Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი რამდენიმე დღის წინ საქართველოში რუსეთის ელჩმა ვლადიმირ კოვალენკომ დაადასტურა, რომ, სავარაუდოდ, აგვისტოში სოჭში საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება.

თბილისში იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტების შეხვედრაზე გაირკვევა გაუგებრობა რუსეთის მთავრობის წარმომადგენელთა მიერ გაკეთებული განცხადებების ირგვლივ, რომლებიც სოჭში ოლიმპიადის გამართვის მოსამზადებელ სამუშაოებში აფხაზეთის შესაძლო ჩართვას ეხებოდა. ამასობაში, რუსეთის პრესის ცნობით, რუსეთის მოქალაქეები სულ უფრო აქტიურად იძენენ უძრავ ქონებას თვითაღიარებულ აფხაზეთში. გაგაცნობთ რუსეთის პრესის რამდენიმე პუბლიკაციას.


აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების მიერ უძრავი ქონების მასობრივ შეძენას ეხება 27 ივლისის გაზეთი ”იზვესტია” სტატიაში, სათაურით ”აფხაზეთში მიწის ნაკვეთი ხომ არ გვეყიდა?” სტატიის ავტორმა იური სვეგირევმა, რუსეთის მრავალ მოქალაქესთან ერთად, რამდენიმე წლის წინ გარისკა და აფხაზეთში, გაგრაში, სახლი შეიძინა 100 ათას მანეთად - ეს დაახლოებით 3 800 დოლარია. სხვათა შორის, თურმე აფხაზეთში მკაცრი კანონი მოქმედებს - მიწის ან უძრავი ქონების უცხოელისთვის მიყიდვა იკრძალება. თუმცა ამ აკრძალვისთვის გვერდის ავლის საშუალება აფხაზეთში დიდი ხნის წინ აღმოაჩინეს - უძრავ ქონებას ადგილობრივ მოსახლეზე აფორმებენ. ”მაგალითად, ყიდულობ სახლს, აფორმებ, დავუშვათ, დეიდა სირანუშზე, ის კი შენს სასარგებლოდ წერს ანდერძს. შესაბამისად, დეიდის გარდაცვალების შემდეგ სახლის სრულფასოვანი მფლობელი ხდებით. ოღონდ გაითვალისწინეთ - აფხაზები დღეგრძელობით არიან ცნობილნი”, - ასეთ რჩევას აძლევს ჟურნალისტი მათ, ვინც გარისკავს და მაინც შეიძენს პატარა სახლს ზღვის ნაპირზე, აფხაზეთში. მისივე ცნობით, სოჭში ოლიმპიადის ჩატარების გადაწყვეტილებამ უკვე გაზარდა ფასები აფხაზეთშიც - ერთოთახიანი ბინა, რომელიც აქამდე 7 ათასი დოლარი ღირდა, დღეს 10 ათასი ღირს.
”რუსული ბიზნესი თვითაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიას ინკოგნიტოდ ითვისებს”, - წერს 27 ივლისის გაზეთი ”მოსკოვსკიე ნოვოსტი”. როგორც გაზეთს განუცხადა სოხუმის ხელისუფლების ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კრისტიან ბჟანიამ, თავდაპირველად გულუხვად გასცემდნენ ობიექტებს და მიწას რუსეთის ორგანიზაციებსა და კომპანიებზე. 4-5 წლის შემდეგ გაირკვა, რომ ინვესტიციების ჩადებას დიდად არავინ ჩქარობს - შესაბამისად, რამდენიმე ხელშეკრულება გაუქმდა.
”მოსკოვსკიე ნოვოსტის” ცნობით, დღეს აფხაზეთში სანატორიუმების დიდ ნაწილს რუსეთის კომპანიები ფლობენ მრავალწლიანი იჯარის ფორმით - გაზპრომი, ატომური ენერგიის ფედერალური სააგენტო, ლუკოილი, ენერგეტიკის სამინისტრო. თუმცა არიან ე.წ. საიდუმლო მფლობელებიც. მაგალითად, აფხაზეთში თითქმის ყველამ იცის, რომ ძველ გაგრაში მდებარე ლავრენტი ბერიას ყოფილი აგარაკის მფლობელი კრასნოდარის მხარის გუბერნატორი ალექსანდრ ტკაჩოვია. ბიჭვინთაში, სანაპიროზე, ლიტფონდის სანატორიუმის სიახლოვეს, მშენებარე ოთხსართულიანი სახლი კი ორლოვის ოლქის გუბერნატორს იგორ სტროევს ეკუთვნის. სტროევის სიძე სოხუმში პატარა სასტუმროს მფლობელია.

შეგახსენებთ, გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ გიორგი მანჯგალაძემ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში კერძო და სახელმწიფო საკუთრების უკანონო გასხვისების ფაქტები გააცნო. მინისტრის მოადგილის განცხადებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ტერიტორიაზე განხორციელებული ნებისმიერი გარიგება, მათ შორის, უძრავი ქონების გასხვისებასთან დაკავშირებული გარიგებები, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ბათილადაა ცნობილი.
XS
SM
MD
LG