Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


დღევანდელ პრესაში კიდევ ერთხელ წამოტივტივდა ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური მომავლის თემა:

”გაერთიანება ოქრუაშვილის ან პატარკაციშვილის ირგვლივ”, ”ოქრუაშვილმა ”თანაფრაქციელები” უკვე იპოვა”, - ”მთელი კვირა” და ”ახალი თაობა” ამ სათაურებით სტატიებს პირველ გვერდებზე აქვეყნებენ. ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტის” ლიდერი დავით ზურაბიშვილი ”რეზონანსისთვის” მიცემულ კომენტარში აღნიშნავს: ”ოპოზიციის გაერთიანება დღეს ირაკლი ოქრუაშვილსა და ბადრი პატარკაციშვილს შეუძლიათ. ძლიერი ძალა შეიკვრება მაშინ, თუ პატარკაციშვილი ისურვებს რომელიმე პარტიის დაფინანსებას ან ირაკლი ოქრუაშვილი გადაწყვეტს საპრეზიდენტო არჩვენებში მონაწილეობას. თუ ოქრუაშვილი გამოჩნდება პოლიტიკურ ასპარეზზე, ვეღარ მოახერხებენ მის დისკრედიტაციას”, - ამბობს დავით ზურაბიშვილი, რომლის კომენტარსაც ”რეზონანსი” ბეჭდავს.

”ახალი თაობა” კი წერს, რომ ”ირაკლი ოქრუაშვილს პარლამენტში ფრაქცია ეყოლება. ამბობენ, რომ კიდევ ერთი ახალი ოპოზიციური ფრაქციის შექმნა უახლოეს ხანში იგეგმება. მართალია, ჯერ ახალი ფრაქციის შემადგენლობაზე ღიად არავინ საუბრობს, მაგრამ ფრაქციის სავარაუდო წევრებზე მინიშნებები კეთდება. ახალი ფრაქციის თავმჯდომარე, სავარაუდოდ, კოკა გუნცაძე იქნება. ამბობენ, რომ სწორედ გუნცაძე იქნება ოქრუაშვილის პარტიის გენერალური მდივანიც”, - წერს ”ახალი თაობა” და სავარაუდო ფრაქციის სავარაუდო წევრებად ლევან გაჩეჩილაძეს, გია თორთლაძეს, გია ცაგარეიშვილს და აგრეთვე უმრავლესობის წევრ რამდენიმე დეპუტატს ასახელებს.

დღევანდელი პრესა ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივაზეც წერს. ”კვირის პალიტრა” აქვეყნებს ინტერვიუს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის პრეზიდენტ ალექსანდრე რონდელთან, რომელიც ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დიმიტრი სანაკოევის ბრიუსელში მიწვევასა და ევროპარლამენტართა წინაშე მოსალოდნელ გამოსვლაზე ამბობს: ”ეს უფრო დიდი მოვლენაა, ვიდრე ბევრ ჩვენგანს შეიძლება ეგონოს. ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების მთელ პროცესში ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ეტაპია. პირველად წლების განმავლობაში ოსურ მხარეს მიეცემა ევროსტრუქტურებისა და ზოგადად დასავლეთის წინაშე თავისი სიტყვის თქმის უფლება. ასეთ რამეზე, ბუნებრივია, უარს არც კოკოითი იტყოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ევროპამ თავისი არჩევანი ამ შემთხვევაში უკვე გააკეთა და პრიორიტეტებიც დასახა”, - ამბობს ალექსანდრე რონდელი ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში. რონდელის კოლეგა თემურ იაკობაშვილი კი ”24 საათთან” ვრცელ ინტერვიუში განმარტავს: ”იმ სიტუაციამდე მივედით, როდესაც ჩვენი მოწინააღმდეგეების სამხედრო პროვოკაციების სურვილიც უკვე აშკარაა. ამ შემთხვევაში საქართველო ინიციატივას თუ დაკარგავს, ჩვენ წავაგებთ. თუ საქართველო სამხედრო კონფლიქტში ჩაებმება, წავაგებთ. ამდენად, პრეზიდენტის სიჩქარე, მისი მიმწოლობა და აგრესიულობა, ალბათ, ამ სიტუაციაში საჭიროც არის. ჩვენ ბევრი რამე გვაქვს დღეს გარისკული და ამ რისკების პირობებში პოლიტიკას უკან ვერ შევატრიალებთ. ამდენად, კოკოითმა უნდა იცოდეს, რომ სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია. ისიც უნდა იცოდნენ ჩვენმა მეგობრებმა დასავლეთში, რომ საქართველო ომს არ აპირებს, მაგრამ მათი აქტიური მხარდაჭერით ეს კონფლიქტი ერთხელ და სამუდამოდ მშვიდობიანი გზით უნდა გადაიჭრას.”

ამავე გაზეთში დღეს ქვეყნდება კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ ”კავკასიური სახლის” თანამშრომელთა საპროტესტო განცხადება-განმარტება, რომელიც მაჰმადიანი მოსახლეობის რეპატრიაციის საკითხზე პოლიტიკოსთა განცხადებებს შეეხება. განცხადების ავტორები წერენ: ”მთელი 300 ათასი კაცის ღირსება და ბედისწერა იმას ეწირება, რომ სხვა საქმეში ხელმოცარულნი კარგ ხელფასიან პარლამენტში მოხვდნენ ან დარჩნენ. მათ მიერ დანერგილი აგრესიისა და სიძულვილის ატმოსფერო რეალურად ერთადერთი პრობლემაა, რომელიც მართლაც ახალ უბედურებას დაატეხს თავს საუკუნოვანი ძალადობის მსხვერპლთ - მაჰმადიან მესხებს. ჩვენ ამის გვეშინია.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG