Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”კაბირიას ღამეები” – 50


გასული წლის სექტემბერში რომის პირველი საერთაშორისო





კინოფესტივალის ორგანიზატორებმა ქალაქი იტალიური კინოს შედევრების, მომავალი ფილმი-იუბილარების ძველი სარეკლამო პლაკატებით ააჭრელეს. რომის ცენტრი, კოლიზეუმის მოედანი, ”კაბირიას ღამეებს” ერგო - ფედერიკო ფელინის შედევრს, რომლის პრემიერა 1957 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ყოველკვირეულ პროგრამაში ”ოქროს საუკუნე” დღეს მინდა ფილმი-იუბილარი გავიხსენოთ - ”კაბირიას ღამეები”, რომელსაც კინოკრიტიკოსები ყველა დროისა და ხალხის საუკეთესო ფილმებს შორის მოიხსენიებენ.

11 პროდიუსერი - ის ხალხი, ვინც ფედერიკო ფელინის უარი უთხრა ”კაბირიას” ღამეების” დაფინანსებაზე, მოგვიანებით ძალიან ინანებს; რას წარმოიდგენდნენ, რომ ფილმს პატარა, უშნო რომაელ მეძავზე, ცოტა ხანში მთელ მსოფლიოში უჩვენებდნენ, მათ შორის საბჭოთა კავშირში, სადაც ”მეძავის თემა” ყოველთვის ტაბუდადებული იყო. სხვათა შორის, ”კაბირიას ღამეები” საბჭოთა ეკრანებზე უფრო ადრე მოხვდა, ვიდრე ფელინის წინა ფილმი, ”გზა”, - სურათი, რომელმაც იტალიელ რეჟისორს ამერიკული ”ოსკარი” მოუტანა.

”გზა” კინოს ისტორიაში იტალიური ნეორეალიზმის დასასრულად ითვლება. ფელინის გაუნაწყენდნენ უფროსი თაობის კინემატოგრაფისტები, თუმცა ახალგაზრდებმა მაესტრო ეროვნული კინოს ”მხსნელად” მონათლეს. 1955 წელს ფედერიკო ფელინის დაუკავშირდა იმხანად ჯერ კიდევ უცნობი მწერალი და კინემატოგრაფისტი პიერ-პაოლო პაზოლინი და ახალი ფილმის სცენარი შესთავაზა - ამბავი რომაელ მეძავ ქალზე, კაბირიაზე, რომელიც ცხოვრების წესის შეცვლაზე ოცნებობს.

სცენარი დაიწერა, მაგრამ პროდიუსერებმა ფილმის დაფინანსებაზე უარი თქვეს. ზოგი პაზოლინის იმხანად უკვე სკანდალურმა განცხადებებმა შეაშინა, ზოგს კი თავად თემა არ მოეწონა. ”ეს სახიფათო ფილმია, - უთხრა ფელინის გოფრედო ლომბარდომ. - ერთი ფილმი უსაქმურებზე გადაიღე, მეორე ბინძურ მაწანწალებზე, მერე გიჟებზე მოგინდა კინოს გადაღება, ახლა ბოზებს მიადექი?”

ფელინიმ მაინც იშოვა ფული და ”კაბირიას ღამეები” მაისში კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე უჩვენა. მაზინას პრიზი გადასცეს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის. კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციამ კი, ”ფიპრესიმ”, ”კაბირიას ღამეები” ”ოსკარზე” წარადგინა.

მაგრამ იტალიის ეკრანებზე ფილმი მაინც არ გამოდიოდა. ”ფელინის გადაუღია ფილმი, რომელშიც ამტკიცებს, თითქოს წმინდა ქალაქი მეძავებმა დაიპყრეს...” - წერდა ვატიკანის გაზეთი. ბოლოს და ბოლოს, რეჟისორმა დახმარება სთხოვა გენუის კარდინალს ჯუზეპე სირის. პაზოლინიმ ფელინის ეს ჟესტი ”სიგიჟედ” მიიჩნია - გენუის კარდინალი ხომ კონსერვატორთა რიგებს მიეკუთვნებოდა! მაგრამ კარდინალის პატივმოყვარეობა, როგორც ჩანს, უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე მისი პრინციპები. მას მოეწონა, ფელინიმ ”კაბირიას” სპეციალური სეანსი რომ გაუმართა, იმდენად მოეწონა, რომ ფილმის დასრულების შემდეგ პირველმა შემოსძახა ”ბრავო!”... რაც სრულიად საკმარისი გახდა იმისთვის, რომ ”კაბირიას ღამეები” იტალიის კინოთეატრებში ეჩვენებინათ.

არ არის გამორიცხული, რომ კარდინალი გულწრფელი იყო; მოგვიანებით თავად პაზოლინი იტყვის, რომ ფელინის შემოქმედებაში ძლიერია ”კათოლიკური ირაციონალიზმი” და რომ სცენარი მეძავზე, რომელსაც გარემო არ აძლევს საშუალებას, შეიცვალოს ცხოვრება, ფელინიმ აქცია ფილმად წმინდანზე, რომელიც მეძავობაშიც კი ინარჩუნებს ადამიანურ ღირსებას.

ამ მოსაზრებას ეთანხმება პოეტი ლია სტურუაც. ჩვენთან საუბარში ქალბატონი ლია ჟორჟ სადულის სიტყვებს იხსენებს: ”კაბირია თანამედროვე დონ-კიხოტია, რადგან იგი ღიაა სამყაროს მიმართ, იგი ყველას ენდობაო.”

[ლია სტურუას ხმა] “შეიძლება ის უფრო სუფთაა, ვიდრე რომელიმე პურიტანი შინაბერა. ის ძალიან უშუალოა... აი, ქუჩაში რომ ცეკვავს - დაავიწყდა, რომ დგას, მუშაობს, კლიენტს ელოდება - ცეკვავს მთელი გატაცებით, პოლიციელს ხომ უნდა ერიდოს...მაგრამ პოლიციელი რომ დაინახავს, პოლიციელიც მოხიბლული რჩება მისი უშუალობით, ავიწყდება, რომ ის მეძავია, რომელსაც დევნიან.”

[მუსიკა]

ეს მუსიკა ”კაბირიას ღამეების” ფინალში ჟღერს. პატარა რომაელი მეძავი, რომელსაც ”ჩაპლინი კაბაში” შეარქვეს, მარცხდება - მისი ოცნება შეიცვალოს ცხოვრება, ჰყავდეს ქმარი, შვილები და ისე იცხოვროს, როგორც ცხოვრობს უმრავლესობა, განუხორციელებელი რჩება. მაგრამ კაბირია უფრო მეტს აღწევს - იგი ადამიანობას აღვიძებს ავაზაკში, რომელიც მის მოკვლას გადაიფიქრებს. შესაძლებელია, ამიტომაც ესალმება ღიმილით ახალგაზრდებს, რომელთაც ტყეში გზა აერიათ. იგი ახლა მათი წინამძღოლი ხდება.


[ლია სტურუას ხმა] ”სამყარო, მე მგონი, იყოფა არა კასტებად, კლასებად, თაობებად, არამედ ორ ჯგუფად - შემოქმედი ადამიანი და არაშემოქმედი. შემოქმედ ადამიანში სიკვდილამდე ცხოვრობს ბავშვი, რომელსაც აქვს გაოცების და სიხარულის უნარი და ზღაპრის სიყვარული. კაბირიას შეუძლია იამაყოს იმით, რომ აქვს სახლი...ის უფრო ბედნიერია და შეუძლია ტკბობა თავისი ამ პატარა სახლით, ვიდრე მსახიობს - თავისი სასახლით. მას აქვს გაოცების უნარი...”

კაბირიას ნიჭი, რომელსაც პაზოლინი ”ფელინის ირაციონალურ კათოლიციზმს” უწოდებს, ცხოვრებაში ეხმარება. იგი მიჰყავთ ღვთისმშობლის დღესასწაულზე. მას არ სჯერა სასწაულის, მაგრამ მოულოდნელად სთხოვს ღვთისმშობელს, რომ შეაცვლევინოს ცხოვრება. მასში რაღაც გამონათება ხდება, რაღაცის ინსტინქტური გააზრება... საინტერესოა, რომ საბჭოთა ეკრანებზე ჩვენების წინ ეს ეპიზოდი ეკლესიაში კომუნისტმა ცენზორებმა სასწრაფოდ ამოიღეს ფელინის ფილმიდან. მაყურებელს იმაზე უნდა ეფიქრა, რომ ”კაპიტალისტურ სამყაროში კაბირიას მსგავს გულუბრყვილო არსებას არ შეუძლია გახდეს ბედნიერი” (ალბათ,ამიტომაც შეისყიდეს და გაახმოვანეს ფელინის სურათი). ეს სცენა ეკლესიაში კი საბჭოთა პუბლიკას თავგზას აუბნევდა. თუმცა ჩვენთან საუბარში პოეტი ლია სტურუა ფელინის ამ ფილმში არა იმდენად კათოლიკური ეკლესიის, რამდენადაც იუნგის ფსიქოლოგიის გავლენას ხედავს. ჯულიეტა მაზინა ხომ ერთხანს ფსიქოლოგიით იყო გატაცებული, ფედერიკო ფელინი კი სწორედ იუნგს მიიჩნევდა თავის კერპად.

[ლია სტურუას ხმა] ”იუნგის მთავარი თეზაა კოლექტიური არაცნობიერი ხომ?.. ეს არაცნობიერი გენეტიკურად კი არ გადადის ერთიდან კოლექტიურში, არამედ ეს ფსიქოლოგიური გენეტიკაა. კაბირიას ჰყავს თავისი წინამორბედები და ფსიქოლოგიურად მისი ეს არაცნობიერი - სიცოცხლის მისი სიყვარული - შეიძლება გადავიდეს სხვაში.”

”კაბირიას ღამეები” საბჭოთა ეკრანებზე მსოფლიო პრემიერიდან მხოლოდ 6 წლის შემდეგ გამოვიდა - მაშინ, როცა ფელინი მოსკოვის კინოფესტივალზე მიიწვიეს და ”რვა-ნახევრისთვის” ფესტივალის მთავარი პრიზი გადასცეს. მოსკოვს იმხანად ძალიან სჭირდებოდა დიდი მაესტროს სტუმრობა და მოსკოვის კინოფორუმის რეკლამირება. ფელინი კი არ ჩამოვიდოდა საბჭოთა კავშირში, მისი რომელიმე ერთი სურათი მაინც რომ არ ეჩვენებინათ ჩვენში... დიდი სჯა-ბაასის მერე არჩევანი ”კაბირიაზე” შეჩერდა. ასე რომ, ყველა დროისა და ხალხის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი საბჭოთა კავშირში, ფაქტობრივად, დიდი პოლიტიკის გამო ნახეს... საბჭოთა ”სამოციანელები” დარწმუნებულები იყვნენ, რომ ”კაბირიას ღამეებისა” და ინგმარ ბერგმანის ”მარწყვის მდელოს” ჩვენება ცვლილებებს მოასწავებდა ქვეყნის კულტურულ პოლიტიკაში. საბჭოთა ინტელექტუალები სიამოვნებით ”ამღერებდნენ” ნინო როტას მუსიკას ფილმიდან ”კაბირიას ღამეები”. სიცოცხლის სიყვარული და რწმენა კაბირიასგან მათაც გადაედოთ.

[მუსიკა. ფინალი]


  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG