Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

12 ივნისი რუსეთში დასვენების დღეა - იქ რუსეთის დღეს აღნიშნავენ.


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 12 ივნისი რუსეთში დასვენების დღეა - იქ რუსეთის დღეს აღნიშნავენ. მესამე დღეა, არ გამოდის რუსეთის პრესა. შესაძლოა, ამით აიხსნებოდეს ის ფაქტი,

რომ თუ რუსი ჟურნალისტები ბევრს წერდნენ სანკტ-პეტერბურგის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის არაფორმალური სამიტის მოსალოდნელ შედეგებზე, თავად სამიტის შედეგზე ჯერჯერობით პუბლიკაციები არ გამოქვეყნებულა. მინდა თქვენი ყურადღება რუსეთის პრესის რამდენიმე პუბლიკაციაზე შევაჩერო.


თავდაპირველად, სანკტ-პეტერბურგის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების პრეზიდენტთა არაფორმალური შეხვედრის ერთ სიახლეზე, რომელზეც ყურადღებას ყველა გაზეთი ამახვილებს: 10 ივნისს საკნტ-პეტერბურგს დსთ-ს წევრი ქვეყნების ყველა პრეზიდენტი სტუმრობდა. ეს კი, 9 ივნისის გაზეთ ”ვრემია ნოვოსტეის” შენიშვნით, ძალიან იშვიათად ხდება - მაგალითად, თურქმენეთის აწ გარდაცვლილი პრეზიდენტი ნიაზოვი, როგორც წესი, მსგავს შეხვედრებს არ ესწრებოდა. ამჯერად სანკტ-პეტერბურგში დიდი ინტერესით ელიან თურქმენეთის ახალ პრეზიდენტთან - გურბანგული ბერმუხამედოვთან - შეხვედრას. სწორედ მის გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული, მაგალითად, ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობის ბედი, ეს კი დსთ-ს წევრი რამდენიმე სახელმწიფოს ინტერესში შედის. ამავე გამოცემის ცნობით, არაფორმალური სამიტი კარგი მიზეზია ორმხრივი შეხვედრების გასამართავად. სანკტ-პეტერბურგის სამიტი გამონაკლისად არ იქცა: დაგეგმილი იყო რუსეთის პრეზიდენტის ორმხრივი შეხვედრები ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებთან. ” საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება, მონაწილეობა მიეღო არაფორმალურ სამიტში, სწორედ ვლადიმირ პუტინთან ორმხრივი შეხვედრის შესაძლებლობამ გამოიწვია”, - წერს ”ვრემია ნოვისტეი”, რომლის ვარაუდითაც, კრემლი გარკვეულ დათმობებზე წავა საქართველოსთან იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ ოფიციალურ საქართველოზე იქნება დამოკიდებული რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება.
”დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ წელიწადში ერთ საკითხს განიხილავენ”, - იუწყება ინტერნეტგამოცემა ”გრანი”, რომლის ცნობითაც, ნურსულთან ნაზარბაევის შეთავაზებით, მომზადდება მიგრაციის შეთანხმება - ეს საკითხი დსთ-ს წევრი ყველა სახელმწიფოსთვის მტკივნეულია. ცნობისთვის: დსთ-ს არაფორმალური სამიტი 40 წუთს გაგრძელდა.

ორშაბათს სოხუმში სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პიტერ სემნების სოხუმის ხელისუფლების ლიდერ სერგეი ბაღფშთან შეხვედრას ეხება ინტერნეტ-გამოცემა ”სტრანა”, რომლის ცნობითაც, ევროკავშირის ჩინოსანმა კონფლიქტში მონაწილე მხარეებს შორის ნდობის აღდგენისთვის სერგეი ბაღაფშს რამდენიმე პროექტის განხორციელება შესთავაზა. თვითაღიარებული აფხაზეთის პრეზიდენტის განცხადებით, შეთავაზებული პროექტების განხილვა მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როცა ორი პრობლემა მოგვარდება - კერძოდ, კოდორის ხეობის პრობლემა და დავით სიგუას საკითხი. სერგეი ბაღაფში კვლავ ირწმუნება, რომ ეს უკანასკნელი ქართულ მხარეს ჰყავს დაპატიმრებული. რაც შეეხება კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივას, სერგეი ბაღაფშის განცხადებით, მნიშვნელობა არა აქვს, როგორ გადაწყდება კოსოვოს საკითხი - აფხაზეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ მისი დამოუკიდებლობა აღიარონ.
XS
SM
MD
LG