Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ფრიდომ ჰაუსი” საქართველოში მცირეოდენ გაუმჯობესებას ხედავს დემოკრატიულობის თვალსაზრისით


აშშ-ში დაფუძნებულმა არასამთავრობო ორგანიზაცია “ფრიდომ ჰაუსმა”, რომელიც მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების დამცველ

ერთ-ერთ ყველაზე უფრო ავტორიტეტიან ჯგუფად არის აღიარებული, დღეს მორიგი საანგარიშო მოხსენება გამოაქვეყნა. ანგარიში ასახავს ვითარებას პოსტკომუნისტურ ქვეყნებში, მათ შორის არის საქართველოც. როგორ აფასებს “ფრიდომ ჰაუსი” ქვეყნის მართვისა და საარჩევნო პროცესის დემოკრატიულობის ხარისხს, სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას და კორუფციასთან ბრძოლას?

დავიწყებთ ანგარიშის ერთი თავისებურებით: ყურადღების ცენტრშია მოქცეული ცენტრალური ევროპის ქვეყნები - ის სახელმწიფოები, რომლებიც ბოლო წლებში ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანდნენ. ანგარიშის ავტორები, ალბათ, ბევრისთვის მოულოდნელ დასკვნას აკეთებენ: დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრირებული ქვეყნების უმრავლესობაში, დემოკრატიულობის ხარისხის მხრივ, უკუსვლა შეინიშნება.

[ჯენეტ გერინგის ხმა] “არის გარკვეული უკუსვლა. არის პოლიტიკური პარტიების, ან მთავრობებისადმი ნდობის კრიზისი. იყო ბევრი შემთხვევა, როცა მიკერძოებული გადაწყვეტილებები მიიღეს იმის ნაცვლად, რომ რეფორმების გაგრძელებაზე, ქვეყნისთვის სასარგებლო ზომებზე ეზრუნათ და დემოკრატიულ ინსტიტუტებთან ეთანამშრომლათ”.

ამ შეფასებას იძლევა ჯენეტ გერინგი - რედაქტორი “ფრიდომ ჰაუსის” მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშისა “ქვეყნები გარდამავალ პერიოდში”. თუმცა, საუკეთესო შეფასება, ყველაზე მაღალი ქულები ამ ანგარიშით მაინც ცენტრალური ევროპის ქვეყნებმა დაიმსახურეს: ჩეხეთმა, პოლონეთმა, უნგრეთმა, სლოვაკეთმა, სლოვენიამ, ბულგარეთმა, რუმინეთმა და ბალტისპირეთის სამმა სახელმწიფომ. 1-დან 7-მდე ქულა მინიჭებულია დემოკრატიულობის მაჩვენებელი რამდენიმე ფაქტორის შესაფასებლად: მათ შორისაა საარჩევნო პროცესი, მედიის დამოუკიდებლობა, კორუფცია, ადგილობრივი მმართველობა. 1- დემოკრატიულობის უმაღლეს ხარისხს აღნიშნავს, ხოლო 7 ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

ცენტრალური ევროპის ქვეყნებს რაც შეეხება, ყველაზე მაღალი შეფასება ერგო სლოვენიას (1,82), ყველაზე დაბალი - რუმინეთს (3,29). ამასთან, ზემოხსენებული 10 ქვეყნიდან (ყველა - ევროკავშირის წევრია), 8 ქვეყანაში გაუარესდა დემოკრატიულობის ხარისხი. ეს კი, “ფრიდომ ჰაუსის” წარმომადგენელ ჯენეტ გერინგის რწმენით,შესაძლოა, განსაკუთრებით საყურადღებო იყოს იმ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის, რომელთაც სურთ ბალტიისპირეთისა და ცენტრალური ევროპის ქვეყნების მაგალითს მიბაძონ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

[ჯენეტ გერინგის ხმა] “დემოკრატიული მმართველობა არის პროცესი და ამ გზაზე ქვეყნები სხვადასხვა ეტაპზე იმყოფებიან. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ანგარიში ნიშნავს წახალისებას და იმავდროულად გაფრთხილებასაც (...) უკრაინელებს, ქართველებს, მოლდაველებს აქვთ სრული უფლება, თვალი ადევნონ, რა ხდება უნგრეთში ან პოლონეთში და საკუთარი კრიტიკული შეფასება გამოთქვან, ან მათზე ზეწოლა მოახდინონ”.

საქართველოზე უნდა ითქვას, რომ, თუ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში უმეტესწილად ანტიდემოკრატიული ტენდენციები დაფიქსირდა, საქართველოში (ბელორუსიასთან ერთად) მცირეოდენ აღმასვლას შენიშნავენ. საქართველოს დემოკრატიულობის მაჩვენებელი - წინა წლის მაჩვენებელთან (4,86) შედარებით მცირეოდენ გაუმჯობესდა: 4,68-მდე.

კერძოდ, გაუმჯობესებულია მაჩვენებლები, რომლებიც მედიის დამოუკიდებლობას, საარჩევნო პროცესის, აგრეთვე ადგილობრივი მმართველობის დამოკრატიულობას და კორუფციასთან ბრძოლას აფასებს. არ შეცვლილა მაჩვენებლები, რომლებიც ეხება სამოქალაქო საზოგადოებას და სასამართლოს დამოუკიდებლობას. გაუარესებული კი არც ერთი მაჩვენებელი არ არის.

საქართველოს შესახებ ფრიდომ ჰაუზის ანგარიშის ავტორი, პოლიტოლოგი გია ნოდია განვლილი წლის უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ მოვლენად ასახელებს 2006 წლის ადგილობრივ არჩევნებს - აღნიშნავს, რომ კენჭისყრამ უხეში დარღვევების გარეშე ჩაიარა. ანგარიშში მითითებულია ასევე ფართო რეზონანსზე, და საპროტესტო აქციებზე, რომლებიც ადამიანის უფლებათა ხელყოფის რამდენიმე უხეშ შემთხვევას მოჰყვა. განსაკუთრებულ კრიტიკას იმსახურებს საქართველოში მმართველობის გაუწონასწრებლობა - აღმასრულებელი შტოს დომინირება ყველა სხვა შტოზე, რაც იწვევს ავტორიტარულ ტენდენციებს საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში და ხელს უშლის საქართველოში კონსოლიდირებული დემოკრატიის ჩამოყალიბებას.

“ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშის ამ და სხვა დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ მისამართზე www.freedomhouse.hu ბოლოს აღსანიშნავია, რომ “ფრიდომ ჰაუსი” დემოკრატიულობის მაჩვენებლების შეფასებისას უკუსვლის ტენდენციას აფიქსირებს საქართველოს ყველა მოსაზღვრე ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში - რუსეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. უკუსვლაზეა ლაპარაკი უკრაინის შემთხვევაშიც.
XS
SM
MD
LG