფული მიდიოდეს იგივე ციხის უფროსებთან, მერე სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, მერე სამინისტროში და ა.შ. არ ვფიქრობ, ასეთი სქემა არსებობდეს, მაგრამ კიდევ ვამბობ, რადგან არის ინფორმაცია, რომ ხდება ფულის შეკრება და დანამდვილებით ვიცი, რომ ამის კონტროლის საშუალება ქურდებს, უბრალოდ, არ გააჩნიათ სრული იზოლაციის გამო, მგონია, რომ ქურდების სახელით სარგებლობენ ცალკეული პირები და ეს თანხა მიდის მათთან”, - ამბობს გელა ნიკოლაიშვილი ”ახალ თაობასთან” ინტერვიუში.

”რეზონანსი” პირველ გვერდზე აქვეყნებს სპეციალური კორესპონდენტის პუბლიკაციას კახეთიდან. საქმე ეხება 81 წლის მოქალაქის - გიორგი მჭედლიშვილის - პატიმრობას, რომელსაც ბრალად ედება 5 ტონიანი ავზის ქურდობა და 6 წლიანი პატიმრობა ემუქრება. მჭედლიშვილი ამბობს, რომ არაფერი მოუპარავს და დახმარებას ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს სთხოვს. ”რეზონანსში” ქვეყნდება ნაწყვეტები მჭედლიშვილის განცხადებიდან: ”გამოძიების პროცესში დედოფლისწყაროს შინაგან საქმეთა განყოფილების გამომძიებელმა ალექსანდრე ღვედაშვილმა ისე, რომ არ წამაკითხა, ხელი მომაწერინა მის მიერ დაწერილ ჩვენებაზე, სადაც დანაშაულს მაღიარებინებს. როცა ეს ჩემთვის ცნობილი გახდა, ჩემმა შვილმა საჩივარი დაწერა, მაგრამ პოლიციის მაღალჩინოსნები ჯართის უკანონო ბიზნესში ისე იყვნენ ჩართულები, რომ ჩემთვის არავის ეცალა. სინამდვილეში, სწორედ პოლიციის მაშინდელი უფროსის გელა ჯალიაშვილის, მისი მოადგილის ნოშრევან ნატროშვილის და სხვების მიერ ხდებოდა ”ნავთობსერვისის” და სხვა ორგანიზაციების ბაზების გაძარცვა. სამართალდამცავებს საკუთარი, ოღონდ სხვის სახელზე ჯართის მიმღები პუნქტებიც ჰქონდათ, სადაც მოპარული ლითონის მიღებას ახდენდნენ. ჯალიაშვილი და მისი თანამზრახველები პოლიციიდან მოგვიანებით გაათავისუფლეს, თუმცა დღემდე დაუსჯელნი არიან. ალბათ, იმიტომ, რომ მათ უკან კიდევ უფრო გავლენიანი თანამდებობის პირები იდგნენ. მთელი დედოფლისწყარო ასე აქციეს ჯართად და გაყიდეს”, - ნათქვამია 81 წლის პატიმარ გიორგი მჭედლიშვილის განცხადებაში, რომლის ფრაგმენტებსაც ”რეზონანსი” აქვეყნებს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG