Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ტრეფიკინგის შესახებ


სამშაბათს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა 2007 წლის ანგარიში მსოფლიოში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ.

იმ ქვეყნებს შორის, რომლებშიც ყველაზე სავალალო ვითარებაა, არიან უზბეკეთი, ირანი, საუდის არაბეთი, კუბა, სირია და ჩრდილო კორეა. წელს ამ კატეგორიაში მოხვდნენ შეერთებული შტატების მოკავშირე ქვეყნებიც: ბაჰრაინი, ქუვეითი, კატარი. რაც შეეხება საქართველოს, ანგარიშის თანახმად, მან სერიოზულ წარმატებებს მიაღწია ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში და პირველ კატეგორიაში მოხვდა ცენტრალური ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან ერთად.

ადამანების ტრეფიკინგი მოიცავს ხალხით ვაჭრობას და მათ გადაყვანას ქვეყნიდან ქვეყანაში პროსტიტუციასა და იძულებით შრომაში მათ გამოსაყენებლად. ტრეფიკინგის მსხვერპლის 80 პროცენტს ქალები შეადგენენ, დაახლოებით ნახევარს - ბავშვები.

მარკ ლეიგონი სათავეში უდგას შეერთებული შტატების უწყებას ადამიანების ტრეფიკინგის მოტინორინგისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში. ჩვენს რადიოსთან საუბარში მან თქვა:

[ლეიგონის ხმა] "ყოველდღე მთელ მსოფლიოში ადამინებს აიძულებენ იშრომონ. მათ ყიდვა-გაყიდვით პროსტიტუტებად აქცევენ, გამოიყენებენ შინამოსამსახურეებად, მონებად ამუშავებენ სოფლის მეურნეობასა და ფაბრიკებში, ბავშვებს აიძულებენ ჯარისკაცებად იმსახურონ... შეერთებული შტატების მთავრობის შეფასებით, ყოველ წელს დაახლოებით 800 ათასის ტრეფიკინგი ხდება საერთაშორისო საზღვრების გავლით და მათ 80 პროცენტს ქალები შეადგენენ, ნახევარს - არასრულწლოვანები."

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მიმოხილულია 164 ქვეყანა. ისინი ოთხ კატეგორიად არიან დაყოფილი. კრიტერიუმად აღებულია შეერთებული შტატების 2000 წლის აქტი ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის შესახებ.

ყველაზე უარეს, მესამე ტაკეგორიაში ის ქვეყნები მოხვდნენ, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ამ აქტით გათვალიწისნებულ მოთხოვნებს და არ ატარებენ ზომებს ტრეფიკინგის წინააღმდეგ. ამ ქვეყნებს შორის არიან ჩრდილო კორეა, ირანი, უზბეკეთი, ბაჰრეინი, ქუვეითი, ომანი, კატარი, საუდის არაბეთი.

მარკ ლეიგონის თქმით, თუკი მესამე კატეგორიის ქვეყნები 90 დღის განმავლობაში სერიოზულ ზომებს არ მიიღებენ მონობის წინააღმდეგ, მათ მიმართ შეიძლება სანქციები იქნეს მიღებული.

მეორე კატეგორიაში მყოფი ქვეყნები სრულად არ აკმაყოფილებენ აქტის მოთხოვნებს, მაგრამ ისინი ვითარების გასაუმჯობესებელ ნაბიჯებს დგამენ. მათ შორის არიან ავღანეთი, ალბანეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია, თურქეთი და სხვა. ამავე ჯგუფში არის ქვეჯგუფი, რომელში შემავალი ქვეყნები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ, ვინაიდან იქ წლების მანძილზე ცუდი მაჩვენებლები აქვთ. ამ ქვეყნებში სხვებთან ერთად შედიან სომხეთი, ბელორუსია, ჩინეთი, ყაზახეთი, მოლდავეთი, რუსეთი და უკრაინა.

რაც შეეხება პირველ კატეგორიას, მასში მოხვდენენ ის ქვეყნები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ 2000 წლის აქტის მოთხოვნებს. ამ ქვეყნებში შედიან ჩეხეთის რესპუბლიკა, უნგრეთი, ლიტვა, პოლონეთი, სლოვენია და პირველად - საქართველო.

ჩვენს რადიოსთან საუბარში მარკ ლეიგონმა საგანგებოდ აღნიშნა საქართველოს წლევანდელი წარმატება:

[ლეიგონის ხმა] "საქართვეოლს მაჩვენებელი განსაკუთრებით აღსანიშნავია იმის გათვალისწინებით, რომ ეს პირველი კატეგორიის ერთადერთი სახელმწიფოა რეგიონისა, რომელიც კანონის უზენაესობის გაძლიერებისთვის იბრძვის. საქართველომ არაჩვეულებრივი პოლიტიკური პასუხისმგებლობა გამოიჩინა ადამიანებით ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში. მის მიერ მიღწეული წარმატება მოიცავს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია იმის წინააღმდეგ, რომ გოგონები და ქალები არ იქნენ ჩათრეული მსოფლიო სექსბიზნესში, რომელშიც ექსპლოატატორები ქალებს და გოგონებს აქცევენ მოხმარების საგნებად, რომელთა სხეულის გაყიდვა არის შესაძლებელი."

ჩვენ ტელეფონით დავუკავშირდით საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილეს, ნიკოლოზ გვარამიას. მისი კომენტარი ასეთი იყო:

[გვარამიას] "გამომდინარე იქიდან, რა ენერგიაც იქნა ჩვენს მიერ დახარჯული და რა სამუშაოებიც იქნა გაწეული, პრინციპში, სადღაც შორს, გულის სიღრმეში ველოდით. ყოველ შემთხვევაში ძალიან გვინდოდა, მაგრამ რომ გითხრათ, რომ აი, ძალიან მოსალოდნელი იყო - ალბათ არა, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ქვეყანა, რომელიც გაცილებით უფრო დიდი ხანია მუშაობს ამაზე, ვერ აღწევს ამ წარმატებებს." (სტილი დაცულია)

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა არის ერთ-ერთი იმ სფეროთაგანი, რომელშიც საქართველოს ხელისუფლება წარმატებით თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

საერთოდ, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში არასამთავრობო ორგანიზაციები ძალიან დიდ როლს თამაშობენ განსაკუთრებით ისეთ საზოგადოებაში, როგორიც საქართველოა. თუ რატომ, ამაზე გვესაუბრა "ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშეწყობის საზოგადოების" ექსპერტი, ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე.

[მხეიძის ხმა] "ნებისმიერ დანაშაულს აქვს თავისი კულტურულ-ფსიქოლოგიური ასპექტი. ჩვენ რასაც ტრეფიკინგზე რეკლამაში ვნახულობთ, ძირითადად მხოლოდ სექსტრეფიკინგზეა ლაპარაკი, ქალების გაყვანაზე. მაგრამ ძალიან დიდი რაოდენობით, სხვათა შორის, მამაკაცები არიან ტრეფიკინგის მსხვერპლი... ძალიან ძნელია მამაკაცისთვის აღიარება, მით უმეტეს ჩვენს კულტურაში, ქართულ კულტურაში, რომ სადღაც წავიდა და გაასულელეს, მოტყუვდა. ამიტომ ამის გაცხადება არ უნდა და ძალიან ბევრია გამოუვლენელი შემთხვევები. არ არის გაცხადებული და, მით უმეტეს, სახელმწიფოსთან თანამშრომლობაზე არავინ არ მიდის." (სტილი დაცულია)

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში გარდატეხა საქართველოში 2005 წელს მოხდა. ზურაბ მხეიძის თქმით, ამ პერიოდამდე თავად სიტყვა ტრეფიკინგის მნიშვნელობაც კი ბევრმა არ იცოდა საქართველოში.

დღეს ქვეყანაში ვითარება საგრძნობლად შეიცვალა. დაიხვეწა და უფრო ინტენსიური გახდა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები, ამაღლდა ამ სფეროში საზოგადოების გაცნობიერებულობის ხარისხი, გაუმჯობესდა საკანონმდებლო ბაზა.

მაგრამ საქმე სამომავლოდაც ბევრი რჩება. როგორც ზურაბ მხეიძემ გვითხრა, ერთ-ერთი სფერო, რომელიც გაუმჯობესებას საჭიროებს, არის სასამართლო. ერთი მხრივ, შეიძლება დაცულ იქნეს ტრეფიკინგის მსხვერპლის ანონიმურობა. მაგრამ, მეორე მხრივ, სასამართლოში ჩვენების მიცემის შემთხვევაში ხდება მისი ვინაობის გამჯღავნება, ვინაიდან საქართველოში არ არსებობს მოწმის დაცვის პროგრამა, რაც ტრეფიკინგის მსხვერპლს სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის მოტივაციას უკარგავს.
XS
SM
MD
LG