Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგრადსა და პრიშტინას შორის კოსოვოს საკითხზე შეთანხმების მცდელობის ახალი ეტაპი იწყება


როგორი იქნება კოსოვოს მომავალი? მიიღებს თუ არა სერბეთის პროვინცია ნანატრ დამოუკიდებლობას? - ეს შეკითხვები ჯერჯერობით უპასუხოდ რჩება.

რამდენიმე თვის წინათ მოსალოდნელად მიიჩნეოდა, რომ გაეროს წარმომადგენლის, ფინეთის ყოფილი პრეზიდენტის მარტი აჰტისაარის გეგმა ამოქმედდებოდა და კოსოვოს დამოუკიდებლობის საკითხს გაეროს უშიშროების საბჭო გადაწყვეტდა. მაგრამ, რუსეთის კატეგორიული წინააღმდეგობის გამო, გეგმის განხორციელება არარეალური აღმოჩნდა და მოლაპარაკებათა ახალი რაუნდის დანიშვნა გახდა აუცილებელი. მოლაპარაკებათა პროცესი 10 აგვისტოს ბელგრადში დაიწყო.

10 აგვისტოს კოსოვოს მომავლის განსაზღვრის პროცესში ახალი, მეტად მნიშვნელოვანი, ეტაპი დადგა. ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და რუსეთის წარმომადგენლები არაერთ შეხვედრას გამართავენ და მოლაპარაკებების გზით შეჯერებული გადაწყვეტილების მიღებას შეეცდებიან. 10 აგვისტოს სერბიის ხელისუფლებასთან შეხვედრის დღე იყო, 11 აგვისტოს კი კოსოვოს საკითხთან დაკავშირებული საკონტაქტო ჯგუფის წარმომადგენლები სერბიის პროვინციის, კოსოვოს, დედაქალაქში, პრიშტინაში, ალბანელ ლიდერებს შეხვდებიან. ძირითადად ეთნიკური ალბანელებით დასახლებული კოსოვო დამოუკიდებლობას ითხოვს. სერბია კი, ამის სასტიკი წინააღმდეგია და კოსოვოს ფართო ავტონომიას სთავაზობს.

მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენელი გერმანიის მხრიდან ვოლფგანგ იშინგერი არ გამორიცხავს, რომ მოლაპარაკებების ახალი რაუნდი ბოლო ხელსაყრელი შანსი იყოს იმისთვის, რომ ბელგრადსა და პრიშტინას შორის საერთო ენა გამოინახოს.

ვაშინგტონის წარმომადგენელი ფრენკ ვისნერი იმედოვნებს, რომ ბელგრადი და პრიშტინა დაპირებას შეასრულებენ:

(ვისნერის ხმა) "ბელგრადის მთავრობა და პრიშტინის ხელმძღვანელობა მტკიცედ დაგვპირდნენ, რომ სრულფასოვნად იმონაწილევებენ მოლაპარაკებათა ამ რაუნდში. ეს სერიოზული საკითხია. ჩვენ, საკონტაქტო ჯგუფის სამმა წარმომადგენელმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა, ყველასგან მოვითხოვეთ მნიშვნელოვანი და ინტენსიური შეხვედრები ამ მომავალი კვირების მანძილზე. ეს მართლაც სერიოზული მცდელობა იქნება და ჩვენ განვიხილავთ ყველა შესაძლო გზას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილიზაციის მისაღწევად."

კოსოვოს საკითხზე მოლაპარაკებათა ახალი რაუნდის დანიშვნა აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი – რუსეთი – კოსოვოსთვის დამოუკიდებლობის მინიჭების საკითხს ვეტოს დადებით დაემუქრა. მოსკოვმა განაცხადა, რომ ის მხოლოდ ორივე მხარისთვის მისაღებ გადაწყვეტილებას აღიარებდა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ღიად განაცხადა, რომ მას კოსოვოსთვის დამოუკიდებლობის მინიჭება სურს. ფრენკ ვისნერის თქმით, აჰტისაარის გეგმა, რომელიც კოსოვოს საკითხის საერთაშორისო საზოგადოებისთვის მინდობას ითვალისწინებდა და რომელიც რუსეთმა დაიწუნა, კვლავაც რჩება ახალი პროცესის ქვაკუთხედად. თუმცა მთავარი პასუხისმგებლობა დაპირისპირებულ მხარეებს ეკისრებათ:

(ვისნერის ხმა) "მხარეებს ექნებათ კიდევ ერთი, ბოლო, შანსი იმის ჩამოყალიბებისა, თუ როგორ სურთ მათ წინ წასვლა. დარწმუნებული ვარ, რომ სერბიის მხარე სტატუსის საკითხზე შეაჩერებს ყურადღებას. ცხადია, ამავე საკითხზე შეაჩერებს ყურადღებას კოსოვოს ალბანური ნაწილიც. თავს იჩენს შეკითხვები - როგორ შეეწყობიან ერთმანეთს მომავალში კოსოვო და სერბია და როგორ შეეწყობიან ისინი რეგიონს. კიდევ ბევრი საკითხია, რომლებიც შეიძლება წამოიჭრას მათ მიერ... მაგრამ, ნება მომეცით, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მე არავის ვთავაზობ მოლაპარაკებების მიმდინარეობის გეგმას. ამაზე პასუხისმგებლობა თავად მხარეებს ეკისრებათ და დაგვარწმუნეს, რომ ისინი სერიოზულ წვლილს შეიტანენ."

სერბია აცხადებს, რომ გაეროს გეგმის მიხედვით კოსოვოსთვის დამოუკიდებლობის მინიჭება ქვეყანას დაშლის საფრთხის წინაშე დააყენებს. ბელგრადს მოლაპარაკებათა პროცესში ალტერნატიული, რეალისტური წინადადების წამოყენება მოეთხოვება
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG