Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ და როგორ უნდა ებრძოლოს წამებას საქართველოში?


ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან საქართველო იყო პირველი, რომელმაც მოახდინა წამების პრევენციის დოკუმენტის - გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატიური ოქმის - ოპკატის (OPCAT) -რატიფიცირება.

ერთი წლის წინ საქართველოს მთავრობამ ასევე იკისრა ვალდებულება, ფართო კონსულტაციის გზით, 2007 წლის 22 ივნისამდე ჩამოეყალიბებინა წამების პრევენციის ეროვნული მექანიზმი, რომელიც მოაგვარებდა იმ პრობლემურ საკითხებს კანონმდებლობაში, ინსტიტუციონალურ სტრუქტურებსა და პრაქტიკაში, რომლებიც განაპირობებენ მოქალაქეების დაუცველობას წამებისა და არაადამიანური მოპყრობისგან. თუმცა ვადის ამოწურვის შემდეგ გაირკვა, რომ წამების პრევენციის ეროვნული მექანიზმი მთავრობას არ შეუმუშავებია, ხარვეზის შევსებაზე კი არასამთავრობო ორგანიზაციათა საინიციატივო ჯგუფმა და სახალხო დამცველის აპარატმა იზრუნა.


საქართველო წამების წინააღმდეგ კონვენციას ჯერ კიდევ 1994 წელს შეუერთდა, თუმცა, როგორც სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ამბობს, წამებასა და სხვა სახის სასტიკ მოპყრობას ჯერ კიდევ აქვს ადგილი საქართველოს ციხეებსა და დროებითი დაკავების იზოლატორებში:

[სოზარ სუბარის ხმა] „როდესაც ძალიან სერიოზული ავტორიტეტული ორგანიზაცია ამბობს, რომ თბილისის ჰაუპტვახტი მას აგონებს შუასაუკუნეების დილეგს, ხოლო იქვე არსებული 24-საათიანი დაკავების საკანი - კუბოს, ეს უკვე სერიოზულია.“

სოზარ სუბარის თქმით, პრობლემის სიმწვავის მიუხედავად, ხელისუფლებამ დათქმულ ვადაში არ შეასრულა წამების წინააღმდეგ გაერთიანებული ერების კონვენციის დამატებითი პროტოკოლით გათვალისწინებული მოთხოვნა და არ შეიმუშავა წამების პრევენციის ეროვნული მექანიზმი. ხელისუფლებისგან განსხვავებით, იაქტიურეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ჩხეიძე განმარტავს:

[გიორგი ჩხეიძის ხმა] „მთელი ამ წლის განმავლობაში ჩვენი ორგანიზაცია და ციხის საერთაშორისო რეფორმა ვმსჯელობდით იმაზე, თუ რა გზას უნდა დაადგეს ხელისუფლება და როგორი მექანიზმი უნდა შეიქმნას. ჩამოვაყალიბეთ მოდელი, რომელიც ითვალისწინებს სახალხო დამცველთან წამების პრევენციის ეროვნული საბჭოს შექმნას, რომელიც კოორდინაციას გაუწევს ადგილებზე კომისიების მუშაობას.“(სტილი დაცულია)

გიორგი ჩხეიძის თქმით, სახალხო დამცველის აპარატთან შეიქმნება წამების პრევენციის ეროვნული საბჭო, რომელსაც თავად სახალხო დამცველი უხელმძღვანელებს. „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ პროგრამის კოორდინატორი ცირა ჭანტურია კი ამბობს, რომ საბჭო, რომლის წევრები ღია კონკურსით შეირჩევიან, იქნება ფუნქციურად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი:

[ცირა ჭანტურიას ხმა] „ეს უნდა იყოს ორ დონეზე: ეროვნულ დონეზე უნდა არსებობდეს ცენტრალური, წამების პრევენციის ეროვნული საბჭო და ასევე ადგილებზე, თავისუფლების შეზღუდვის ადგილებში უნდა შეიქმნას კომისიები, რომლებიც ჩაატარებენ მონიტორინგს, რეგულარულად მოინახულებენ თავისუფლების შეზღუდვის ადგილებს, გაეცნობიან იქ მოთავსებულ პირთა პირობებს, მათ მიმართ მოპყრობას და შეიმუშავებენ რეკომენდაციებს, რომელსაც წარუდგენენ კონსტრუქციული დიალოგისთვის ხელისუფლებას იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს ეს პირობები და რეალურად იქნას დაცული წამებისა თუ სხვა სასტიკი მოპყრობისაგან.“(სტილი დაცულია)

„ციხის საერთაშორისო რეფორმაში“ ასევე იმედოვნებენ, რომ წამების პრევენციის ეროვნული საბჭოს შექმნითა და ეფექტიანი მუშაობით ხელისუფლებაცაა დაინტერესებული. ყოველ შემთხვევაში, მერი მერფი, ორგანიზაციის დირექტორი, ოპტიმისტურადაა განწყობილი:

[მერი მერფის ხმა] „დღეს, პირველად მთელი ამ კონფერენციების ისტორიაში, გამოვიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელთაც განაცხადეს, რომ ეს საკითხი ხელისუფლების პრიორიტეტიცაა, რაც გვაძლევს იმის იმედს, რომ უახლოეს მომავალში ეს მექანიზმი შეიქმნება. მე ძალიან ოპტიმისტი ვარ და იმედი მაქვს, რომ შეიქმნება ფართო უფლებამოსილების მქონე ორგანო, რომელიც წამების პრევენციასთან დაკავშირებით პოლიტიკას, პრაქტიკას, კანონმდებლობას შეცვლის ძირფესვიანად... უკეთესობისკენ, რასაკვირველია.“

მერი მერფის თქმით, წამების პრევენციის ეროვნული საბჭო ხელისუფლების ძალისხმევის გარეშე ვერ ამოქმედდება, თუმცა, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე რადიო ”თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, ხელისუფლება თავად არის დაინტერესებული წამების პრევენციის ეფექტიანი მექანიზმის შემქმნით:

[ეკა ზღულაძის ხმა]„სიცოცხლისუნარიანი ინსტრუმენტის შექმნა, რომელიც ყველაფრის კოორდინირებას მოახდენს, გააკონტროლებს და უზრუნველყოფს, რომ ეს იყოს მუდმივად პროგრესული და წინსვლაზე გათვლილი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არ არის ერთ წელზე გათვლილი მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა. ეს უნდა გახდეს მუდმივი ნაწილი წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის წინააღმდეგ მიმართული მთელი ამ პოლიტიკისა. ამიტომ ამის გააზრებული დანერგვა არის ძალიან მნიშვნელოვანი.“ (სტილი დაცულია)

ეკა ზღულაძის თქმით, წამების პრევენციის ეროვნული მექანიზმის ამოქმედებამდე მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა შევიდეს მთელ რიგ ორგანულ კანონებში. თუ საქართველოს პარლამენტი არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივას მოიწონებს, ცვლილების შეტანა გახდება საჭირო „სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანულ კანონშიც. ცვლილების თანახმად, წამების პრევენციის ეროვნული საბჭო თავის უფლებამოსილებას განახორციელებს მონიტორინგის ადგილობრივი კომისიების მეშვეობით. კომისიების წევრთა უფლებამოსილება კი თავისუფლების შეზღუდვის ყველა ადგილზე განხორციელდება. ჩამონათვალში ასევე შედის: ბავშვთა სახლები, ფსიქიატრიული დაწესებულებები და მოხუცებულთა თავშესაფრები.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG