Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თავისუფლება სინდისის პატიმრებს“– გაზეთი „რეზონანსი“ აქვეყნებს ირაკლი ბათიაშვილის მიერ ციხიდან


„თავისუფლება სინდისის პატიმრებს“– გაზეთი „რეზონანსი“ აქვეყნებს ირაკლი ბათიაშვილის მიერ ციხიდან გამოგზავნილ წერილს,

რომელშიც იგი თანადგომას უცხადებს ამა წლის 12 ივნისს დაპატიმრებულ „თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრებს –დავით დალაქიშვილს, ჯაბა ჯიშკარიანსა და ლევან გოგიჩაიშვილს. „მათ არ შეუძლიათ თვალი დახუჭონ შემზარავ უსამართლობაზე, შეეგუონ ბოროტებას, სიმახინჯეს... მადლობა ღმერთს, რომ არსებობს ასეთი ხალხი“, - ამბობს ირაკლი ბათიაშვილი წერილში, რომელიც 13 ივნისითაა დათარიღებული. - „ სწორედ თქვენ ემსახურებით დიდ საქმეს - შიშის სინდრომის დაძლევას ჩვენს საზოგადოებაში. ამიტომაც ხართ მუდმივი ზეწოლის და ანგარიშსწორების ობიექტი, მაგრამ ნეტარ არიან დევნილნი სიმართლისათვის. ძალადობა დიდხანს ვერ გაგრძელდება. დემოკრატიის გამარჯვება გარდაუვალია.“

დღესვე გაზეთმა ”რეზონანსმა” მკითხველს კოკოითის ნეიტრალიზების ქართულ–რუსული გეგმა გააცნო. გაზეთის თანახმად, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება დიდი საკადრო ცვლილებების მოლოდინშია და რუსული სპეცსამსახურები სეპარატისტულ ხელისუფლებაში „ხავერდოვან გადატრიალებას“ ამზადებენ. დე ფაქტო მთავრობის ხელმძღვანელი იური მოროზოვი დაახლოებით ორი თვეა, რაც გადაყენებულია თანამდებობიდან, იუწყება გაზეთი, რომლის თანახმად, ამ პოსტზე მოროზოვის შემცვლელს საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს რეგიონის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დიმიტრი სანაკოევთან. გარდა ამისა, მოსკოვსა და თბილისს შორის მიღწეული შეთანხმებით, აგვისტოს ბოლომდე თავად ედუარდ კოკოითიც დატოვებს თანამდებობას და ცხინვალში მთელი ხელისუფლება სწორედ მთავრობის ახალ თავმჯდომარეს გადაეცემა. „ ის, რომ კოკოითის რეჟიმის დასასრულის დასაწყისი დაიწყო, -ვკითხულობთ გაზეთში, - ეს ფაქტი რუსეთის გენერალური პროკურატურის მასალებითაც დასტურდება. რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ, შესაძლოა, ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე სისხლის სამართლის საქმე აღძრას. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთიდან გადმორიცხული ფული, რომელიც ახალგორის რაიონის ოსური სოფლებიდან ცხინვალამდე გზის მშენებლობას უნდა მოხმარებოდა, კოკოითმა და მისმა გარემოცვამ მიითვისა.“

„ბრძოლა ავტორიტეტებთან“–გაზეთ „24 საათის“ პუბლიკაციაში საუბარია იმაზე, თუ როგორ გრძელდება კრიმინალური ლიდერების წინააღმდეგ 2006 წელს დაწყებული ფართომასშტაბიანი დაპირისპირება და რატომ არ ჩამოუვარდება ქართული მაფია იტალიურ ან ამერიკულ მაფიებს. პუბლიკაციის თანახმად, საქართველოში დღეისათვის არც ერთი ავტორიტეტული კრიმინალი არ იმყოფება. სამაგიეროდ, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეისათვის რუსეთში მოქმედებს 100 ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომლის შემადგენლობაში ოთხი ათასი წევრია. მათგან 70 დაჯგუფება აკონტროლებს ეკონომიკურ სფეროს, ხოლო დანარჩენები მუშაობენ მკვლელობებზე, შეიარაღებულ თავდასხმებზე, ქურდობასა და თაღლითობაზე. რუსეთში მოქმედ კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის კი ყველაზე აქტიურები არიან კავკასიელები, რომლებსაც ქართველი „კანონიერი ქურდები“ ლიდერობენ, - ნათქვამია გაზეთ 24 საათის ფურცლებზე გამოქვეყნებულ სტატიაში „ბრძოლა ავტორიტეტებთან.“

„ვიდრე ბარათელი შარაძეს ესროდა“ - გაზეთში ”ახალი 7 დღე” დაიბეჭდა პირველი ნაწილი ჟურნალისტური გამოძიებისა, რომელიც მოკლული გურამ შარაძის სიცოცხლის უკანასკნელი საათების აღწერასა და საეჭვო გარემოებების მოძიებას ეთმობა: „იმ დღეს, 20 მაისს, გურამ შარაძე გვიანობამდე საჯარო ბიბლიოთეკაში მუშაობდა. თანამშრომლები იხსენებენ რამდენიმე საეჭვო გარემოებას. პირველი: ბატონი გურამი იმ დღეს უჩვეულოდ აღელვებული იყო; მეორე: იმ დარბაზში, რომელშიც ყველაზე დიდხანს მუშაობდა, შენიშნეს პირი, რომლის მდგომარეობა და მოქმედება მოგვიანებით საეჭვოდ მიიჩნიეს. სწორედ ამ პირის სიახლოვეს იდო ბატონ გურამის ჩანთა, რომელიც შეუმჩნევლად გახსნეს და რომლიდანაც, ბატონ გურამის პირველი შთაბეჭდილებით, მხოლოდ შოკოლადი მოიპარეს. მოგვიანებით გურამ შარაძე ჩანთის გახსნის ფაქტს უფრო სერიოზულად აღიქვამს და იტყვის: რას ეძებდნენ ჩემს ჩანთაში? ნუთუ მხოლოდ შოკოლადს? - ეს შარაძის მკვლელობამდე 40–50 წუთით ადრე მოხდა.“ გაზეთ „ახალი 7 დღის“ ჟურნალისტურ გამოძიებაში აღნიშნულია, რომ, მკვლელობიდან გასული ერთი თვის მიუხედავად, არ არიან დაკითხულნი ის ადამიანები, რომლებთანაც გურამ შარაძეს სიცოცხლის უკანასკნელი საათების განმავლობაში ჰქონდა კონტაქტი და რომელთაც შეუძლიათ ბევრ დეტალს მოჰფინონ ნათელი.
XS
SM
MD
LG