Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გენშტაბი აფხაზეთის ომის მონაწილეების გარეშე“–გაზეთ „მთელი კვირის“ ეს პუბლიკაცია


„გენშტაბი აფხაზეთის ომის მონაწილეების გარეშე“–გაზეთ „მთელი კვირის“ ეს პუბლიკაცია ეჭვქვეშ აყენებს გაერთიანებული შტაბისა და მისი ხელმძღვანელების კომპეტენტურობის საკითხს

და დასმულ შეკითხვებზე პასუხს, თავდაცვის სამინისტროს დუმილის პირობებში, ძირითადად, სამხედრო ექსპერტებისგან ღებულობს. შეკითხვები კი საკმაოდ მწვავეა. კერძოდ: ვინ მართავს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებულ შტაბს? არიან თუ არა ეს პირები პროფესიონალები? რატომ გააძევეს თავდაცვის სამინისტროდან ამ უწყების კადრები და რატომ მოვიდნენ ხელმძღვანელობაში, ძირითადად, სპეცსამსახურების წარმომადგენლები? გაერთიანებულ შტაბში მიმდინარე პროცესებზე გაზეთი ”რეზონანსი” სამხედრო ექსპერტებს შალვა თადუმაძესა და არჩილ ცინცაძეს ესაუბრა. „დღეს გენერალური შტაბი მეტწილად სხვა ძალოვანი სისტემებიდან მოსული ოფიცრებითაა დაკომპლექტებული, - აცხადებს არჩილ ცინცაძე. - როგორ შეიძლება უხელმძღვანელო გენშტაბს, როცა, მაგალითად, ბატალიონის მეთაურიც არ ყოფილხარ. მათ უნდა ჰქონდეთ შესაბამისი კვალიფიკაცია, გამოცდილება, რაც იქნება იმის საწინდარი, რომ რეალური მმართველობის განხორციელებას შეძლებენ. საერთოდ, გენშტაბში და კიდევ ბევრ სხვა სამეთაურო თანამდებობაზე შერჩევისას აუცილებელია, ოფიცერს ჰქონდეს მთელი ნაკრები თვისებებისა, რომელთა შორისაც არის შესაბამისი განათლება და საბრძოლო გამოცდილება.“

გაზეთ ”ახალი თაობის” ინფორმაციით კი, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა საქართველოს პარლამენტში უკვე შექმნა ეგრეთ წოდებული „გორის დაჯგუფება“. გაზეთს ამ ინფორმაციას უდასტურებს მემარჯვენე ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერი, მანანა ნაჭყებია, რომლის ვარაუდითაც, ამ დაჯგუფების წევრები შეიძლება აღმოჩნდნენ დეპუტატები: გურამ ვახტანგაშვილი, თეო ტლაშაძე, ლადო გეგელაშვილი. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მანანა ნაჭყებია ეგრეთ წოდებული ”გორის დაჯგუფების” წევრთაგან ახალი ფრაქციის შექმნას არ გამორიცხავს, მაინც მიიჩნევს, რომ გორელობა ამ ფრაქციის შესაქმნელად აუცილებელი პირობა არ იქნება.

დღეს გაზეთი „24 საათი“ აქვეყნებს ინტერვიუს „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ აღმასრულებელ დირექტორ ჯონ დანილოვიჩთან. „ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ იმით, თუ როგორ ხდება „კომპაქტით განსაზღვრული აქტივობების იმპლემენტაცია საქართველოში. საქართველო ჩვენთვის საჩვენებელი მაგალითი გახდა იმ თერთმეტ ქვეყანას შორის, სადაც ”ათასწლეულის გამოწვევის” პროექტებია დაწყებული“, - განუცხადა ”24 საათს” ჯონ დანილოვიჩმა, რომლის შეფასებითაც, ეკონომიკის თითქმის ათპროცენტიანი ზრდა, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო სამი წლის განმავლობაში მიაღწია, ძალიან დიდი წარმატებაა. საქართველო მეორე ადგილზე გავიდა რეფორმების გატარების ტემპით და მსოფლიოში 25–ე ადგილს იკავებს, მეგობრული ბიზნესგარემოს მიხედვით. საქართველოს ასევე დიდ მიღწევები აქვს ეკონომიკური თავისუფლების კუთხით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ გახდა ის ათასწლეულის პროექტის მონაწილე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება და შეუქცევადი გახდება, - ამბობს გაზეთ ”24 საათთან” საუბარში საქართველოში ვიზიტად მყოფი ”ათასწლეულის გამოწვევის” კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი ჯონ დანილოვიჩი.
XS
SM
MD
LG