Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

15 წელი გავიდა აფხაზეთის ომის დაწყებიდან


15 წლის წინ,1992 წლის 14 აგვისტოს, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და აფხაზეთის გვარდიას შორის მომხდარი შეტაკებით დაიწყო ომი,


რომელმაც 13 თვე გასტანა და, საერთო ჯამში, 16 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 300 ათასამდე ადამიანი კი დევნილად იქცა. ტრადიციულად, ყოველი წლის14 აგვისტოს საქართველოში აფხაზეთში დაღუპულ მეომრებს იხსენებენ. აფხაზეთიდან დევნილი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის ომის ვეტერანები და ომში დაღუპულ მეომართა ნათესავები გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალთან, წელსაც შეიკრიბნენ. 14 აგვისტო ასევე აღნიშნეს სოხუმში, სადაც თვითაღიარებული რესპუბლიკის ხელმძღვანელებმა მიტინგი გამართეს და ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპული გმირები გაიხსენეს. როგორ დაიწყო აფხაზეთის ომი და შეიძლებოდა თუ არა მისი თავიდან აცილება?

1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდია აფხაზეთის ტერიტორიაზე სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად შევიდა, მაგრამ ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთიდან რამდენიმე საათში ქართულ საჯარისო ფორმირებებს ეგრეთ წოდებულმა „აფხაზურმა გვარდიამ“ ცეცხლი გაუხსნა.

[ისმის სროლის ხმა]

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების შეყვანის გადაწყვეტილება მაშინდელმა სახელმწიფო საბჭომ და მისმა თავმჯდომარემ, ედუარდ შევარდნაძემ, მიიღო. თენგიზ სიგუა, ომის დაწყების დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და სახელმწიფო საბჭოს წევრი, რადიო ”თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში იხსენებს:

[თენგიზ სიგუას ხმა] „საქართველოს რკინიგზაზე და, ძირითადად, აფხაზეთის მონაკვეთზე იყო ტვირთების განუკითხავი ძარცვა. აგვისტოს დასაწყისისთვის დათვლილი იყო 12 მილიარდის ზარალი, საიდანაც დაახლოებით 4 მილიონის ღირებულების ტვირთი ეკუთვნოდა სომხეთს.“ (სტილი დაცულია)

თენგიზ სიგუა ამბობს, რომ ის წინააღმდეგი იყო რკინიგზის დაცვის მიზნით თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გამოყენებისა, მაგრამ გადაწყვეტილება სახელმწიფო საბჭომ ხმათა უმრავლესობით მიიღო. ომის დაწყებას რკინიგზის დაცვას არ უკავშირებს თვითაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა, რომელსაც რადიო ”თავისუფლება” სოხუმში ტელეფონით დაუკავშირდა.

[სერგეი შამბას ხმა] „ეს ყველაფერი ზღაპრებია... რკინიგზაზე იმ დროს ძარცვის ბევრი ფაქტი ხდებოდა, მაგრამ, ფაქტობრივად, ყველა მათგანს ადგილი ჰქონდა ზუგდიდის რაიონში. აფხაზეთის, უფრო ზუსტად კი, გალის რაიონის ტერიტორიაზე ძარცვის ერთი თუ ორი შემთხვევა აღირიცხა, ყველა დანარჩენი კი დასავლეთ საქართველოში ხდებოდა. ეს ყველასათვის კარგად ნაცნობი სტატისტიკაა, ასე რომ, რკინიგზა მხოლოდ საბაბი იყო. საბრძოლო შვეულმფრენებითა და ტანკებით რკინიგზას არავინ იცავს.“

სეპარატისტთა ლიდერებთან მოსალაპარაკებლად საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი სოხუმში ომის დაწყების დღესვე ჩაფრინდა. თენგიზ სიგუა ამბობს, რომ იყო ომის შეჩერების რეალური შანსი, მაგრამ თბილისიდან ჩასულ სტუმართან შეხვედრა რატომღაც არ ისურვა სეპარატისტთა მაშინდელმა ლიდერმა ვლადისლავ არძინბამ. თენგიზ სიგუა იხსენებს:

