Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ახალი წევრი ქვეყნები საიდუმლო საპატიმროების არსებობას უარყოფენ


უწყობდნენ თუ არა ხელს ევროკავშირის ახალი წევრი ქვეყნები

რუმინეთი და პოლონეთი საიდუმლო საპატიმროების "ობობას ქსელს"? ამ შეკითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს. 8 ივნისს გამოქვეყნებული სპეციალური გამოძიების დასკვნა იტყობინება, რომ რუმინეთი და პოლონეთი ნებას რთავდნენ შეერთებული შტატების ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ესარგებლა მათ ტერიტორიებზე არსებული საიდუმლო საპყრობილეებით და ტერორიზმში ეჭვმიტანილები დაეკითხა.

ევროპის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში გარკვევით წერია, რომ რუმინეთისა და პოლონეთის ტერიტორიაზე მოქმედი საიდუმლო საპატიმროები ტერორიზმში ეჭვმიტანილი განსაკუთრებული პირებისთვის იყო გამიზნული და რომ მათგან ინფორმაციების მოპოვებას ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ცდილობდა.

ევროპა საიდუმლო საპატიმროების არსებობას გმობს. ევროკავშირის სამართლისა და უსაფრთხოების კომისრის ფრანკო ფატინის ოფისის წარმომადგენელმა ფრისო ებინგმა 8 ივნისს კიდევ ერთხელ გაახმიანა გაერთიანების პოზიცია, რომ ტერორიზმში ეჭვმიტანილებისადმი მოპყრობა არ უნდა გასცდეს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ჩარჩოებს. ებინგმა ასევე მოუწოდა ევროკავშირის წევრებს გულდასმით მოძებნონ საიდუმლო საპატიმროების კვალი:

(როსქამ ებინგის ხმა) "ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვკვეთეთ აუცილებლობა იმისა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა დაიწყონ ან გააგრძელონ საფუძვლიანი და სამართლიანი გამოძიება სიმართლის დასადგენად."

შვეიცარიელი სენატორი დიკ მარტი ირწმუნება, რომ სიმართლის დადგენისკენ მიმართულ საგამოძიებო პროცესს ხელს უშლიდნენ იტალია და გერმანია. სწორედ მარტის ეკუთვნის ჩვენ მიერ უკვე ხსენებული ანგარიში. ის საგამოძიებო პროცესს ევროპის საბჭოს დავალებით ხელმძღვანელობდა. ანგარიში ეფუძნება ანონიმურ წყაროებს, რომლებიც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლებად მოიხსენიებიან. პროცესი 2003 წელს, ანუ მას შემდეგ დაიწყო, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილების გადაადგილებასა და საპატიმროებში დაკითხვასთან დაკავშირებით ნატოს მოკავშირე ევროპული ქვეყნების მხარდაჭერა მოიპოვა.

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები შენიშნავენ, რომ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია დიდი ხნის მანძილზე უარყოფდა ტერორიზმში ეჭვმიტანილთა საპატიმროების უცხოური პროგრამის არსებობას. თუმცა, საბოლოოდ, ამერიკის პრეზიდენტმა, დეტალების დაკონკრეტების გარეშე, ასეთი პროგრამის არსებობა დაადასტურა:

(ბუში ) "ინფორმაციამ, რომლის მოპოვებაც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საპატიმროებში ტერორისტებისგან მოხერხდა, ხელი შეუწყო ალ-ყაიდის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი წევრისა და მათი თანამზრახველების დაკავებასა თუ დაკითხვას. საუბარია მათზე, ვინც ამერიკელებმა და მათმა მოკავშირეებმა ამ პროგრამის დაწყების შემდეგ დააკავეს. ფოტოების ამოცნობისა თუ ტერორისტების სამალავების აღმოჩენის გზით, პროგრამა დაგვეხმარა იზოლაციაში მოგვექცია მასობრივი მკვლელები, ვიდრე ისინი ადამიანების დახოცვას შეძლებდნენ."

დავუბრუნდეთ ევროპის საბჭოს ანგარიშს. დიკ მარტის თქმით, მართალია, საიდუმლო საპატიმროებს მხოლოდ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო აკონტროლებდა, მაგრამ ყველაფერი, რაც 2003-2005 წლებში ამ მხრივ პოლონეთსა და რუმინეთში ხდებოდა, ხდებოდა ამ ქვეყნების მაღალი რანგის ხელისუფალთა სრული მხარდაჭერით.

ანგარიშში დასახელებულია კონკრეტული გვარებიც. ბრალდების ადრესატებს შორის არიან: პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრ კვაშნევსკი, რუმინეთის ყოფილი თუ ამჟამინდელი პრეზიდენტები – იონ ილიესკუ და ტრაიან ბასესკუ. რა გამოდის?... რომ ევროპის ქვეყნები ხელს აფარებდნენ ტერორიზმში ეჭვმიტანილების პატიმრობას?

იონ ილიესკუმ ანგარიშს "უაზრო" უწოდა. მან თქვა, რომ საიდუმლო საპატიმროების შესახებ არასოდეს არაფერი სმენია, სახელმწიფო უწყებების გარეშე კი ასეთი რამის გაკეთება შეუძლებელია.

რუმინეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ამჟამად ევროპარლამენტის წევრი იოან მირკა პასკუ ირწმუნება, რომ მას ხსენებულ პროცესებთან არავითარი კავშირი არა აქვს. "ამერიკელებისთვის ხელი არასოდეს მომიწერია მსგავს საკითხთან დაკავშირებულ შეთანხმებაზე", - ამბობს ევროპარლამენტის წევრი და მოითხოვს, რომ სკანდალური ანგარიშის ავტორმა დიკ მარტიმ ბრალდება დაასაბუთოს. ხოლო თუკი ის ამას ვერ შეძლებს, ბოდიში უნდა მოუხადოს იმ ადამიანებს, ვისი გვარებიც ასეთი სერიოზული ბრალდების კონტექსტში მოიხსენია.

დიკ მარტის ანგარიშს აპროტესტებს ვარშავაც. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს ქვეყნის ტერიტორიაზე მსგავსი "საიდუმლო ცენტრების" არსებობის ვერსიას. დიკ მარტის ანგარიშს ვარშავა წმინდა "პოლიტიკურ გამონაგონსა" და დროის ფლანგვას უწოდებს.

პოლონეთის საიდუმლო საპატიმროს სათვალავზე, ანგარიშის მიხედვით, 8 პატიმარი მოდის. მათ შორის არიან: ოსამა ბინ ლადენის უახლოესი თანამზრახველი აბუ ზუბაიდა და ხალილ შეიხ მუჰამედ, რომელიც ეჭვმიტანილი იყო 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების გეგმის შემუშავებაში.

ევროსაბჭოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ბრალდებულთა სიაში ევროპის ქვეყნებიდან მხოლოდ პოლონეთსა და რუმინეთს ასახელებს.
თუმცა ერთი წლის წინათ დიკ მარტი ამბობდა, რომ საიდუმლო საპატიმროების ევროპული ქსელი 14 ქვეყანას აერთიანებდა. დანარჩენი ქვეყნები ჯერჯერობით არ სახელდება.

დაბოლოს, ვიდრე დიკ მარტის გამოძიების შედეგები გახდებოდა ცნობილი, ერთი დღით ადრე, ადამიანის უფლებათა დამცველმა 6-მა ცნობილმა ორგანიზაციამ (მათ შორის არის – Human Rights Watch-ი და Amnesty International-ი) 39 დაკარგული ადამიანის სია გამოაქვეყნა. უფლებათა დამცველების თქმით, გაუჩინარებული ადამიანები ერთ დროს სწორედ საიდუმლო საპატიმროებში ისხდნენ.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG