Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დიდი პრივატიზაციის შემდეგი ეტაპი დიდი ხმაურისა და დაპირისპირების მიზეზად იქცა


საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში აქტიურად განიხილება კანონპროექტი ”პრივატიზების შესახებ კანონში” ცვლილებების შეტანის თაობაზე.

ცვლილებების პროექტის მიხედვით, ტერმინი ”სტრატეგიული ობიექტი” ”განსაკუთრებული ობიექტითაა” შეცვლილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სტატუსის მქონე სახელმწიფო ქონების პრივატიზება-გასხვისება დაუშვებელია. მთავრობის ინიციატივაში შეცვლილია სტრატეგიული, ახლა კი განსაკუთრებული ობიექტების ნუსხაც. ჩამონათვალში აღარაა შეტანილი: რკინიგზა, ფოსტა, წყლის გამანაწილებელი ობიექტები, საბავშვო ბაღები, სასაფლაოები და ასე შემდეგ. გაგაცნობთ ამ ცვლილებების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა პოზიციებს.

თავის დროზე სტრატეგიული სტატუსის მქონე ობიექტების - კავშირგაბმულობისა და ენერგეტიკის საწარმოების - პრივატიზება დიდ წინააღმდეგობებს წააწყდა. ექსპერტები ახლაც ამტკიცებენ, რომ კავშირგაბმულობის, ელექტრო და გაზგამანაწილებელი კომპანიების სახით, რუსეთმა ხელში ჩაიგდო საქართველოზე ზეწოლის ეფექტური ბერკეტები. ახლა სარკინიგზო მაგისტრალსაც მოსკოვი დაეპატრონებაო, შიშობენ ისინი. ოპონენტების შეშფოთების გაბათილებას ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე კახა დამენია შემდეგი არგუმენტებით შეეცადა:

[კახა დამენიას ხმა] ”ერთადერთი რკინიგზა გვაქვს და ის უკვე არის ჩამოყალიბებული შ.პ.ს-ს სახით, ანუ სახელმწიფო ისედაც არ ფლობს მის აქტივებს...”

ეკონომიკური უსაფრთხოების ექსპერტები და, მათ შორის, გია ხუხაშვილი კახა დამენიას მიერ დაშვებულმა უზუსტობამ აღაშფოთა. საქმე ისაა, რომ შ.პ.ს საქართველოს რკინიგზის 100 პროცენტიანი მფლობელი საქართველოს სახელმწიფოა. გია ხუხაშვილს ვერ გაუგია, რატომ უნდა გაიყიდოს საქართველოს სახელმწიფო ქონება, თუ მისი მფლობელი ისევ სახელმწიფო კომპანია უნდა გახდეს, ოღონდ ამჯერად რუსეთის.

[გია ხუხაშვილის ხმა] ”ჩვენ ვხედავთ რუსეთი როგორ იყენებს ეკონომიკის სეგმენტებს პოლიტიკური მიზნებისათვის და თუ საქართველო მიბმული იქნება რუსულ ეკონომიკაზე, მაშინ ზედმეტი იქნება საუბარი დასავლური განვითარების ვექტორზე.”

გია ხუხაშვილი ბუნებრივ მონოპოლიებზე სახელმწიფოს კონტროლის დაკარგვას ეწინააღმდეგება და სრულებით დასაშვებად მიიჩნევს რკინიგზის ცალკეული ობიექტების, სადგურების განშტოებების და სხვა დამხმარე საწარმოების პრივატიზებას. დაახლოებით ასეთივე აზრი გამოთქვა პრივატიზაციის მთავარმა იდეოლოგმა საქართველოში, სახელმწიფო მინისტრმა კახა ბენდუქიძემ. მას არ უსაუბრია რკინიგზის მთლიანად გაყიდვის შესახებ:

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”საქართველოს რკინიგზას, ამავდროულად, გააჩნია ქონება, რომელიც ძალიან კარგადაც შეიძლება გაიყიდოს. გამოდიოდა, რომ, იმ კანონით, ეს ქონება, სანამ ნაცარტუტად არ გადაიქცეოდა, უნდა ყოფილიყო რკინიგზის საკუთრებაში.“

სწორედ ეს არგუმენტი სახელდება სტრატეგიული, განსაკუთრებული ობიექტების ნუსხის შემცირების მთავარ მიზეზად. ამ ნუსხაში, ახალი კანონპროექტის მიხედვით, მხოლოდ აეროდრომების საფრენი ბილიკები, საჰარო და სახმელეთო გზები და სულ 30 საწარმო შევიდა. მათ შორის აღარ იქნება ფოსტა, საბავშვო ბაღები და მუნიციპალური სასაფლაოები. კახა ბენდუქიძეს მოვუსმინოთ:

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”სასაფლაოები შეიძლება იყოს ეკლესიის საკუთრებაში. რა არის ამაში ცუდი, რატომ უნდა იყოს მაინცდამაინც სახელმწიფოს საკუთრებაში.”

საბავშვო ბაღებისა და სასაფლაოების პრივატიზების გადაწყვეტილებამ გაუგებრობა გამოიწვია მოსახლეობაში, ოპოზიციას კი მკაცრი პოლიტიკური განცხადებების საფუძველი მისცა. მრეწველთა ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერის, გია ცაგარეიშვილის, კომენტარი:

[გია ცაგარეიშვილი] ”როცა ბატონი ბენდუქიძე აქ მოდიოდა, თქვა, რომ, ნამუსის გარდა, ყველაფერი იყიდებაო. მე ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ეს ასე იყოს ნამდვილად.”

ოპოზიციას და ეკონომიკის ექსპერტებს განსაკუთრებით ის არ მოსწონთ, რომ სახელმწიფო ბუნებრივ მონოპოლიებზე კონტროლის საშუალებას კარგავს. თუ მათი შეშფოთება მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ არ გაითვალისწინა, პრივატიზაციის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა საგაზაფხულო სესიის ბოლომდე დასრულდება.
XS
SM
MD
LG