[თენგიზ სიგუას ხმა] „დავჯექით და შევადგინეთ ოქმი, რომ ეს კონფლიქტი ახლავე შეწყდება. თბილისის მხრიდან ხელი მე უნდა მომეწერა, სოხუმის მხრიდან - არძინბას. მთელი ღამე ეძებდნენ არძინბას... ვიმეორებ, ხელი უნდა მოგვეწერა ოქმისთვის, რომ ეს კონფლიქტი ამოწურულია, რომ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, საქართველოს ჯარი გააგრძელებს სვლას ფსოუმდე და დაიწყებს რკინიგზის გაკონტროლებას.“(სტილი დაცულია)

დეკლარაცია, რომლის შესახებაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლაპარაკობდა, გაუფორმებელი დარჩა. როგორც გაირკვა, სეპარატისტთა ლიდერმა ვლადისლავ არძინბამ თავი სოხუმში განლაგებულ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილს შეაფარა. მოგვიანებით კი გავრცელდა არძინბას სატელევიზიო მიმართვაც:

[ვლადისლავ არძინბას ხმა] „სახელმწიფო საბჭოს შეიარაღებული ძალების აგრესიამ დემოკრატიულობის ნიღაბი ჩამოხსნა საქართველოს დღევანდელ ლიდერებს და გამოააშკარავა მათი დამოკიდებულება აფხაზეთის მიმართ. ჩვენთან მხოლოდ ქვემეხებისა და ავტომატების ენით სურთ ლაპარაკი. ამ ძნელბედობის ჟამს მე მივმართავ ყოველ მოქალაქეს, რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს იგი: დაიცავით აფხაზეთი. ”

საბოლოო ჯამში, აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემითა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა. დაიღუპა 16 ათასამდე ადამიანი, რამდენიმე ასეული მებრძოლი ორივე მხრიდან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. დაუყუჩებელია ტკივილი დაკარგულ ჯარისკაცთა დედებისა, რომლებიც 15 წლის შემდეგაც ცარიელ საფლავებს დასტირიან.

[ომში დაკარგული ჯარისკაცის დედა] „ჩემი შვილი არ ვიცი სად არის. არც მიწა გამაჩნია, ქალებო, და არც ასეთი ქვა. დედა მოგიკვდეს, შვილო...“

ომით გამოწვეულ ტკივილს არც რიგითი თბილისელები მალავენ. მათი აზრით, აფხაზეთის ტერიტორიაზე სამხედრო შენაერთების შეყვანით საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომა, რომელიც აღარ უნდა გამეორდეს:

[მამაკაცის ხმა] „არ მოვიქეცით სწორად. არ შეიძლებოდა აფხაზეთში ბრძოლის დაწყება. არანაირი გამოუვალი სიტუაცია არ იყო. ღალატსაც ჰქონდა ადგილი... ჩვენი მთავრობა არასწორად მოიქცა.“

[ქალბატონის ხმა] „ომი არ უნდა იყოს, არ არის საჭირო. ბევრი ხალხი დაზარალდა და კიდევ ბევრი დაზარალდება. ყველაფერი მოლაპარაკებით უნდა გადაწყდეს.“

თუმცა უნდა ითქვას, რომ მოლაპარაკების პროცესი, რომელმაც ომით გამოწვეული ჭრილობები უნდა შეახორცოს, ფაქტობრივად, ჩიხშია შესული. და ეს მაშინ, როცა,15 წლის შემდეგაც, ქართულ და აფხაზურ საზოგადოებებს კვლავ ერთმანეთის გამომრიცხავი მიზნები ამოძრავებთ: აფხაზები მათი დამოუკიდებლობის აღიარებას, ქართველები კი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ელიან.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG