Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრესის მიმოხილვა


დღეს ჩვენ რუსეთის პრესის ცნობილ გამოცემებს გადავხედავთ და შევიტყობთ, რას ფიქრობენ რუსეთში ვლადიმირ პუტინისა და ჯორჯ ბუშის შეხვედრასთან დაკავშირებით,


რომელიც კარს არის მომდგარი და რომელსაც დიდი, ძალიან დიდი ინტერესით ელიან. თავდაპირველად გეტყვით იმას, რომ რუსეთის პრეზიდენტი ამერიკელ კოლეგას 1 ივლისს სრულიად არაფორმალურად, შინაურულად, 2 დღით ესტუმრება. ბუში პუტინს მეინის შტატის პატარა ოკეანისპირა ქალაქ კენებანკპორტში უმასპინძლებს.

სულ მალე სტუმარს, ვლადიმირ პუტინს, და მასპინძელს, ჯორჯ ბუშს, საშუალება ექნებათ მშვიდ გარემოში დასხდნენ და იმსჯელონ მათ შორის არსებული უთანხმოების მიზეზებზე. მოახერხებენ საერთო ენის გამონახვას გავლენიანი ქვეყნების ლიდერები, რომელთა შორისაც ბოლო დროს ლამის შავმა კატამ გაირბინა? რუსეთის მედია თითქმის ყველა დეტალის გაანალიზებას ცდილობს.

29 ივნისის "ნეზავისიმაია გაზეტა" წერს, რომ ამერიკის პრეზიდენტი რუს კოლეგას თევზისა და კიბორჩხალის ფრიად მოსაწონი, ტრადიციული კერძებით გაუმასპინძლდება. თუმცა შეხვედრაზე ნაკლებად სასიამოვნო იქნება პოლიტიკური მენიუ – ასეთია სტატიის ავტორის პროგნოზი, რამდენადაც ორი გავლენიანი ქვეყნის პრეზიდენტების თეფშებზე პოლიტიკურ დაპირისპირებათა ძვლებია დაგროვილი.

თუკი საუბარი სერიოზულ კალაპოტში მოექცევა, სასაუბრო მათ, მართლაც, ბევრი აქვთ, იქნება ეს კოსოვოს სამომავლო სტატუსი, ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა, ნატოს გაფართოება თუ ირანი - თემები, რომლებიც ორ სახელმწიფოს შორის ხშირად გამხდარა სიტყვიერი შეტაკების წყარო. მედია მოელის, რომ კენებანკპორტის შეხვედრაზე ასევე წამოიწევა ბუშის მიერ გაკრიტიკებული დემოკრატიის, ადამიანის უფლებების პუტინისეული ინტერპრეტაციის თემა და პუტინის საუბარი ცივი ომისა და გამალებული შეიარაღების თემაზე. კორესპონდენტი თავისებურებად აღიქვამს თეთრი სახლის მიერ წინასწარ გაკეთებულ განცხადებას, რომ პუტინისა და ბუშის შეხვედრის შემდეგ შედეგების შესახებ ხმამაღალი განცხადებები არ გაკეთდება. თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ტონი სნოუმ ამის შესახებ ჟურნალისტები ორჯერ უკვე გააფრთხილა. “ნეზავისიმაია გაზეტა” მეთვალყურეთა დასკვნაზე საუბრობს – იქმნება შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტების შეხვედრა, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობათა გაუმჯობესებაზე მეტად, უფრო იმისკენ არის მოწოდებული, რომ ურთიერთობა არ გაუარესდეს. შეერთებული შტატების გენერალური მდივნის ყოფილი თანაშემწის ტობი გატის სიტყვებით რომ ვთქვათ, “დიპლომატიაში ხანდახან საკმარისია, თუკი ურთიერთობებს კიდევ უფრო გამწვავების საშუალებას არ მისცემ.”

29 ივნისის “იზვესტიაში” ვკითხულობთ, რომ, “სამწუხაროდ, ბუშისა და პუტინის პირადი მეგობრული ურთიერთობა ვერანაირად ვერ გადაიქცევა ამერიკისა და რუსეთის მეგობრულ ურთიერთობად.” მაშინ, როცა მათი ურთერთობის გაუარესების ტენდენციამ მთელი მსოფლიო შეაშფოთა, ასე 2 დღეში ყველაფერი ვერ გამოსწორდება – შენიშნავს გაზეთი. თუმცა, რადგანაც მსოფლიოს სურს დაამტკიცოს, რომ ეს მაინც შესაძლებელია, პრეზიდენტების შეხვედრა ამგვარი რწმენის საზრდოდ ნამდვილად გამოდგება.

ყოველდღიური გამოცემა "კომერსანტის" აზრით, ორი ქვეყნის ურთიერთობის ბედს პრეზიდენტების შეხვედრა ნამდვილად ვერ გადაწყვეტს. და როცა ორივე მხარისთვის მისაღები წინადადებები ჯერ არც ამერიკის და არც რუსეთის დიპლომატებს არ წამოუყენებიათ, გამოდის, რომ პრეზიდენტებს თავიანთ თავზე პასუხისმგებლობის ასაღებიც არაფერი აქვთ.

რუსეთის პრესა მიიჩნევს, რომ შეხვედრა წარმატებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუკი მხარეები კომპრომისს მიაღწევენ, მაგალითად, ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ცენტრალურ ევროპაში განთავსებასთან დაკავშირებით. სისტემის ელემენტების ჩეხეთსა და პოლონეთში განთავსების გეგმას, რომელიც ამერიკას ეკუთვნის, სასტიკად ეწინააღმდეგება რუსეთი. ცენტრალური ევროპის ნაცვლად, რამდენიმე კვირის წინ პუტინმა ბუშს ერთობლივი ანტისარაკეტო სისტემის რადარის განთავსება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შესთავაზა. ბუში პუტინს დაჰპირდა, რომ აუცილებლად განიხილავდა ამ საკითხს, თუმცა თეთრ სახლს თავის ძველ გეგმაზე ფიქრი და მუშაობა არ შეუწყვეტია. მიუხედავად ამისა, რუსეთს წარმატების იმედი არ დაუკარგავს. რამდენიმე დღის წინათ იტარ-ტასისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა იგორ შუვალოვმა გამოთქვა იმედი, რომ 1-2 ივლისის შეხვედრის დროს მხარეებს მიეცემათ საშუალება, კარგად მოუსმინონ ერთმანეთს, მიაღწიონ კომპრომისს და მიიღონ ერთმანეთისთვის მისაღები გადაწყვეტილება. როგორც პრეზიდენტ პუტინის სხვა თანაშემწემ, სერგეი პრიხოდკომ, 29 ივნისს ინტერფაქსისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, “თუკი მხარეებს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემასთან დაკავშირებით თანამშრომლობის პოლიტიკური ნება აქვთ, დანარჩენი ყველაფერი წვრილმანია.” ინტერვიუში პრიხოდკო საუბრობს იმის შესახებაც, რომ მოსკოვი უსამართლობად მიიჩნევს მის დადანაშაულებას დემოკრატიული პრინციპების გვერდის ავლაში და რომ მზად არის, სამიტზე ამ საკითხთან დაკავშირებითაც სერიოზული დიალოგი გამართოს.

სტრატეგიის ინსტიტუტის დირექტორი სტანისლავ ბელკოვსკი ყოველდღიურ ბიზნესგამოცემა ”ვედომოსტიში” გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს, რომ კენებანკპორტის შეხვედრაზე, შესაძლოა, განიხილონ პუტინის მომავალიც, კერძოდ, გარანტიები, რაც მას პოსტის დატოვების შემდეგ ესაჭიროება. “და უმცროსი ბუშისგან მეტად ბრძნული იქნება, თუკი რუს კოლეგას ის ასეთ გარანტიებს მისცემს და დაუფასებს იმ საკმაოდ დიდ წვლილს, რომელიც მან გლობალური სტაბილიზაციის უზრუნველყოფისა და ტოტალიტარიზმთან ბრძოლის საქმეში შეიტანა.”

თავის მხრივ, იმიჯის განმტკიცებაში დახმარება ამერიკის პრეზიდენტსაც დასჭირდება. როგორც ანდრეი ტერეხოვი “ნეზავისიმაია გაზეტაში” წერს, პოსტიდან წასვლის დრო ორივე პრეზიდენტს მოუახლოვდა და ამიტომ ფსონებიც საკმაოდ გაიზარდა. განსხვავება მხოლოდ ინტერესებშია. “თუკი პუტინი კენებანკპორტში იმის რწმენით მიდის, რომ მისი პრეზიდენტობის მეორე ვადა, ძირითადად, ქვეყნის შიგნით მომხდარი გარდაქმნებით იქნება აღსანიშნავი, ბუშისთვის ახლა გაცილებით მნიშვნელოვანია საგარეო პოლიტიკა.” ტერეხოვის აზრით, ამერიკის პრეზიდენტისთვის აუცილებელია იმ “დიდი მინუსების” კომპენსირება, რომლებიც მას ერაყის ომმა და ავღანეთში შექმნილმა არასტაბილურმა ვითარებამ მოუტანა. ამ საქმეში კი რუსეთს ბუშის დახმარება ისევე შეუძლია, როგორც მისი ხელშეშლა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG