Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურული მიმოხილვა


მწერალი დათო ტურაშვილი, რომელიც წელიწადზე მეტია

მადრიდში ცხოვრობს, არდადეგებზე თბილისში დაბრუნდა თუ არა, მეორე დღესვე თამარაშენში გაემგზავრა აქციაზე, რომელიც წელს უკვე მეოთხედ ჩატარდა, აქციაზე, რომელსაც ოთხი წლის წინ ”ვეფხისტყაოსნის მარათონული კითხვა” დაერქვა. დათო ამბობდა, რომ ესპანეთში ”დონ კიხოტის” ასეთმა კოლექტიურმა კითხვამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საზოგადოების გაერთიანებაში. და რისი უნდა სწამდეს მწერალს ყველაზე მეტად, თუ არა ლიტერატურული შედევრებით ადამიანების გაერთიანებისა? თუ არა იმის, რომ წიგნს ჯერ კიდევ შეუძლია გადაარჩინოს და გააერთიანოს სამყარო?

”ვეფხისტყაოსნის პირველი კითხვა” მასობრივი აქცია იყო - ყველა თაობამ კარგად მოილხინა. მაგრამ წელს ტურაშვილმა მარათონს მოულოდნელად შეუცვალა მისამართი. ზაფხულის დასაწყისში გაირკვა, რომ აქციის ინიციატორებმა, - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გამომცემლობა ”ლიტერას” მესვეურებმა, - დათო ტურაშვილთან ერთად, აქციის გამართვა კონფლიქტის ზონაში, კერძოდ, თამარაშენში გადაწყვიტეს. ჩვენთან საუბარში დათო ტურაშვილი აღნიშნავს, რომ ”ვეფხისტყაოსნის” უკვე საკმაოდ პოპულარულ ”კითხვა-მარათონს” (და, ალბათ, არამარტო ამ მარათონს) დღეს, პირველ რიგში, დეცენტრალიზაცია სჭირდება:

[დათო ტურაშვილის ხმა] ”სამჯერ ჩავატარეთ თბილისში და მივხვდი, რომ არასდროს აღარ ჩავატარებ, იმიტომ რომ დედაქალაქი ყველგან უნდა იყოს. საქართველოში, ტრადიციულად, გადანაწილებული იყო კულტურული ცენტრები.”

თუმცა აქციას სხვა მიზანიც ჰქონდა: მწერლები თბილისიდან კონფლიქტის ზონაში ჩავიდნენ, რათა იქ, სადაც ჯარისკაცები დგანან და სადაც ომის საფრთხე არსებობს, ”პაციფისტური პოზიცია” გამოეხატათ. სიტყვა ”პაციფიზმი” ჩვენთან საუბარში დათო ტურაშვილს არ უხსენებია, თუმცა განუწყვეტლივ იმეორებდა - ჩვენ უნდა დავანახვოთ დაპირისპირებულ მხარეებს, რამდენი რამ გვაქვს საერთოო.

[დათო ტურაშვილის ხმა] ”მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ საყოველთაო მილიტარიზაციის. ამიტომ მინდოდა, რომ ამ ხალხს ენახა, რომ შენ შეგიძლია წიგნის ენაზე ელაპარაკო, რომ შენთვის სხვა ურთიერთობებიც ფასეულია.”(სტილი დაცულია)

ძალიან სადად ჩატარდა ყველაფერიო, - გვითხრა დათო ტურაშვილმა. ხალხი თუთის ხის ქვეშ ჩამწკრივდა და ”ვეფხისტყაოსნის” კითხვა დაიწყო ქართულად და ოსურად (ოსურ ენაზე ”ვეფხისტყაოსანი” პირველად 1943 წელს გამოიცა)... არ არის გამორიცხული, რომ აქციის ასეთმა ”ორენოვნებამ” განაპირობა ქართველი მწერლების აღფრთოვანება იმ ადგილით, სადაც ”ვეფხისტყაოსნის კითხვა” ჩატარდა: სისადავე და სპონტანურობა ხომ ყოველთვის ალამაზებს ასეთ აქციებს. კიდევ ერთი ქართველი მწერალი, ანა სამადაშვილი-კორძაია, ამბობს, რომ ყოველთვის ოცნებობდა თამარაშენში გამგზავრებაზე, მაგრამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა იმან, რაც იქ იხილა:

[ანა კორძაია-სამადაშვილის ხმა] ”ეტყობა, მინდა ვიყო ჰემინგუეი და ამბიციები ”მკლავენ” და იმიტომაც, რომ ჩემი მეგობარი იყო თამარაშენში ამას წინათ და მეუბნებოდა, რომ მსგავსი სილამაზე არ არსებობს. მე არ მეჯერა. სამწუხაროდ, ღამე ვერ გავათენეთ და არ ვიცი, როგორ გამოიყურება ღამე, მაგრამ ეს ვიზიტი იყო ნამდვილი კუსტურიცას ფილმი - ეს გასცდა ჩემს წარმოდგენას თამარაშენის და, მით უმეტეს, ქართლის შესახებ. როდესაც გადადიხარ მთის კორტოხზე, ანუ სადაც იწყება თამარაშენი, დგას ორი საგუშაგო კოშკი - ერთში სხედან რუსები, მეორეში -ქართველები... ცოდვა გამხელილი სჯობია, ვთქვა, რომ ყოველთვის მებრალებოდნენ მამაკაცები, რომლებიც ვიღაცას იცავდნენ და არ იცოდნენ - მათი დასაცავი გახდებოდნენ თუ არა, მაგრამ ორი კოშკი, შუაში გზა, სადაც ვიღაც ქალმა მშვიდად შეიძლება ჩამოატაროს ძროხები, სრული გაუგებრობაა.”(სტილი დაცულია)

მწერლისთვის ასეთი სურათის ხილვა შემოქმედებითი სტიმულია. ერთია აქაურობა, რომელსაც ქართული მედია აღწერს, და მეორეა მწერლის თვალით დანახული სურათი - ის სურათი, რომელსაც ანა კორძაია-სამადაშვილი აღწერს:

[ანა კორძაია-სამადაშვილის ხმა] ”პარალელურად, დადიან უშნო ძაღლები, რომლებიც ნაღმების აღმომჩენები ყოფილან. ერთი ძაღლი დგას ნაღმთან, მეორე კი თავისიანებს ატყობინებს, რომ ნაღმი ასაღებია. ანუ, მოვხვდით დროსა და სივრცეში, რომელიც დავიწყებული მქონდა, თორემ 90-იანი წლები თბილისში მაქვს გატარებული.”

”ვეფისტყაოსნის კითხვა” ამ ხალხისთვის, გარკვეული თვალსაზრისით, - ანა კორძაია -სამადაშვილს თუ დავესესხებით, - ”თვითპრეზენტაციის საშუალება” გახდა. თამარაშენი თბილისიდან ჩამოსულ სტუმრებს კი არ ”დახვდა”, უმასპინძლა, როგორც ხდება ხოლმე ხშირად საქართველოში, არამედ, უბრალოდ, უჩვენა, როგორ ცხოვრობს, უჩვენა ის, რისი არსებობაც თბილისში ბევრმა არც იცის.

[ანა კორძაია-სამადაშვილის ხმა] ”ქართლი ჩემთვის არანაირად არაა ლამაზი - გადახრიოკებული, მოუვლელი ეზოებითა და ბამბაზიის ხალათიანი ქალებით... მაგრამ აქ დამხვდა სრულიად სხვა ვითარება - კოხტა სახლები, უაღრესად გაწკრიალებული ეზო-კარით, ვარდის ბუჩქებით... მე, რამდენადაც ვხვდები, ეს ხალხი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ეს მიწა მათია - ესაა სამოთხის კარი... ეს ქვეყანა მათი ღირსია და ისინი არასდროს არსად არ წავლენ.

ერთ ქალბატონს ვკითხე, იყვნენ თუ არა ლტოლვილები თამარაშენიდან, შეგრძნება მქონდა, რომ ცუდი, უდიერი რამ ვუთხარი... რადგან სახე აერია, მერე კი გადაწყვიტა, რომ არასწორად ჩამოვაყალიბე და მითხრა: კი, კი, როგორ არა, ცხინვალში სახლები რომ დაწვეს, თამარაშენში ჩამოვიდა ხალხი. ისინი არასოდეს არსად არ წავიდოდნენ.”

მაგრამ მთავარი ამ აქციაზე ისევ რუსთაველი და ”ვეფხისტყაოსანი” იყოო, - ამბობს ანა კორძაია-სამადაშვილი. საქართველოს ის რეგიონი, სადაც კულტურული ცხოვრება აღარ არსებობს, სადაც მხოლოდ დროდადრო ჩადიან ქართული ესტრადის ვარსკვლავები - ერთ კონცერტს ჩაატარებენ და ისევ დედაქალაქს უბრუნდებიან, მზადაა თავად გვიჩვენოს რა შეუძლია - გვიჩვენოს, რომ აქ ჯერ კიდევ ახსოვთ, რას ნიშნავს შემოქმედება:

[ანა კორძაია-სამადაშვილის ხმა] ”მე მუდამ მეგონა, რომ ქართველები იგონებენ, რომ ”ვეფხისტყაოსანი” ზეპირად იციან. ეს იყო ჩემი დიდი შეცდომა, რადგან იქ მოვიდნენ ქალბატონები და მთხოვდნენ, ამ თავს მე წავიკითხავო. ისინი არ კითხულობდნენ - ისინი ამ თავებს ამბობდნენ.
ძალიან ძნელი სათქმელია, ვინაა ოსი და ვინ ქართველი... პატარა ბავშვები, 10 წლამდე, იმდენად ლამაზები არიან, შეიძლება ვთქვათ, ”კავკასიის მარგალიტები” არიან.”(სტილი დაცულია)

ნუთუ არ წუწუნებდნენ? - ვკითხეთ ჩვენი საუბრის დასასრულს მწერალ ანა კორძაია-სამადაშვილს. კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანებისთვის ხომ, იმ ხალხისთვის, ვინც განსაცდელში ცხოვრობს, ჩივილი და სამდურავი ბუნებრივია. ამას უკვე მივეჩვიეთ. ანა კორძაია-სამადაშვილმა ძალიან მოკლედ და კატეგორიულად გვიპასუხა:

[ანა კორძაია-სამადაშვილის ხმა] ”არა, არა... აქ წუწუნი გამორიცხული იყო. ისინი იდგნენ ღირსეულად თავიანთ მიწაზე.”

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG